სეისმოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედამიწის სეისმური რუკა
სეისმოგრაფი — დედამიწის ქერქის რყევათა ავტომატურად ჩასაწერი ხელსაწყო

სეისმოლოგია (ძვ. ბერძნ. σεισμός – რყევა და λόγος – მოძღვრება) — გეოფიზიკის დარგი, რომელიც სეისმურ ტალღებსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს შეისწავლის. თანამედროვე სეისმოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მიწისძვრის პროგნოზის საიმედო კრიტერიუმების დამუშავებაა. ამ მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისძვრის მომასწავებელი მოვლენების კვლევა. პროგნოზირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სეისმური დარაიონება. მიწისძვრების შესახებ მეტ-ნაკლებად სრული ინფორმაციის შეკრების მიზნით შექმნილია სეისმური სადგურების ქსელი. ამას გარდა, სეისმოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხია მიწისძვრებითა და აფეთქებებით გამოწვეული სეისმური ტალღების გავრცელების თავისებურებების შესწავლის გზით დედამიწის შიგა აგებულების კვლევა. ამავე მონაცემების საფუძველზე ინტენსიურად ხორციელდება სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა განაწილების კანონზომიერებათა გამოვლენა.

სეისმოლოგიაში ცალკე დარგად ჩამოყალიბდა საინჟინრო სეისმოლოგია, რომლის ამოცანაა საინჟინრო-გეოლოგიური მონაცემების და სეისმომეტრიული ინსტრუმენტებით დაკვირვებების საფუძველზე სათანადო რეკომენდაციების მომზადება სეისმომედეგი მშენებლობისათვის. სეისმოლოგიის მნიშვნელოვანი დარგია მიწისძვრის კერების ფიზიკა, რომლის ამოცანაა კერაში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესწავლა. თანამედროვე სეისმოლოგიის განკარგულებაში მაღალმგრძნობიარე ხელსაწყოებია, ხოლო ინფორმაცია თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით მუშავდება. სეისმური რხევების მარეგისტრირებელი ხელსაწყოებისა და მეთოდების შემუშავება წარმოადგენს სეისმომეტრიის ამოცანას.

დამოუკიდებელ სამეცნიერო დარგად სეისმოლოგია XIX საუკუნის II ნახევარში ჩამოყალიბდა. XIX საუკუნის დასასრულიდან სეისმოლოგიაში ინერგება ინსტრუმენტული დაკვირვებები და კვლევის ფიზიკა-მათემატიკური მეთოდები. სეისმოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ბ. გოლიცინმა, გერმანელმა გეოფიზიკოსმა ე. ეიხერტმა, ინგლისელმა ჯ. მილნმა, ჰ. ჯეფრისმა, ა. მოხოროვიჩიჩმა, ამერიკელმა ბ. გუტენბერგმა, იაპონელმა მეცნიერმა ფ. ომორიმ და სხვ.

რუსეთში 1888 წელს შეიქმნა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების სეისმური კომისია. ინსტრუმენტულ სეისმოლოგიას საფუძველი ჩაუყარა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში მუდმივი სეისმური კომისიის შექმნამ (1900). მნიშვნელოვანი სეისმოლოგიური კვლევები ტარდება ოტო შმიდტის სახელობის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში და სხვა.

საქართველოში ინსტრუმენტული სეისმური დაკვირვებები დაიწყო 1899 წლიდან, თბილისის ფიზიკის ობსერვატორიაში. შემდეგ კი სეისმური სადგურები დაარსდა ბათუმში (1902 წ.), ახალქალაქსა (1903 წ.) და ბორჯომში (1903 წ.).

სეისმოლოგიის დარგში წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებაა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტი. სეისმოლოგიის მომიჯნავე დარგებში კვლევები ტარდება გეოლოგიის ინსტიტუტში, სამშენებლოო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში და სხვა დაწესებულებებში.

საქართველოში სეისმოლოგიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ევგენი ბიუსის, გური თვალთვაძის, ალექსანდრე ცხაკაიას და სხვების სამეცნიერო და სამეცნიერო-ორგანიზაციულმა მოღვაწეობამ.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული სეისმური აქტიურობაა. ასე მაგალითად:

საქართველოში განსაკუთრებით აღსანიშნავია გორში, 1920 წლის 20 თებერვალს დაფიქსირებული უძლიერესი მიწისძვრა, რომლის ძალა 10 ბალი იყო. აქ უზარმაზარ ფართობზე დაინგრა მრავალი საცხოვრებელი სახლი და დაზიანდა არაერთი ისტორიული ძეგლი. ადამიანთა მსხვერპლი მნიშნვნელოვანი იყო. საყურადღებოა ასევე რაჭაში მომხდარი უძლიერესი მიწისძვრა და ა.შ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 270.
  • სავარენსკი ე., კირნოსი დ., სეისმოლოგიის და სეისმომეტრიის ელემენტები, თბ., 1965;
  • Steven L. Kramer, Geotechnical earthquake engineering, Prentice Hall, 1995;
  • Christopher H. Scholz, The mechanics of earthquake and faulting 2nd Edition, Cambridge University Press, Cambridge, 2002;
  • Саваренский Е. Ф., Кирнос Д. П., Элементы сейсмологии и сейсмометрии, 2 изд., М., 1955;
  • Голицын Б. Б., Избр. труды, т. 1—2, М., 1960;
  • Атлас землетрясений в СССР, М., 1962;
  • Физика очага землетрясений, М., 1975.