ვიკიპედიიდან
მოცვი (Vaccinium), მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქებია. აერთიანებს 100-მდე სახეობას. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება. მათგან სამი — მთის მოცვი (Vaccinium myrtillus), ლურჯი მოცვი (Vaccinium uliginosum) და წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idea) ბორეალური ელემენტებია და გავრცელებულია ჰოლარქტიკული სამყაროს სუბალპურ და ალპურ სარტყელში ერთი კი — კავკასიური მოცვი (ანუ მაღალი მოცვი) იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების კოლხური ტიპის ტყეებში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში. მთის მოცვი მეტად დაბალი ბუჩქია. ჩვენში იზრდება სუბალპურ ტყეებში, გვხვდება უფრო მაღლაც — დეკიანებში. ბევრია მთათუშეთში, წითელ მოცვთან და შქერთან ერთად ქმნის მოცვიანებს. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი უმწიფდება ივლის-აგვისტოში. მოცვის ნაყოფი მომჟავო ტკბილია. იჭმება ნედლად, ამზადებენ მურაბასაც, შეიცავს C ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარ ნაყოფს ხმარობენ მედიცინაში კუჭის შემკვრელ საშუალებად. ნორჩი ფოთლების ნახარში საუკეთესო ოფლმდენი საშუალებაა. კარგი თაფლოვანი მცენარეა.
- ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 152, თბ., 1984