პოსტმოდერნიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოსტმოდერნიზმის დეტალები, აბტეიბერგის მუზეუმი

პოსტმოდერნიზმი (ლათ. modernus „თანამედროვე“, post „შემდეგი“) — XX საუკუნის ბოლოს ფილოსოფიასა და კულტურაში აღმოცენებული მიმდინარეობა.

პოსტმოდერნიზმი თავიდან არქიტექტურულ მიმდინარეობას ეწოდებოდა, რომელმაც უარი თქვა მოდერნიზმის პირობითობებზე და ახალი ფორმების ძიება დაიწყო. იგი ხასიათდება დეკორაციების, წარსულის მოტივების, ეკლექტიზმისადმი მიბრუნებით. პოსტმოდერნიზმი ემყარება პოპ-არტის ახალ ხედვასა და მის არქიტექტურულ გამოსახვას, რაც საფუძველს პოულობს რობერ ვენტურის ნაშრომში „სწავლა ლას ვეგასიდან“. შემდგომში ტერმინი გამოყენებულ იქნა ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიაში უფრო ზოგადი მიმდინარეობის აღსანიშნავად.

პოსტმოდერნისტული ესთეტიკა[რედაქტირება]

თუკი მოდერნიზმი ახალი ფორმების შექმნით ხასიათდება, პოსტმოდერნიზმი არსებული ფორმების ხელახლა გამოყენებაზეა ორიენტირებული. ამ ფორმების, ციტირებებისა თუ სტილისტური დეტალების გამოყენება შეიძლება იყოს როგორც სერიოზული ასევე ირონიულიც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია აღნიშნული მიმდინარეობისათვის. თუკი მოდერნიზმი თავისი ესთეტიკის ცენტრში ავტორსა და შემოქმედებას ათავსებს, პოსტმოდერნიზმი ინტერპრეტაციას ანიჭებს უპირატესობას. ხშირად ეს ყოველივე ავტოკომენტირებაშიც გადადის. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ვლადიმირ ნაბოკოვის „ფერმკრთალი ალი“, სადაც ერთდროულად მოცემულია პოეტური მონათხრობი და ამ მონათხრობის კომენტარი, რითაც მიიღწევა ე.წ. დისტანციაციის ეფექტი. პოსტმოდერნისტული ნაწარმოები ხშირად წარმოდგენილია როგორც ჰეტეროკლიტური ელემენტების კოლაჟი ყოველგვარი ჰარმონიის გარეშე. მაგ. ირლანდიელი ფლენ ო’ბრაიენის რომანი At swim-two-birds, სადაც ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ჟანრის ტექსტები: ვესტერნი, შუასაუკუნის ეპოპეა, ზღაპარი და ვოდევილი. მართალია, კოლაჟს ამგვარი ფორმით მოდერნიზმიც იყენებს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელში იგი გამოყენებულია რეალობის სირთულის აღსაქმელად, პოსტმოდერნიზმში კი კონტრასტისა და დისტანციაციის ეფექტის მისაღწევად. პოსტმოდერნიზმი შლის იერარქიას ელიტარულ და პოპულარულ კულტურას შორის, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ხელოვნებისა და რეკლამის შერწყმა.

ტერმინის ისტორია[რედაქტირება]

ტერმინი “პოსტმოდერნი” პირველად 1870-იან წლებში გამოიყენეს. კერძოდ, ჯონ უოტკინს ჩეპმანმა ივარაუდა, რომ ფრანგული იმპრესიონიზმისგან თავის დაღწევის გზა იქნებოდა “ფერწერის პოსტმოდერნული სტილი”.

1921 და 1925 წლებში ტერმინი მუსიკისა და ხელოვნების ახალი ფორმების აღსაწერად გამოიყენეს. 1942 წელს ჰ.რ. ჰეისმა პოსტმოდერნიზმი ახალ ლიტერატურულ ფორმად დაასახელა. რაც შეეხება პოსტმოდერნიზმს როგორც ისტორიული მოძრაობის ზოგად თეორიას, 1939 წელს არნოლდ ჯ. თოინბი წერდა: “ჩვენს პოსტმოდერნულ ერას საფუძველი 1914-1918 წლების ომმა დაუდო”.

1949 წელს ტერმინი გამოიყენეს მოდერნული არქიტექტურის კრიტიკისას; საფუძველი ჩაეყარა პოსტმოდერნულ არქიტექტურას.

უოლტერ თრუეთ ანდერსონის აზრით, პოსტმოდერნიზმი მიეკუთვნება ოთხი ძირითადი მსოფლმხედველობიდან ერთ-ერთს. ეს მსოფლმხედველობებია: (ა) პოსტმოდერნულ-ირონიული – ჭეშმარიტება სოციალურად კონსტრუირებულია, (ბ) მეცნიერულ-რაციონალური – ჭეშმარიტება შეიცნობა მეთოდური, დისციპლინირებული კვლევით, (გ) სოციალურ-ტრადიციული – ჭეშმარიტება დასავლური ცივილიზაციის მემკვიდრეობაშია, (დ) ნეორომანტიული – ჭეშმარიტება შეიცნობა ბუნებასთან ერთობით ან /და საკუთარ თავში ჩაღრმავებით.

პოსტმოდერნული იდეების გავრცელებამ ფილოსოფიაში, აგრეთვე კულტურისა და საზოგადოების ანალიზში, გაზარდა კრიტიკული თეორიის მნიშვნელობა და საფუძველი დაუდო ახალ მიმდინარეობებს ლიტერატურაში, არქიტექტურასა და დიზაინში; აგრეთვე შეაღწია მარკეტინგსა და ბიზნესში, ისტორიის, სამართლისა და კულტურის ინტერპრეტაციებში. ამგვარად მოხდა დასავლური ფასეულობების სისტემის (სიყვარული, ქორწინება, პოპულარული კულტურა, მწარმოებლური ეკონომიკიდან მომხმარებლურ ეკონომიკაზე გადასვლა) სრული გადაფასება. ეს პროცესი დაიწყო 1950-60-იან წლებში და პიკს მიაღწია 1968 წლის სოციალური რევოლუციის დროს. ამ მოვლენებს აღწერენ ტერმინ “პოსტმოდერნულობით” (რაც აღნიშნავს გავლენებს პოსტმოდერნულ აზროვნებაზე) საპირისპიროდ “პოსტმოდერნიზმისა” რაც ისტორიულ მოძრაობას/პერიოდს აღნიშნავს. პოსტმოდერნიზმი ხშირად გამოიყენება როგორც ტერმინ “პოსტსტრუქტურალიზმის” სინონიმიც, რადგან იგი სწორედ პოსტსტრუქტურალისტური მოძრაობიდან და იდეებიდან აღმოცენდა.

ლიტერატურა:[რედაქტირება]

ფილოსოფია[რედაქტირება]

არქიტექტურა[რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]