არაქსი, არეზი, (სპარს. ارس, სომხ. Արաքս, აზერბ.Araz, ბერძ.Αράξες, თურქ.Aras Nehri, ძვ. ქართ.რახსი, არეზი) — მდინარე ამიერკავკასიაში, მტკვრის უდიდესი შენაკადი. მიედინება თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1072 კმ, აუზის ფართობი 102 ათ. კმ². სათავე აქვს ბინგოლის ქედზე (თურქეთი). ზემო დინებაში მთის ტიპის მდინარეა. მისი შენაკადებია: მარცხნივ - ახურიანი, რაზდანი, არფა, ვოროტანი, მარჯვნივ - გოთური და ყარასუ. საზრდოობს უმეტესად გრუნტისა და თოვლის წყლით. იყენებენ სარწყავად. ყოველწლიურად გამოაქვს 7,6 კმ² წყალი და 16 მლნ. ტ ნატანი.