მეტამორფიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეტამორფული რეაქციის სქემატური წარმოდგენა. მინერალების აბრევიატურები : აქტ - აქტინოლიტი; ქლ - ქლორი; ეპ - ეპიდოტი; გრ - გრანატი; რქ - რქატყუარა; პლაგ - პლაგიოკლაზი. ორი მინერალი არ მონაწილეობს რეაქციაში, თუმცა კვარცსა და ორთოკლაზს იგივე თვისებები გააჩნიათ. ეს რეაქცია ხდება ბუნებაში, როდესაც კლდე ამფიბოლური სახიდან გარდაიქმნება ფიქლამდე.

მეტამორფიზმი (ბერძნ. metamorphoómai – გარდავიქმნები, ვიცვლები) — დედამიწის ქერქსა და მანტიაში ფიზიკურ-ქიმიური პირობების შეცვლით გამოწვეული საწყისი ქანების სტრუქტურული, ტექსტურული, მინერალური, ზოგჯერ, ქიმიური გარდაქმნა. ტერმინი შემოირო ჩარლზ ლაიელმა 1833 წელს.

მეტამორფიზმი მიმდინარეობს ქანების მყარ ან პლასტიკურ მდგომარეობაში ყოფნის დროს. მეტამორფიზმს არ მიეკუთვნება დედამიწის ქერქის ზედაპირთან ქანის გამკვრივება, გამოფიტვა და ნალექების დიაგენეზისი. გამონაკლისს წარმოადგენს ექსტრუზიების კონტაქტით გამოწვეული მეტამორფიზმი, რომელიც ქერქის ზედაპირზე მიმდინარეობს.

მეტამორფიზმი, როგორც წესი, დაკავშირებულია ტექტონიკურ დისლოკაციებთან (დანაოჭება, სიღრმეული რღვევები), ზოგჯერ დედამიწის ქერქში შემოჭრილ მაგმურ სხეულებთან. დისლოკაციები აღწევს დედამიწის ღრმა ზონებს და ხელს უწყობს ფლუიდების აღმავალი ნაკადების წარმოქმნას, დედამიწის ქერქის ტემპერატურის აწევასა და მეტამორფიზმის განვითარებას.

მეტამორფიზმის მთავარი ფაქტორებია ტემპერატურა, ჰიდროსტატიკური (ლითოსტატიკური) წნევა, ხსნარებისა და ფლუიდების შედგენილობა და ქიმიური აქტიურობა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე საწყისი ქანების შედგენილობასა და აღნაგობას. მაღალი ტემპერატურა და წნევა ხელს უწყობს ქანის პლასტიკურად გარდაქმნას და განაპირობებს მეტამორფული რეაქციების მიმდინარეობას. ცალმხრივ მიმართული წნევა (სტრესი), რომელიც ტექტონიკური მოძრაობათა შედეგია, უშუალოდ არ მონაწილეობს მეტამორფიზმში, იგი მხოლოდ ცვლის ქანის ტექსტურას, ზრდის ქანში ფლუიდების გამტარუნარიანობას და აადვილებს მეტამორფული რეაქციების მიმდინარეობას.

მეტამორფიზმის ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია გეოლოგიური დრო (შვეიცარიის ალპებში მეტამორფიზმი დაახლოებით 30 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა). ისეთი სახის მეტამორფიზმს, როდესაც საწყის ქანში მხოლოდ აქროლადი კომპონენტების (H2O, CO2, O2) რაოდენობა იცვლება, პირობითად იზოქიმიურს უწოდებენ, თუ ქანის სხვა კომპონენტების (K2O, Na2O, CaO და სხვ.) რაოდენობაც იცვლება — ალოქიმიურს, ხოლო როდესაც ქანის ქიმიური შემადგენლობის ინტენსიური ცვლა ხდება - მეტასომატიზმს. განარჩევენ რეგიონულ მეტამორფიზმს, როდესაც ვრცელ ფართოფბზე მიმდინარე პროცესი ქანების დიდ მასებს მოიცავს, და ლოკალურად მიმდინარე კონტაქტურ მეტამორფიზმს, როდესაც პროცესი დაკავშირებულია მაგმური ქანების კონტაქტთან.

ქანების მეტამორფიზმს, რომელიც ტემპერატურის მატების პირობებში მიმდინარეობს პროგრესული ეწოდება; საპირისპირო პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურის კლების ფონზე - რეგრესული, განმეორებით რეგრესულ მეტამორფიზმს - დიაფთორეზი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]