თემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თემი (მრავალმნიშვნელოვანი).

თემი — სოციალური ორგანიზაციის პირველი ფორმა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგვარეულო თემი წარმოიქმნა სისხლით ნათესაობის ბუნებრივ საწყისებზე საზოგადოებრივი განვითარების საწყის საფეხურზე. პირველყოფილი გვაროვნული თემები ჩამოყალიბდნენ მაშნ, როდესაც კოლექტიური და თემური ცხოვრება აუცილებელი იყო ადამიანის გადასარჩენად. დროთა განმავლობაში ის გადაიქცა ტერიტორიულ, სასოფლო თემად. პირველყოფილი გვაროვნული თემების დაშლის შემდეგ სასოფლო თემები განსაკუთრებულ როლს ასრულებდა გლეხური მეურნეობის, კერძოდ მიწათსარგებლობის მოწესრიგებაში. თემის ორგანიზაცია და ფუნქციები განისაზღბრებოდა სახელმწიფო ან ჩვეულებითი სამართლით. თემობრიობა ხასიათდებოდა კოლექტიური და კერძო საკუთრების თანაარსებობით, არსებოდბდა როგორც კერძო ოჯახის, ასევე საერთო სათემო საკუთრება. ინდოეთსა და ეგვიპტეში ჩამოყალიბდა კასტური თემური წყობილება, რომელიც ბევრად უფრო კარჩაკეტილი იყო, ვიდრე ანტიკური და გერმანული თემები. ძველი გერმანული, ევროპული და სლავურითემები („მარკა“, „ობშჩინა“, „კლანი“), ჩამოყალიბდა როგორც სასოფლო თემები, როგორც წვრილმწარმოებელთა ერთობლიობა. ეს თემები ფეოდალური ურთიერთობის პირობებში ინარჩუნებდა მმართველობის დემოკრატიულ საწყისებს და ფეოდალთაგან იცავდა მეთემეთა წვრილ მეურნეობას. დასავლეთ ევროპაში თემი ასევე წარმოადგენდა ქალაქის, ამქრის, გილდიის საწყის ნიმუშსაც. ფეოდალური ურთიერთობების დაშლის პერიოდში, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ თემმის ცხოვრებას აწესრიგებდა სახელმწიფო კანონები. თემები საბოლოოდ ჩამოყალიბდა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად.

თემი ევროპაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემი ევროპის ბევრმა ქვეყანამ შემოინახა. ევროპაში სათემო მმართველობა შუასაუკუნეობრივი ყოფის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო. თემს გააჩნდა სამეურნეო, ადმინისტრაციული და სოციალ-კულტურული ფუნქცია, თემი განაგებდა განუყოფელ მიწებს, ის რთავდა თემის წევრებს ამ მიწით სარგებლობის უფლებას. თემს გააჩნდა სასამართლო და ფისკალური ფუნქციებიც. სასოფლო თემი იყო ფეოდალის მმართველობის ქვეშ, თემის თავკაცობას (მამასახლისს, მსაჯულს) ან უშუალოდ ბატონი ნიშნავდა, ან თემი ირჩევდა ბატონის მეთვალყურეობით. თემს შეეძლო ფეოდალისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საკუთარი ტყე-ველისა და რენტის ოდენობის დაცვა. ზოგიერთი თემი ახერხებდა მიეღო თვითმმართველობის უფლება, რაც სპეციალური ქარტიითაც იყო დამოწმებული.

თემი საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში თემი მხოლოდ ტერიტორიული ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი იყო. ის ქართულ წერილობით ძეგლებში ჩნდება XI საუკუნეში.ის პირველად ნახსენებია პეტრიწონის 1083 წლით დათარიღებულ ტიპიკონში. ქართული თემი მომდინარეობს ბერძნული თემადან. ქართულ წყაროებში ამ ტერმინით გამოიხატებოდა ქვეყნის ესა თუ ის ნაწილი, მაგ. ტაო, ჯავახეთი, კახეთი და ა. შ., გარდა ამისა, თემი აღნიშნავდა ერთ რომელიმე ხეობას (მაგ: ქვაბულიანთ თემი). შემდეგ თემის მნიშვნელობა ვიწროვდება და აღნიშნავს სოფელთა ჯგუფს ან სულაც ერთ დიდ სოფელს.

თემები შემონახულია საქართველოს თითქმის ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის ტრადიციულ ყოფაში. მაგალითად პარხალში დღემდე არსებობს ეთნიკურად ქართული თემები ხევაი, ბალხი და ქობაი. სვანეთში თემი გამოიყენებოდა როგორც ტერიტორიული, ასევე გვაროვნული ერთობის აღსანიშნავად. XIX საუკუნის ბოლოს სვანეთში 15 ტერიტორიული თემი ფიქსირდება, აქედან 12 ზემო, ხოლო სამი ქვემო სვანეთში. ფშავში თერთმეტი ტერიტორიული თემია დაფიქსირებული. თითოეულ თემს თავისი ფუძე სოფელი და სათემო სალოცავი გააჩნდა. რვა თემი არსებობდა ისტორიულ ხევსურეთში და ასევე რვა — თუშეთში.

გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში თემი აღნიშნავდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს. იმერეთის სამეფოში ადმინისტრაციული დაყოფის ძირითად ერთეულს წარმოადგენდა სასოფლო-სამეზობლო თემი. თემი წარმოადგენდა რამდენიმე სოფლის გაერთიანებას. თემი იღებდა სამართლებრივი ძალის მქონე გადაწყვეტილებებს, მას ევალებოდა სასოფლო გზების მოვლა-პატრონობა, ეკისრებოდა კოლექტიური პასუხისმგელობა სხვადასხვა სამეფო თუ საეკლესიო ვალდებულებების შესრულებაში. თემი ორგანიზაციულად ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. ყველა თემს საკუთარი „თემის ხატი“ გააჩნდა, თემის ხატის დღეობა კი თემის მთავარ დღეობას წარმოადგენდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში არსებულ თემებს საერთო სარგებლობაში ჰქონდათ ტყე, საძოვრები და სახვნელი მიწის ნაწილი, ცალკე არსებობდა სათემო ჯვრის მიწები. სათემო მიწათმფლობელობა არსებობდა ქართლსა და კახეთში. აქ სათემო საერთო მიწებში შედიოდა როგორც სახვნელი, ასევე სათიბ-საძოვარი მიწები. ეთნოგრაფიულად დადასტურებულია ქიზიყში სათემო მიწების თავისუფალი და პერიოდული გადანაწილება.

XIX საუკუნეში ქართულ თემებსს ეწოდა სასოფლო საზოგადოებები და დაემორჩილა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო კანონებს. სასოფლო საზოგადოება იმართებოდა კრების მეშვეობით. 1927-1929 წლებში თემები დაუმორჩილეს სასოფლო საბჭოებს. კოლექტივიზაციამ მოახდინა თემის ლიკვიდაცია. სათემო საკუთრება გადავიდა სოფსაბჭოების განკარგულებაში. საკუთრებაში. სახელმწოფო საბჭოებს.

1998-2006 წლებში თემი საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნავდა თვითმმართველ ერთეულს - მუნიციპალიტეტს, ხოლო 2006-2014 წლებში აღნიშნავდა მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებულ ტერიტორიულ ერთეულს. 2014 წლიდან კვლავ — თვითმმართველი ერთეული მუნიციპალიტეტია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუგუშვილი პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 649-650.
  • ჭავჭავაძე ი., კერძო და სათემო მიწათმფლობელობა, თხზულებათა სრული კრებული, ტ. 6, თბილისი, 1956
  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 266-273 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თემი&oldid=4418905“-დან