გეომორფოლოგია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედამიწის ზედაპირი — გეომორფოლოგიის შესწავლის მთავარი საგანი

გეომორფოლოგია (ბერძნ.: ge, დედამიწა; morfé, ფორმა; logos, მოძღვრება) — მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ზედაპირის რელიეფს. გეომორფოლოგია თავისი შინაარსით გეოგრაფია-გეოლოგიის მიჯნაზე იმყოფება. შეიწავლის რელიეფის იერს, წარმოშობას, ისტორიულ განვითარებასა და დინამიკას.[1]

გეომორფოლოგიის კვლევის ძირითადი საგანია რელიეფის ისტორიული განვითარების ჩვენება. ენდოგენური და ეგზოგენური პროცესების შედეგად რელიეფი განიცდის მუდმივ ცვლილებას. ენდოგენური პროცესები გამოწვეულია დედამიწის შიდა ძალებით (მთათაწარმოშობით, დედამიწის ქერქის მოძრაობით, ვულკანიზმით, მიწისძვრით), ხოლო ეგზოგენურიმზის ენერგიის წყაროებით (გამოფიტვით, მყინვართა მოძრაობით, ზღვის, ტბის და სხვ. მოქმედებით).

გეომორფოლოგია რადგან იყენებს კვლევის ფართო მეთოდებს — იგი ამრიგად აღწევს სხვა მეცნიერებებში. ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისიდან იგი დაკავშირებულია გეოლოგიასთან, ნიადაგთმცოდნეობასთან, გეოდეზიასთან, პლანეტოლოგიასთან და ასევე არქეოლოგიასთან.

სექციების სია

[რედაქტირება] გეომორფოლოგიის საგანი

ალპური რელიეფი (მონბლანი)
ალპური რელიეფი (გერმანია)

გეომორფოლოგია რელიეფს შეისწავლის როგორც დედამიწის ზედაპირის ბუნებრივი ლანდშაფტის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს. რელიეფი არა მარტო თავად განიცდის სხვა ბუნებრივი კომპონენტების (გეოლოგიური აღნაგობა, ჰავა, წყლები, ორგანიზმები) ზემოქმედებას, არამედ თვითონაც ახდენს ზეგავლენას მათზე. ამიტომაც გეომორფოლოგია დაკავშირებულაი ბუნებისმეტყველების სხვა დარგებთან — გეოლოგიასთან, კლიმატოლოგიასთან, ჰიდროლოგიასთან, ოკეანოლოგიასთან, ნიადაგთმცოდნეობასთან და სხვ.

გეომოროფლოგიაში გამოიყოფა შემდეგი დარგები:

  • ზოგადი გეომორფოლოგია — განიხილავს რელიეფის ჩამოყალიბების უმთავრეს საკითხებს და სინთეზურად აშუქებს გეომორფოლოგიური მაჩვენებლების მთელ კომპლექსს;
  • კერძო გეომორფოლოგია — სწავლობს ერთი ან რამდენიმე კერძო გეომორფოლოგიური მაჩვენებლის მიხედვით;
  • რეგიონული გეომორფოლოგია — სწავლობს დედამიწის ზედაპირის ცალკეული უბნების კონტინენტები, ოკეანეები, ზღვები, ქვეყნები, მხარეები კონკრეტულ რელიეფს;
  • პლანეტური გეომორფოლოგია — განიხილავს დედამიწის რელიეფის უმსხვილეს ნაკვეთებს რეგიონულ ასპექტში;
  • პალეოგეომოროფლოგია — აღადგენს გეოლოგიურ წარსულში არსებულ (ხშირად დამარხულ) რელიეფს და დედამიწის ზედაპირის ჩამოყალიბების ისტორიას ხანგრძლივი გეოლოგიური დროის განმავლობაში;
  • გამოყენებითი გეომორფოლოგია — ამუშავებს სახალხო-სამეურნეო ამოცანების გადაწყვეტის საქმეში გეომორფოლოგიური კვლევის შედეგების გამოყენების თეორიულ საფუძვლებს.

ზოგადი გეომორფოლოგიის ნაწილებია — ხმელეთის გეომორფოლოგია და ზღვის გეომორფოლოგია (უკანასკნელი სწავლობს ოკეანეთა და ზღვათა ფსკერის რელიეფს).

ცალკე დისციპლინებია სტრუქტურული გეომორფოლოგია, რომლის საგანია მორფოსტრუქტურები — ენდოგენური ფაქტორებით გამოწვეული და ეგზოგენური ზემოქმედებით მეტნაკლებად გარდაქმნილი რელიეფის ფორმები; კლიმატური გეომორფოლოგია, რომელიც განიხილავს მორფოსკულპტურებს — ძირითადად ეგზოგენური პროცესებით წარმოქმნილ რელიეფს.

იმ კერძო მაჩვენებლების მიხედვით, რომელთა შეფასება შეიძლება ოდენობით, განასხვავებენ რელიეფის გეომეტრიას, კინემატიკას და დინამიკურ გეომორფოლოგიას.

რელიეფის გეომოტერია ამახვილებს ყურადღებას დედამიწის ზედაპირის გარეგნულ იერზე, იგი მოიცავს მორფოგრაფიას (რელიეფის ფორმების მოყვანილობის აღწერა) და მორფომეტრიას (ფორმების სიდიდის რიცხობრივი შეფასება);

რელიეფის კინემატიკა — განიხილავს ზედაპირის ფორმების ცვალებადობის ზოგად კანონზომიერებებს ამ ცვალებადობის გამომწვევი ძალებისაგან დამოუკიდებლად. რელიეფის გეომოტერია და კინემატიკა არის დინამიკური გეომორფოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს რელიეფის განვითარების ფიზიკურ არსს მოქმედ ფაქტორებთან კავშირში. დინამიკური გეომორფოლოგია იყოფა ნაწილებად, რომლებიც შეეხება ცალკეულ გეომორფოლოგიურ პროცესებს — ფერდობულს, მდინარეულს, კარსტულ-სუფოზიურს, მყინვარულს, მზრალობითს, ეოლურს, ტბიურს, ზღვიურს, აგრეთვე რელიეფში ტექტონიკისა და ვულკანიზმის გამოვლინებას. გეომორფოლოგიური კვლევის დროს ფართოდ იყენებენ გეოლოგიურ, გლაციოლოგიურ, გეოკრიოლოგიურ, გრუნტების მექანიკის, ჰიდროდინამიკურ, აეროდინამიკურ, მათემატიკურ და სხვა მეთოდებს.

[რედაქტირება] ისტორია

გეომორფოლოგიაში გამოიყოფა შემდეგი დარგები ზოგადი გეომორფოლოგია, პალეოგეომორფოლოგია, სტრუქტურული გეომორფოლოგია, რეგიონული გეომორფოლოგია და სხვ. მაგალათად რეგიონული გეომორფოლოგია სწავლობს დედამიწის ზედაპირის ცალკეული უბნების კონკრეტულ რელიეფს. პალეოგეომორფოლოგია შეისწავლის დედამიწის რელიეფს წარსულის გეოლოგიურ ეპოქაში.

გეომორფოლოგიას როგორც დამოუკიდებელ მეცრიერების დისციპლინას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ჩამოყალიბდა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენის აზიის ბუნებრიივი უბნების რელიეფის დახასიათებისა და კლასიფიკაციის ცდა. ამ დარგის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ასევე ალბრეხტ პენკმა (1858-1945), ვალტერ პენკმა (1888-1923) და უილიამ მორის დეივისმა (1850-1934). ალბრეხტ პენკმა გამოიკვლია აზიის, ევროპისა და სხვა კონტინენტების გამყინვარება და გეომორფოლოგია. მისი სამეცნიერო საქმიანობა წარმატებით გააგრძელა მისმა შვილმა ვალტერ პენკმა, რომელმაც შეიმუშავა რელიეფის კვლევის ახალი მეთოდი – მორფოლოგიური ანალიზი. მნიშვნელოვანია ასევე უილიამ მორის დეივისის გამოკვლევები, რომელმაც 1890 წელს შეიმუშავა მოძღვრება გეოგრაფიულ ციკლებზე.

XX საუკუნეში კიდევ უფრო განვითარდა გეომორფოლოგიის აზრი. XX საუკუნის შუა წლებში აშშ-ში შეიქმნა გეომორფოლოგიური სკოლები. რუსეთში გეომორფოლოგიის ფუძემდებლები იყვნენ პეტრე სემიონოვ ტიან-შანსკი (1827-1914), პეტრე კროპოტკინი (1842-1921), ვასილი დოკუჩაევი (1846-1903), ივანე მუშკეტოვი (1850-1902), იან ჩერსკი (1845-1892), დიმიტრი ანუჩინი (1843-1923), ალექსი პავლოვი (1854-1929), ვლადიმერ ობრუჩევი (1863-1956), იაკობ ედელშტეინი (1869-1952) და სხვ.

სემიონოვ-ტიან-შანსკიმ არაერთი მნიშვნელოვანი ექსპედიცია მოაწყო აზიაში (ტიან-შანი, ალთაი, ისიკ-ყულის ტბა და სხვ.), სადაც შეკრიბა დიდძალი გეოგრაფიული (მ.შ. გეომორფოლოგიური) მასალა. მაშასადამე იყო პირველი ევროპელი, რომელმაც გამოიკვლია ტიან-შანის მთათა სისტემა. დიდი ბუნებისმეტყველი პ. კროპოტკინი ციმბირში ყოფნის დროს ამუშავებდა ციმბირის ოროგრაფიულ სქემას, ასევე აღმოსავლეთ საიანში პირველმა შენიშნა ვულკანიზმისა და ძველი გამყინვარების კვალი. 1871 წელს იმყოფებოდა სკანდინავიაში, სადაც გამოიკვლია მყინვარული ნალექები. მასვე ეკუთვნის ტერმინი„მუდმივი მზრალობა“.

ვლადიმერ ობრუჩევმა საფუძვლიანად შეისწავლა შუა და ცენტრალური აზიის, ციმბირის ბუნება. აღმოაჩინა აქამდე უცნობი ქედები. გამოიკვლია ტექტონიკის საკითხები, შეისწავლა აგრეთვე გამყინვარება და მუდმივი მზრალობა.

შემდეგი თაობის მეცნიერთაგან უნდა დავასახელოთ: ჯონ უესლი პაუელი (1834-1902), ივანე შჩუკინი (1885-1985), ანდრია გრიგორიევი (1883-1968), კირკ ბრაიანი (1888-1950), ლუნა ლეოპოლდი (1915-2006), დევიდ ლესლი ლინტონი (19061971), ინოკენტი გერასიმოვი (1905-1985), კონსტანტინე მარკოვი (1905-1980) და სხვ.

[რედაქტირება] საქართველოს გეომორფოლოგია

საქართველო გეომორფოლოგიური კონტრასტების ქვეყანაა. იგი გამოირჩევა რთული რელიეფით, რასაც პირველ რიგში განაპირობებს მისი გეოტექტონიკური მდებარეობა. მის რელიეფში შერწყმულია ნაირ-ნაირი ჰიფსომეტრიული და მორფოგრაფიული თავისებურების მატარებელი ელემენტები,

დიდი და მცირე კავკასიონის სატელიტური ფოტო

დაწყებული ღრმა ხეობებითა და ბრტყელი დაბლობებით – დამთავრებული სხვადასხვა სიმაღლის პლატოებითა და მაღლობებით.

გეომორფოლოგიური დაყოფასაქართველოს ტერიტორია გეომორფოლოგიური თვალსაზრისით შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად ოლქად - 1 ) კავკასიონის მაღალმთიანი ნაოჭა ოლქი, 2 ) საქართველოს მთიანეთშორისი ტექტონიკური დეპრესია, 3 ) მცირე კავკასიონის საშუალმთიანი ნაოჭა ოლქი 4 ) სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი.

კავკასიონის მაღალმთიანი ნაოჭა ოლქი – ხასიათდება მაღალი მთებითა და ეროზიულ-დენუდაციური რელიეფის სიჭარბით. მხოლოდ ამ ზონაში გვხვდება მყინვარები. ფართოდ არის გაბატონებული ღრმა ხეობები და კანიონები. საქართველოს მთიანეთშორისი ტექტონიკური დეპრესია – წარმოადგენს დაბლობებისა და ვაკე-ტაფობების ერთობლიობას. გაბატონებულია რელიეფის აკუმულაციური ფორმები. მცირე კავკასიონის საშუალმთიანი ნაოჭა ოლქში – გვხვდება საშუალო სიმაღლის მთები. დამახასიათებელია ეროზიულ-დენუდაციური რელიეფი. სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი – სხვა ოლქებთან შედარებით ვულკანური რელიეფით გამოირჩევა. აქ ჭარბობს ვულკანური ქედები (მთებითურთ), პლატოები და ლავური ნაკადები.

საქართველოში გეომორფოლოგიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ალექსანდრე ჯავახიშვილმა (1875-1973) და ლევან მარუაშვილმა (1912-1992). მათ არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომა უძღვნეს საქართველოს გეომორფოლოგიის დარაიონების საკითხებსა და სხვ.

[რედაქტირება] გეომორფოლოგიური პროცესები

გეომორფოლოგიური უბნები, სადაც ჭარბობს მდინარეული პროცესები (სამხრეთი ამერიკა).

გეომორფოლოგიის ერთ ერთი აქტუალური პრობლემაა რელიეფის გენეტური ტიპის დადგენა. გენეტური ტიპი წარმოადგენს ელემენტარული ფორმების კომპლექსს. გეომორფოლოგია, რომლის მთავარი შესწავლის ობიექტი რელიეფია, პირველ რიგში მიზნათ ისახავს გეომორფოლოგიური პროცესების ენდოგენური და ეგზოგენური პროცესების გარკვევას. რელიეფი, რომელიც ხმელეთის ზედაპირსა და მსოფლიო ოკეანეებში უსწორმასწოროებათა ერთიან სისტემას ქმნის, წარმოიქმნება სწორედ ენდოგენური და ეგზოგენური პროცესების ზეგავლენის შედეგად.

არსებობს რელიეფის ორგვარი ფორმები: დადებითი და უარყოფითი; დადებით ფორმებს მიეკუთვნება — ქედი, მთის მასივი, მთიანეთი, სერი, მაღლობი, ზეგანი, პლატო — ხოლო უარყოფითს — ქვაბული, დაბლობი, ვაკე, დეპრესია, ხეობა, ხრამი, კანიონი.

ენდოგენური პროცესები დედამიწის წიაღში მიმდინარეობს. მასთან არის დაკავშირებული დედამიწის ქერქის ტექტონიკური მოძრაობა, მაგმატიზმი, მთათა მეტამორფიზმი, სეისმური აქტიურობა.

ეგზოგენური პროცესები ხმელეთის გარე ფენებში მიმდინარეობს, რომელიც ძირითადად ყალიბდება გარეგანი ძალებისა და ცოცხალი ორგანიზმების ზემოქმედებით. გეომორფოლოგიური პროცესები — ეს გეოლოგიური პროცესებია.

[რედაქტირება] კვლევის საგანი და მეთოდი

გეომორფოლოგიური კვლევის საგანი ემყარება, როგორც გეოგრაფიულ, ასევე გეოლოგიურ მეთოდებს. თანამედროვე რიგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ გეომორფოლოგია მიეკუთვნება გეოლოგიას, ზოგიერთი კი თვლის პირიქით. უდავოა, რომ გეომორფოლოგიური კვლევა ემყარება გეოლოგიურ დისციპლინებს, როგორებიცაა პეტროგრაფია, ლითოლოგია, ისტორიულ გეოლოგია, გეოტექტონიკა, თუმცა გეომორფოლოგიის კვლევის მეთოდი ამით არ იწურება. გეომორფოლოგიის როგორც მეცნიერების დანიშნულება არ არის მხოლოდ რელიეფის შესწავლა გეოლოგიური წარმოშობის ასპექტში, არამედ მისი ერთ- ერთი მთავარი მიზანი არის შეისწავლოს რელიეფის თანამედროვე მდგომარეობაც.

გეოგრაფიულ სფეროში ურთიერთდამოკიდებულია როგორც რელიეფი, ასევე კლიმატი, ხმელეთის წყლები, ნიადაგები, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო. ხოლო ამ ელემენტებს სწავლობს გეოგრაფიის დარგები — გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ხმელეთის ჰიდროლოგია, ნიადაგების გეოგრაფია, მცენარეთა და ცხოველთა გეოგრაფია. ბუნებისმეტყველების ეს დისციპლინები ქმნიან გეოგრაფიული სფეროს ერთიან ჯაჭვს. მ.შ. გეომორფოლოგია ფართოდ ემყარება გეოგრაფიული კვლევის მეთოდებსაც. სწორედ ამაში მდგომარეობს გეომორფოლოგიის შესწავლის წამყვანი როლი გეოგრაფიულ მეცნიერებაში. შესაბამისად გეომორფოლოგია იყენებს როგორც გეოლოგიური კვლევის მეთოდებს ასევე გეოგრაფიულსაც, აქედან გამომდინარე ვლინდება, რომ გეომორფოლოგია არის ერთგვარი „ხიდი“ გეოლოგიასა და გეოგრაფიას შორის.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მარუაშვილი ლ., ქსე, ტ. 3, გვ. 85-86, თბ., 1978;
  • ჯავახიშვილი ა., საქართველოს გეოგრაფია, ტ. 1 - გეომორფოლოგია, ტფ. 1926;
  • Геоморфологические районы Грузинской ССР, М.-Л., 1947;
  • Геоморфология Грузии ТБ., 1971;
  • Щукин И.С., Общая геоморфология, 2 изд., т.1-3, М., 1960-1974;
  • Пенк B., Mорфологический анализ, пер. c нем., M., 1961;
  • Дэвис B. M., Геоморфологические очерки, пер. c англ., M., 1962;
  • Эдельштейн Я. C., Oсновы геоморфологии, 2 изд., M.-Л., 1947;
  • Шайдеггер А. Е., Теоретическая геоморфология, пер. с англ., М., 1964;
  • Панов Д. Г., Общая геоморфология, М., 1966;
  • Мещеряков Ю. А., Структурная геоморфология равнинных стран, М., 1965;
  • Девдариани А. С., Математические методы, М.,1966;
  • Кинг Л., Морфология Земли, пер. с англ., М., 1967;
  • Проблемы палеогеоморфологии, М., 1970.

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Рычагов Г. И. - Общая георморфология, 3-е издание, М., издательство наука, 2006, გვ. 9-10


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე