იურული სისტემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იურული სისტემა
199.6 - 145.5 მილიონი წლის წინ
საშუალო ატმოსფერული O2 შემადგენლობა პერიოდის განმავლობაში ca. 26 მოცულ. %[1]
(130 % თანამედროვე დონის)
საშუალო ატმოსფერული CO2 შემადგენლობა პერიოდის განმავლობაში ca. 1950 ppm[2]
(7-ჯერ წინაინდუსტრიული დონე)
საშუალო ზედაპირის ტემპერატურა პერიოდის განმავლობაში ca. 16.5 °C [3]
(3 °C მაღლა თანამედროვე დონეზე)

იურული სისტემა (პერიოდი) (სახელი ეწოდა იურის მთების მიხედვით), მეზოური ჯგუფის რიგით მეორე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის მეზოზოური ერის მეორე პერიოდი). მოსდევს ტრიასულ სისტემას (პერიოდს) და წინ უსწრებს ცარცულ სისტემას (პერიოდს). აბსოლუტური გეოქრონოლიგიით იურული სისტემა დაიწყო 195 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 55-58 მლნ. წელიწადს. იურული სისტემა გამოჰყო ალექსანდრ ბრონიარმა 1829 წელს. იგი იყოფა 3 სექციად ქვედა, შუა და ზედა, რომლებიც ლიასის, დოგერისა და მალმის სახელებითაც არის ცნობილი.

ტრიასულ პერიოდს მოჰყვა ტრანსგრესია, ზღვა თანდათან გაღრმავდა და მაქსიმუმს შუაიურულ ეპოქაში მიაღწია. ამის შემდეგ დაიწყო რეგრესია, ზღვამ თანდათან უკან დაიხია, რის გამოც ზედაიურული სექციის სულ ზედა ჰორიზონრები ლაგუნურ, ზოგჯერ, მტკნარი წყლის ნალექებს წარმოადგენს. ცარცული სისტემის ნალექები იურულ ნალექებზე ტრანსგრესიულადაა განლაგებული. იურული სისტემის დიდ სედიმენტაციურ ციკლში შეიმჩნევა 3 ქვეციკლი, რომლებიც განაპირობებულია ზედალიასური (დონეცური) და ბათური (ჩეგემური) ორიგენიული მოძრაობებით. ამ ქვეციკლებით არის გამოყოფილი იურული სისტემის ქვედა, შუა და ზედა სექციები.

იურული სისტემის ნალექები მდიდარია მცენარეული და ცხოველური ნაშთებით. ქვედაიურულ ფლორაში ჭარბობს შიშველთესლიანები. შუაიურული ფლორა განსხვავდება ქვედაიურულისაგან, მაგრამ ჰგავს კიდეც მას. უფრო დიდი განსხვავებაა ზედა- და შუაიურულ ფლორათა შორის. იურული სისტემის ნალექებში ზღვის ცხოველთა ნაშთებია: რადიოლარიები, ღრუბლები და, განსაკუთრებით, მარჯნები, რომლებიც მასივებს ქმნიან; ეკალკანიანები, ბრაქიოპოდები და სხვა. იურული სისტემის შესწავლის საქმეში არსებითი მნიშვნელობა აქვს მოლუსკურ ფაუნას: გასტროპოდებს, ორსაგდულიანებსა და, განსაკუთრებით, ამონიტებს, რომლებიც მცირე ვერტიკალური და ფართო გეოგრაფიული გავრცელების გამო კარგ სახელმძღვანელო ნამარხებად ითვლება და ნალექების დეტალური დანაწილების საშუალებას იძლევა. ამონიტებთან ერთად მრავლად არიან ბელემნიტებიც. იურულ ნალექებში ხერხემლიანთა მრავალი წარმომადგენელია ნაპოვნი. დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში აღმოჩენილია ხერხემლიან ცხოველთა უზარმაზარი ჩონჩხები. დამახასიათებელია ქვეწარმავლების სიმრავლე, ფორმათა მრავალგვარობა და ზოგიერთი ინდივიდის სიდიდე (მაგ., დინოზავრი ზოგჯერ 20 მ აღწევდა). ზედაიურულ ნალექებში ვხვდებით ფრინველთა პირველ წარმომადგენლებს, რომლებიც მრავალი ნიშნით ჯერ კიდევ ქვეწარმავლებს ჰგვანან.

იურულ სისტემაშიძირითადად ზღვიური ნალექებია, მაგრამ რეგრესიების დროს (ბათური, კიმერიჯულ-ტიტონური) ილექებოდა ლაგუნური და კონტინენტური ნალექებიც. ზღვიური ნალექებიდან გვხვდება თიხები, მერგელები და კირქვები (მ. შ. დიდ როლს თამაშობს ზოოგენური რიფული კირქვები). სამხრეთ ამერიკასა და ზოგიერთ ახვა ქვეყანაში საკმაო რაოდენობითაა ვულკანოგენური წარმონაქმნებიც. ყოფილ სსრკ-ში იურული ნალექები გვხვდება სხვადასხვა სისრულითა და ფაციესებით. სრული ჭრილების ალპური დანაოჭების ზოლში (ყირიმი, კავკასია, შუა აზია). საქართველოში გვხვდება იურული ნალექების როგორც გეოსინკლინური, ისე ბაქნური ფაციესები. პირველ მათგანს ქვედა- და შუაიურულში ქმნის ფიქლების სერია (ასპიდური, ალევროლითები, ქვიშაქვები, ვულკანოგენური ქანები), ხოლო ზედაიურულში - კარბონატული ფლიში (მერგელების, კირქვების, თიხაფიქლებისა და ქვიშაქვა-ალევროლითების თხელშრეებრივი ფენების კანონზომიერი მორიგეობა). ამ ტიპის ნალექები ძალზე სქელია და ინტენსიურადაა დანაოჭებული. ბაქნურ ფაციესებში განარჩევენ: ქვედაიურულში - წითელ კირქვებს, შუაიურულში - სქელ ვულკანოგენურ ნალექებს, ზედაიურულში - კარბონატულ ქვიშაქვებსა და ზოოგენურ რიფულ კირქვებს.

იურული სისტემის ნალექებთან დაკავშირებულია ქვანახშირის, ნავთობის, რკინის, ფოსფორიტების და ქვამარილის საბადოები.

იურული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა[რედაქტირება]

სისტემა (პერიოდი) სექცია (ეპოქა) სართული (საუკუნე) ≈ ასაკი (მლნ. წ. წ.)
მომდევნო მომდევნო მომდევნო უფრო ახალგაზრდა
იურული ზედა იურული ტიტონური 145,5–150,8
კიმერიჯული 150,8–155,7
ოქსფორდული 155,7–161,2
შუა იურული კალოვიური 161,2–164,7
ბათური 164,7–167,7
ბაიოსური 167,7–171,6
აალენური 171,6–175,6
ქვედა იურული ტოარსული 175,6–183,0
პლიანსბახური 183,0–189,6
სინემიური 189,6–196,5
ჰეტანგური 196,5–199,6
წინა წინა წინა უფრო ძველი
პერიოდი (სისტემა) ეპოქა (სექცია) საუკუნე (სართული)
იურული სისტემა ზედა იურული
(მალმი)
ტიტონური
კიმერიჯული
ოქსფორდული
შუა იურული
(დოგერი)
კალოვიური
ბათური
ბაიოსური
აალენური
ქვედა იურული
(ლიასი)
ტოარსული
პლიანსბახური
სინემიური
ჰეტანგური

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
  • Аркелл В. Д., Юрские отложения земного шара, пер. с англ., М., 1961
  • Кахадзе И.Р., Грузия в юрское время, «გეოლოგიური ინსტიტუტის შრომები. გეოლოგიური სერია», 1947, ტ. 3
  • ზესაშვილი ვ., ქსე, ტ. 5, გვ. 282, თბ., 1980

სქოლიო[რედაქტირება]