პალეოკლიმატოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარბონული სისტემა.
პერმული სისტემა.
ალფრედ ვეგენერის კარბონული და პერმული სისტემების პალეოკლიმატოლოგიური რეკონსტრუქცია. ასახულია გამყინვარება (Е), ტბები (К — ნახშირი) და უდაბნოები (S — მარილი, G — თაბაშირი, W — ქვიშაქვა), ხაზები არიდული კლიმატური მხარეებია.

პალეოკლიმატოლოგია (ბერძნ. palaios – ძველი და კლიმატოლოგია) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოლოგიური წარსულის ჰავასა და მის ცვალებადობას. პალეოკლიმატოლოგიას მეცნიერული საფუძვლები ჩაეყარა XIX საუკუნის 80-იან წლებში. ძველი ეპოქების ჰავის აღდგენა ემყარება ლითოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, აგრეთვე გეოქიმიურ და გეოფიზიკურ მაჩვენებლებს.

ლითოლოგიური მაჩვენებლებიდან პალეოკლიმატოლოგიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას გამოფიტვის პროცესების ინტენსიურობისა და ხასიათის, დანალექი დიფერენციაციის ხარისხისა და აუტიგენური მინერალთწარმოქმნის შესახებ.

პალეონტოლოგიური მაჩვენებლების (ქანებში განამარხებული მცენარეებისა და ცხოველების სახეობრივი შედგენილობა, ეკოლოგიური თავისებურებები, მორფოლოგია და სხვ.) საშუალებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ პალეოკლიმატური ზონალურობის შესახებ.

გეოქიმიური მაჩვენებლების (განამარხებულ ზღვის ორგანიზმთა ნიჟარებში ჟანგბადის იზოტოპების შეფარდება o18/o16, კარბონატულ ნალექებში აგრეთვე — ca/mg და ca/sr და სხვ.) საშუალებით გამოითვლება ძველი ზღვის წყლის ტემპერატურა.

გეოფიზიკური მაჩვენებლები (პალეომაგნეტიზმის მეთოდების საშუალებით დადგენილი პალეოგანედები) გვაძლევს დამატებით ინფორმაციას პალეოკლიმატოლოგიური ზონალურობის შესახებ.

ყველაზე სრულად პალეოკლიმატოლოგიური რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა ყველა ჩამოთვლილი მაჩვენებლების კომპლექსური გათვალისწინება აქტუალიზმის მეთოდის გამოყენებით. პალეოკლიმატოლოგიას დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. დედამიწის კლიმატური ისტორიის შესწავლა აფართოებს ჩვენს წარმოდგენებს წარსულში მიმდინარე გამოფიტვის, ნალექთდაგროვების პროცესებისა და მათთან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის წარმოქმნის შესახებ, გვიჩვენებს წარსული გეოლოგიური ეპოქების მცენარეთა და ცხოველთა არსებობის პირობებს, იძლევა აგრეთვე ჰავის შეცვლის პროგნოზირების საშუალებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 647, თბ., 1984 წელი.
  • Брукс К., Климаты прошлого, пер. с англ., М., 1952;
  • Синицын В. М., Древние климаты Евразии, ч. 1—3, Л., 1965—70;
  • Проблемы палеоклиматологии, пер. с англ., М., 1968;
  • Schwarzbach М., Das Klima der Vorzeit, 2 Aufl., Stuttg., 1961: Bowen R., Paleotemperature analysis, Amst.— L.— N. Y., 1966.