შალვა ყიფიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფიანი.
შალვა ყიფიანი
დაბ. თარიღი 27 აგვისტო, 1912
დაბ. ადგილი ობჩა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 5 თებერვალი, 1994(1994-02-05) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი

შალვა იაკინთეს ძე ყიფიანი (დ. 27 აგვისტო, 1912 — გ. 5 თებერვალი, 1994) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1941), დოცენტი. სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ყიფიანმა 1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1934–37 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.[1]

1934–41 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1942–1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1946 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობდა ლექციებს საქართველოსა და კავკასიის გეომორფოლოგიაში, სსრკ გეომორფოლოგიაში, რელიეფის ფორმათა სისტემატიკაში, კარსტოლოგიასა და გეომორფოლოგიის კვლევის მეთოდებზე; 1946 წლიდან მუშაობდა აგრეთვე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, 1946 წელს სწავლული მდივნის, 1947–51 წლებში დირექტორის მოადგილის სამეცნიერო დარგში, 1958–1975 წლებში კარსტოლოგია-სპელეოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის (საზოგადოებრივ საწყისებზე) თანამდებობებზე; 1938–1941 წლებში ასრულებდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სწავლული მდივნის, ხოლო 1946–1950 წლებში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას სამეცნიერო დარგში.[1]

1939 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „შაორის ამოქვაბულის გეომორფოლოგიისათვის“. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითად პროფილს საქართველოს კარსტული რელიეფის შესწავლა, აგრეთვე კარსტოლოგიის თეორიული საკითხების კვლევა შეადგენდა. გამოქვეყნებული აქვს 160 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება გეომორფოლოგიურ, კარსტოლოგია-სპელეოლოგიურ, გეოგრაფიულ მეცნიერებისა და განათლების ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი წვლილი საქართველოს გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა-გაუმჯობესებაში.[1]

1960–77 წლებში ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა სამეცნიერო სემინარს. იყო არაერთი სპელეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე, რომლის შედეგად საქართველოს მრავალი კარსტული მღვიმე იქნა გამოკვლეული. აღსანიშნავია ექსპედიციები არაბიკა-ახაგის ქედზე, ასხის მასივზე, ბზიფის ქედზე, ახალი ათონის მიდამოებში, კელასურ-კოდორის მდინარეთაშუეთში, სათაფლიაზე, შაორის ტერიტორიაზე და სხვა. ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა: „საქართველოს კარსტი“, „არაბიკა-ახაგის ქედის კარსტული ლანდშაფტის გეომორფოლოგიისათვის“, „ასხის კარსტული პლატოსებრივი მაღლობის გეომორფოლოგიისათვის“ და ა.შ.[1]

დაჯილდოებულია სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს საპატიო სიგელით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984), აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (1976). ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შესწავლა-კეთილმოწყობისათვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1977).[1][2]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნარკვევები გეოგრაფიული მეცნიერებისა და განათლების შესახებ საქართველოში. ნაკვ. 1, თბ., 1957;
  • საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966 (თანაავტ.);
  • საქართველოს კარსტი, ტ. 1, თბ., 1974;
  • საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, სახელმძღვანელო VII კლასისათვის, თბ., 1975–87 (თანაავტ.).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.
  2. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. თბ., 2012.