იური მეშჩერიაკოვი
იური მეშჩერიაკოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 აგვისტო, 1921 |
დაბ. ადგილი | კალუგა, სსრკ, საბჭოთა რუსეთი |
გარდ. თარიღი | 20 მაისი, 1970 (48 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | დონის სასაფლაო |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი, გეოფიზიკოსი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი[1] |
მუშაობის ადგილი | გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
იური ალექსანდრეს ძე მეშჩერიაკოვი (რუს. Мещеряков, Юрий Александрович; დ. 7 აგვისტო 1921 — გ. 20 მაისი 1970) — საბჭოთა გეომორფოლოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1970).
იური მეშჩერიაკოვმა 1945 წელს დაამთავრა მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოდეზიის ფაკულტეტი, ხოლო 1950 წელს — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა და იმავე წელსვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1961 წლიდან იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1960-1970 წლებში იყო დედამიწის ქერქის შემსწავლელი გეოდეზიისა და გეოფიზიკის საერთაშორისო კომისიის პრეზიდენტი.
იური მეშჩერიაკოვის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები იყო: გეოდინამიკა, მორფოსტრუქტურული ანალიზი და გეომორფოლოგიური კარტოგრაფირება. მისი მთავარი შრომები მიეძღვნა რელიეფის ძირითადი გენეტიკური კატეგორიების კლასიფიკაციას, მათ შორის მორფოსკულპტურებსა და მორფოსტრუქტურებს; აგრეთვე მოსწორების ზედაპირის პრობლემებსა და ნეოტექტონიკაში გეოდინამიკური მეთოდების შემოღების საკითხებს. ავტორია 170-ზე მეტი ნაშრომისა, რომელთაგან მნიშვნელოვანია: „ვაკე-ბაქნური არეების მორფოსტრუქტურა“ (1960); „ვაკე ქვეყნების სტრუქტურული გეომორფოლოგია“ (1965). იყო ჟურნალ „Геоморфология“-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი მთავარი რედაქტორი. 1985 წელს დაწესდა მისი სახელობის მედალი, რომელიც ენიჭებათ გეოდინამიკურ კვლევაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.