დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"კოლუმბის რუკა" (1490)

XV საუკუნის ბოლოს დაიწყო ურთიერთობის ახალი პერიოდი ევროპასა და დედამიწის სხვა კონტინენტებს შორის. ამ დროიდან ევროპულ სახელმწიფოთა ზღვაოსნები გასცდნენ საკუთარ ნაპირებსა და ზღვებს, მიაღწიეს შორეულ მიწებამდე და მიაგნეს სრულიად უცხო ცივილიზაციებს. ევროპელთა წარმატებებს საფუძვლად დაედო რამდენიმე ფაქტორი: ჯვაროსნული სულით განმსჭვალურ ევროპელებს, არ უნელდებოდათ სიმდიდრის მოპოვების და ქრისტიანობის გავრცელები სურვილი, ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ძალზე გაუჭირდათ ვაჭრობა ინდოეთთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან. თურქებმა ხელთ იგდეს აღმოსავლეთისაკენ გამავალი სავაჭრო გზები, შორეული აღმოსავლეთის ბრწყინვალე ნაწარმი და სანელებლები ევროპაში ძალიან გაძვირდა. ამასთან, ევროპაში გამოილია ოქრო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიედინებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებში, რადგან ძვირფას საქონელზე იცვლებოდა. შინაგანი უთანხმოების გამო ევროპულმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს ოსმალთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა, თუმცა აღმოსავლეთის ქრისტიანები, მათ შორის ქართული სამეფო-სამთავროები, დიდ დახმარებას ჰპირდებოდნენ. ევროპელებმა ამჯობინეს მოეძებნათ აზიასთან დამაკავშირებელი ახალი კომუნიკაციები.

სექციების სია

[რედაქტირება] წანამძღვრები

ლათინური კარაველას მოდელი

პირველი ევროპელები, რომლებმაც დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს მიაგნეს სკანდინავიის მკვიდრი - ნორმანები იყვნენ. ზღვაოსნობაში გაწაფული ნორმანები ჯერ კიდევ XI დასაწყისში გადასხდნენ ისლანდიასა და გრენლანდიაში, საიდანაც ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდნენ. მაგრამ ნორმანთა მიერ აღმოჩენილი ახალი სამყარო დანარჩენი ევროპისათვის უცნობი დარჩა. ეს აღმოჩენა ნაადრევი გამოდგა, ვინაიდან ევროპელებს იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ სჭირდებოდათ ამერიკა. უფრო მეტიც, ეს აღმოჩენა თვით სკანდინავიელებმაც მიივიწყეს.

XV საუკუნისთვის ევროპაში განხორციელდა დიდი ტექნიკური ზვრები; კომპასის სრულყოფის შემდეგ მეზღვაურთათვის უსაფრთხო გახდა ღია ზღვაში გასვლა, წინანდელი მოუხერხებელი გემები შეცვალა სწრაფმავალმა მსუბუქმა გემებმა - კარაველებმა, რომლებსაც ჰქონდათ სამი ანძა პირდაპირი და დახრილი იალქნებით და მოძრაობა შეეძლოთ არა მარტო ზუგქარის, არამედ გვერდქარის დროსაც. ევროპაში განვითარდა სამხედრო ტექნიკაც. XVსაუკუნეში იყენებდნენ როგორც საალყო ზარბაზნებს, ისე საველე ზარბაზნებსაც. სრულყოფილი გახდა ხელი ცეცხლსასროლი იარაღიც. გაჩნდა მძიფე თოფები - 'მუშკეტები', რომლებითაც საკმაოდ ზუსტად ისროდნენ ორას ნაბიჯზე. ამგვარმა ტექნიკურმა სიახლეებმა ევროპულ სახელმწიფოებს ოკეანეში გაჭრისა და აღმოჩენილი ქვეყნების დაპყრობის საშუალება მისცა. მათ მიზნად დაისახეს ზღვებსა და ოკეანეებში გაეკვალათ ახალი გზები.

ევროპელებისათვის უცნობ შორეულ ქვეყნებამდე ყველაზე ადრე პორტუგალიელმა და ესპანელმა მეზღვაურებმა მიაღწიეს.

[რედაქტირება] პორტუგალიელთა გეოგრაფიული აღმოჩენები

ვასკო და გამა

ახალი სანაპიროების კვლევისა და ათვისების საქმის სულისჩამდგმელი იყო პორტუგალიის უფლისწული ენრიკ ზღვაოსანი. მან სამხრეთ პორტუგალიის ერთ-ერთ კონცხზე დააარსა სანაოსნო სკოლა, სადაც თავს იყრიდნენ ასტრონომები, რუკების შემდგენლები, შორეული ზღვაოსნობის მოტრფიალენი. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ცოდნას და მართავდნენ ექსპედიციებს აფრიკის დასავლეთ სანაპიროს გამოსაკვლევად. ერთ-ერთი ასეთი ექსპედიცია 1460 წელს აფრიკიდან დაბრუნდა ოქროთი, სპილოს ძვლითა და შავი მონებით დატვირთული გემებით. 1460 წელს, ენრიკის გარდაცვალების დროისათვის, პორტუგალიელებს კონტროლი ჰქონდათ დამყარებული აფრიკის დასავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე.

ვასკო და გამას მოგზაურობის მარშრუტი (1497 -1499)

1488 წელს პორტუგალიელთა ექსპედიცია ბართლომე დიასის მეთაურობით აფრიკის შემოვლით ინდოეთის ოკეანეში გავიდა, მაგრამ დაღლილმა მეზღვაურებმა ვეღარ შეძლეს მოგზაურიბის გაგრძელება. ინდოეთში მიმავალი საზღვაო გზის საძებნელად 1497 წელს პორტუგალიიდან გაემგზავრა ახალი ექსპედიცია ვასკო და გამას მეთაურობით. ექსპედიციამ აფრიკის შემოვლითა და ინდოეთის ოკეანის გავლით ინდოეთის ქალაქ კალკუტას მიაღწია. პორტუგალიელებმა ძალადობის გზით მოპოვებული სანელებლებით დატვირთეს ხომალდები და უკან დაბრუნდნენ. ძვირფასი ტვირთის ღირებულება სამოცჯერ აღემატებოდა ექსპედიციის ხარჯებს.

პორტუგალიელთა შემდგომი ექსპედიციების დროს დაპყრობილ იქნა მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე - ინდოეთსა და აღმოსავლეთ აფრიკაში. მალე მათ მთლიანად იგდეს ხელთ ინდოეთის საზღვაო გზები, მიაღწიეს ჩინეთისა იაპონიის ნაპირებამდე. პორტუგალიელთა ექსპედიციებს თან სდევდა აღმოჩენილი ქვეყნების მცხოვრებთა რბევა და ძარცვა. დამყრობლები ადგილობრივი მოსახლეობისაგან ხარკის სახით კრეფდნენ, ანდა ძალზე იაფად ყიდულობდნენ სანელებლებს. აღმოსავლური საქონლით ვაჭრობა პორტუგალიელებს დიდ მოგებას აძლევდათ.

[რედაქტირება] ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობა

ქრისტეფორე კოლუმბი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ქრისტეფორე კოლუმბი.

ქრისტეფორე კოლუმბი იზიარებდა იმ მეცნიერთა ვარაუდს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამიტომინდოეთამდე მიღწევა შესაძლებელი არა მხოლოდ აფრიკის შემოვლით, არამედ ატლანტის ოკეანის გავლითაც დასავლეთის მიმართულებით.

შორეულ აღმოსავლეთში დასავლეთის გზით ჩაღწევის გეგმა მან ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს წარუდგინა. კოლუმბის იდეას გამოეხმაურა მხოლოდ ესპანეთი, სადაც XV საუკუნის მიწურულისათვის დასრულდა რეკონკისტა და ესპანელი აზნაურების პრობლემა შეიქმნა. „კათოლიკე მეფეებმა“ ისაბელმა და ფერდინანდმა სამეფო საბჭოს მრჩეველთა დიდი ეჭვების მიუხედავად, კოლუმბს სამი კარაველა: „სანტა-მარია“, „პინტა“ და „ნინია“ გადასცეს. ამასთან, იგი დანიშნეს ყველა იმ ქვეყნისა და კუნძულის გამგებლად, რომლებსაც ის აღმოაჩენდა.

თვალუწვდენელ ოკეანეში ხანგძლივი, დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ კოლუმბის ერთ-ერთი გემიდან გემი შენიშნეს. 1492 წლის 12 ოქტომბერს კოლუმბი ხმელეთზე გადავიდა. მან დაიჩოქა, ღმერთს მადლობა შესწირა და მაცხოვრის პატივსაცემად კუნძულს სან-სალვადორი (წმინდა მაცხოვარი) უწოდა. ესპანეთის „კათოლიკე მეფეების“ სახელით კოლუმბი კუნძულის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა კუბა და ჰაიტი. კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ აზიის განაპირა კუნძულებს ანუ „ინდიებს“ მიაღწია, ამიტომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ინდიელები უწოდა. 1493 წლის გაზაფხულზე კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა. მას ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყვეს და „ოკეანის ადმირალის“ ტიტული უბოძეს.

14931502 წლებში კოლუმბმა კიდევ რამდენჯერმე იმოგზაურა ამერიკაში და აღმოაჩინა კარიბის ზღვის ბევრი კუნძული. მაგრამ კოლუმბის ექსპედიციებმა ესპანეთის სახელმწიფოს ვერ მოუპოვა ზღაპრული სიმდიდრე, ამიტომ მას ჩამოართვეს ყველა ტიტული და თანდათან მიივიწყეს. ყველასაგან მიტოვებული კოლუმბი ისე გარდაიცვალა, რომ არც კი იცოდა თავისი აღმოჩენის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. იგი ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ინდოეთს მიაღწია.

იტალიელმა მოგზაურმა ამერიგო ვესპუჩიმ დაამტკიცა, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწა ახალი კონტინენტი იყო. ახალ კონტინენტს ამერიგოს სახელი — ამერიკა ეწოდა.

[რედაქტირება] მაგელანის მოგზაურობა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ფერნანდო მაგელანი.
ფერნანდო მაგელანი

დასავლეთის გზით ინდოეთამდე მიღწევის იდეა 1519 - 1522 წლეში განახორციელა ესპანელთა ექსპედიციამ, რომელსაც სათავეში ედგაუდრეკი ნებისყოფის მქონე მამაცი პიროვნება ფერნანდო მაგელანი. მისი ექსპედიცია ხუთი გემით გავიდა ატლანტის ოკეანეში. ფლოტილიამ გაიარა სამხრეთ ამერიკასა და ცეცხლოვან მიწას შორის მდებარე სრუტე, რომელსაც დღეს მეგელანის სახელი ჰქვია. შემდეგ ექსპედიცია შევიდა ოკეანეში. ოკეანე იმ მომენტში იმდენად მშვიდი იყო, რომ მაგელანმა მას "წყნარი" უწოდა. ექსპედიციამ სამ თვეზე მეტი მოანდომა წყნარი ოკეანის გადალახვას. ახალ საკვებს და სასმელ წყალს მოკლებული ადამიანები სურავანდით ავადდებოდნენ, ბევრი მათგანი კვდებოდა.

1521 წლის მარტში ექსპედიციამ ფილიპინებს მიაღწია, სადაც მაგელანი დაიღუპა მკვიდრ მოსახლეობასთან შეტაკებაში. მაგელანის ექსპედიციის ხუთი გემიდან მხოლოდ ერთადერთი - "ვიქტორია" დაბრუნდა უკან. ექსპედიციის 265 წევრიდან მხოლოდ 18 დაავადებული მეზღვაური გადარჩა ცოცხალი. "ვიქტორიათი" ჩამოტანილი სანელებლებისაგან მიღებულმა მოგებამ დაფარა მოგზაურობის ხარჯები და ოთხი გემის დაკარგვით მიღებული ზარალი. "ვიქტორია იყო პირველი გემი, რომალმაც დედამიწის გარშემო იმოგზაურა და დაადასტურა, რომ მას სფეროს ფორმა აქვს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე