მორენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მორენული წარმონაქმნი (კანადა)

მორენა (ფრანგ. Moraine) — ნატეხი ქანების დაუხარისხებელი გროვა, რომელიც გადააქვს ან დალექილია მყინვარის მიერ. არსებობს მოძრავი და დანალექი მორენები. მოძრავი მორენა შეიძლება იყოს ზედაპირული, შიგა და ფსკერის. ზედაპირული მორენა წარმოიქმნება მყინვარის ზედაპირზე ხეობის ფერდობებიდან ჩამოშლილი ნატეხი მასალის დაგროვებით ან მყინვარის მასიდან მისი გამოლხობის შედეგად. მასალის მდებარეობის მიხედვით განარჩევენ აგრეთვე გვერდით (ნაპირის) და შუა მორენებს.

შიგა მორენა ჩართულია ყინულის მასაში და წარმოიქმნება ფირნის აუზში მოხვედრილი ნატეხი მასალის ჩაყინვით, ნაწილობრივ კი ზედაპირული და ფსკერის მორენების ხარჯზე.

ფსკერის მორენა წარმოადგენს კალაპოტიდან მოწყვეტილ ნატეხ მასალას, რომელიც შეზრდილია ყინულის ფსკერისპირა შრეში.

დანალექი მორენა შედგება მყინვარის უკან დახევის შედეგად დატოვებული ნატეხი მასალისაგან და წარმოიქმნება ყველა სახის მოძრავი მორენის დალექვით. დანალექი მორენა შეადგენს მყინვარული ნალექების მნიშვნელოვან ნაწილს და ფართოდაა გავრცხელებული იმ მხარეებში, რომლებიც ანთროპოგენურ პერიოდში კონტინენტური ყინულით იყო დაფარული; მას ძირითად მორენასაც უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]