ხამარ-დაბანი (რუს.Хамар-Дабан) — ქედი ბაიკალისპირეთში, რუსეთის ბურიატეთის რესპუბლიკასა და ირკუტსკის ოლქში. სიგრძე 420 კმ, სიგანე 65 კმ-მდე. უმაღლესი წერტილის სიმაღლე აღწევს 2371 მ-ს (მთა ხან-ულა). ჭარბობს საშუალომთიანი რელიეფი. უძველესი მასივია. აგებულია კრისტალური ფიქლებით, გნაისებით, ბაზალტებით, კირქვებით; ბევრია გრანიტული ინტრუზიები. ჩრდილოეთ ნაწილში გაბატონებულია ზომიერი და ნოტიო ჰავა. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 1300 მმ-ს უტოლდება. 1500–1800 მ-მდე ფერდობები დაფარულია კედრით, სოჭისა და ფიჭვის ტყეებით. 1968 წელს ქედის ცენტრალურ ნაწილში შეიქმნა ბაიკალის ბიოსფერული ნაკრძალი.