შუაოკეანური ქედები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთო შუაოკეანური ქედების სისტემა
შუაოკეანური ქედები, სქემა

შუაოკეანური ქედებიმსოფლიო ოკეანის ფსკერის რელიეფის უდიდესი ფორმები, რომლებიც მთათა ერთიან სისტემას ქმნიან. სიგრძე 60 ათ. კმ აღემატება, შეფარდებითი სიმაღლეებია 2-3 კმ, სიგანე 250-450 კმ (ზოგან 1000 კმ-მდე). შუაოკეანური ქედები მორფოლოგიურად დედამიწის ქერქის ხაზობრივად ორიენტირებული შემაღლებებია, რომელთაც ძალზე დანაწევრებული თხემები და კალთები აქვთ.

წყნარსა და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეებში ისინი ოკეანის კიდეებთანაა განლაგებული, ატლანტის ოკეანეში კი — ცენტრალურ ნაწილში.

შუაოკეანური ქედების ღერძულ ზონასთან დაკავშირებულია მისი გასწვრივი რიფტული ღრმულები, რომლებიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქის გაჭიმვის შედეგად (რიფტების მსოფლიო სისტემა). შუაოკეანური ქედებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე განივი ტრანსფორმული რღვევები, სადაც გაშიშვლებულია დედამიწის ოკეანური ქერქის ამგები ბაზალტები და ულტრაფუძე ქანები (ჰარცბურგიტები, დუნიტები, სერპენტინიტები).

შუაოკეანური ქედების ღერძულ ზონაში არის ვუნლკანური კუნძულები — წყალქვეშა დიდი ვულკანური მწვერვალები. მათი უმრავლესობა ჩამქრალია. არის მოქმედი ვულკანებიც (აზორის, ტრისტან-და-კუნიას და სხვა კუნძულები). მნიშვნელოვანი წყალქვეშა ვულკანები და მიწისძვრის ეპიცენტრები მდებარეობს ღერძული ზონის განივი ღრვევებით გადაკვეთის რაიონებში.

განივი რღვევები შუაოკეანურ ქედებს ყოფენ ცალკეულ სეგმენტებად, რომლებიც, ჩვეულებრივ, გადაადგილებულია ერთმანეთის მიმართ ჰორიზონტალური მიმართულებით 500-600 კმ-ზე. ვარაუდობენ, რომ შუაოკეანური ქედები წარმოადგენენ მანტიიდან გამოყოფილი მასალით აგებული ოკეანური ქერქის ჩასახვის ზონებს. შუაოკეანური ქედების წარმოქმნა დაკავშირებულია დედამიწის ქერქის გაჭიმვასა და ამობურცვასთან, რაც გამოწვეულია მანტიიდან სიღრმის ნივთიერების ამოსვლით.

სხვათა აზრით, შუაოკეანური ქედები ნაოჭა სტრუქტურაა, რომლის განვითარების ნეოგენ-ანთროპოგენური ეტაპი კონტინენტების ნაოჭა სისტემების განვითარების ოროგენიული ეტაპის ჰომოლოგიურია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]