ლუნა ლეოპოლდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუნა ლეოპოლდი
დაბ. თარიღი 8 ოქტომბერი, 1915
დაბ. ადგილი ალბუკერკე, ნიუ-მექსიკო
გარდ. თარიღი 23 თებერვალი, 2006,
გარდ. ადგილი ბერკლი, კალიფორნია
სამეცნიერო სფერო გეომორფოლოგია
ჰიდროლოგია

ლუნა ლეოპოლდი (ინგლ. Luna Leopold; დ. 8 ოქტომბერი, 1915, ალბუკერკე, ნიუ-მექსიკო — გ. 23 თებერვალი, 2006, ბერკლი, კალიფორნია) — ამერიკელი გეომორფოლოგი და ჰიდროლოგი. ცნობილი ეკოლოგის — ოლდო ლეოპოლდის შვილი. 1936 წელს ქალაქ მედისონში უისკონსინის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის წოდება სამშენებლო ინჟინერიის დარგში; 1944 წელს — კალიფორნიის უნივერსიტეტში მიანიჭეს მაგისტრის წოდება ფიზიკა-მეტეოროლოგიის დარგში, ხოლო 1950 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში ხდება ფილოსოფიის დოქტორი გეოლოგიის დარგში. იგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი კლასიკური სამეცნიერო ნაშრომით: „ფლუვიალური პროცესები გეომორფოლოგიაში“ (თანაავტ., 1995). გეოლოგიურ, გეოგრაფიულ, კლიმატურ და სხვ. ფაქტორებზე დაყრდნობით შექმნა ახალი წარმოდგენა „წყლის მენეჯმენტის“ შესახებ.

1937-1940 წლებში ქალაქ ნიუ-მექსიკოში ინჟინრად მუშაობდა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამსახურში, ხოლო 1940 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც 1946 წლამდე დარჩა. 1946-1950 წლებში ჰავაიში მუშაობდა მთავარ მეტეოროლოგად. 1950 წლიდან 1972 წლამდე მოღვაწეობდა ამერიკის გეოლოგიურ სამსახურში. ამ პერიოდში გვევლინებოდა როგორც ჰიდრავლიკის ინჟინერი (1950-1956), მთავარი ჰიდროლოგი (1956-1966) და უფროსი ჰიდროლოგი-მკვლევარი (1966-1972). 1972 წელს ლუნა ლეოპოლდი ქალაქ ბერკლიში შეუერთდა კალიფორნიის უნივერსიტეტს, სადაც მუშაობდა გეოლოგიის, გეოფიზიკისა და ლანდშაფტური არქიტექტურის პროფესორად.

1986 წელს სამსახურიდან გადადგა თუმცა გარდაცვალებამდე იყო ამ უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. აქვს მინიჭებული მრავალი ჯილდო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]