შინაარსზე გადასვლა

ხონის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ხონის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი ხონი
კოორდინატები 42°19′35″ ჩ. გ. 42°25′22″ ა. გ. / 42.32639° ჩ. გ. 42.42278° ა. გ. / 42.32639; 42.42278
გამგებელი ლადო ჯურხაძე     
ფართობი 428,5 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 23 570 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 55,01 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,72 %
რუსები 0,16 %
უკრაინელები 0,05 %
სომხები 0,04 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,06 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://khoni.gov.ge/
ხონის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ხონის მუნიციპალიტეტი
ხონის მუნიციპალიტეტი — იმერეთის მხარე
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტიმუნიციპალიტეტი საქართველოში, მდებარეობს იმერეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს როგორც წულუკიძის რაიონი. 1963-1964 წლებში შეერთებული იყო სამტრედიის რაიონთან.

ხონის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე, მდინარეების გუბისწყალსა და ცხენისწყალს შორის. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 42 კილომეტრზე გრძელდება, მაქსიმალური სიგანე 17 კილომეტრია, მინიმალური კი 7.

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 428,5 კმ²-ია, მისი 58 % მთაგორიანია. მთიან ზონას შუაზე ყოფს მდინარე ცხენისწყალი. ყველაზე დაბალი ადგილია სოფელი ქუტირი (ზღვის დონიდან 62 მეტრი), ყველაზე მაღალი კი ლეხის მწვერვალი (2436,7 მეტრი). გამოიყოფა სამი რელიეფური ზონა: დაბლობი, მთის წინა და მთის ზონები. მთიან ზონაში მრავლადაა ჩანჩქერები, წყაროები და ფოთლოვანი ტყეები.

ხონის მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან ესაზღვრება მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით - სამტრედიის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ხოლო ჩრდილოეთით - ცაგერის მუნიციპალიტეტი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამდინარე მდინარეებიდან ყველაზე წყალუხვია ცხენისწყალი და გუბისწყალი. პატარა მდინარეებიდან აღსანიშნავია: ოკაცე, ნაბეჩო, ღალდა, მეჭია, ღარჩელა, სუხჩელა, კუხა, რაჩხა და სხვა. მდინარეებში გავრცელებულია თევზის ჯიშები: წვერა, ქაშაყი, საველა, ტობი, კალმახი, ღორჯო, ნაფოტა და სხვა. მთისწინა და მთის სოფლებში მრავლადაა წყაროები, მათ შორის ძველი წყაროები: მთავრის წყარო (1832 წ.) და დედოფლის წყარო (XIX საუკუნე) ზედა გორდიში, პატარა ჯიხაიშის ღოღობერიძეების წყარო (XVI საუკუნე), წყარო ბინური სოფელ ხიდში, სოფელ მათხოჯის წყარო და სხვა. აღსანიშნავია მდინარე ოკაცეზე არსებული წყალვარდნილები და 15 კილომეტრის სიგრძის კანიონი.

მთის ზონა ტყეებითა და ბუჩქნარებითაა დაფარული. ტყეებს 20 000 ჰექტარი უკავია, იზრდება მუხა, ცაცხვი, წაბლი, წიფელი, ბალამწარა, ვაშლი, ლეკა, თხმელა, კაკალი, ნაძვი, ფიჭვი, აკაცია, ტირიფი, ბზა. უხვადაა კენკროვანი და სამკურნალო მცენარეები. ბინადრობს კურდღელი, ციყვი, მგელი, ტურა, მელა, დათვი. მთის ზონაშია ასხის მასივი.

მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავაა, დაბლობში წლიური საშუალო ტემპერატურაა +14.3 °C, იანვარში +5 °C, აგვისტოში +23.4 °C, წელიწადში საშუალოდ 1460-1790 მმ ნალექი მოდის. მთის ზონაში საშუალო წლიური ტემპერატურაა +12 °C, იანვარში -3 °C, აგვისტოში +21 °C; ნალექები 2280-2400 მმ.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 23 570 ადამიანს. აქედან ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 9 000-ია, ხოლო სოფლისა — 14 600. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია, ასევე ცხოვრობენ რუსები და უკრაინელები. მუნიციპალიტეტში 1400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. განსახლების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200-500 მეტრზე.

აღწერის მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 34 979
2002 31 757
2014 23 570
2021[3] 21 100

ადმინისტრაციული ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტი 12 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად იყოფა:

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 30 წევრისგან, აქედან 20 არჩეულია პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო 10 — მაჟორიტარულით. 2021 წლის არჩევნების შედეგად საკრებულოს 20 წევრი წარმოადგენს ქართულ ოცნებას, 5 ნაციონალურ მოძრაობას, 4 ევროპულ საქართველოს, 1 პარტიას საქართველოსთვის. მოქმედებს ოთხი კომისია: ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების, საფინანსო-საბიუჯეტო, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკისა და სოციალურ საკითხთა კომისიები.

პარტია 2017[4] 2021[5] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 18 20                                      
  ნაციონალური მოძრაობა 1 5          
  ევროპული საქართველო 8 4        
  საქართველოსთვის 1  
  დამოუკიდებელი 1
სულ 28 30  

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავიათ 18 042 ჰექტარი. მათ შორის სახნავია — 8020 ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავები — 2251,33 ჰექტარი, სათიბი — 104 ჰექტარი და საძოვარი — 7666 ჰექტარი.

ღირსშესანიშნაობანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნების ძეგლებიდან აღსანიშნავია ოკაცეს კანიონი სოფელ ზედა გორდის მიდამოებში. კანიონის სიგრძე ორი კილომეტრია. სიგანე ზოგან 3-დან 20 მეტრამდე მერყეობს, სიღრმე კი — 20-დან 100 მეტრამდე. კანიონზე რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი და ტბაა. ერთ-ერთი ტბის „ოსხაპოს“ სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე მღვიმეა: ქვაბიკარის მღვიმე სოფელ ღვედში, ჭირკარის მღვიმე სოფელ მათხოჯში, გორდის მღვიმე სოფელ ზედა გორდიში, „წმინდალიანის გამოქვაბული“, „კლდეიდას მღვიმე“ და „ღვალბაჯანის გამოქვაბული“ სოფელ ქვედა კინჩხაში, ასევე გამოქვაბულები თურჩუს მთაზე. კარსტული მღვიმეები არის ასევე ასხის მასივზე, მდინარე ტობის აუზში.

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი უძვეესი ისტორიული ძეგლია ძველი წელთაღრციცხვით 65 წლის „ბუმბუას“ ანუ პომპეუსის ხიდი სოფელ ხიდში. ადრეფეოდალური ხანის ორი ციხეა სოფელ მათხოჯში. აღსანიშნავია ხონის ეკლესია — VIII–XI საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ქალაქ ხონში.

შუა საუკუნეების ნაქალაქარი კიბულა არის აღმოჩენილი სოფელში ქვედა კინჩხა. აქაა მაცხოვრისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, ტარეშის ეკლესია და აკლდამა. XVII საუკუნის გვაშტიბის ციხე და ეკლესია გვაშტიბში; ღვედის კოშკი ღვედში. სოფელ ქვედა გორდის ტერიტორიაზეა XVIII საუკუნის რეხისა და ველის ციხეები. ამავე სოფელშია დადიანების კუთვნილ მამულებზე შემორჩენილი XIX საუკუნის ძეგლები: ტყე-პარკი, კარის ეკლესია, ისტორიული წყაროები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლები ასევე შემორჩენილია სოფლებში:

  • ბანგვეთი — X-XI საუკუნეების ეკლესია
  • უძლოური — 1319 წლის მაცხოვრის სახელობის ეკლესია
  • ახალშენი — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე მუხურისი
  • სუხჩა — შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია
  • გამოღმა ნოღა — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე „უქიმერიონი“ და ეკლესია
  • ხიდი — გვიანი შუა საუკუნეების ობუჯის ნაეკლესიარი
  • პატარა ჯიხაიში — 1790 წლისა და 1897 წლის წმინდა გიორგისა და მაცხოვრის ეკლესიები.
  • გელავერი — XVIII საუკუნის მარინეს სახელობის ეკლესია
  • მათხოჯი — 1864 და 1872 წლების წმინდა ბასილისა და წმინდა ნინოს ეკლესიები
  • ქუტირი — 1872 წლის წმინდა გიორგის ეკლესია
  • ხონი — 1881 წლის სამასწავლებლო სემინარია
  • საწულუკიძეო — XIX საუკუნის კვირიკესა და ივლიტას ნაეკლესიარი
  • ძეძილეთი — მთავარანგელოზის ეკლესია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]