გიორგი შარაშიძე
გიორგი შარაშიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 11 თებერვალი, 1930 |
დაბ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი | 20 თებერვალი, 2010 (80 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | ლევილის სასაფლაო |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, ისტორიკოსი და მითოგრაფი |
მუშაობის ადგილი | საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საფრანგეთის ხელნაწერთა აკადემია |
სამეცნიერო სფერო | ისტორია, ანთროპოლოგია, კავკასიოლოგია, ქართველოლოგია, |
გიორგი შარაშიძე (ფრანგ. Georges Charachidzé, დ. 11 თებერვალი, 1930, პარიზი, საფრანგეთი — გ. 20 თებერვალი, 2010 იქვე) — საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი, ანთროპოლოგი. მისი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი ეთმობოდა პატრონყმობას, ქართველთა წართმართულ რელიგიებს, ქართულ და კავკასიურ მითებს და იბერიულ-კავკასიურ ენებს.[1][2]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი შარაშიძე 1930 წელს, ლევილ-სიურ-ორჟში, პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მისი მამა, დავით შარაშიძე ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო, რომელმაც საქართველო 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ დატოვა. საბჭოთა მთავრობამ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, დავითი კი პარიზში გადაიხვეწა. გიორგის დედა ფრანგი მასწავლებელი, სახელად ელენა იყო.[1][2] გიორგის მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, დედა ფრანგი ჰყავდა ამიტომ შეიძლებოდა რომ მას ქართული ვერ ესწავლა, მაგრამ ფილიპე შარაძისა და სამსონ ფირცხალავას მონდომების წყალობით შარაშიძე მშობლიურ ენას დაეუფლა.
გიორგის ბაბუა გიგო შარაშიძე, ქართველი პედაგოგი, ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე, ხოლო მამიდა ქრისტინე შარაშიძე, ასევე საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და პირველი ქალი ლექტორი იყო.
გიორგი შარაშიძე ბავშვობიდან ორ ენაზე: ქართულად და ფრანგულად საუბრობდა, რომელიც შემდგომ მისი სამწერლო ენა გახდა.
სამეცნიერო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი შარაშიძის სამეცნიერო შემოქმედება ბავშვობიდანვე სამი: კულტურული ანთროპოლოგიის, ისტორიისა და ენათმეცნიერების მიმართულებებით წარიმართა. გიორგი შარაშიძის პირველი სამეცნიერო ხელმძღვანელი ჟორჟ დიუმეზილი იყო (1953 წლიდან), რომელიც გიორგის სადოქტორო ნაშრომზე მუშაობაში ეხმარებოდა. 1964 წელს, პარიზში, ფრანგულ ენაზე გამოქვვეყნდა შარაშიძის შემოქმედება, სახელწოდებით: „მაზდეური გადმონაშთი ქართველ მთიელთა შორის“. დიუმეზილთან თანამშროლობის შედეგად 1968 წელს ქართველმა შექმნა მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომი: „წარმართული საქართველოს რელიგიური სისტემა“ (ფრანგ. Le système religieux de la Géorgie païenne, Analyse structurale d'un civilization)
გიორგი შარაშიძე ყოველთვის ეხმიანებოდა საქართველოში მომხდარ მოვლენებს ლიტერატურისა და მეცნიერების დარგში. ის გამოეხმაურა შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილეს და მას წერილი, „რუსთაველი და ქართველი ხალხი“ მიუძღვნა, რომელიც, მოგვიანებით, ჟურნალ „კავკასიონში“ გამოაქვეყნა. 1971 წელს, ისტორიაში, შარაშიძემ გამოაქვეყნა ნაშრომი, სახელწოდებით: „ქართული ფეოდალიზმის კვლევის შესავალი, გიორგი ბრწყინვალის სამართლის კოდექსი“ (Introduction à l'étude de la féodalité géorgienne. Le code de Georges le Brillant). გიორგი შარაშიძეს ასევე ეკუთვნის „ინდოევროპული ხსოვნა კავკასიაში“ (1987, პარიზი) და „პრომეთევსი ანუ კავკასია: ცდა კონტრასტული მითოლოგიისა“ (Promethée ou le Caucase: Essai de mythologie contrastive, 1986), რომელიც ამირანის შესახებ მოგვითხრობს.
გიორგი შარაშიძის შემოქმედებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ჟორჟ დიუმეზილიმ, რომელიც დაინტერესებული იყო უბიხური ენით. ამ ენით შარაშიძეც დაინტერესდა და ისინი ერთად ცდილობდნენ ენის გადარჩენას. დიუმეზლის გარდაცვალების შემდეგ გიორგის გადაეცა უბიხური ფოლკლორის არქივი. დიუმეზილის სიცოცხლეშივე, 1969 წელს, ნიუ-იორკში მან გამოაქვეყნა უბიხური ენის გრამატიკა. შარაშიძეს გამოუქვეყნებელი დარჩა ამავე თემაზე შექმნილი ნაშრომი, სახელწოდებით „უბიხური ენის ლექსიკონი“. ის ასევე მუშაობდა სხვა კავკასიური ენების შესახებაც. 1981 წელს, გიორგიმ ფრანგულად გამოაქვეყნა „ხუნძური ენის გრამატიკის შესავალი“ (Grammaire de la langue avar, langue du Caucase nordest). ქართველმა იცოდა თორმეტამდე კავკასიური ენა და მათგან უმეტესს სალაპარაკოდაც ფლობდა. უკანასკნელი უბიხის, ტევფიკ ესენჩის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ერთადერთი ადამიანი იყო მთელს დედამიწაზე, რომელსაც უბიხურ ენაზე ლაპარაკი შეეძლო.[1]
კალისტრატე და ნინო სალიების გარდაცვალების შემდეგ, გიორგიმ „ბედი ქართლისას“ ბაზაზე დააარსა ქართულ და კავკასიურ კვლევათა ჟურნალი (Révue des études géorgiennes et caucasiennes). ის ასევე განაგებდა ქართული ენის კათედრას აღმოსავლეთის ენების ინსტიტუტში. საფრანგეთის ხელნაწერთა აკადემიამ (ფრანგ. Académic des inscriptions et belles lettres) შემოქმედების გამო მას ჯილდოც კი გადასცა. 1958 წელს ის აირჩიეს „სააზიო აკადემიის“ წევრად. გიორგი ასევე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.[3] 1965 წლიდან 1998 წლამდე გიორგი შარაშიძე ენებისა და ცივლიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში (Institut national des langues et civilisations orientales) ქართულ ენას ასწავლიდა.[2][4] 1984 წელს ის იყო პარიზის ენათმეცნიერთა საზოგადოების (Société de Linguistique de Paris) პრეზიდენტი.[2]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი შარაშიძე გარდაიცვალა 2010 წლის 20 თებერვალს, ოთხმოცი წლის ასაკში, პარიზში. აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის (INALCO) დირექტორი ნეკროლოგში წერდა:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკნაძე, ზურაბ. გიორგი შარაშიძე (1930-2010), ქართული ფოლკლორი : კრ. 5(XXI), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. - თბილისი, 2010. - გვ.256-260.
- კვატაია, მანანა. გამოთხოვება გიორგი შარაშიძესთან, ჩვენი მწერლობა. - 2010, 19 მარტი.- N6(110). - გარეკანის მესამე გვერდზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი შარაშიძე უნივერსალური ენციკლოპედია
- გიორგი შარაშიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Georges Charachidzé ✝ 1930-2010. batsav.com. Accessed January 29, 2012.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Méloua, Mirian (5 mars 2010), Georges Charachidzé (1930-2010), linguiste et historien du Caucase, d'origine géorgienne დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. . colisee.org. Accessed January 29, 2012.
- ↑ Georges Charachidzé (1930-2010). Encyclopædia Universalis. Accessed January 29, 2012.
- ↑ Legrand, Jacques. "Intervention du président de l'INALCO aux obsèques de Georges Charachidzé (26 février 2010)". Institut national des langues et civilisations orientales. Accessed January 29, 2012.