ჟორჟ კიუვიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟორჟ კიუვიე

ჟორჟ კიუვიე (ფრანგ. George Léopold Chrétien Frédéric Dagobert Cuvier (დ. 23 აგვისტო, 1769, მონბელიარი – გ. 13 მაისი, 1832, პარიზი), ფრანგი ბუნებისმეტყველი, ზოოლოგი, ცხოველთა შედარებითი ანატომიისა და პალეონტოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სახელმწიფო მოღვაწე. 1788 წელს დაამთავრა კარლის აკადემია შტუტგარტში; 1895 და 1818 წლებში იყო საფრანგეთის აკადემიის წევრი. კიუვიეს გამოკვლევები ეხება უმთავრესად ხერხემლიანი ცხოველების შედარებითი ანატომიის, პალეონტოლოგიისა და აგრეთვე ბუნებისმეტყველების ზოგად საკითხებს. ცხოველთა აგებულების შესწავლის საფუძველზე მან შექმნა ორიგინალური ზოოლოგიური სისტემა. კიუვიემ შეისწავლა უაღრესად მდიდარი პალეონტოლოგიური მასალა და გამოავლინა ნამარხ ცხოველთა სტრატიგრაფიული მნიშვნელობა. დღევანდელი და ამომწყდარი ცხოველების აღნაგობის დეტალურად შესწავლისას მან დაადგინა ნაწილთა შორის კანონზომიერ თანამიმართებათა (კორელაციების) არსებობა და დიდი წარმატებით გამოიყენა ისინი უმნიშვნელო ფრაგმენტების მიხედვით მთელი ჩონჩხის რეკონსტრუქციისათვის. კიუვიე არ ცნობდა ორგანული ბუნების ევოლუციას და კრეზციონიზმის მტკიცე მიმდევარი იყო. იგი უარყოფდა გენეზისურ კავშირს ორგანიზმების ჯგუფებს შორის; კორელაციები მას ორგანოთა შორის სტატიკურ თანამიმართებებად მიაჩნდა; სხვადასხვა გეოლოგიურ შრეში განსხვავებული ორგანიზმების არსებობის ასახსნელად კიუვიემ შექმნა ე.წ. „კატასტროფების თეორია“, რომლის თანახმად, სხვადასხვა ეპოქაში სტიქიური კატასტროფები (კატაკლიზმები) სპობდა მთელ ფლორასა და ფაუნას დიდ ტერიტორიებზე, სადაც შემდეგ სხვა ადგილებიდან მოსული ახალი ორგანიზმები სახლდებოდნენ. კიუვიეს მეცნიერული კონცეფციის უმართებულობის მიუხედავად, მან ბუნებისმეტყველების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მის მიერ შესწავლილმა უმდიდრესმა მასალამ, მისმა მეთოდებმა და განზოგადებებმა კი დიდად შეუწყო ხელი ევოლუციონიზმის განვითარებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]