თვითმმართველობა
თვითმმართველობა — ამა თუ იმ ქვეყნის, მხარის, ტერიტორიული ერთეულის, ორგანიზაციის ან კოლექტივის საქმეთა დამოუკიდებელი გამგებლობა, არჩევითი ორგანოების მეშვეობით ან უშუალო დემოკრატიის გზით (კრების, რეფერენდუმის და სხვა საშუალებით).
ადგილობრივი თვითმმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
ადგილობრივი თვითმმართველობა :
- ესაა კონსტიტუციური წყობის ერთ-ერთი საფუძველი, ხელისუფლების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპი, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან ერთად განსაზღვრავს ქვეყნის მმართველობის სისტემას.
- ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება და შესაძლებლობა რეგლამენტაცია გაუკეთოს სახელმწიფო საქმეთა მნიშვნელოვან ნაწილს და მართოს იგი კანონის ფარგლებში, საკუთარი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად (მუხლი 3. პ.1). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კანონით დადგენილ ფარგლებში, ფლობენ მოქმედების სრულ თავისუფლებას (მუხლი 4. პ.2)
ადგილობრივი მმართველობა სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ელემენტია. ადგილობრივი ანუ, როგორც მას ხშირად დასავლეთის ქვეყნებში უწოდებენ, მუნიციპალური თვითმმართველობა მოიცავს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვას, რომელიც არჩეული ორგანოების და მათი ადმინისტრაციული აპარატის მეშვეობით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობის მიერ ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფო მმართველობის ერთგვარად დეცენტრალიზებული ფორმაა, რომლის ძირითად ნიშნებს არჩევითობა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვა-გამგებლობაში გარკვეული დამოუკიდებლობა წარმოადგენს. იქმნება შესაბამისი ორგანოების სისტემა, რომელთაც საკუთარი აღმასრულებელი აპარატი, შესაბამისი უფლებამოსილებანი და მუნიციპალური საკუთრების სახით მატერიალური ბაზა გააჩნიათ.
ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში, აგრეთვე იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულების მიღება, მასში ცვლილებების შეტანა და კონტროლი მის შესრულებაზე; დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, შესრულება და კონტროლი; ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია; კომუნალური მეურნეობა და ა.შ.
თვითმმართველობის ორგანოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივი თვითმმართველობა შეიცავს ორი სახის ორგანოებს, როგორებიცაა არჩევითი - საკრებულოები (საბჭო, ასამბლეა) და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც ფორმალურად მოწოდებული არიან ცხოვრებაში გაატარონ წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა - საკრებულო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დასახელებას ატარებს - საგრაფოს საბჭო, გენერალური საბჭო, მუნიციპალური საბჭო, კომუნალური საბჭო და სხვა. განვითარებულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევა ხდება შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის მიერ, პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების საფუძველზე. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად: იტალიაში, შვედეთში, ლიეტუვაში გამოიყენება პროპორციული საარჩევნო სისტემა, ხოლო გერმანიაში შედარებით განსხვავებული სისტემაა, სადაც პროპორციული არჩევნები ე.წ. ხუთ პროცენტიანი ბარიერითაა რეგლამენტირებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის (ქართ. და რუს.) - თბ. : ფონდი Alpe, 2005;
- თოთიაური ჯ. საზღვარგარეთის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების სტრუქტურა – ალმანახი № 10, 1999 (სახელმწიფო სამართალი)- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- კოპალეიშვილი მ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური (სამართლებრივიმ მოწესრიგების) საფუძველი – ალმანახი № 10, (სახელმწიფო სამართალი)- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ქსე, ტ.4., გვ.675., სტ. თვითმმართველობა;