ჰიდროგეოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყლის ფენების ტიპური მოპირდაპირე გადაკვეთა

ჰიდროგეოლოგია (ბერძნ. hydor – წყალი და გეოლოგია) — მეცნიერება მიწისქვეშა წყლების შესახებ, რომელიც იკვლევს მათ შედგენილობას და თვისებებს, წარმოშობას, გავრცელებისა და მოძრაობის კანონზომიერებებს, ურთიერთქმედებას ქანებთან. ჰიდროგეოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰიდროლოგიასთან, გეოლოგიასთან (განსაკუთრებით საინჟინრო გეოლოგიასთან), მეტეოროლოგიასთან, გეოქიმიასთან, გეოფიზიკასა და დედამიწის შემსწავლელ სხვა მეცნიერებებთან. თანამედროვე ჰიდროგეოლოგია ფართოდ იყენებს მათემატიკურ, ფიზიკურ და ქიმიურ მონაცემებს და მათი კვლევის მეთოდებს.

კვლევის ამოცანებისა და მეთოდების მრავალფეროვნებამ განაპირობა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიის დანაწევრება მრავალ დარგად.

  • ზოგადი ჰიდროგეოლოგია - იკვლევს მიწისქვეშა წყლების წარმოშობას, მათ ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს, ურთიერთქმედებას შემცველ ქანებთან;
  • პალეოჰიდროგეოლოგია - იკვლევს გეოლოგიურ წარსულში არსებულ ჰიდროგეოლოგიურ პირობებს და მათ ცვალებადობას გეოლოგიური დროის განმავლობაში;
  • მიწისქვეშა წყლების დინამიკა - იკვლევს მიწისქვეშა წყლების მოძრაობას ბუნებრივი და ხელოვნური ფაქტორების გავლენით; ამუშავებს საექსპლუატაციო ჭაბურღილების მწარმოებლურობისა და მიწისქვეშა წყლების მარაგის რაოდენობრივი შეფასების მეთოდებს.
  • მოძღვრება მიწისქვეშა წყლების რეჟიმისა და ბალანსის შესახებ - იკვლევს მიწისქვეშა წყლების დონის, ტემპერატურის, ქიმიური შედგენილობის, კვებისა და მოძრაობის იმ ცვალებადობას, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორებით და ადამიანის საქმიანობით; ამუშავებს მიწისქვეშა წყლების რეჟიმის პროგნოზის მეთოდებს.
  • ჰიდროგეოქიმია - იკვლევს მიწისქვეშა წყლების ქიმიური შედგენილობის ჩამოყალიბების პროცესებს და მიწისქვეშა წყლებში ქიმიური ელემენტების მიგრაციას.
  • მოძღვრება მინერალური, სამრეწველო და თერმული წყლების შესახებ - იკვლევს მინერალური წყლების, სამრეწველო წყლების და თერმული წყლების ქიმიურ შედგენილობას, მათ წარმოშობას, კლასიფიკაციას, საბადოებს, რესურსებს და პრაქტიკული გამოყენების საკითხებს.
  • მოძღვრება მიწისქვეშა წყლების ძებნისა და ძიების შესახებ - ამუშავებს სხვადასხვა პრაქტიკული მიზნისათვის მიწისქვეშა წყლების საბადოების გამოვლენის ხერხებს; იძლევა საბადოს რაოდენობრივ და თვისებრივ შეფასებას.
  • სამელიორაციო ჰიდროგეოლოგია - ამუშავებს მოსარწყავი და დასაშრობი ტერიტორიების ჰიდროგეოლოგიური პირობების გაუმჯობესების მეთოდებს, ამ ტერიტორიების სასოფლო-სამეურნეო ათვისების რაციონალური გამოყენების მიზნით.
  • სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ჰიდროგეოლოგია - მიწისქვეშა წყლებს იკვლევს სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიურ-სამრეწველო შეფასების, ათვისებისა და დამუშვების ამოცანების თვალსაზრისით.
  • სამაღაროე (საშახტე) ჰიდროგეოლოგია - ამუშავებს საბადოების ექსპლუატაციის დროს მიწისქვეშა წყლებთან ბრძოლის საკითხებს.
  • რეგიონული ჰიდროგეოლოგია - იკვლევს მიწისქვეშა წყლების გავრცელების კანონზომიერებებს ამა თუ იმ რეგიონში. იგი ეფუძვნება სხვადასხვა მასშტაბის ჰიდროგეოლოგიურ აგეგმვას, რომლის საფუძველზეც ადგენენ ჰიდროგეოლოგიურ რუკებს.

განარჩევენ აგრეთვე ჰიდროგეოლოგიის კომპლექსურ დარგს - საინჟინრო ჰიდროგეოლოგიას, რომელიც განხილული დარგების მეთოდების გამოყენებით მიწისქვეშა წყლებს ადამიანის პრაქტიკული საქმიანობის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით იკვლევს.

ისტორიული ნარკვევი[რედაქტირება]

პრაქტიკული ცოდნა მიწისქვეშა წყლების შესახებ უძველეს დროში ჩაისახა. იგი განსაკუთრებით განვითარდა ქალაქებისა და სარწყავი მიწათმოქმედების გაჩენასთან დაკავშირებით. ძველთაგანვე იყო ცნობილი აგრეთვე მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები. სამეცნიერო წარმოდგენები ბუნებრივი წყლების თვისებების, წარმოშობის, დაგროვების პირობებისა და დედამიწაზე წყლის ბრუნვის შესახებ ჩაისახა ძვ. წ. I ათასწლეულში (თალესი, არისტოტელე, ლუკრეციუსი, ვიტრუვიუსი და სხვ.).

შუა საუკუნეებში მიწისქვეშა წყლების შესწავლას ხელს უწყობდა მათ პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშოების გაფართოება. მიწისქვეშა წყლებს და მათ როლს ბუნებრივ პროცესებში მიეძღვნა გეორგ აგრიკოლას, ანტონიო ვალისნერის, ედმ მარიოტის, ბერნარ პალისის, ნიკოლაუს სტენოს, მიხეილ ლომონოსოვისა და სხვ. ნაშრომები.

დამოუკიდებელ სამეცნიერო დარგად ჰიდროგეოლოგია XIX საუკუნის II ნახევარში ჩამოყალიბდა. მის დაფუძნებაში და განვითარებაში (XIX ს. II ნახ. - XX ს. დასაწყ.) დიდი როლი შეასრულეს ფრანგმა მეცნიერებმა ა. დარსიმ, ლ. დე ლონემ, ჟ. დიუპიუმ, ა. შეზიმ; გერმანელმა მეცნიერებმა კ. კაილჰაკმა, ჰ. ჰეფერმა; ავსტრიელმა მეცნიერებმა ე. ზიუსმა, ფ. ფორხჰაიმერმა; ამერიკელმა მეცნიერებმა ჩ. სლიხტერმა, ა. ჰეიზენმა, ჩ. ჰეისმა; რუსმა მეცნიერებმა ვ. დოკუჩაევმა, ი. მუშკეტოვმა, ს. ნიკიტინმა, პ. ოტოცკიმ და სხვ.

საზღვარგარეთ კვლევა ჰიდროგეოლოგიის დარგში მიმდინარეობს უნივერსიტეტებში, სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებებში, სახელმწიფო გეოლოგიის სამსახურში და დიდ ფირმებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია წყალმომარაგებასთან, ჰიდროტექნიკურ მშენებლობასთან და ირიგაციასთან. აღსანიშნავია ამერიკელი მეცნიერების ა. ლეინის, მ. მასკეტის, ო. მეინცერის, კ. ტერცაგის, რ. დე უისტის, ფრანგი მეცნიერების ფ. დიენერტის, ე.მარტელისა და სხვ. შრომები.

საქართველოში არსებული მიწისქვეშა (თერმული) წყლების შესახებ უძველესი წერილობითი ცნობები გვაქვს "ქართლის ცხოვრებაში" (ცნობა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ თბილისის დაარსების შესახებ) და უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებში. პირველი მეცნიერული ხასიათის ცნობები მინერალური წყლების შესახებ ეკუთვნის ი. ა. გიულდენდშტედს და ვახუშტი ბატონიშვილს.

XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოს ტერიტორიის სისტემური გეოლოგიური კვლევის დაწყებასთან დაკავშირებით გარკვეული ყურადღება მიწისქვეშა წყლების კვლევასაც ექცეოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 648-649, თბ., 1987;
  • ოვჩინიკოვი ა., ზოგადი ჰიდროგეოლოგია, თბ., 1964;
  • Саваренский Ф, П., Гидрогеология, 2 изд., М. — Л., 1935;
  • Ланге O. К., Гидрогеология, М., 1969.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]