დასავლეთ ციმბირის ვაკე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასავლეთ ციმბირის ვაკე
დასავლეთ ციმბირის ვაკე

დასავლეთ ციმბირის ვაკე, დასავლეთ ციმბირის დაბლობი (რუს. Западно-Сибирская равнина) — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აკუმულაციური ვაკე-დაბლობი რუსეთსა და ყაზახეთში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 2500 კილომეტრზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 1000-იდან 1900 კილომეტრამდე. ფართობი დაახლოებით 2,6 მლნ. კმ². ზედაპირი სუსტად დანაწევრებული ვაკეა. დაბლობის ჩრდილოეთი და ცენტრალური რაიონების სიმაღლეები 50-150 მ-ის ფარგლებში მერყეობს, ვაკის განაპირა დასავლეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი რაიონები ამაღლებულია 200-300 მ-მდე. ცენტრალურ ნაწილში, ურალიდან მდინარე ენისეის ხეობამდე გადაჭიმულია მცირე მაღლობები — ციმბირის უვალები. დიდ მდინარეებს ვაკეზე გამომუშავებული აქვთ ღრმა (50-80 მ) ხეობები, რომელთა მარჯვენა ნაპირები ციცაბოა, მარცხენა — გაშლილი, ტერასებიანი. ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში არის მორენული სერები და მწკრივები.

დასავლეთ ციმბირის ვაკე წარმოიქმნა ეპიჰერცინული დასავლეთ ციმბირის ფილის ფარგლებში, რომლის საფუძველი აგებულია ინტენსიურად დისლოცირებული პალეოზოური დანალექებით, რომლებიც დაფარულია ფხვიერი ზღვიური და კონტინენტური მეზო-კაინოზოური ქანებით, რომელთა საერთო სიმძლავრე 1000 მ-ზეა მეტია (საფუძველის ღრმულებში 3000-4000 მ).

კლიმატი კონტინენტურია, მკაცრი. ტერიტორია დრენირებულია დაახლოებით 2000 მდინარით, რომელთა საერთო სიგრძე 250 ათას კმ-ს აღემატება. ყველაზე დიდი მდინარეებია ობი, ენისეი და ირტიში. მდინარეები მეტწილად საზრდოობენ თოვლისა და წვიმის წყლით. ბევრია ტბა და ჭაობი. ტბებიდან აღსანიშნავია ჩანის ტბა, უბინსკოე და სხვა. დასავლეთ ციმბირის ვაკეზე კარგად არის გამოსახული ლანდშაფტების განედური ზონალურობა. არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეზერვუარები, ცხელი მიწისქვეშა წყლები. 1970-იან 1980-იან წლებში ამ ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით იქნა ამოღებული ნავთობი და ბუნებრივი აირი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Западно-Сибирская низменность. Очерк природы, М., 1963;
  • Западная Сибирь, М., 1963.