დანაოჭება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოროგენი
სინკლინი
მონოკლინი
ანტიკლინი სინკლინთან (მარჯვ.) ერთად

დანაოჭებადედამიწის ქერქში ფართოდ გავრცელებული ტექტონიკური პროცესი, რომელიც იწვევს დანალექ ქანთა დეფორმაციას და წარმოქმნის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნაოჭებს. განარჩევენ დანაოჭების ორ ძირითად ტიპს: წყვეტილს (ბაქნურს, გუმბათისებურს) და სრულს (გეოსინკლინურს, ხაზოვანს).

წყვეტილი დანაოჭება[რედაქტირება]

წყვეტილი დანაოჭება წარმოადგენს შრეებრივი ქანების იზოლირებულ მომრგვალებულ ან ოვალურ აზევებას, რომელთაც გუმბათისებრი ფორმა აქვთ. ისინი ერთმანეთისაგან გათიშულია დეპრესიებით, სადაც შრეები დაუნაოჭებელია. ნაოჭებს უმთავრესად სუსტად დამრეცი, ზოგჯერ ფლექსურებით ან რღვევებით გართულებული ფრთები აქვს, რაც ნაოჭს დიდ ამპლიტუდას ანიჭებს. რეგიონის ფარგლებში ყოველ ცალკეულ ნაოჭს სხვადასხვა მიმართულება და განსხავებული მორფოლოგიური თავისებურებები ახასიათებს. წყვეტილი დანაოჭება ბაქნებზე განვითარებული დანალექი საფრის დანაოჭების მთავარი ტიპია, გვხვდება აგრეთვე მთისწინა (კიდურა) და მთათაშუა როფებში და გეოსინკლინებშიც.

სრული დანაოჭება[რედაქტირება]

სრულ დანაოჭებას ახასიათებს ხაზოვანი, ძლიერ შეკუმშული, დედამიწის ქერქის გარკვეულ უბანზე ერთნაირი მიმართების მქონე ანტიკლინური და სინკლინური ურთიერთმონაცვლე ნაოჭები.

ნაოჭთა ფრთები, როგორც წესი, ციცაბოა ან ვერტიკალური, ზოგჯერ გადაბრუნებულიც. დიდი ნაოჭები პატარებითაა გართულებული. ნაოჭთა ღერძები დიდ მანძილზე ინარჩუნებს მიმართებას, ფორმები კი ერთ საერთო გეგმას ემორჩილება და ერთობლიობაში ქმნის დიდი მასშტაბის აზევებებსა და დაძირვებს, ე.წ. ანტიკლინორიუმებსა და სინკლინორიუმებს.

სრული დანაოჭება გართულებულია შეცოცებებით და ზოგჯერ შარიაჟებით, აგრეთვე კლივაჟით. სრული დანაოჭების დროს ხშირად ხდება ქანების გამკვრივება და მეტამორფიზმი. დანაოჭების ეს ტიპი ახასიათებს უმთავრესად მთიან მხარეებს (კავკასიონი, ალპები, ჰიმალაი, კორდილიერები და სხვ.). გამოყოფენ დანაოჭების გარდამავალ ტიპსაც, ზეწრისებრი ან კოლოფისებრი ნაოჭებით, ბრაქიანტიკლინებით, და დიაპირული ნაოჭებით. დანაოჭების ეს ტიპი უმთავრესად ბაქნიდან გეოსინკლინში გარდამავალ არეებს ახასიათებს.

დანაოჭების პროცესი და ციკლები[რედაქტირება]

დანაოჭებისთვის დამახასიათებელია ნაოჭთა წარმოქმნის პროცესის სხვადასხვა მიმდინარეობა. წყვეტილი დანაოჭება ხანგრძლივი პროცესია და ზოგჯერ რამდენიმე გეოლოგიურ პერიოდსაც მოიცავს; სრული დანაოჭება დროში წყვეტილი პროცესია და შედგება სიმშვიდის შედარებით ხანგრძლივი და ინტენსიური ნაოჭთწარმოქმნის ხანმოკლე (ოროგენიული ფაზისი) პერიოდებისაგან. ოროგენიული ფაზისები ნალექებში კუთხური უთანხმოებით ვლინდება. მათი გამოვლინების დრო კუთხური უთანხმოების ქვევით და ზევით განლაგებული ნალექების ასაკით განისაზღვრება. სრული დანაოჭება გლობალური პროცესია, უმთავრესად დედამიწის ქერქის გეოლოგიური განვითარების გარკვეულ პერიოდებს უკავშირდება მათ შუალედებში ნაკლებად ვლინდება.

ამის მიხედვით გამოყოფენ დანაოჭების ციკლებს (მაგ.: ბაიკალური დანაოჭება, კალედონური დანაოჭება, ჰერცინული დანაოჭება, ალპური დანაოჭება).

დანაოჭების ყოველ ციკლში ყალიბდებოდა შესაბამისი ასაკის ნაოჭა სისტემები (მაგ.: ბაიკალიდები, კალედონიდები, ჰერცინიდები, ალპიდები). დანაოჭების ციკლი დაახლოებით ერთდროულია მთელ დედამიწაზე, მის ფაზისებს კი გამოვლინების დროის მიხედვით სხვადასხვა რეფიონში გარკვეული ინდივიდუალობა ახასიათებს.

ვარაუდობენ, რომ დანაოჭებას იწვევს დედამიწის ქერქში მოქმედი ტანგენცური მკუშავი ძალები. ამ ძალების გამომწვევ მიზეზებზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს. ტექტონიკური დაძაბულობის წარმოქმნა დედამიწის ქერქში, როგორც ჩანს, მანტიაში მასების გადადგილებას უკავშირდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]