ვლადიმერ ობრუჩევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ ობრუჩევი

ვლადიმერ ობრუჩევი
ვლადიმერ ობრუჩევის საფლავის ქვა
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი/10 ოქტომბერი, 1863
დაბადების ადგილი კლეპენინო, ახლანდელი ტვერის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 19 ივნისი, 1956
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რუსეთი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია, გეოგრაფია

ვლადიმერ ათანასეს ძე ობრუჩევი (რუს. Обручев, Владимир Афанасьевич; დ. 28 სექტემბერი/10 ოქტომბერი 1863, სოფ. კლეპენინო, ახლანდელი ტვერის გუბერნია — გ. 19 ივნისი, 1956, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი და გეოგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929). სოციალისტური შრომის გმირი (1945). სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი (1947 წლიდან).

ვლადიმერ ობრუჩევმა დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი (1886). 1930 წლიდან იყო მუდმივი მზრალობის შემსწავლელი კომისიის (კომიტეტის) თავმჯდომარე, 1939 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მზრალობისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, 1942-1946 წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგია-გეოგრაფიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

ობრუჩევი ციმბირის, ცენტრალური და შუა აზიის ცნობილი მკვლევარია. საფუძვლიანად გამოიკვლია ლიოსის წარმოშობის პრობლემა ცენტრალურ და შუა აზიაში, ტექტონიკის ზოგადი საკითხები, ციმბირის ტექტონიკური აგებულება, გამყინვარება და მუდმივი მზრალობა, სასარგებლო წიაღისეულის (განსაკუთრებით ოქროს) საბადოთა გეოლოგია. ობრუჩევი არის მრავალი სახელმძღვანელოს, სამეცნიერო პოპულარული წიგნისა და რამდენიმე სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის ავტორი.

იყო უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის გეოლოგიური და გეოგრაფიული საზოგადოების წევრი. მიღებული აქვს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის პრემია (1894) და დიდი ოქროს მედალი (1901). საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის პ. ჩიხაჩოვის სახელობის 2 პრემია (1898 და 1925), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გელმერსენის სახელობის პრემია (1918).

კარპინსკის სახელობის პირველი ოქროს მედალი (1947). ვ. ლენინის სახელობის პრემია (1926), სსრკ სახელმწიფო პრემიები (1941, 1950). დაჯილდოებულია 5 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. ობრუჩევის სახელი ეწოდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მზრალობისმცოდნეობის ინსტიტუტს, ქედს ტუვაში, მთას მდინარე ვიტიმის ზემოთში, ოაზისს ანტარქტიდაში და სხვა გეოგრაფიულ ობიექტს, აგრეთვე მინერალსობრუჩევიტი.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Избранные работы по географии Азии, т. 1—3, М., 1951;
  • Избр. труды, т. 1, М., 1958.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 496, თბ., 1984 წელი.
  • Владимир Афанасьевич Обручев, М,—Л., 1946 (АН СССР. Материалы к биобиблиографии учёных СССР. Серия геологических наук, в. 6);
  • Поступальская М., Ардашникова С., Обручев, М., 1963.