წალკის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
წალკის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
ადმ. ცენტრი წალკა
კოორდინატები 41°35′00″ ჩ. გ. 44°05′00″ ა. გ. / 41.58333° ჩ. გ. 44.08333° ა. გ. / 41.58333; 44.08333
ფართობი 1050,6 კმ² კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 18 849 კაცი კაცი (2014)
სიმჭიდროვე 19,8[1] კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 46,7 %
სომხები 38,8 %
აზერბაიჯანელები 6,9 %
ბერძნები 6,9 %[2]
საფოსტო ინდექსი 53xx[3]
ოფიციალური საიტი tsalka.gov.ge
წალკის მუნიციპალიტეტი — საქართველო
წალკის მუნიციპალიტეტი
წალკის მუნიციპალიტეტი — ქვემო ქართლი
წალკის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. 1917 წლამდე ახლანდელი წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში, 1921 წლის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ ბორჩალოს მაზრაშია, 1930 წლიდან ხდება დამოუკიდებელი რაიონი. 1963-1964 წლებში შედიოდა თეთრი წყაროს რაიონში. 1965 წლიდან კვლავ გამოეყო ცალკე რაიონად. ამჟამად მუნიციპალიტეტი.

წალკის მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბორჯომის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტები. დასავლეთით ესაზღვრება ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით საზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, რამდენიმე კილომეტრით სცდება ქარელის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტის ფართობია 1050,6 კმ². ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი წალკა.[4][5]

წალკის მუნიციპალიტეტის მდინარეებია: ქცია (შენაკადებია: მირზაოღლი-ხრამი, ნარდევანი, ოზნი, გუმბათი, თარსონი და სხვა) და ჭოჭიანი (სიგრძე 29 კმ, აუზის ფართობი 131 კმ²).[4]

ეკონომიკის ძირითადი სექტორები, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლებს არის: სოფლის მეურნეობა (ძირითადად მეცხოველეობა და მეკარტოფილეობა), ელექტროენერგეტიკა, მცირე მეწარმეობა (ძირითადად ვაჭრობს და საყოფაცხოვრებო მომსახურება) და საჯარო სამსახურები.[4]

2014 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 18 849 ადამიანს. მუნიციპალიტეტში 42 დასახლებული პუნქტია. მათ შორის 1 ქალაქია — წალკა. მუნიციპალიტეტის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3200 ადამიანს, ხოლო სოფლის 18 800-ს, ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85 % სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 21 ად./კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 ად./კმ²) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.[4]

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით არის 3 000 000 ლარი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი შემოსავლების წყაროა მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, ელექტროენერგეტიკა, მცირე ბიზნესი (ძირითადად ვაჭრობა და მომსახურეობის სერვისი), საჯარო სამსახურები.[4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანია. პირველი თანრიგის ოროგრაფიული ერთეულებია: სამსრის ქედი, ჯავახეთის ქედი და წალკის ქვაბული.

სამსრის ქედი (ზომები 40X23 კმ) ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში იჭრება. მერიდიანული მიმართულების ქედია, რომელიც აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ანდეზიტის, ანდეზიტ-დაციტის, ბაზალტისა და დიაბაზის ლავებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. ნეოგენური გოდერძის წყება ქმნის ქედის ძირითად ჩონჩხს. მეოთხეული ლავებით კი აგებულია ვულკანური კონუსები, გუმბათები. ქედის მორფოლოგიაში შერწყმულია ტექტონიკური, ვულკანური, ეროზიული, ძველმყინვარული და პერიგლაციალური რელიეფის ფორმები. ქედზე ამართულია მწვერვალი სამსარი (3285 მ), რომელიც ვულკანურ კონუსს წარმოადგენს და ამ კონუსის შიგნით მდებარეობს 3 კმ სიგრძის კალდერა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოდის ასევე ჯავახეთის ვულკანური ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთი. აგებულია უმთავრესად ბაზალტური ან ანდეზიტ-ბაზალტური ლავებით, რომლებსაც ვრცელი ტექტონიკური ძალებით თაღისებურათ ამობურცული განფენები წარმოუქმნია. ქედის რელიეფი შედგება ტექტოგენურ-ვულკანური, ვულკანური და პერიგლაციალური ფორმებისაგან. ჯავახეთის ქედზე ამართულია მწვერვალები: დალიდაღი (2661 მ), ბიქეთი (2277 მ), ჭიქიანი (2415 მ) და სხვ. დალიდაღსა და ჭიქიანს შორის მდებარეობს თიქმათაშის უღელტეხილი (2150 მ).

მსხვილი ოროგრაფიული ერთეულია აგრეთვე წალკის პლატო ქვაბული. ჩრდილოეთიდან შემოზღუდულია თრიალეთის ქედის შუა ნაწილით, დასავლეთით ესაზღვრება სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილი, სამხრეთით საზღვრავს ჯავახეთის ქედი. წალკის პლატო აგებულია ნეოგენური დოლერიტული ლავებითა და ტბიურ-მდინარეული ნალექებით. წალკის პლატოს სიმაღლე ცვალებადობს 1500 მ-იდან 1900 მ-მდე. წალკის პლატო ქვაბული იყოფა პატარა ქვაბულებად (ბეშთაშენის, ქიარაკის, ბარმაქსიზის, ბაშკოვის) და მცირე სიგრძის სერებად (წალკის, ბეშთაშენის, ქარსუს, ტაშბაშის).

წალკის სერის ჩრდილოეთ ნაწილში განედური მიმართულებით გაჭიმულია თრიალეთისძირა დახრილი ალუვიური ვაკე, რომლის ფორმებიც შეპირობებულია თრიალეთის ქედის შუა ნაწილიდან ჩამომავალი პატარა მდინარეების ვულკანური და ტექტონიკური შეგუბებით. თრიალეთისძირა ვაკე აგებულია პლიოცენ-მეოთხეული რიყნალებითა და ქვიშებით. იგი დაყოფილია ორ ნაწილად: რეხის ქვაბულად და კაბურის ვაკედ.

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ასევე ჭოჭიანის ლავური პლატო, რომელიც წალკის ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლური ნაწილისაგან გამოყოფილია დაშბაშის სერით და ძირითადად ვრცელდება მდინარე ხრამის მარჯვენა სანაპიროზე. იგი მხოლოდ თავის ჩრდილო ნაწილში გადადის ხრამის მარცხენა სანაპიროზე. ჭოჭიანის პლატო აგებულია პლეისტოცენური ანდეზიტ-ბაზალტებით. გაკვეთილია ხრამისა და მისი მარჯვენა შენაკადის ჭოჭიანის კანიონისებრი ხეობებით. ხრამისა და ჭოჭიანის ხეობათა ჩაჭრის სიღრმე 300-500 მ-ს აღწევს. ხრამისა და ჭოჭიანის ხეობები თავისი უდაბლესი ფსკერისპირა ნაწილებით გრანიტულ მასივს სჭრიან, კრისტალურ საფუძველზე გადაფარებულია ანდეზიტ-ბაზალტური ლავის ქარაფებში ხელოვნურ და ნახევრად ხელოვნურ გამოქვაბულთა ჯგუფებია (მაგ., ეძანის გამოქვაბული), რომლებსაც წარსულში სამხედრო დანიშნულება ჰქონდათ. სოფელ დაშბაშის კიდეზე არის ღრმა ნაპრალები.

წალკის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება ასევე თრიალეთის ქედის სამხრეთი კალთა, რომელიც დანაწევრებულია მდინარეებით: ბეშთაშენით, გუმბათის და მათი შენაკადების ხეობებით. აღსანიშნავია ბეშთაშენის, ქიარაკის, ავრანლოს, აშყალის და ტაშბაშის ღრმა კანიონები.

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წალკის მუნიციპალიტეტი ხასიათდება ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელით. აქაურ მიწაზე გაედინება მრავალი დიდი თუ პატარა მდინარე, თავიანთი უფრო მცირე შენაკადებითურთ.

მთავარი მდინარეა ქცია, რომელიც აქ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან შემოედინება. მდინარე ქციას მუნიციპალიტეტის ფარგლებში გააჩნია მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადები: მირზაოღლი-ხრამი, ნარდევანი, ოზნი (მარჯვენა შენაკად ბურნაშეთით), გუმბათი, თარსონი, ტუსრები და ა. შ.

შედარებით მოზრდილია მდინარე ჭოჭიანი (სიგრძე 29 კმ, აუზის ფართობი 131 კმ²), რომელიც იბადება ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე.

წალკის მუნიციპალიტეტის მდინარეების კვებაში მონაწილეობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყალი. წყალმცირობა ზამთარშია, წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ტბებით მდიდარია. აქ გაბნეულია მრავალი მთის ტბა, რომლებიც პატარა სიღრმითა და ფართობით გამოირჩევიან. გამოსაყოფია: ბარეთის, ხადიკის, ლელიანის, ტბის, ჩაპაევკის, გრძელი და ღრმა ტბები.

ბარეთის ტბა მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ზღვის დონიდან 1621 მ-ზე და მოქცეულია სინკლინურ მულდაში. ზედაპირის ფართობი – 1,34 კმ², აუზის – 9,3 კმ², მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ. წყლის მოცულობა 1,10 მლნ. მ³. ნაპირები სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი. წალკის ქვაბულში ზღვის დონიდან 1596 მ სიმაღლეზე მდებარეობს ჩაპაევკის ტბა, რომლის სიღრმეა 2,5 მ.

ხრამის ხეობაში ზღვის დონიდან 1506 მ-ზე მდებარეობს წალკის წყალსაცავი, რომელიც სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავია. მაქსიმალური სიღრმეა – 25 მ, სიგრძე 12 კმ, სიგანე 3 კმ-ზე მეტი. მნიშვნელოვანი ჰიდროლოგიური ობიექტია.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წალკის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში. ტერიტორიის დიდ ნაწილში ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით.

წალკის ქვაბულში მთის სტეპების ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 5,9 °C, იანვრის -4,8 °C, ივლისის 16 °C, აბსოლუტურ მინიმუნი -34 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 33 °C. ნალექები 740 მმ წელიწადში. წალკის მუნიციპალიტეტში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 600-740 მმ-ს უდრის. ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისშია, მინიმუმი – ზამთარში.

მუნიციპალიტეტის მაღალ ადგილებში მთიანეთის სტეპების ჰავაა, იცის მოკლე ზაფხული და ცივი ზამთარი. სამსრის, ჯავახეთისა და თრიალეთის ქედებზე (ყველაზე მაღალ ადგილებში) ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთიანეთის ზომიერად მშრალი ჰავაა.[4]

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიის ვრცელი ნაწილი უკავია გამოტუტული და კარბონატული მთის შავმიწა ნიადაგებს.

წალკის ქვაბული განირჩევა შავმიწა ტიპის ნიადაგის სიჭარბით. საშუალოდ გამომუტვილი შავმიწები განვითარებულია წალკის სერის სამხრულ კალთებზე სოფელ სანთასა და ბეშთაშენს შორის, ჯავახეთის ქედის ფერდობებზე, სოფელ წინწყაროს აღმოსავლეთით. დეგრადირებული შავმიწები წარმოდგენილია სოფელ რეხასთან და ბედენის ქედის ჩრდილო ფერდობზე.

თრიალეთისძირა ვაკე და ბეშთაშენის ტაფობის ფსკერის ნაწილი დაფარულია შავმიწისებრი გამომუტვილი ძველალუვიური ნიადაგებით. სამსრის, ჯავახეთის და თრიალეთის ქედის კალთებზე განვითარებულია ჯერ ვულკანური მთიანეთის შავმიწისებრი და კორდიანი მთის მდელოს ნიადაგები, შემდეგ კი კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები. ყველაზე მაღალ ადგილებში ლაქებად არის წარმოდგენილი კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები.

ლანდშაფტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წალკის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ლავური პლატო მთის სტეპის მცენარეულობით და შავმიწა ნიადაგებით;
  2. მთისწინეთი გასტეპებული მდელო და შავმიწისებრი ნიადაგებით;
  3. მთის გასტეპებული სუბალპური მდელო, შავმიწისებრი ნიადაგებით;
  4. სუბალპური მდელო მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებით;
  5. ალპური მდელოები, მთის მდელოს მცენარეულობით და პრიმიტიული კორდიან ტორფიანი ნიადაგებით;
  6. საშუალო მები ფოთლოვანი ტყეებით, ტყის ყომრალ ნიადაგებზე.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორია ტყეებს მოკლებულია. ტყესა და ბუჩქნარს უკავია მთელი ტერიტორიის 5,8 ათ. ჰა. აქ ძირითადად გავრცელებულია მთის სტეპები, მარცვლოვანი მცენარეებიდან აღსანიშნავია კეწეწურა, ვაციწვერა, ურო, ნამიკრეფია, ბაია, მაჩიტა, სათითურა, შვრიელა, ტიმოთელა და სხვ. ბუჩქებიდან ხარობს გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი და ჩიტავაშლა. წალკის ქვაბულის მცენარეულობა ძირითადად წარმოდგენილია ზეგნის სტეპებით (გასტეპებული მდელოებით), რომლებშიც გავრცელებულია წყალჭაობური დაჯგუფებები და ყოფილი ტყის უმნიშვნელო ნაშთები, ეს უკანასკნელი დარჩენილია მდინარე ტუსრების (ქციის მარცხენა შენაკადი) აუზში, მთა თავკვეთილის აღმოსავლეთ კალთებზე და სხვ. ჭოჭიანის პლატოს ზედაპირზე გაბატონებული შავმიწიანი ნაირბალახოვან-მარცვლოვანი სტეპების ფონზე წარმოდგენილია წყალჭაობური მცენარეულობის ლაქები.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითქმის ყველგანაა კურდღელი, მელა, მგელი და ტურა. გვხვდება არც თუ ისე დიდი რაოდენობით შველი. მუნიციპალიტეტში ფართოდაა მღრღნელებიც: ბუჩქნარის მემინდვრია, ტყის თაგვი, მექვიშია, ზაზუნა და სხვ. გვხვდება ასევე თეთრკბილა ბრუცაც. არის ღამურა.

წალკის წყალსაცავი, მუნიციპალიტეტში მდებარე ტბებითურთ მდიდარია თევზით. წალკის წყალსაცავში ხდება თევზის ინტენსიური რეწვა. მოიპოვება ხრამული, კალმახი, მტკვრის წვერა, ქაშაპი და ა. შ.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის მოსახლეობის რიცხოვნობა – 18 849 კაცი, მათ შორის – 46,7 % ქართველი, 38,84 % სომეხი, 6,98 % აზერბაიჯანელი, 6,92 % ბერძენი; სიმჭიდროვე — 18 კაცი კვ. კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 51 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 2 დაბა და 48 სოფელი, აგრეთვე 20-მდე ნასოფლარი.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 44 187
2002 20 226
2014 18 849
2021[6] 19 700

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანო — გამგეობა. მუნიციპალიტეტიში არის ტერიტორიული ერთეულები:

საკრებულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია 2017[7] 2021[8] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 38 20                                        
  ნაციონალური მოძრაობა 2 6            
  პროგრესი და თავისუფლება 1  
  საქართველოსთვის 1  
  სტრატეგია აღმაშენებელი 1 1  
  დამოუკიდებელი 2 1  
  ევროპული საქართველო 1
  პატრიოტთა ალიანსი 1
სულ 45 30  

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 860 კვ. კმ. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია: მეკარტოფილეობა და მესაქონლეობა. წამყვანია ელექტროენერგეტიკა, აქ შექმნილია ჰიდროელექტროსადგურის კასკადი, რომელიც ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის გზები, აგრეთვე მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 43 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 25 ბიბლიოთეკა. გამოდის ადგილობრივი გაზეთი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეშთაშენის წმ. გიორგის, არჯევან-სარვანის ღვთისმშობლის, აიაზმის ღვთისმშობლის, კუშჩის, წმ. გიორგის, წალკის ეკლესიები, გუმბათის ციხე-გალავანი და ეკლესია, ავრანლოს და სანთის ციხეები და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკლება დ., ბოკერია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 287-288.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 2002 წლის აღწერის მიხედვით დაარქივებული 2015-10-23 საიტზე Wayback Machine. .
  2. [1].
  3. საქართველოს ფოსტა — 1805.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2014-12-02.
  5. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-11. ციტირების თარიღი: 2014-12-02.
  6. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  7. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-18[მკვდარი ბმული]
  8. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-18[მკვდარი ბმული]