ბურღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბურღი

ბურღვა — ცილინდრული ფორმის სიღრუის (ჭაბურღილი, შპური და სხვ.) შექმნის პროცესი დედამიწის ქერქში (ზოგჯერ ხელოვნურ ნაგებობებში). ბურღვის მიზანია სასარგებლო წიაღისეულის ძიება, თხევადი და აიროვანი წიაღისეულის მოპოვება, აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება, ქანების თვისებათა კვლევა და მათი ხელოვნური გამყარება, საბადოების გაუწყლოება და სხვა.

ბურღვა უმეტეს შემთხვევაში ქანის მექანიკური ნგრევით ხორციელდება. არსებობს ბურღვის არამექანიკური ხერხებიც, როგორებიცაა თერმული ბურღვა, ჰიდრავლიკური ბურღვა, აფეთქებითი ბურღვა და სხვ.

იმის მიხედვით, თუ როგორია საბურღი ინსტრუმენტის ქანზე მოქმედების ხასიათი, მექანიკური ბურღვის ხერხი შეიძლება იყოს დარტყმითი, ბრუნვითი და ბრუნვა-დარტყმითი. მონგრეული ქანი გამოაქვთ შეკუმშული ჰაერის, დაწნეული წყლის ან თიხის ხსნარის ცირკულაციის მეშვეობით, ანდა საბურღი ინსტრუმენტის ბურღვით. ნავთობისა და აირის საბადოების ძიებისას გაჰყავთ ღრმა (რამდენიმე კმ სიღრმის) ჭაბურღილები, მყარი სასარგებლო წიაღისეულის ძიების დროს კი — უფრო ნაკლები სიღრმისა (რამდენიმე ასეულ მ-მდე). აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი ჭაბურღილებისა და შპურების სიღრმე რამდენიმე ათეული სმ-იდან რამდენიმე ათეულ მ-მდეა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბურღი დანადგარი, 1910 წელი

ბურღვას დიდი ხნის ისტორია აქვს. 2000 წლის წინათ ჩინეთში მარილის ხსნარის მოსაპოვებლად სატეხებითა და ბამბუკის შტანგებით ბურღავდნენ ჭაბურღილებს, რომელთა დიამეტრი 12-15 სმ იყო, სიღრმე კი 900 მ-ს აღწევდა (შტანგსა და სატეხს ჭაბურღილში ინდ. ლერწმისაგან დაგრეხილი ბაგირის უშვებდნენ). ამავე მიზნით რუსეთში პირველი ჭაბურღილები XIX ს. გაიყვანეს. წყლის მოსაპოვებლად პირველი ჭაბურღილი გაიყვანეს 1126 წელს საფრანგეთში, არტუას პროვინციაში (აქედანაა სახელწოდება არტეზიული ჭა).

დიდი ქალაქების სასმელი წყლით მოსამარაგებლად XIX ს. რუსეთშიც დაიწყო ბურღვის ტექნოლოგიური განვითარება. ბურღვის ტექნოლოგია განსაკუთრებული პროგრესი განაპირობა ნავთობის მრეწველობის განვითარებამ. 1859 წელს ამერიკელმა დრეიკმა გაიყვანა ნავთობის პირველი ჭაბურღილი. რუსეთში ნავთობის პირველი ჭაბურღილი 1864 წელს ანაპის მახლობლად გაიყვანეს. თავდაპირველად ბურღვისას გამწევ ძალად ცხენს იყენებდნენ. 1859 წელს გ. რომანოვსკიმ პოდოლსკის მახლობლად ნავთის სარეწებზე პირველად გამოიყენა ორთქლის ძრავა. ბაქოს ნავთის სარეწებზე ორთქლის ძრავების გამოყენება 1873 წლიდან დაიწყეს, ელექტროძრავებისა კი - 1901 წლიდან.

ნავთობის ჭაბურღილები პირველად დარტყმითი (შტანგური, ბაგირიანი) ბურღვით გაჰყავდათ, მონგრეული ქანი გამოჰქონდათ სანგრევის გამორეცხვით, რისთვისაც დაწნეულ წყალს იყენებდნენ. 80 იან წწ. აშშ-ში (ლუიზიანას შტატი) დაინერგა როტორული ბურღვის ხერხი. საბურღ ინსტრუმენტად ფრთიან სატეხებს იყენებდნენ, სანგრევის გამოსარეცხად კი — თიხის ხსნარს. რუსეთში როტორული ბურღვის ხერხი პირველად 1902 ქალაქ გროზნოში ნავთის სარეწებზე გამოიყენეს.

1924 წელს ჰილდმა (აშშ) გამოიგონა საბურღი ინსტრუმენტის მიწოდების პირველი სარეგულირებელი ავტომატი, რომელიც გამოყენეს როტორული ბურღვის დროს. XX ს. დასაწყისში აშშ-ში შეიმუშავეს დახრილი ჭაბურღილების გაყვანის მეთოდი. XIX ს. 70-იან წწ. წამოაყენეს წინადადება სანგრევში (სატეხის ზემოთ) ძრავის დადგმის შესახებ. სანგრევის ძრავების შექმნაზე წარუმატებლად იმუშავეს მრავალი ქვეყნის გამოჩენილმა სპეციალისტებმა. მხოლოს XX ს. დასაწყისში პოლონერმა ინჟინერმა ვოლსკიმ მიაღწია მიზანს: შექმნა სანგრევის სწრაფდარტყმითი ჰიდრავლიკური ძრავა (ე. წ. ვოლსკის ტარანი), რომელმაც სამრეწველო გამოყენება პოვა.

1922 წელს მ. კაპელიუშნიკოვმა ს. ვოლოხოვმა და ნ. კორნევმა დააპატენტეს მსოფლიოში პირველი ტურბინბურღი, რომელსაც 1934 წლამდე ნავთობის ჭაბურღილების გასაყვანად იყენებდნენ. პ. შუმილოვმა ე. თაღიევმა და სხვ. 1935-1939 წწ. შეიმუშავეს და დააპატენტეს მრავალსაფეხურიანი ურედუქტორო ტურბინბურღის კონსტრუქცია. 30-იან წწ. აშშ-ში საწარმოო პირობებში გამოცადეს ელექტრობურღი, რომელსაც ჰქონდა რეაქტიული მომენტისადმი წინააღმდეგობის გამწევი ღუზა. 1936 წელს კვიტნერმა და ნ. ალექსანდროვმა ყოფილ სსრკ-ში პირველად დაამუშავეს რედუქტორიანი ელექტრობურღის კონსტრუქცია, ხოლო 1938 წელს ა. ოსტროვსკიმ და ნ. ალექსანდროვმა შექმნეს ელექტრობურღი, რომლის სატეხს აბრუნებდა ჭაბურღილში ჩაშვებული ელექტროძრავა.

საბურღი საჭრისი

1951-1952 წწ. ა. მინინის ა. პოგარსკისა და კ. ჩეფრანოვის წინადადებით ბაშკირეთში ნავთობის ჭაბურღილის ბურღვისას გამოიყენეს ელექტრობურღი, რომელიც რეაქტიულ მომენტს ნიშანცვლადი ბრუნვით ახშობდა. დახრილი ჭაბურღილი წყლის ამოსაყვანად პირველად გაიყვანა ვ. ვოისლავმა 1894 წელს ბრიანსკთან. 1941 წელს აზერაიჯანში (ბაქოში) დახრილი ჭაბურღილი გაიყვანეს, რამაც ტურბინული დახრილად მიმართული ბურღვის მეთოდის დანერგვა განაპირობა. ეს მეთოდი გავრცელდა საზღვარგარეთაც. დასერილ რელიეფსა და ზღვის საბადოებზე ამ მეთოდს იყენებდნენ ჯგუფური ბურღვისას (ერთი მოედნიდან გაჰყავდათ 20-მდე დახრილი ჭაბურღილი. 1924-1925 წწ. კასპიის ზღვის ილიჩის ყურეში გაიყვანეს ნავთობის ჭაბურღილი. 1934 წელს ნ. ტიმოფეევმა ჯგუფური ბურღვით გაიყვანა ჭაბურღილები კასპიის ზღვაში.

XX ს. 50-იან წწ. ზღვის ფსკერში ნავთობისა და აირის მოსაპოვებელი ჭაბურღილების გასაყვანად შექმნეს ესტაკადები, მცურავი საბურღი დანადგარები, სპეციალური საბურღი გემები და სხვ. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წწ. გაძლიერდა ნავთობისა და აირის ჭაბურღილების სიღრმე და გაყვანის სიჩქარე. მნიშვნელოვანი სიღრმის ჭაბურღილები გაყვანილია აშშ-ში, რუსეთში, აზერბაიჯანში და სხვ.

1938-1941 წწ. ყოფილ სსრკ-ში დაამუშავეს უწყვეტი, დახრილი, რეგულირებადი ტურბინული ბურღვის თეორიის საფუძვლები. 1941 წელს ნ. ტიმოფეევმა წამოაყენა მდგრად ქანებში მრავალსანგრევიანი ბურღვის წინადადება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 585-586.
  • კულიჩიხინი ნ.ი., ვოზდვიჟენსკი ბ.ი., საძიებო ბურღვა [თარგმ. რუსულიდან], თბ., 1958;
  • Басарыгин Ю. М., Булатов А. И., Проселков Ю. М. Бурение нефтяных и газовых скважин. — М., 2002.