ნოქალაქევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოქალაქევი

{{{სახელი}}}

კოორდინატები: 42°21′26″ ჩ. გ. 42°11′38″ ა. გ. / 42.35722° ჩ. გ. 42.19389° ა. გ. / 42.35722; 42.19389

ადგილმდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
ნოქალაქევი (საქართველო)
Map castle icon.png

ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. „ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა“), ასევე ბერძნული სახელწოდებით არქეოპოლისი (ძვ. ბერძნ. Αρχαιόπολις, სიტყვასიტყვით ძვ. ქალაქი; აქედან მოდის მისი ქართული სახელი „ნოქალაქევი“ — ნაქალაქევი), ქართული წყაროების ციხე-გოჯი. ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ამჟამად სოფელი ნაქალაქევი და არქეოლოგიური მიდამოა სენაკის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო, მდინარე ტეხურის მარცხენა სანაპიროზე. სავარაუდოდ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოქალაქევის აღმ. გალავანი (შიდა ხედი)

ამ ადგილას უწინ მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი მდებარეობდა. რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც არქეოპოლისს , თუმცა უფრო ადრინდელ ქართულ ქრონიკებში მას ციხეგოჯს (ქუჯის ციხე) უწოდებენ. ისტორიული წყაროების თანახმად, ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხე-ქალაქის აგება განპიროვებული იყო სტრატეგიული მოსაზრებით და მოსახლეობის სიმრავლით. ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში. ბიზანტიასა და სპარსეთის იმპერიებს შორის ლაზური ომები (542-562) სწორედ ამ ქალაქის მიდამოებში განხორციელდა. ომის დროს სპარსელებმა ციხეგოჯზე იერიში სამჯერ მიიტანეს და მხოლოდ მესამედ მოახერხეს მისი აღება (554), თუმცა ქალაქი მცირე ხანში ისევ ჩაუვარდა ბიზანტიურ-ლაზურ ძალებს. 737-738 წლებში ქალაქი არაბმა მთავარსარდალმა მურვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ) გაანადგურა. გამუდმებული ნგრევისა და გაპარტახების შედეგად ციხეგოჯი დაკნინდა და მცირე სოფლად გადაიქცა. სოფელმა ხელმეორე აყვავება (შედარებით) ჰპოვა მე-16 საუკუნეში, როდესაც აქ სამეგრელოს მთავარმა საკუთარი სასახლე ააშენა. XVI-XVIII საუკუნეებში - ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია.

არქეოლოგიური გათხრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოქალაქევის აღმ. კარიბჭე.

ნოქალაქევის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1930-1931 წლებში აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის ინიციატივით. გათხრები მიმდინარეობს 1973-დან. ნოქალაქევის ტერიტორიაზე ცხოვრების კვალი ჩანს ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან. ცხოვრება ინტენსიური გახდა ძვ. წ. V-IV საუკუნეებიდან.

ქალაქი 3 ნაწილისაგან შედგებოდა (საერთო ფართობი 15 ჰა) და გალავნით იყო გარშემორტყმული. მთავარი ნაწილი განლაგებული იყო მდინარის ნაპირას, გარნიზონის სამყოფელი მდებარეობდა ფერდობზე, ხოლო შიდა ციხე (ციტადელი) - მთის წვერზე. ქვედა ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა ეგრისის მეფეთა IV საუკუნის სასახლისა და V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები. VI საუკუნის დასაწყისში მცირე ზომის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მოგვიანებით გუმბათოვან ეკლესიად გადაკეთდა, იმავე ხანის მეფეთა სასახლის, კოშკიანი ჭიშკრის, 2 აბანოსა და სხვა ნაშთები. ყველა შენობა ნაგები იყო ქვათლილებით ან მცირედ დამუშავებული ქვით. გრანდიოზულობით გამოირჩევა ეგრისის მეფეთა მეორე, სამსართულიანი სასახლე. ქალაქში 2 აბანოს არსებობა კომუნალური მეურნეობის მაღალ დონეზე მიუთითებს. ერთი მათგანი დიდი მასშტაბის და რთული კომპოზიციის კაპიტალური ნაგებობაა. საქართველოში გათხრილ ამ პერიოდის აბანოთა მსგავსად, იგი ცენტრალური გათბობის სისტემაზეა აგებული. ქალაქის სიმაგრეთა სისტემა რელიეფის შესაბამისად იყო გადაწყვეტილი. მდინარის მხარეს სამხრეთით და დასავლეთით ციცაბო კლდეებს მხოლოდ ერთი კედელი გასდევს. მტრისთვის ადვილად მისადგომ აღმოსავლეთ მხარეს კი პარალელურად განლაგებულია 3 კედელი. ციტადელს 3 ჰა-ზე მეტი ფართობი უჭირავს. გალავანში ჩართულია

ორმოც მოწამეთა ეკლესია.

2 კოშკი, რომელთაგან ერთ-ერთი (ახლა "ჯიხად" წოდებული) კოლხეთის დაბლობსა და ჩრდილოეთ მხარეს უწევდა კონტროლს. ციტადელის ეზოში ადრინდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას. გათხრებმა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა გამოავლინა ნოქალაქევში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერამიკა ძირითადად ადგილობრივი წარმოშობისაა, თუმცა ბევრია იმპორტულიც (მათ შორის IV-VII საუკუნეების ამფორები).

გათხრილია ძვ. წ. IV-III საუკუნეების სამაროვანი. მიცვალებულები იწვნენ ქვევრსამარხებში, ჩვეულებრივ, პირში ედოთ კოლხური თეთრი. ადგილობრივი და შემოტანილი კერამიკის გარდა აღმოჩნდა ბრინჯაოს სამაჯურები, მძივები, მონეტები და სხვა. ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნია ხელოვნური იშვიათი ნიმუშები: ელინისტური კანთაროსი, შავლაქიანი კერამიკული სასმისი. ცალკეულ აღმოჩენებთაგან გამოირჩევა ტყვიის დასაკიდი საბეჭდავი, რომელსაც ჯვრისებრი მონოგრამა აქვს, ისრისწვერები, შუბისპირები, სპილენძისა და ოქროს მონეტები და სხვა. აღსანიშნავია ბიზანტიის იმპერატორის მავრიკიოსის (582-622) სახელით მოჭრილი 23 ოქროს მონეტის განძი. ადგილობრივ კერამიკასთან ერთად უცხოურის აღმოჩენა ეგრისისა და ნოქალაქევის უცხო ქვეყნებთან განვითარებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე მიუთითებს.

ნოქალაქევის ტერიტორიაზე შედარებით მცირე რაოდენობით არის მოპოვებული XVI-XVIII საუკუნეების მასალა.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზაქარაია პ., ლომოური ნ., ლიქვინაძე ს., ნოქალაქევის ექსპედიციის 1973 წლის მუშაობის მოკლე ანგარიში, წიგნ.,:საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, ტ. 4, თბ., 1975
  • ლომოური ნ., ეგრისის სამეფოს ისტორია, ტბ., 1968
  • ყაუხჩიშვილი ს., ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1948

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: