თართი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თართი
Acipenser colchicus.jpeg
თართი, იგივე კოლხური ზუთხი. შავ-თეთრი გამოსახულება
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ქვესამეფო:  ევმეტაზოები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
ზეკლასი:  ყბიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ქვეკლასი:  ხრტილოვანი განოიდები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ქვერიგი:  ზუთხისმაგვარნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ზუთხი
სახეობა:  სპარსული ზუთხი
ქვესახეობა:  კოლხური ზუთხი
ლათინური სახელი
Acipenser persicus colchicus
(Artyukhin & Zarkua, 1986)

თართი, კოლხური ზუთხი (ლათ. Acipenser persicus colchicus) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. სხვადასხვა წყაროს მიხდვით წარმოადგენს სპარსული ზუთხის ქვესახეობას ან დამოუკიდებელ სახეობას; ბოლომდე მისი სტატუსი განსაზღვრული არ არის.[1] სხეულის მაქსიმალური სიგრძე 175 სმ. მამრების საშუალო სიგრძე 125 სმ, მდედრების — 145 სმ, მასა 100 კგ-მდე.[2]

თართი მდინარის და ზღვის ბინა­დარია. ქვირითობს მარტიდან ივლისამდე. ნაყოფიერება 25-26 ათ. ქვირითია. სხეული წაგრძელებულია. ზურგის შეფერილობა მუქი ლურჯიდან შავამდე. გამსვლელი თევზია. მდინარეებში შედის მაისსა და ივნისში. რუსულ ზუთხთან შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება. მამრი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 8-12, მდედრი 13-15 წლისა. იკვებება ძირითადად თევზებით და კიბოსნაირებით, მოლუსკებით, ხრიალებით, ოლიგოქეტებით.[3]

გავრცელებულია შავი ­ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის სანაპირო ზოლში, აზოვის ზღვაში, მდინარეებში: რიონში, ენგურში, სუფსაში, ოქუმში, ერისწყალში, ხობში და ჭოროხში, დონში, ყუბანში, დნეპრში, დუნაიში.[4]

წყაროთა ნაწილი განიხილავს როგორც სპარსული ზუთხის ქვესახეობას, უფრო ადრე ითვლებოდა რუსული ზუთხის შიდასახეობრივ ფორმად. წყაროთა ნაწილი დამოუკიდებელ სახეობად გამოჰყოფს.[1] რუსული ზუთხისგან განსხვავდება დამახასიათებელი ნიშნებით — უფრო წაგრძელებული, მასიური, ქვემოთკენ მოღუნული დინგით. პირველად თართი როგორც ქვესახეობა 1940 წელს გამოყო ვ. მარტიმ. 1986 წელს ე. არტიუხინმა და ზ. ზარქუამ კოლხური ზუთხი გამოყვეს როგორც სპარსული ზუთხის ქვესახეობა — Acipenser persicus colchicus.[3][5]

თართი ძვირფასი სარეწაო თევზია, რელიქტია. რეწვამ საგრძნობლად შეამცირა მისი მარაგი. მასზე რეწვა 1967 წლიდანაა აკრძალული, თუმცა მისი მარაგი არ არის აღდგენილი. მიზეზი — ბუნებრივი კვლავწარმოების დაბალი მაჩვენებელი და ბრაკონიერობა. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. მიჩნეულია კრიტიკული საფრთხეში მყოფ და მოწყვლად სახეობად ევროპაში. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ექსპედიციის პროცესში მოპოვებული იქნა თართი, რომლის დათვალიერების და შესწავლის შემდგომ მისი გარემოში დაბრუნება განხორციელდა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Kuljanishvili, Tatia; Epitashvili, Giorgi; Freyhof, Jörg; Japoshvili, Bella; Kalous, Lukáš; Levin, Boris; Mustafayev, Namig; Ibrahimov, Shaig; Pipoyan, Samvel; Mumladze, Levan (აგვისტო, 2020). „Checklist of the freshwater fishes of Armenia, Azerbaijan and Georgia“. Journal of Applied Ichthyology (ინგლისური). 36 (4): 501–514. doi:10.1111/jai.14038. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. ნინუა ნ., გუჩმანიძე ა., საქართველოს ზუთხისნაირნი, თბ., 2013
  3. 3.0 3.1 Соколов. В.Е. Редкие и исчезающие животные. Рыбы, М.: Высш. шк., 1994. — 334 с.
  4. ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი გ., საქართველოს თევზები, თბ., 2013
  5. რიონის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-06. ციტირების თარიღი: 2020-04-10.
  6. „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კოლხური ზუთხი შესწავლის შემდგომ გარემოში დააბრუნეს