ლუარსაბ ანდრონიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანდრონიკაშვილი.
ლუარსაბ ანდრონიკაშვილი

ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი (დ. 26 თებერვალი [ ძვ. სტ. 14 თებერვალი], 1872, სოფელი ოჟიო, ახლანდელი ახმეტის რაიონი — გ. 19 დეკემბერი, 1939, თბილისი) — ქართველი მეცნიერი იურისტი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1892 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტად. 1894 წელს დატოვა პეტერბურგი და ცოდნის გასაღრმავებლად გაემგზავრა გერმანიაში, სწავლობდა ფილოსოფიას ჰაიდელბერგში კუნო ფიშერთან, ხოლო შემდეგ სტრასბურგის უნივერსიტეტის ვილჰელმ ვინდელბანდთან. პარალლურად ესწრებოდა გამოჩენილი გერმანელი იურისტების ელინეკისა და ლაბანდის ლექციებს სახელმწიფო სამართალში.

1897 წელს ბრუნდება პეტერბურგში და ორი წლის შემდეგ წარჩინებით ამთავრებს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს. 1899 წელს შევიდა რუსეთის ადვოკატურაში. იყო "პოლიტიკურ დამცველთა" ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მონაწილეობდა ისტორიული მნიშვნელობის ასზე მეტ პოლიტიკურ სასამართლო პროცესში. იგი იცავდა შეიარაღებულ აჯანყებათა და დემონსტრაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს (ბათუმის დემონსტრაციის საქმე, 1903; ლეიტენანტ შმიდტის მეთაურობით აჯანყებულ შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურთა სევასტოპოლის პროცესი, 1906; პეტერბურგის პეტერბურგთა მუშათა დეპუტატების საბჭოს პროცესი, 1906; "ნოვოროსიისკის რესპუბლიკის" საქმე, 1908–1909); რევოლუციონერ-ტერორისტებს (პეტერბურგის ქალაქის მმართველის გენერალ ლაუნიცის მკვლელობის საქმე, 1907; სახელმწიფო საბჭოს წევრის გრაფ იგნატიევის მკვლელობის პროცესი, 1907; ნიკოლოზ II-ის მომზადების საქმე, 1907); რევოლუციური პრესას (ბოლშევიკთა პირველი ლეგალური გაზეთის "ნოვაია ჟიზნის" რედაქციის მდივან ი. გუკოვსკის, ლ. ტოლსტოის გამომცემლების, ჟურნალ "რუსსკოე ბოგატსტსვოს" რედაქტორის ვ. კოროლენკოს საქმეები) და სხვა. 1917 წლის აპრილს დროებითმა მთავრობამ ანდრონიკაშვილი სენატორად დანიშნა. ა. კონისთან, ნ. ტაგანცევსა და სხვა გამოჩენილ იურისტებთან ერთად იგი მონაწილეობდა სისხლის სჯულდების გადამსინჯველი საკანონმდებლო კომისიის მუშაობაში.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ანდრონიკაშვილი სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. კითხულობდა ახალი ფილოსოსფიის კურსს ტულის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1919–1920), სასამართლო მჭევრმეტყველებას მოსკოვის სიტყვის სახელმწიფო ინსტიტუტში (1920–1921). 1921 წლის დამლევს იგი თბილისში დასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული უმაღლესი იურიდიული განათლების ჩასახვა და განვითარება საქართველოში. თსუ-სა და სხვა უმარლეს სასწავლებლებში ანდრონიკაშვილი კითხულობდა სამართლის ზოგად თეორიას. სამოქალაქო სამართალს, სისხლის სამართალს და სხვა იურიდიულ დისციპლინებს. მანვე შექმნა ლექციების ორი ახალი კურსი - დანაშაულის ფსიქოლოგია და სიტყვის კულტურა. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი იყო თსი-ის სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე (1937) და სისხლის სამართლის კათედრის პროფესორი.

ანდრონიკაშვილი მონაწილეობდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტების მომწადებაში. საბჭოთა მთავრობამ იგი აშშ-ში წარგზავნა უცხოური (ჰარიმანის) კონცესიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პასუხსაგები დავალებით (1930–1931), რომელიც მან წარმატებით შეასრულა. აღსანიშნავია აგრეთვე ანდრონიკაშვილის საჯარო გამოსვლები ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაყაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 451, თბ., 1975 წელი.
  • მაყაშვილი ვ. ანდრონიკაშვილი ლუარსაბ ნიკოლოზის ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 152.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 48, თბ., 1994