კლარჯეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლარჯეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

Klardscheti.svg

ჯმერკი
მერე
სვეტი
ტანძოთი
სინკოთი
გურნათელი
კლარჯეთი
City locator 14 2.svg    ქალაქები
Cross..svg     საეპისკოპოსო კათედრები
Christian cross (red).svg   „ათორმეტი უდაბნო“
Christian cross.svg    სხვა ეკლესია-მონასტრები
Solid orange.svg    ციხეები

კლარჯეთი — ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი.

განასხვავებენ კლარჯეთის ვიწრო და ფართო გაგებას. ფართო გაგებით კლარჯეთი ესაა ტერიტორია ზღვიდან არსიანის მთამდე, ანუ ჭანეთი და მთელი ჭოროხის ბასეინი, ხოლო ვიწრო გაგებით კი ის აჭარისწყლიდან არსიანამდეა და მოიცავს: ლიმანს, აჭარას, მაჭახელას, შავშეთს და არტანუჯს. კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნის II ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). კლარჯეთი ამავე დროს გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. IX საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-XIII საუკუნეებში კლარჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია-მონასტრებით, რომელთაც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს („ათორმეტი უდაბნო“) უწოდებდნენ. XVI საუკუნეში კლარჯეთი სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია[1].

გეოგრაფია

ისტორიულად კლარჯეთის პროვინცია მესხეთის მხარის ნაწილია. იგი მდინარე ჭოროხის ქვემო აუზს მოიცავს და გადაჭიმულია არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე. ისტორიულად კლარჯეთს ეკუთვნის ასევე მდინარე იმერხევისა და არტანუჯისწყლის ხეობები[2].

კლარჯეთი კლდოვანი ხევებით დასერილი მთიანი მხარეა. ამ მხარის რთული რელიეფი და ტყის მასივები ერთი მხრივ ხელს უშლიდა სამეურნეო ცხოვრების განვითარებას რეგიონში, მეორე მხრივ კი ბუნებრივ ბარიერს ქმნიდა მტრისათვის და იცავდა ადგილობრივ მოსახლეობას. ლეონტი მროველი აღნიშნავს[3]:

ვერავინ შევიდოდა მავნე კლარჯეთს. რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა, და მკჳდრნი კლარჯეთისანი იყვნეს კაცნი მკჳრცხნი და მჴედარნიცა

აღსანიშნავია, რომ ქართულ წყაროებში ერთგვარ მეტაფორად გამოიყენება „კლარჯეთის კლდენი“, რაც თავისთავად გულისხმობს დამპყრობთაგან ძნელად მისადგომლობას[2].

დღეს ისტორიული კლარჯეთის მხარე მთლიანად თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული. დღეს იგი, როგორც ცალკე პროვინცია ან რაიონი, არ არსებობს. თურქეთის თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით კლარჯეთი მოქცეულია შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ ართვინის პროვინციაში. აერთიანებს ამ პროვინციაში შემავალ არტანუჯის, ართვინის, მურგულისა და ბორჩკის რაიონებს, ასევე ზღვისპირა ხოფას რაიონს.

პროვინციის სახელი ხალხში ბოლო დრომდე შემორჩა არტანუჯიდან დაახლოებით 10 კმ-ით სამხრეთით მდებარე სოფელ კლარჯეთს, რომელიც დღესაც არსებობს თურქული სახელწოდებით — ბერექეთ ქოი (თურქ. Bereket köy)[4]. ამ სოფლის თანამედროვე სახელწოდების მიხედვით თურქი მკვლევარი მინე ქადიროღლუ კლარჯეთის პროვინციასაც ბერექეთს უწოდებს, ხოლო ტაო-კლარჯეთის სინონიმად იგი ხმარობს ხელოვნურ ტერმინს „ოლთუ-ბერექეთი“ (თურქ. Oltu-Bereket)[5].

კლარჯეთი ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიაში

ვახუშტი ბატონიშვილი თავის რუკებში კლარჯეთის სხვა რეგიონს ნსაზღვრავს. ის მოიცავს ჭანეთს, ისპირს, ვიდრე ბაიბურთამდე და არ შეყავს ლიგანისხევი. ასევე ის აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეგიონი არ იყო ქართლოსის წილი და რომ ის შემოიერთა ფარნავაზმა აზოზე გამარჯვების შემდეგ. ვახუშტის აღნიშნულ აღწერაში არის რიგი უზუსტობები, მაგალითად ზოგი მდინარის მოხაზულობები რუკაზე არ შეესაბამება რეალობას და აქედან გამომდინარე შეუძლებელია თანამედროვე რუკაზე ისეთი ერთიანი გეოგრაფიული არეალის მოხაზვა, როგორც ეს გაკეთდა ვახუშტის რუკებზე. ვახუშტის სიტყვებით აღნიშნულ რეგიონში ცხოვრობდნენ ჰაოსის ძენი, თუმცა მის მიერ ჰაოსის წილის შემოსაზღვრისას აღნიშნული რეგიონი მასში არ შეყავს. შესაბამისად ვახუშტისეული კლარჯეთი არც ქართლოსის წილი იყო და არც ჰაოსის, რაც ეწინააღმდეგება ტერიტორიების განაწილების სქემას, რამეთუ არ შეიძლება რომელიმე ტერიტორია ყოფილიყო გაუნაწილებელი.

ვიკიციტატა
აღწერა საჩინოთა ადგილებთა სამცხე საათაბაგოსი.
  • ხოლო ქვეყნისა ამის სახელი არს საკუთარი ქართლი ამისთვის, რამეთუ არს წილივე ქართლოსისა და მისგანვე ეწოდა ქართლი და შემგომად სიკუდილისა მისისა საქართლო ანუ საქართველო, და იწოდების დღემდეცა ეგრეთვე. არამედ, ვინათგან ჟამითი-ჟამად შეეძინნენ სახელნი მრავალნი განყოფილებისაგან და ადგილებთა განყოფილებისათვის, და ისახელნეს ესრეთ: რამეთუ შემდგომად ქართლოსის სიკუდილისა, ცოლმან მისმან, განყო რა ძენი თვისნი და მისცა რა უხუცესსა ძესა თვისსა მცხეთოსს ტფილისისა და არაგვის დასავლეთი, ფანავრის ტბის დასავლეთის ქვეყანა, წილი ქართლოსისა, ზღვამდე სპერისა. და ტაოსა და კლარჯეთს შორის მთამდე, და დაიპყრა მცხეთოს ქვეყანა ესენი, — ამან მცხეთოს უწოდა ტფილისის და არაგვის დასავლეთს, ლიხის მთამდე და ტაშიშკარამდე, შიდა ქართლი და ტაშისკარსა და ფანავრის დასავლეთს ზღვამდე უწოდა ზემო ქართლი; და განყო იგივე ქართლოსის სახელი ესრეთ. ხოლო შემდგომად მცხეთოს განუყო სამთა ძეთა და თჳსთა წილი თჳსი და მისცა უფლოს ძესა თჳსსა ოძრახოს მისცა ტაშისკარს ზეითი და მტკვრის დასვლეთი ვიდრე ზღვამდე, საზღვრამდე ქართლოსისა, რომელ არიან აწ: სამცხე, გურია, ლიგანი, შავშეთი, არტანუჯი, ფანასკერტი, ოლთისი და ტაო, და ამათ ადგილებთა უმეტეს ეწოდა ზემო-ქართლი. ხოლო ფანავრის დასავლეთი და მტკვრის აღმოსავლეთი, ვიდრე თავადმდე მტკვრისა, მისცა მცხეთოს ძესა თვისსა ჯავახოს, და ამის მიერ ეწოდა ამ ადგილებთა ჯავახეთი; და არიან ამათ ადგილთა შინა ჯავახეთი, არტანი, ერუშეთი, კოლა და მტკვრის აღმოსავლეთი; ხოლო კლარჯეთი არა არს წილი ამათი, არამედ ფარნაოზ დაიპყრა შემდგომად აზონის სიკუდილისა, და არს საზღვარი ამისი: აღმოსავლით მთა, რომელი განვლის კლარჯეთსა და ტაოს შუა, ზღვამდე; სამხრით — მთა იგი, რომელს სდის მდინარენი და ერთვის ჭოროხსა; დასავლით — მთა აზრუმ-ბასიანს შორის განვლილი ზღვამდე, და ჩრდილოთ — შავი ზღვა.
  • ...ხოლო ქვეყანასა კლარჯეთისასა ეწოდნენ სახელნი იგი დაბნებთა და ქალაქებთაგან, მუნ მყოფებთა, ანუ ძის ძეთაგან ჰაოსისთა...“
(ვ. ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, (გ. ჯანაშვილის რედაქცია) ტფ., 1904, გვ. 199-200)

კვლევა

დიმიტრი ბაქრაძე, კლარჯეთის ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი.

კლარჯეთისადმი, განსაკუთრებით კი მისი ქრისტიანული არქიტექტურისადმი ინტერესი XIX საუკუნეში გაჩნდა. პირველი მოკლე ცნობები კლარჯეთის ეკლესიებისა და მონასტრების შესახებ ეკუთვნის კარლ კოხს[6], დიმიტრი ბაქრაძეს[7][8], გიორგი ყაზბეგსა[9][10] და პრასკოვია უვაროვას[11]. კლარჯეთის არქიტექტურის შესახებ კვლევას საფუძველი დაუდო ალექსანდრე პავლინოვმა[12]. აღსანიშნავია ნიკო მარის „შავშეთ-კლარჯეთში მოგზაურობის დღიური“[13], რომელიც ერთგვარი რეგიონალური ენციკლოპედიაა და დღესაც შეუცვლელი წიგნია კლარჯეთისა და შავშეთის ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოგრაფიის, არქიტექტურისა და ეპიგრაფიკის შესასწავლად[14]. პალეოგრაფიულად, უპირველესად ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით[15][16][17], შემუშავდა თურქეთის ისტორიული ქართული სხვა რეგიონების, ტაოს, კოლა–არტაანის, ერუშეთის სიძველეებიც.

ქართული ხელოვნებათმცოდნეობის სკოლის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ტაო–კლარჯეთი, განსაკუთრებით კი მისი არქიტექტურა, როგორც უპირატესი საკვლევი თემა, ბუნებრივად იყო შემზადებული, თუმცა შესაფერისად ვერ დამუშავდა მეცნიერებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. გიორგი ჩუბინაშვილის 1930–1940-იან წლების ნაშრომებში[18][19] გამოიკვეთა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ტაო–კლარჯეთს განსაკუთრებული როლი ეკუთვნოდა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ფორმირებაში. ეს როლი კიდევ უფრო სრულად წამოაჩინა ვახტანგ ბერიძემ, რომლის სპეციალურ გამოკვლევაშიც პირველად გაშუქდა ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის მრავალი ასპექტი[20][21]. იმავე ხანებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შესახებ დაგროვილი ცოდნა შეჯამდა პარმენ ზაქარაიას ნაშრომში[22]. გამორჩეული და აღსანიშნავია ვახტანგ ჯობაძის მოღვაწეობა კლარჯეთის კვლევის საქმეში და მისი წიგნი „ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში“[23]; აგრეთვე სხვა ევროპელი და ამერიკელი ავტორების — ნიკოლ და ჟან-მიშელ ტიერის (ცოლ–ქმარმა თურქეთის ქართულ სიძველეებს არაერთი ნაშრომი მიუძღვნა),[24][25][26][27] დევიდ უინფილდის[28], რობერტ ედვარდსის[29], ბრუნო ბაუმგარტნერის[30] და სხვათა ნაშრომები. უცხოელ მკვლევართა ნაშრომებსა და გამოკვლევებს, ასევე ვახტანგ ჯობაძის მოღვაწეობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან 1950–იანს წლების ბოლოდან სამი ათეული წლის მანძილზე კლარჯეთი და ზოგადად ისტორიული ქართული მიწები თურქეთში ქართველ მეცნიერთათვის მიუწვდომელი იყო. 1980-იანი წლებიდან ამ საქმეში აქტიურად ჩაებნენ თურქი მეცნიერებიც, თავდაპირველად მინე ქადიროღლუ[31][32][33][34] შემდეგ კი სხვებიც.

ისტორია

კლარჯეთის ისტორიის შესწავლა ძირითადად ქართულ და უცხოურ წერილობით ძეგლებზე დაყრდნობით ხორცილედება. არქეოლოგიური გათხრები ამ რეგიონში არასოდეს ჩატარებულა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ კლარჯეთის ისტორიის, განსაკუთრებით კი მისი ადრეული ეტაპის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება[2].

ძვ. წ. II საუკუნემდე

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იბერია.
ქართლის სამეფო ეგრისის საერისთავოსთან ერთად, ფარნავაზის პერიოდში. სამეფოს რვა საერისთავოდან კლარჯეთი ერთ–ერთია, ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ–დასავლეთით

ქართულენოვანი წერილობითი ძეგლები და საისტორიო ტრადიცია კლარჯეთს ქართლის ნაწილად განიხილავს. ქართლის ცხოვრების მიხედვით, თარგამოსის მიერ შვილებს შორის ქვეყნის განაწილების შემდეგ კლარჯეთი ქართლოსს ერგო[35]. ქართლოსის ძემ მცხეთოსმა თავის შვილს ოძრხოსს გადასცა ტერიტორია „ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა“[36], ე. ი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციები, რომელთა შორის იყო კლარჯეთიც. ოძრხოსს მიაწერენ ასევე ციხე-ქალაქ თუხარისის დაარსებას, რომელიც კლარჯეთის უძველეს პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა[37].

IV-III საუკუნეების გასაყარზე, როდესაც იბერიის სამეფო ჩამოყალიბდა, კლარჯეთი მის შემადგენლობაში შევიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, იბერიის სამეფოში შეერთება იოლად არ მომხდარა. ლეონტი მროველის ცნობით, ამ მხარის შესაერთებლად ფარნავაზს განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდა. თხზულება „ქართველთა მეფეთა ცხოვრებაში“ აღნიშნულია, რომ ფარნავაზმა ერთ წელიწადში შეძლო მთელი ქართლის დაკავება, თუმცა ვერ შევიდა კლარჯეთში, რადგან კლარჯეთის სიმაგრეებში მისი მოწინააღმდეგე, ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის ერისთავად დატოვებული აზონ პატრიკი გამაგრდა. ფარნავაზს, რომლის მომხრეებიც უკვე იყვნენ მისი მომავალი სიძე — ეგრისის ერისთავი ქუჯი, ასევე ოსები, ლეკები და აზონისაგან განდგომილი ათასი რჩეული მხედარი, მოუწია დახმარების თხოვნა სელევკიდი მეფის ანტიოქე I სოტერისათვის (ძვ. წ. 293-261), რათა მას თავისი ჯარი მიეშველებინა. მხოლოდ ამგვარი კოალიციური ჯარით შეძლო მან მომდევნო წელს აზონის დამარცხება და კლარჯეთის შემოერთება[35].

აღსანიშნავია, რომ „ქართველთა მეფეთა ცხოვრებაში“ დაცულ ამ ცნობას ეწინააღმდეგება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, რომელშიც აზონისა და ფარნავაზის კონფლიქტი კლარჯეთის გარშემო საერთოდ არ ჩანს. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, აზო (იგივე აზონი) ქართლის პირველი მეფეა, რომელიც მშვიდობიანად მეფობს და თავისი სიკვდილით კვდება. ფარნავაზი მის შემდეგ ჯდება ტახტზე[38]. კლარჯეთი აქ საერთოდ ნახსენები არაა. მნიშვნელოვანია აზოს წარმომავლობა ამ თხზულების მიხედვით — ის მოხსენიებულია, როგორც არიან-ქართლის მეფის ძე, ეს კი, ერთ-ერთი აზრით, სამხრეთ–დასავლეთი კავკასია ან ჩრდილო–აღმოსავლეთი ანატოლიაა, ანუ მხარე, რომელიც კლარჯეთსაც მოიცავდა, ან უშუალოდ ემეზობლებოდა მას. ნ. ხაზარაძე ფიქრობს, რომ სწორედ კლარჯეთი იყო აზოს ქვეყანა[39][40].

ფარნავაზმა იბერიის სამეფო რვა ადმინისტრაციულ ერთეულად დაყო, რომელთა სათავეშიც ერისთავები იდგნენ. ერთ–ერთი საერისთავო სწორედ კლარჯეთი იყო, რომელიც გარდა საკუთრივ კლარჯეთის პროვინციისა, მოიცავდა შავშეთსა და ამიერ–ტაოს[41].

ძვ. წ. II-I საუკუნეები

ძვ. წ. II საუკუნეში სომხეთის გაძლიერებისა და იბერიის წინააღმდეგ წარმატებული ექსპანსიის შედეგად, ამ ორ სამეფოს შორის საზღვარმა ჩრდილოეთით გადმოიწია და იბერიის მთელი რიგი პროვინციები სომხეთის შემადგენლობაში შევიდა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ პროვინციათა შორის კლარჯეთიც იყო. ამ დასკვნის გამოსატანად მკვლევარები საფუძველს სტრაბონისა და კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობებში ნახულობენ, თუმცა მეცნიერთა შორის აზრთა საკმაო სხვადასხვაობაა ამ საკითხზე, კერძოდ, საეჭვოა ამ ავტორებთან თვითონ კლარჯეთის მოხსენიების ფაქტიც[41].

კლავდიოს პტოლემაიოსის (ახ. წ. 100–178) „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“[42] აღნიშნულია, რომ არმენიის (სომხეთის) ის ნაწილი, რომელიც მდინარე ევფრატს, კიროსსა (მტკვარი) და არაქსს შორის მდებარეობს, სხვა ოლქებთან ერთად მოიცავს „კატარძენეს“. აქვე დაზუსტებულია მისი ლოკალიზაციაც — მოსხურ მთებთან, ე. წ. ბოხების ზემოთ[43]. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჰ. კიპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კატარძენე არის გვიანდელი გადამწერის მიერ დამახინჯებული „კალარძენე“, რაც კლარჯეთს შეესაბამება[44]. ეს მოსაზრება დიდი ხნის განმავლობაში მიღებული იყო უკამათოდ. იგი გაიზიარეს კ. მიულერმა[45], ი. მარკვარტმა[46] და ჰ. ჰიუბშმანმა[47]. თუმცა, შემდგომში ზოგიერთმა მეცნიერმა ეჭვის თვალით შეხედა კატარძენესა და კლარჯეთის იგივეობას. ის ნაძალადევად და უსაფუძვლოდ ჩათვალა გ. ღაფანციანმა[48]. განსაკუთრებით მკაცრად გაილაშქრა და უარყო ამგვარი გაიგივება პავლე ინგოროყვამ, რომელმაც კლავდიოს პტოლემეოსის ამ ცნობას ვრცელი პასაჟი მიუძღვნა[49]. ასევე დ. მუსხელიშვილი[50] და ნ. ხაზარაძეც[51] ფიქრობენ, რომ კატარძენე და კლარჯეთი სხვადასხვაა. ისინი კატარძენეს კლარჯეთზე ბევრად უფრო სამხრეთით, ევფრატის სათავეებში ასახელებენ. მომხრეები კვლავ ჰყავს ტრადიციულ თვალსაზრისსაც — მას იზიარებს გ. მელიქიშვილი[52], ნ. ლომოური[53], და თ. ყაუხჩიშვილი[54].

სტრაბონის „გეოგრაფიაში“ იმ მხარეთა შორის, რომლებიც სომხეთმა იბერიას წაართვა, დასახელებულია ხორძენე[55]. ი. მარკვარტმა გამოთქვა აზრი, რომ ეს არის დამახინჯებული „ხოლარძენე“ და იგი პტოლემეოსის კატარძენესთან და კლარჯეთთან გააიგივა[56]. ეს აზრი გააკრიტიკა პავლე ინგოროყვამ და აღნიშნა, რომ ხორძენე სომხური პროვინციაა ზემო ევფრატის აუზში[57]. ხორძენესა და კლარჯეთის იგივეობა უარყვეს ასევე ი. მანანდიანმა[58], ს. ჯანაშიამ[59], თ. ყაუხჩიშვილმა[60], დ. მუსხელიშვილმა[61] და ნ. ხაზარაძემ[62].

ძვ. წ. II-I საუკუნეებში კლარჯეთის სახელმწიფოებრივი კუთვნილების საკითხი საკმაოდ ბუნდოვანია. სტრაბონი წერს, რომ მის დროს მოსხების ქვეყანა (ისტორიული სამხრეთ–დასავლეთი საქართველო, მესხეთი) სამადაა გაყოფილი. მისი ერთი ნაწილი კოლხებს ეკუთვნით, მეორე იბერებს, ხოლო მესამე არმენიელებს[63]. პტოლემეოსისა და სტრაბონის ცნობებზე დაყრდნობით მეცნიერები დაბეჯითებით ვერ ამტკიცებენ, რომ ამ პერიოდში კლარჯეთი სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ასევე, როგორც პავლე ინგოროყვა აღნიშნავს, არც ისაა ცნობილი, კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა იგი თუ იბერიისას[64]. დ. მუსხელიშვილი ფიქრობს, რომ კლარჯეთი, შავშეთი და აჭარა მთლიანად კოლხეთს უნდა მიეერთებინა, თუმცა ამ მოსაზრებას არ ასაბუთებს[65].

I-IV საუკუნეები

ახ. წ. I საუკუნიდან თანდათან ძლიერდება იბერიის სამეფო და იპყრობს კოლხეთის ნაწილს. ფლავიუს არიანეს „პერიპლუსის“ ცნობით, 131 წელს, შავიზღვისპირეთში მისი მოგზაურობის დროს, ზღვისპირა კლარჯეთში მცხოვრები ზიდრიტების ტომი იბერიის მეფე ფარსმან II–ს ემორჩილებოდა[66][67]. სავარაუდოა, რომ იბერიის დაქვემდებარებაში შედიოდა ასევე მთელი დანარჩენი კლარჯეთიც. კლარჯეთს ისევ ერისთავები ედგნენ სათავეში, რომლებიც, როგორც ჩანს, ყოველთვის ლოიალურები არ ყოფილან სამეფო ხელისუფლებისადმი. დღემდე მოღწეულ ძეგლებზე დაკვირვებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ კლარჯეთი თავისი ურჩობით გამოირჩეოდა და ხშირად პრობლემებს უქმნიდა მცხეთის კარს. ქართლის ცხოვრების მიხედვით, I საუკუნეში კლარჯეთის ერისთავმა მის სამფლობელოში ჩასული წმინდა ანდრია მოციქულისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისათვის მეფე ადერკის რისხვა დაიმსახურა[68]. III საუკუნის შუახანებში კლარჯეთის ერისთავი დასავლეთის ოთხ სხვა ერისთავთან ერთად აუჯანყდა მეფე ამაზასპს[69]. 368 წელს, როდესაც მეფე ვარაზ-ბაქარმა სპარსეთის დახმარებით თითქმის მთელი შემდგომი საქართველოქართლი, ჰერეთი და ეგრისი დაიმორჩილა, კლარჯეთი ვარაზ–ბაქარს განუდგა და ბერძნებთან გაერთიანდა[70]:

განდგნეს კლარჯნი ვარაზ–ბაქარისაგან და მიერთნეს ბერძენთა. და დაიპყრეს ბერძენთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღჳთგან არსიანთამდე

ამ ცნობას ადასტურებს ლათინურენოვანი ბერძენი ისტორიკოსი ამიანე მარცელინეც, როდესაც წერს, რომ რომაელებმა ქართლის იმ ნაწილში, რომელიც არმენიასა და ლაზეთს ესაზღვრება, ხელისუფლება თავიანთ მომხრე უფლისწულს — სავრომაკს (საურმაგს) გადასცეს[71]. საზღვარი ასფაგურის (ვარაზ-ბაქარის) და სავრომაკის სამფლობელოებს შორის, როგორც ამიანე აღნიშნავს, მდინარე მტკვარზე გადიოდა. დ. მუსხელიშვილი აღნიშნავს, რომ აქ მტკვარი მცხეთამდე კი არ იგულისხმება საზღვრად, არამედ მხოლოდ ზემო დინებაში და, ამიტომ, საურმაგის სამფლობელოდ კლარჯეთი, სამცხე, აჭარა და ჯავახეთ–არტაანის ნაწილი (მტკვრის დასავლეთით) უნდა ვიგულისხმოთ[72]. ამგვარად, 370 წელს კლარჯეთი ქართლს გამოეყო და აღმოსავლეთ რომის იმპერიას დაექვემდებარა.

ეთნიკური შემადგენლობა ანტიკურ ხანაში

გ. მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ სამხრეთ საქართველოს მხარეთაგან (ჯავახეთი, კოლა, არტაანი, სამცხე, აჭარა, კლარჯეთი) „ქართლის ცხოვრებაში“ მხოლოდ კლარჯეთის მცხოვრებლები — კლარჯები მოიხსენიებიან საკუთარი ეთნონიმით[73]. ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებებში სიტყვა „კლარჯნი“ იმავე ეთნიკური მნიშვნელობის სიტყვაა, როგორც „ქართველნი“ (ქართლელები, იბერიელები) და „მეგრელნი“. გარდა ამისა, როგორც ჩანს, თვითონ კლარჯებს შორისაც არსებობდა გარკვეული სუბეთნიკური ჯგუფები. დავით ხოშტარია შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ერთ–ერთ ასეთ ჯგუფს წარმოადგენდნენ ზიდრიტები, რომლებსაც ფლავიუს არიანე იხსენიებს ზღვისპირეთში[74].

კლარჯთა ეთნიკურ წარმომავლობაზე წერილობით ძეგლებში რაიმე მინიშნება არ მოიპოვება. მეცნიერები ამ საკითხის გასარკვევად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტოპონიმებს. დავით ხოშტარიას მითითებით, ისეთი ტოპონიმები, როგორიცაა ოპიზა და არტანუჯი, საკმარის საფუძველს იძლევა იმის დასადგენად, რომ კლარჯები ჭანური მოდგმის ხალხი იყო. ეს აზრი პირველად ნიკო მარმა გამოთქვა:

კლარჯეთი და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ტაოს მხარე თავისი ისტორიული ცხოვრების გარიჟრაჟზე წარმოგვიდგება თუბალ–კაინური ანუ ივერიულ–ჭანური (иверо-чʼанский) მოსახლეობით, რომელიც ქართულს (грузинский или кʼартʼский) ენათესავება.

(იქვე განმარტებულია, რომ иверы–ში მერმინდელი მეგრელები იგულისხმებიან)[75]

ოპიზის მონასტრის შესახებ მსჯელობისას ნიკო მარი აღნიშნავს[76]:

ოპიზის დამაარსებლები იყვნენ თუბალ–კაინები, სახელდობრ ან ივერები (მეგრელები), ან ჭანები (ლაზები).

რამდენადაც ოპიზის მონასტერი V საუკუნეზე ადრე არ დაარსებულა, დავით ხოშტარიას მითითებით, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ნიკო მარი ივერ–მეგრელებსა და ჭან–ლაზებს ამ დროისათვისაც კლარჯეთის მოსახლეობის ძირითად ნაწილად მიიჩნევდა. მისივე მითითებით, ნიკო მარის ეს აზრი შესაძლოა მართალიც იყოს, თუმცა უფრო საფიქრებელია, რომ კლარჯეთის ჭანურმა მოსახლეობამ ადრევე განიცადა ძლიერი ქართიზაცია[77]. გ. მელიქიშვილის აზრით, კლარჯები უკვე ანტიკურ ხანაში შეერწყნენ მესხეთის ქართველ (картский) ტომებს და ამ ტერიტორიაზე ქართული ელემენტი წამყვანი გახდა როგორც პოლიტიკური, ისე კულტურულ–ეთნიკური თვალსაზრისით[78].

V საუკუნე

ციხე ახიზა. ჯუანშერის ცნობით კლარჯკეთში ერთ–ერთი უდიდესი ციხე, რომელიც ვახტანგმა განაახლა

დაახლოებით 370 წელს კლარჯეთი მეფე ვარაზ-ბაქარს განუდგა და ბერძნებს (ბიზანტიას) დაექვემდებარა. დაახლოებით 400 წელს მეფე მირდატი უშედეგოდ ცდილობდა დაებრუნებინა მამამისის მიერ დაკარგული პროვინცია[79]. კლარჯეთის შემოერთება მხოლოდ ვახტანგ გორგასალმა შეძლო. ჯუანშერის მიხედვით, ვახტანგის მცირე აზიაში ლაშქრობის შემდეგ მას „უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი“[80]. ვ. გოილაძის აზრით, ეს 456 წლის ბოლოს მოხდა[81]. დავით ხოშტარია ჯუანშერის ცნობას კლარჯეთის შემოერთების შესახებ სარწმუნოდ მიიჩნევს და იქვე აღნიშნავს, რომ V-VI საუკუნეების მიჯნიდან მაინც კლარჯეთი სხვა წყაროებითაც კვლავ ქართლის შემადგენლობაში ჩანს[82].

ვახტანგ გორგასალმა კლარჯეთის ერისთავად თავისი ძუძუმტე — არტავაზი დანიშნა. ქართული ისტორიული წყაროები ვახტანგ გორგასლის პერიოდს უკავშირებს კლარჯეთში სამშენებლო საქმიანობებს. მეფემ და ერისთავმა ერთად მოიარეს ახლადშემოერთებული პროვინცია და დიდი მშენებლობა დაგეგმეს. როგორც ჯუანშერის ცნობებში ჩანს, იმ პერიოდში კლარჯეთში ორი დიდი ციხე იყო — თუხარისი და ახიზა, რომელიც მეფეს დაზიანებული დახვდა. მეფის ბრძანებით არტავაზმა განაახლა ახიზა და ააშენა ახალი ციხე არტანუჯში. ჯუანშერი არაფერს წერს მეფისა და ერისთავის მიერ მონახულებულ ეკლესიებზე. არსებობს აზრი, რომ V საუკუნის II ნახევარში კლარჯეთში მხოლოდ ერთი ეკლესია იყო, რომელიც მირდატ მეფის მიერ აგებულ თუხარისის ციხეში მდებარეობდა. ჯუანშერის თხზულების მიხედვით, ვახტანგის მითითებით არტავაზმა ააშენა მონასტერი ოპიზაში და სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა[83]. გარდა ამისა, არსებობს ტრადიცია, რომელიც ვახტანგ მეფეს უკავშირებს თუხარისის წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობასაც[82].

ვახტანგის პერიოდს მიეწერება ასევე კლარჯეთში საეპისკოპოსო კათედრის დაარსება. მანამდე კლარჯეთში ცალკე საეპისკოპოსო არ ჩანს. რადგანაც მხარე თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ბიზანტიის იმპერიას ეკუთვნოდა, სავარაუდოა, რომ იგი იმპერიაში შემავალი პოლემონის პონტოს ეპარქიის ნაწილს წარმოადგენდა და ექვემდებარებოდა ტრაპეზუნტის კათედრას. V საუკუნის II ნახევარში ქართლის სამეფოს სხვა მხარეებთან ერთად კათედრა კლარჯეთშიც დაარსდა. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგმა „დასუა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა“[84].

აღსანიშნავია, რომ ჯუანშერის „ვახტანგ გორგასლის ცხოვრების“ ცნობებს ზოგიერთი მეცნიერი არ ენდობა — 1910-იანი წლებიდან მას საკმაოდ არასანდო ისტორიული წყაროს რეპუტაცია დაუმკვიდრდა. ეს ძირითადად განაპირობა ისეთი ავტორების დამოკიდებულებებმა, როგორებიც არიან ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე. ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ ეს თხზულება „ზღაპარს უფრო მიაგავს, ვიდრე ნამდვილ ისტორიას“. მისივე თქმით, იგი ვახტანგის დროის ისტორიისათვის, რამდენიმე უმნიშვნელო ცნობის გარდა, თითქმის გამოუსადეგარია[85]. ბოლო დროის მკვლევართა დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა ჯუანშერის თხზულებისადმი. დღეს შედარებით მეტი მეცნიერი იზიარებს მარი ბროსეს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ თხზულებაში მოყვანილ ზღაპრულ ამბებს რეალური ისტორიული საფუძველი გააჩნია[86].

VI-VII საუკუნეები

523 წელს ქართლის სამეფოში მეფობა გაუქმდა და ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია სპარსეთის უშუალო მმართველობას დაექვემდებარა. ჯუანშერის ცნობით, სპარსეთისაგან დამოუკიდებლობა ქართლის მხოლოდ ორმა განაპირმა მთიანმა მხარემ შეინარჩუნა — კახეთის მთიულეთმა (სადაც ბაკურ მეფის შვილებმა შეაფარეს თავი) და კლარჯეთ–ჯავახეთმა. კლარჯეთის კლდეებში მთავრობდა ვახტანგ გორგასლის შთამომავალი გუარამი, დედით ხოსროიანი და მამით ბაგრატიონი[87]. სუმბატ დავითის ძე მას „მამა ბაგრატიონთა“–ს უწოდებს, თუმცა მისი კლარჯეთის მთავრობის შესახებ არაფერს ამბობს[88].

VI საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დაპირისპირება გრძელდებოდა. ბიზანტიის იმპერიამ ქართლში სპარსეთის გავლენა შეცვალა 571 წლის აჯანყებისა და გუარამისათვის კურაპალატის ტიტულის ჩაბარების შემდეგ. 580–იან წლებში სპარსეთმა ნაწილობრივ კვლავ აღიდგინა პოზიციები ქართლში, 590–იან წლებში ისევ დათმო, 600–იან წლებში კვლავ აღიდგინა, ხოლო 627 წელს ნინევიის ბრძოლაში სასტიკად დამარცხების შემდეგ საბოლოოდ დაუთმო ბიზანტიას ქართლი[89]. ცნობილი არაა, რა ხდებოდა ამ პერიოდში კონკრეტულად კლარჯეთში, მაგრამ მცირეოდენ წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ეს მხარე ხშირად გაქცეულ დამარცხებულთა თავშესაფარს წარმოადგენდა. ჯუანშერის მიხედვით, აქ დამკვიდრდნენ სპარსეთის მოკავშირე სტეფანოზის (გუარამის ძის) შვილები 628 წლის შემდეგ, როდესაც დანარჩენი ქართლი იმპერატორ ჰერაკლეს მიერ ერისმთავრად აღდგენილ ადარნასეს ეპყრა[90].

VI-VII საუკუნეებში კლარჯეთის სამშენებლო საქმიანობის შესახებ ცნობები პრაქტიკულად არ მოიპოვება. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ამ დროს უნდა დაარსებულიყო პარეხის მონასტერი მდინარე დუგანალას ხეობაში, თუმცა ამ აზრს ზოგიერთი მკვლევარი არ იზიარებს. პარეხში შემორჩენილი ნაგებობები კი მხოლოდ IX საუკუნესა და შემდგომ პერიოდს განეკუთვნება[91]. სამეცნიერო ლიტერატურაში ერთხანს დამკვიდრებული იყო აზრი, რომ კლარჯეთში არაბობამდელ პერიოდში სომხებმა დააარსეს მონასტრები. ეს აზრი ნიკო მარისაგან მომდინარეობდა, რომელიც ფიქრობდა, რომ VI-VIII საუკუნეებში კლარჯეთს სომხური ემიგრაციის დიდი ტალღა მოაწყდა (იხ. ამავე სტატიის სექცია — ეთნიკური შემადგენლობა ადრეულ შუა საუკუნეებში). ეს მოსაზრება თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში უარყოფილია (ვრცლად იხილეთ სექციაში — „სომხური მონასტრები“).

VII საუკუნის II ნახევრიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. 654 წელს ქართლის ერისმთავარი წინააღმდეგობის გარეშე დაემორჩილა არაბებს, რაც არაბთა სარდლის მასლამას მიერ გაცემული დაცვის სიგელით გაფორმდა. სიგელში აღნიშნულია, რომ იმავე პირობით არაბებს დამორჩილდნენ ქართლის ცალკეული მხარეები, მათ შორის მოხსენიებულია კლარჯეთიც. როგორც დავით ხოშტარია აღნიშნავს, ეს საგანგებო აღნიშნვა იმას მოწმობს, რომ ერისთავები (მათ შორის კლარჯეთის) საკმაოდ დამოუკიდებელნი იყვნენ როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებშიც[92]

VIII საუკუნე

ჯერ კიდევ წინა საუკუნის II ნახევარში დაწყებული არაბთა ბატონობა საქართველოში განსაკუთრებით დამძიმდა VIII საუკუნის I ნახევარში, ხალიფა ხიშამის (724–743) ზეობის წლებში. 735 წელს აჯანყებული კავკასიის დასამორჩილებლად ხიშამმა თავისი ბიძაშვილი მარვან იბნ მუჰამედი (მურვან ყრუს სახელით ცნობილი) გამოგზავნა. ქართლის ცხოვრების მიხედვით, მურვანის სამხედრო ძალით შეძრწუნებული „მთავარნი და პიტიახშნი, ნათესავნი ერისთავთა და წარჩინებულთანი შეიმეოტნეს კავკასიად, და დაიმალნეს კლდეთა და ღრეთა“[93].

დანამდვილებით არაა დადგენილი, იყო თუ არა კლარჯეთი მურვან ყრუს მიერ დალაშქრულ მხარეთა შორის. ამის შესახებ პირდაპირ ცნობას მხოლოდ სუმბატ დავითის ძე იძლევა. მისი ცნობით[94]

ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ყოველნი ციხენი და მოვლო შავშეთიცა და ღადონი
(შენიშვნა: „ღადონი“ მდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ნაწილია კლარჯეთისა)

სუმბატ დავითის ძე ასევე წერს, რომ აშოტ კურაპალატმა განაახლა მურვან ყრუს მიერ აოხრებული არტანუჯის ციხე[95]. განსხვავებულ ინფორმაციას იძლევიან სხვა წყაროები. „დავით და კონსტანტინეს მარტვილობაში“ აღწერილ მურვან ყრუს მარშუტში არც კლარჯეთი ჩანს და არც შავშეთი — იგი სამცხიდან არგვეთში გადადის[96]. ამგვარადვეა შესაბამის ჩანართში ჯუანშერთან[93]. სხვაგან ჯუანშერი არაბთა მიერ გაპარტახებულ ქვეყნებს შორის ასახელებს ქართლს, სომხითსა და რანს[97], „არჩილის წამებაში“ ქართლთან ერთად დასახელებულია კახეთიც[98], მაგრამ არსადაა ნახსენები შავშეთი თუ კლარჯეთი. გიორგი მერჩულეს მიხედვით, 780–იან წლებში, გრიგოლის ხანძთაში ჩასვლისას

კლარჯეთს და ტაოთა შინა და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა მცირენი იპოვებოდეს დაშენებული ტყეთა შინა ადგილ–ადგილ[99]

ბევრი მკვლევარი ამას სასტიკი მტრის მიერ აოხრებული მხარის სურათად მიიჩნევს. თავად გიორგი მერჩულე არაბთა ლაშქრობის თაობაზე კლარჯეთში არაფერს წერს. აღსანიშნავია, რომ სუმბატ დავითის ძე (ერთადერთი ავტორი, რომელიც კლარჯეთში მურვან ყრუს ლასქრობის შესახებ იძლევა ცნობას) კლარჯეთის მოსახლეობის შემცირებას უკავშირებს არა არაბთა შემოსევებს, არამედ „სატლობას“ ანუ ქოლერის ეპიდემიას[100]. კორნელი კეკელიძე შენიშნავს, რომ ეს უნდა იყოს 746–747 წლების დიდი ეპიდემია, რომელმაც ბიზანტიაში უამრავი ხალხი იმსხვერპლა და, ალბათ, კლარჯეთსაც მოედო[101].

მიუხედავად იმისა, გადაურჩა თუ არა კლარჯეთი მურვან ყრუს ლაშქრობას, რეგიონში მდგომარეობა მაინც მძიმე იყო. კლარჯეთს თავისი კვალი დაამჩნია გამანადგურებელმა ეპიდემიამ და იმ საერთო პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც VIII საუკუნეში მთელი საქართველო მოიცვა. VIII–IX საუკუნეების მიჯნაზე მხარეში ჩამკვდარი იყო როგორც სულიერი, ისე სამეურნეო ცხოვრება, გამეჩხერებული იყო მოსახლეობა, ხოლო ადმინისტრაცია — მოშლილი[102].

ეთნიკური შემადგენლობა ადრეულ შუა საუკუნეებში

ნიკო მარი ფიქრობს, რომ VI საუკუნეში კლარჯეთის „თუბალ–კაინური“ ანუ ქართველური მოსახლეობა გასომხდა (перерождается в армян)[103]. ეს პროცესი ნიკო მარს, თავისივე აღიარებით, საკმაოდ ბუნდოვნად ჰქონდა წარმოდგენილი. მისი მსჯელობიდან ირკვევა, რომ იგი გადამწყვეტ ფაქტორად ამ პროცესში სომხების მასიურ ჩამოსახლებას მიიჩნევდა. მან სცადა, ეს მოვლენა წერილობითი ძეგლებითაც დაედასტურებინა და ერთადერთ წყაროზე შეჩერდა — სომეხი მემატიანის ჰოვან მამიკონიანის თხზულებაზე, რომელშიც VII საუკუნის დასაწყისია აღწერილი. ნიკო მარმა აქ სრულიად ნებისმიერად ამოიკითხა ცნობა უკვე შემდგარი (о совершившемся уже) სომხური ემიგრაციული მოძრაობის შესახებ ივერთა ამ ქვეყანაში (კლარჯეთში)[103]. ქვეყანა რომ ივერთაა, ეს თხზულებაში მართლაც აღნიშნულია — მისი მმართველი ვაშდენი „ივერთა მთავრად“ მოიხსენიება; თუმცა, სომეხთა ემიგრაციულ მოძრაობაზე მატიანეში არც პირდაპირი და არც ირიბი მინიშნება არ მოიპოვება[104]. პავლე ინგოროყვამ დაწვრილებით განიხილა ჰოვან მამიკონიანის ცნობები და აჩვენა ნიკო მარის მოსაზრების უსაფუძვლობა[105]. როგორც დავით ხოშტარია აღნიშნავს, ჰოვან მამიკონიანის თხზულებები ძლიერ ზღაპრულ ელემენტებს შეიცავს; თავად ნიკო მარი მათ „ნახევრადლეგენდარულს“ უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ამ თხზულებაში მოთხრობილი ამბავი, მოქმედი პირები და მოქმედების ადგილი (ქალაქი ტამბური შავი ზღვის პირას და შემდეგ მის ადგილად აგებული ქალაქი ჰამამაშენი) სხვა წყაროებიდან ცნობილი არაა[106].

კლარჯეთის მოსახლეობის სრული არმენიზაციის ჰიპოთეზა თანამედროვე მეცნიერებაში აღარ განიხილება, თუმცა გარკვეულ პერიოდში კლარჯეთში სომხური მოსახლეობის არსებობა არ გამოირიცხება. მათ აქ ყოფნას 530–540–იან წლებში ადასტურებს პროკოპი კესარიელი, რომელიც De bello gothico-ში წერს, რომ ათინას, არქაბესა და აფსაროსის მარჯვნივ აღმართული მთების გადაღმა, იბერიის საზღვრებამდე, ბიზანტიის ქვეშევრდომი პერსარმენები და არმენები ცხოვრობენ[107]. დავით ხოშტარია ფიქრობს, რომ სომხები კლარჯეთში ძირითადად IV საუკუნის ბოლოს და უფრო ინტენსიურად კი V საუკუნეში ჩასახლდნენ. მისივე თქმით, საფიქრებელია, რომ ისინი ცენტრალური და აღმოსავლეთი სომხეთიდან წამოვიდნენ, რომელიც ბიზანტიასა და სპარსეთს შორის სომხეთის განაწილების შემდეგ (387 წელს) სპარსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. აქ ქრისტიანული მოსახლეობა ძლიერ შევიწროებას განიცდიდა, რამაც გამოიწვია 450–451 წლების აჯანყება[108]. ლაზარ ფარპეცის „სომხეთის ისტორიიდან“ ჩანს, რომ სპარსელებთან ბრძოლის დროს სომხები ხშირად თავს აფარებდნენ ტაოს, კლარჯეთის მეზობელ ძნელადმისადგომ მხარეს[109]. სავარაუდოა, რომ მათი ნაწილი — პრობიზანტიური ორიენტაციის სომხური არისტოკრატიული ოჯახები — ტაოდან გადავიდა და კლარჯეთში დამკვიდრდა, რომელიც ბიზანტიის დასაყრდენს წარმოადგენდა ქართლსა და მთლიანად კავკასიაში სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. დავით ხოშტარია თვლის, რომ ძნელი წარმოსადგენია მათ მხარის მოსახლეობაში არსებითი ეთნიკური ცვლილება გამოეწვიათ, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი აქტიურად ჩანდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში[108].

დავით ხოშტარია თვლის, რომ V-VI საუკუნეებში ინტენსიურად მიმდინარეობდა კლარჯეთის მცირერიცხოვანი სომხური მოსახლეობის დაახლოვება მკვიდრ მოსახლეობასთან, თუმცა ეს პროცესი დასრულდა არა „გასომხებით“, არამედ პირიქით, სომეხთა ეთნოკულტურული ცვლილებით. მისივე აზრით, ეს ტენდენცია განსაკუთრებით VII საუკუნეში გაძლიერდა, სომხურ–ქართული საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, როდესაც რელიგიურად ძირითად ეთნიკურ ბირთვს მოწყვეტილი მართლმადიდებელი (დიოფიზიტი) სომხები კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდნენ ეთნიკურად განსხვავებულ, მაგრამ ერთმორწმუნე ქართველებს. დავით ხოშტარია მცდარად მიიჩნევს ნიკო მარის მოსაზრებას, რომ სომხების ქართიზაცია მხოლოდ VIII საუკუნეში დაიწყო და XI საუკუნემდე გაგრძელდა. მისი აზრით, ეს პროცესი უკვე VII საუკუნისათვის დასრულებული იყო. აქვე იგი არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სოფლებსა თუ თემებში სომხებს უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეენარჩუნებინათ საკუთარი ეთნიკური ელემენტები, მათ შორის მშობლიური ენა[110].

ადრეული შუა საუკუნეების კლარჯეთის ეთნიკური შემადგენლობის გამოკვლევაში მეცნიერები ითვალისწინებენ ტოპონიმიკასაც. ძველი წერილობითი წყაროებით კლარჯეთში სულ ორი სომხური წარმომავლობის ტოპონიმია დადასტურებული — შატბერდი და მიძნაძორი (ამ სიტყვაშიც მიჯნა ქართულია). ქართველური ტოპონიმები გაცილებით მეტია. პავლე ინგოროყვას მოჰყავს 50–ზე მეტი გეოგრაფიული სახელწოდება, რომელთაგან, ერთი–ორი გამონაკლისის გარდა, ყველა ქართველურ ენობრივ სამყაროს ეკუთვნის[111]. რ. ედვარდსი აღნიშნავს, რომ შატბერდი არის ერთ–ერთი თითო–ოროლა ამოცნობად სომხურ ტოპონიმთაგანი კლარჯეთში[112]. ქართულ ტოპონიმთა უმრავლესობა სომხურთან შედარებით, მოწმობს იმას, რომ კლარჯეთის სომხობა გაცილებით ნაკლები იყო ქართველურ მოსახლეობაზე.

IX-X საუკუნეები

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტაო-კლარჯეთის სამეფო.

IX საუკუნიდან სამხრეთი საქართველოს და მათ შორის კლარჯეთის ისტორიაშიც ახალი ეპოქა იწყება. საუკუნის დასაწყისშივე აშოტ ბაგრატიონის მიერ სამხრეთ საქართველოში დაარსდა ტაო-კლარჯეთის სამეფო, რომელიც უშუალოდ ტაოსა და კლარჯეთის გარდა მოიცავდა სხვა ისტორიულ რეგიონებსაც, შავშეთს, კოლას, არტაანსა და სხვა. ამ მოვლენის სხვადასხვაგვარი დათარიღება არსებობს — ზოგიერთი მეცნიერი სამეფოს დაარსების თარიღად 809 წელს მიიჩნევს[113], სხვები კი 813 წლის ახლო ხანებზე საუბრობენ[114]. სუმბატ დავითის ძის მიხედვით აშოტი თავიდან ქართლის ერისმთავარია. იგი იბრძოდა არაბთა წინააღმდეგ, თუმცა დამარცხდა და იძულებული გახდა, კლარჯეთში გაქცეულიყო, რომელიც ბიზანტიის იმპერიის გავლენის სფეროში იყო მოქცეული[113]. ახალი სამეფოს დაარსების შემდეგ აშოტმა კურაპალატის ტიტულიც მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ აშოტმა ისარგებლა სახალიფოში დაწყებული არეულობით და არაბების წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძო. ბრძოლები წარმატებული გამოდგა და 820 წლისათვის ტაო-კლარჯეთის სამეფოს უკვე ქართლიც ექვემდებარებოდა[115].

აშოტ კურაპალატს უკავშირდება კლარჯეთის ყველაზე დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები. სუმბატ დავითის ძე განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ აშოტმა აღადგინა არტანუჯის ციხე, ააშენა მის ქვეშ ქალაქი, თვითონ ციხეში კი — თავისი საცხოვრებელი სასახლე და წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის კარის ეკლესია, რომელშიც საფლავიც გაიმზადა[116]. აშოტმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა კლარჯეთში მოღვაწე ბერებთან, უპირველეს ყოვლისა გრიგოლ ხანძთელთან. მის პერიოდში კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობამ განსაკუთრებით დიდი მასშტაბები შეიძინა. თვითონ აშოტმა ამ თვალსაზრისით ბევრი ვერ მოასწრო, თუმცა საფუძველი ჩაუყარა კლარჯეთის ბერ–მონაზვნებსა და საერო ხელისუფლებას შორის ურთიერთობას, რომელსაც მისი შთამომავლები მტკიცედ იცავდნენ[117] (ამ პერიოდის სამონასტრო აღმშენებლობის შესახებ იხილეთ ამავე სტატიის სექცია — გრიგოლ ხანძთელის პერიოდი).

სუმბატ დავითის ძის მიხედვით, 826 წელს აშოტი არაბებთან ბრძოლაში დაიღუპა[118]. ამ მოვლენის თარიღად ზოგიერთი მეცნიერი 836 წლის ახლო ხანებსაც მიიჩნევს[119][120]. აშოტს სამი ძე დარჩა — ადარნასე, ბაგრატი და გუარამი. ტაო-კლარჯეთის სამეფოს თავიდან სამივე ერთად განაგებდა, სანამ შუათანა ძმამ ბაგრატმა არ მიიღო კურაპალატის ტიტული იმპერატორისაგან. მიუხედავად ამისა, ტაოსა და კლარჯეთში იგი არ ყოფილა ისეთი ერთპიროვნული მმართველი, როგორიც აშოტიგიორგი მერჩულე სამივე ძმას „ხელმწიფეებად“ იხსენიებს[121].

აშოტ კურაპალატის მიერ ტაო კლარჯეთის სამეფოში შემოერთებული ტერიტორიები (მათ შორის ქართლიც) მისი სიკვდილის შემდეგ მალე დაიკარგა. არაბთა სარდალმა ხალილ იბნ იაზიდმა 829–830 წლებში ქართლი დაიპყრო[122]. 850–იან წლებში არაბთათვის ქართლის დათმობა საბოლოოდ გაფორმდა ბაგრატ კურაპალატსა და თბილისის ამირას შეთანხმებით, რის შედეგადაც ტაო-კლარჯეთის სამეფო ანუ ქართველთა სამეფო კვლავ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს პროვინციებით შემოიფარგლა. კლარჯეთის ბაგრატიონები ერთი პერიოდი ხარკსაც უხდიდნენ არაბებს, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქვეყანაში ეკონომიკური და სულიერი აღმავლობის პროცესი არ შეჩერებულა. პირიქით, სწორედ ესაა კლარჯეთის სამონასტრო აღმშენებლობის ყველაზე ინტენსიური პერიოდი[123].

888 წელს ადარნასე II–მ „ქართველთა მეფის“ ტიტული მიიღო, ხოლო სამეფოს „ქართველთა სამეფო“ ეწოდა. ერთიანი საქართველოს სამეფოს შექმნის თარიღად ითვლება 978 წელი, როდესაც „ქართველთა მეფემ“ (აღმოსავლეთ საქართველო) ბაგრატ III-მ მიითო აფხაზეთის ტახტი. ამ პერიოდში კლარჯეთი ერთიანი სამეფოს გარეთ იყო დარჩენილი. ბაგრატმა იგი 1001 წელს შემოიერთა. ამ დროიდან კლარჯეთის ისტორია ერთიან საქართველოსთანაა დაკავშირებული[113].

XI-XVI საუკუნეები

XI საუკუნიდან კლარჯეთში აღმშენებლობით სამუშაოებს მთავარი დასაყრდენი — ბაგრატიონთა მხარდაჭერა გამოეცალა. 1001 წელს გარდაიცვალა დავით კურაპალატი, 1008 წელს — გურგენი. გაერთიანებული საქართველოს სამეფო კარი კლარჯეთიდან დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში გადავიდა. ბაგრატიონთა კლარჯულმა შტომ ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა — მათი ნაწილი ბაგრატ III-მ ციხეში გამოამწყვდია, სხვებმა კი გაქცევით უშველეს თავს. სამხრეთ საქართველოში ბაგრატიონები აღარ დარჩნენ, რაც თავიდანვე აისახა ამ რეგიონის კულტურულ ცხოვრებაზე[124].

XI საუკუნის II ნახევრიდან საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. მესოპოტამიაში დამკვიდრებული თურქ-სელჩუკები თანდათან კავკასიისა და მცირე აზიისაკენ მოიწევდნენ. 1065 წელს სულთან ალფ-არსლანის მეთაურობით ჯავახეთი დაარბიეს, 1068 წელს კი კახეთი და ქართლი. ამ პერიოდში თურქ-სელჩუკები უკვე ღრმად იყვნენ შეჭრილი მცირე აზიაში. 1071 წლის აგვისტოში მათ მანასკერტის ბრძოლაში დაამარცხეს ბიზანტიის არმია, რამაც ახლო აღმოსავლეთში ძალთა თანაფარდობა მკვეთრად შეცვალა. 1080 წელს სელჯუკები სულთან მელიქ-შაჰის მეთაურობით მეორედ შემოესივნენ საქართველოს და თითქმის ყველა კუთხე დალაშქრეს. კლარჯეთი, რომელშიც სამი საუკუნის განმავლობაში მუსლიმი დამპყრობელი არ შესულა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, „... კლარჯეთი ზღვის პირამდის ... აღივსო თურქითა“[125]. აღსანიშნავია რომ იმავე ისტორიკოსთან მელიქ-შაჰი საკმაოდ კარგადაა დახასიათებული და ქრისტიანთა სიყვარულიც კი მიეწერება[126]. თუმცა, როგორც იმავე ნაწარმოებში ირკვევა, დამპყრობლები არ გამოირჩეოდნენ გულმოწყალებით[127]:

ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი, და არტანუჯი, და უდაბნონი კლარჯეთისანი.

მეცნიერები ზუსტად ვერ ამბობენ, კონკრეტულად რა ზარალი მიადგა კლარჯეთს, მის სამონასტრო კომპლექსებს, თუმცა ფაქტია, რომ მონასტერთა გადაწვას უმრავლეს შემთხვევაში ნგრევა არ გამოუწვევია (ხანძთა, შატბერდი, ოპიზა). თურქ-სელჩუკების ბატონობა კლარჯეთში მეტნაკლები ინტენსივობით XII საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა, სანამ დავით აღმაშენებელმა არ განდევნა ისინი[128].

XII საუკუნიდან, როდესაც კლარჯეთი უკვე გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ნაწილს წარმოადგენს, კლარჯეთის აქტუალურობა, როგორც ჩანს დაიკარგა. ეს ერთი მხრივ გამოწვეული იყო სამეფო კარის კლარჯეთიდან ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ტფილისში გადასვლით; ხოლო მეორე მხრივ იმით, რომ ბაგრატიონები მეტ ყურადღებას ქვეყნის შიდა, ცენტრალურ რეგიონებს უთმობდნენ. XII–XIII საუკუნეების ეკლესიები კლარჯეთში ცნობილი არაა. შემდგომი პერიოდიდანაც XVI საუკუნემდე აქ მხოლოდ ორიოდე უმნიშვნელო საკულტო ნაგებობაა[128].

XVI საუკუნე და შემდგომი პერიოდი

ამიერკავკასიის ტერიტორიების განაწილება ყარსის ხელშეკრულების შემდეგ; ისტორიული კლარჯეთი მოქცეულია თურქეთში (რუკაზე მუქი მეწამული ფერით), ართვინის პროვინციაში

1551 წელს კლარჯეთი სამხრეთ საქართველოს სხვა მხარეებთან ერთად ოსმალებმა დაიპყრეს. ამ დროიდან კლარჯეთის (და ზოგადად საათაბაგოს) ქართული მოსახლეობა გამუსულმანების გზაზეა დამდგარი. ბერი ეგნატაშვილის მითითებით, XVII საუკუნის I ნახევრიდან

სრულიად არღარა იპოებიან მუნ მორწმუნეთაგანი, თჳნიერ კლარჯეთისა მსხემთა
„მუნ“–ში იგულისხმება ყოფილი საათაბაგო[129][130]

რუსეთ-თურქეთის 1877–1878 წლების ომის შემდეგ, ბერლინის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ისტორიული სამხრეთ საქართველოს დიდი ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მათ შორის იყო კლარჯეთის ნაწილიც. კლარჯეთის ეს ნაწილი ბათუმის ოლქის დაქვემდებარებაში იყო და მოიცავდა ართვინის ოკრუგს, რომელიც ბათუმის ოლქის სხვა ოკრუგებთან ერთად სამხედრო და ადმინისტრაციულ საქმეებში კავკასიის არმიის მთავარსარდალს ექვემდებარებოდა. ადგილობრივ მმართველობას სათავეში ბათუმის სამხედრო გუბერნატორი ედგა. 1883-1903 წლებში ისტორიული კლარჯეთის ტერიტორია (მთლიანად ბათუმის ოლქთან ერთად) ქუთაისის გუბერნიას დაექვემდებარა. 1903 წლიდან კი კვლავ ცალკე გამოყოფილი ბათუმის ოლქის შემადგენლობაშია[131].

კლარჯეთი 1918 წლის 22 აპრილს ახლად დაარსებული ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის ფარგლებში მოექცა, მისი დაშლის შემდეგ კი, იმავე წლის 26 მაისიდან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაექვემდებარა. 1918 წლის 27 აგვისტოს ბრესტ-ტილოვსკის ხელშეკრულებით რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თანხმობის გარეშე უარი თქვა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებზე, მათ შორის ისტორიულ კლარჯეთზეც. 1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთსა და ამიერკავკასიის დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის ხელი მოეწერა სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც ყარსის ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი. ხელშეკრულებით თურქეთმა მიიღო სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის კლარჯეთის ისტორიული რეგიონიც — ართვინის პროვნიციის სახით. 1921 წლის ხელშეკრულებით საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის დადგინდა ის საზღვარი, რომელიც დღესაც მოქმედებს საქართველოსა და თურქეთს შორის[132].

მშენებლობა და არქიტექტურა

ვახტანგ გორგასლის პერიოდი

ვახტანგის მითითებით არტავაზის მიერ აღდგენილი ახიზის ციხე დღეს

კლარჯეთში პირველი მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას გვაძლევს ჯუანშერი. ეს მშენებლობები ვახტანგ გორგასალსა და მის ძუძუმტეს, კლარჯეთის ერისთავ არტავაზს უკავშირდება. ჯუანშერის გადმოცემით მეფემ და ერისთავმა ერთად შემოიარეს კლარჯეთის ახლადშემოერთებული მხარე და დაგეგმეს დიდი სამშენებლო სამუშაოები. როგორც ირკვევა, ამ პერიოდში კლარჯეთში ორი დიდი ციხე იყო — თუხარისი და ახიზა. ვახტანგის ბრძანებით არტავაზმა განაახლა ახიზის ციხე და ააშენა ახალი არტანუჯის ციხე. ჯუანშერი არაფერს წერს მეფისა და ერისთავის მიერ მონახულებული ეკლესიების შესახებ, რის საფუძველზეც დავით ხოშტარია ვარაუდობს, რომ კლარჯეთში ამ პერიოდში მხოლოდ ერთი ეკლესია იყო, რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მირდატ მეფეს უნდა აეშენებინა თუხარისის ციხეში[82]. ვახტანგ გორგასალმა, როგორც ჩანს, იზრუნა საეკლესიო მშენებლობზეც; მისი მითითებით არტავაზმა ააგო ოპიზის მონასტერი და დაბა მერის, შინდობისა და ახიზის ეკლესიები[83].

ბერთის ოთხთავის ერთ-ერთი მინაწერი თუხარისის წმინდა გიორგის ეკლესიის აშენებას ასევე ვახტანგ გორგასალს უკავშირებს. რ. ბლეიკი და ს. დერ ნერსესიანი მინაწერის გაკეთების თარიღს XII-XVI საუკუნეებს შორის აქცევენ[133]. მათი შენიშვნით, ეს არის თუხარისის ეკლესიის დაარსების ლეგენდა. მინაწერის მიხედვით ეკლესია გორგასილის დროს აუგიათ. როგორც ჩანს, ლეგენდამ, რომელიც გვიანდელ მინაწერში აისახა, ვახტანგის სახელს დაუკავშირა თუხარისის ძველი, ჯერ კიდევ IV საუკუნეში აგებული ეკლესია. ამის საფუძველი შესაძლოა ის გახდა, რომ ჯუანშერის ცნობით ვახტანგის ერისთავი არტავაზი ბევრს აშენებდა კლარჯეთში. დავით ხოშტარია არ გამორიცხავს, რომ მას თუხარისის ძველ ეკლესიაზე მართლაც ჩაეტარებინა რაიმე განახლებითი სამუშაოები ან სულაც თავიდან აეშენებინა ეკლესია. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ჯუანშერი ამის შესახებ არაფერს წერს — მის მიხედვით, ვახტანგი და არტავაზი მხოლოდ ციხის დათვალიერებით შემოიფარგლნენ[134].

ჯუანშერის ცნობა არტავაზის მიერ V საუკუნის მეორე ნახევარში ოპიზის მონასტრის დაარსების შესახებ მკვლევართა აბსოლუტურ უმრავლესობას ერთხანს სარწმუნოდ არ მიაჩნდა. ეს მოსაზრება გამომდინარეობს იმ გავრცელებული ტრადიციული შეხედულებიდან, რომ საქართველოში VI საუკუნის შუა ხანებამდე, ასურელი მამების მოსვლამდე საქართველოში მონასტრები არ არსებობდა[135][136]. კორნელი კეკელიძე ამ თემაზე წერდა[137]:

არავითარი საბუთი იმისა, რომ ჩვენში ეგრეთ წოდებული ათცამეტ ასურელ მამათა მოსვლამდე მონასტრები, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, ყოფილიყო, არ არსებობს. პირველი მონასტრები ჩვენში დააარსეს აღნიშნულმა მამებმა.

თანამედროვე მეცნიერებაში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია. დავით ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბოლო ხანებში გამოვლენილი მასალები სხვაგვარად წამოაჩენენ ქართული მონასტრების ადრეულ ეტაპს და საფუძველი არ არსებობს ეჭვისა ჯუანშერის ამ ცნობაზე[138]. თანამედროვე მკვლევართაგან ოპიზის მონასტრის დაარსების ვახტანგის ეპოქით დათარიღებას უარყოფს ვახტანგ ჯობაძე[139].

VI-VIII საუკუნეები

პარეხის მონასტერი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პარეხი.

კლარჯეთის მხარეში VI-VII საუკუნეების სამშენებლო სამუშაოების შესახებ ცნობები პრაქტიკულად არ მოიპოვება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ დროს უნდა დაარსებულიყო პარეხის მონასტერი, მდინარე დუგანალას ხეობაში, ბერთის ზემოთ. მკვლევართა შორის ასეთი მოსაზრების საფუძველს იძლევა „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, რომელშიც ნათქვამია, რომ წმინდა შიოს ერთ–ერთი მოწაფე მიქაელი ჩავიდა კლარჯეთში, ერთი ხანი დაჰყო ოპიზაში და შემდეგ

აღაშენა უწყებითა საღმრთოჲთა მცირე ეგუტერი და შესაკრებელი მცირეთა ძმათაჲ ადგილსა კლდოანსა და უვალსა კაცთაგან, რომელსა პარეხ უწოდიან.[140]

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით კი

რაჟამს ხანცთაჲ იქმნა სახელოვან მადლითა და სიხარულევან სულიერთა შვილთაგან, მას ჟამსა მიძნაძოროჲთ ხანცთად მოვიდა დიდი მეუდაბნოე მიქელ მამაჲ, რომელიცა დაემკჳდრა პარეხთა, რამეთუ იყო იგი მეგობარ ნეტარისა მამისა გრიგოლისა. და ეძიებდა მარტოდ მყოფებასა და პოვა თავისა თჳსისა სამკჳდრებელი ბერთისა პარეხთა.

პარეხი მონასტრის დაარსების თარიღი მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მათი ნაწილი, რომელიც „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ აღწერილ მოვლენებს VI-VII საუკუნეებით ათარიღებს[141][142][143][144][145][146][147], ფიქრობს, რომ პარეხის მონასტერი მართლაც წმინდა შიოს მოწაფე მიქაელმა დააარსა VI საუკუნის შუა ხანებში. მკვლევართა მეორე ჯგუფი, რომელიც სერაპიონ ზარზმელს IX საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს[148][149][150][151][152][153], თვლის, რომ ორივე თხზულებაში მოხსენიებული მიქაელი ერთი და იგივე პირია, გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე; შესაბამისად VI-VII საუკუნეებში პარეხი არ არსებობდა.

VII საუკუნის მეორე ნახევრიდან და VIII საუკუნიდან კლარჯეთს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მურვან ყრუს ლაშქრობებმა თუ ქოლერის ეპიდემიამ (იხილეთ ქვეთავი VIII საუკუნე). სამონასტრო, საეკლესიო თუ სხვა სახის მშენებლობები ამ პერიოდში საერთოდ არაა ცნობილი. უფრო მეტიც, ამ პერიოდში დაიცალა ოპიზის მონასტერი, რომელიც 750–760 წლებში კვლავ განახლდა. VIII საუკუნის მიწურულისათვის, როდესაც კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელი ჩავიდა, მას ოპიზის გარდა სხვა მონასტერი არ დახვედრია[154].

„სომხური მონასტრები“

სამეცნიერო ლიტერატურაში ერთ დროს გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ არაბობამდელ პერიოდში კლარჯეთში სომხებმა რაღაც მონასტრები დააარსეს. ეს აზრი მომდინარეობს ნიკო მარისაგან, რომელიც თვლიდა, რომ VI-VII საუკუნეებში კლარჯეთის მოსახლეობა სომხური ემიგრაციული ტალღის გამო „გასომხდა“. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში ნიკო მარი გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების მოღვაწეობის დასაწყისის შესახებ წერდა[155]:

ქართველ ბერებს კლარჯეთში სომხური სამონასტრო ნაგებობები რაღაც ნგრევის შემდეგ სრულიად გაპარტახებული და მოშლილი დახვდათ.

VIII საუკუნის შუახანებში ოპიზის მონასტრის აღდგენასთან დაკავშირებით კი ნიკოლოზ მარი აღნიშნავდა[76]:

პირველი ქართული სამონასტრო კოლონია კლარჯეთში დაფუძნდა ერთ–ერთი სომხური სავანის ახალთახალ ნაფერფლარზე (на одном из совершенно свежих пепелищ армянских обителей)

მოგვიანებით იგივე აზრი ჩამოაყალიბა კორნელი კეკელიძემაც[156]:

სომხებს გაუშენებიათ მონასტრები, როგორიცაა ოპიზა, ხანძთა, იშხანი, მიძნაძორი, შატბერდი და სხვა, სადაც კულტურულ–შემოქმედებითი და ლიტერატურული მოღვაწეობა დუღდა და გადმოდუღდა.

დავით ხოშტარია შენიშნავს, რომ კორნელი კეკელიძე იშხნის მონასტერს შეცდომით კლარჯეთის მონასტერთა გვერდით მოიხსენიებს, მაშინ როდესაც იგი ტაოში მდებარეობს. ცნობილია და თანამედროვე მეცნიერებშიც კამათს არ იწვევს ის ფაქტი, რომ იშხანში პირველი კათედრალი დიოფიზიტმა მართლმადიდებელმა სომეხმა ნერსემ ააგო VII საუკუნეში, თუმცა დავით ხოშტარიას აღნიშვნით, ტაოსა და კლარჯეთის არევა არ შეიძლება, რადგან IX საუკუნემდე მათი ისტორიული ბედი სხვადასხვა იყო[157]. უშუალოდ კლარჯეთში ამ პერიოდის სომხური მონასტრების ნიკო მარისეული მოსაზრება თანამედროვე მეცნიერებაში უარყოფილია[158]. არ მოიპოვება არც ერთი წერილობითი ცნობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებდა სომხების მიერ კლარჯეთში თუნდაც ერთი მონასტრის აგების ფაქტს. ასევე არ არსებობს კლარჯეთში იმხანად შემქნილი არანაირი სომხური ხელნაწერი ან სხვაგვარი კვალი სამონასტრო ცხოვრებისა[157].

ბოლო ხანებში კლარჯეთისა და ტაოს არქიტექტურის ისტორიის ფალსიფიკაციამ განსაკუთრებით ტენდენციური ხასიათი მიიღო. გაჩნდა პუბლიკაციები, რომლებშიც კლარჯეთი ისტორიული სომხეთის ნაწილადაა გამოცხადებული, ხოლო სამხრეთი საქართველოს IX–X საუკუნეების კულტურა — „სომხურ–ქალკედონიტურად“[159]. ამგვარ პუბლიკაციებში, როგორც დავით ხოშტარია აღნიშნავს, არქიტექტურული ასპექტი უკანა პლანზეა, ვინაიდან ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით ტაო–კლარჯეთის არქიტექტურის სომხურად გამოცხადების აბსურდულობა ყველაზე მეტადაა თვალში საცემი[160].

გრიგოლ ხანძთელის პერიოდი

ხანძთის მონასტერი დღეს
დოლისყანის მონასტერი დღეს

ყველაზე ფართომასშტაბიანი აღმშენებლობა კლარჯეთში IX საუკუნიდან იწყება და დაკავშირებულია შუა საუკუნეების საქართველოს ყველაზე დიდი სამონასტრო მოძრაობის ინიციატორის — გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობასთან. გრიგოლი კლარჯეთში ქართლიდან 780 წლის ახლო ხანებში ჩავიდა[161]. მას თან ახლდა სამი თანამგზავრი, საბა, თეოდორე და ქრისტეფორე, რომლებმაც შემდგომში თავისი წვლილი შეიტანეს სამონასტრო მშენებლობაში. მათი თავდაპირველი თავშესაფარი ოპიზის ახლადაღგენილი მონასტერი იყო, სადაც გრიგოლმა ორი წელი დაჰყო. ორი წლის შემდეგ იგი ანაქორეტი ბერის, ხუედიოსის ჩაგონებით აარსებს ახალ მონასტერს — ხანძთას[162].

გიორგი მერჩულეს თხზულება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ჩანან საერო ხელისუფალნი, გაბრიელ დაფანჩული და აშოტ კურაპალატი, რომელთა დახმარებითაც მოხერხდა სამონასტრო მშენებლობების ფართოდ გაშლა. აშოტმა მჭიდრო კავშირები დაამყარა კლარჯეთში მოღვაწე ბერებთან, განსაკუთრებით კი გრიგოლ ხანძთელთან. ამის შემდეგ სამონასტრო მშენებლობა კლარჯეთში განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს იძენს. აშოტის მმართველობის პერიოდში აზნაურ გაბრიელ დაფანჩულის შემწეობით აშენდა ქვის ახალი ეკლესია ხანძთაში და დაარსდა დედათა მონასტერი გუნათლის ვანი. გუნათლეს შავშეთში მდებარე სოფელ გურნათელთან აიგივებენ, სადაც სავარაუდოდ IX საუკუნის მცირე დარბაზული ეკლესიაა შემონახული. სხვა ვერსიით გუნათლის ვანი არის გვიანდელი ნუკა-საყდარი. ეს მონასტერი, როგორც ჩანს, პატარა და ნაკლებადცნობილი იყო, რადგან გიორგი მერჩულე შემდეგ მის შესახებ არაფერს ამბობს და არც „ათორმეტ უდაბნოთა“ შორის იგულისხმება[117].

ამავე ხანებში ვარაუდობენ მერეს დედათა მონასტრის დაარსებასაც. მერეში ეკლესია ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს არტავაზმა ააგო. შესაძლოა, ეს ეკლესია მონასტრის დაარსებისასაც მთელი ყოფილიყო. გიორგი მერჩულე არაფერს ამბობს მერეში ახალი ეკლესიის მშენებლობაზე, უბრალოდ აღნიშნავს, რომ დედა ფებრონია „მოიწია სამცხით და დაემკჳდრა მერეს შინა“[163]. ამის შემდეგ ჰაგიოგრაფი უკვე მერეს მონასტერს იხსენიებს, რომელიც, როგორც ჩანს ფართოდ იყო ცნობილი. კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთა“ შორის ეს ერთადერთი დედატა მონასტერია. მისი ზოგადი მდებარეობა ცნობილია, თუმცა ნამონასტრალი ნაპოვნი არაა[117].

IX საუკუნის შუახანებში ბაგრატ კურაპალატმა და მისმა ძმებმა გრიგოლ ხანძთელის თხოვნით მოიარეს კლარჯეთის მონასტრები. ამ მოგზაურობის შესახებ გიორგი მერჩულეს თხზულებაში გვხვდება ახალი მონასტრები, რომლებიც ნაწარმოებში მანამდე არ ჩანს[164]. კერძოდ, ბაგრატიონების მიერ მონახულებულ მონასტერთა შორის ნახსენებია ჯმერკის ღმრთისმშობელი, ბერთის ღმრთისმშობელი და დაბის წმინდა გიორგი. გარდა ამისა, ხანძთაში შეჩერებულ ხელმწიფეთა სანახავად მისულან მიძნაძორის წინამძღვარი „დიდი მამაჲ“ დავითი და მისი მოწაფეები — წყაროსთავის მონასტრის მაშენებელი ილარიონი და ბარეთელთას მონასტრის მაშენებელი ზაქარია. ყველა ეს მონასტერი 830–840–იან წლებში დაარსდა, მოგვიანებით კი მათ დაემატა პარეხისა და დოლისყანის მონასტრები[165].

ამგვარად, დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში კლარჯეთში დაარსდა ან განახლდა თორმეტი დიდი მონასტერი, კლარჯეთის „ათორმეტი უდაბნოს“ სახელით ცნობილი: ოპიზა, ხანძთა, მერე, შატბერდი, მიჯნაძორი, წყაროსთავი, ბარეთელთა, ბერთა, ჯმერკი, დაბა, პარეხი და დოლისყანა. შუა საუკუნეების ავტორები ამ მონასტრებს აღფრთოვანებით „საქართველოს სინად“ მოიხსენიებენ. ყოველ მონასტერს საკუთარი წინამძღვარი ჰყავდა, თუმცა ისინი ამასთანავე ორგანიზაციულ ერთობასაც წარმოადგენდნენ, ნიკო მარის გამოთქმით „ბერების რესპუბლიკას“ (монашеская республика), რომელსაც სათავეში ედგა გრიგოლ ხანძთელი. 830–იანი წლებიდან იგი კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთა“ არქიმანდრიტად იწოდება[166].

დღესდღეობით საკმაოდ მცირე მასალაა შემორჩენილი იმისთვის, რომ მეცნიერულ დონეზე მოხდეს გრიგოლ ხანძთელის დროინდელი არქიტექტუის შესწავლა. თავდაპირველი ნაგებობები მონასტების უმრავლესობაში დღემდე არაა მოღწეული; ისინი ან საფუძვლიანადაა გადაკეთებული ან მთლიანად შეცვლილია ახლით. სავარაუდოდ, თავდაპირველი 830–840–ანი წლების ეკლესიების შედარებით მოზრდილი ნაშთები შემონახულია მხოლოდ წყაროსთავსა და მიჯნაძორში[166].

XI საუკუნის შემდეგ

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მამაწმინდის ეკლესია.

XI საუკუნის დასაწყისიდანვე სამშენებლო აქტივობა კლარჯეთში მკვეთრად კლებულობს, საუკუნის მეორე ნახევრიდან კი, თურქ-სელჩუკების შემოსევების შედეგად თითქმის საერთოდ წყდება. ამ შემოსევებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა უკვე არსებულ ეკლესიებსა და მონასტრებსაც, რომლებიც გადაწვეს, თუმცა ხანძარს, როგორც ჩანს ნგრევა არ მოჰყოლია[167].

კლარჯეთში არ არის ცნობილი XII-XIII საუკუნეების ეკლესიებიც. მომდევნო პერიოდიდან კი სულ რამდენიმე საკულტო ნაგებობაა გამოვლენილი. მათ შორისაა სოფელ ტინძოთის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნეში მეჩეთად გადაკეთდა; ასევე მამაწმინდის ეკლესია მახლობლად. მამაწმინდის არქიტექტურა ცხადად უჩვენებს კლარჯეთის სამშენებლო ხელოვნების დაქვეითებას. მას XVI საუკუნით ათარიღებენ[168].

გარდა ამ მცირე საეკლესიო მშენებლობისა კლარჯეთის სოფლებში, სხვადასხვა მცირემასშტაბიანი სამუშაობი მიმდინარეობდა ასევე გრიგოლ ხანძთელის პერიოდის მონასტრებშიც. XIV-XVI საუკუნეებში აიგო სამრეკლოები ოპიზასა და ხანძთაში, შატბერდის ეკლესიას XIII საუკუნეში სამხრეთიდან მიაშენეს ეგვტერი[130].

ოსმალების მიერ 1551 წელს კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ მონასტრები მაინც განაგრძობდნენ არსებობას. ისინი საბოლოოდ დაიცალა XVII საუკუნის მეორე ნახევარში ან XVIII საუკუნეში, როდესაც გაუქმდა ანჩისა და ტბეთის კათედრები და მთლიანად მოიშალა შავშეთ–კლარჯეთის საეკლესიო ორგანიზაცია[130].

ლიტერატურა

ქართული
უცხოური
  • (რუსული) Д. Бакрадзе, Об археологической поездке совершенной в 1879 году по поручению академии Наук в Чорохский бассеин, Батум, Артвин и Артанудж, Записки Императорской Академии Наук, т. 37, кн.1, С.-Петербург, 1880
  • (რუსული) Г. Казбек, Три месяца в Турецкой Грузии, Записки Кавказского отделения Императорского русского географического общества, кн. X, ч. I, Тифлис, 1876, 1-140
  • (რუსული) П. Уварова, Путевые записки. Кавказ: Аджария, Шавшетия, Посховский участок, ч. II, Москва, 1891, გვ. 300 და შემდგომნი
  • (რუსული) А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, Материалы по Археологии Кавказа, вып. III, Москва, 1893
  • (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911
  • (რუსული) Е. Такаишвили, Христианские памятники, Экскурсия 1902 года, материалы по археологии Кавказа, вып. XII, Москва, 1909
  • (რუსული) Е. Такаишвили, Археологическая экспедициа 1917-го года в южние провинции Грузии, Тбилиси, 1952
  • (რუსული) В. Беридзе, Архитектура Тао-Кларджети, Тбилиси, 1981
  • (რუსული) П. Закарая, Зодчество Тао-Кларджети, Тбилиси, 1990
  • (რუსული) Житие св. Григория Хандзтииского, Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С-Петербург, 1911
  • (ინგლისური) W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Savseti, Stuttgart, 1992
  • (ინგლისური) D. Winfield, Some Early Mediaval Figure Sculpture from North-East Turkey, Journal of the Warburg and Courteauld Institutes, vol. 31, 1968
  • (ინგლისური) R. W. Edwards, The Fortifications of Artvin: A Second Preliminary Report on the Marchland of Northeast Turkey, Dumbarton Oaks Papers 40, 1986
  • (გერმანული) B. Baumgartner, Drei Fergessene Georgische Kloester in der Nordostturkei: C'q'arostavi, Nuka Kilise, Miznazori, Revue des études géorgiennes et caucasiennes 8-9, 1992-1993
  • (გერმანული) M. Kadiroğlu, Untersuchungen am mittelalterlichen georgischen Baudenkmälern in Nordost-Anatolien, Georgica, Zeitschriften für Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasiens, H. 22, 1999
  • (გერმანული) K. Koch, Wanderungen im Oriente waerend der Jahre 1843 und 1844, Reise im pontische Gebirge und tuerkische Armenien, Weimar, 1846, გვ. 190–194
  • (ფრანგული) J.-M. Thierry, Tipographie et état actuel des monuments géorgiens en Turquie orientale, Revue des études géorgiennes et caucasiennes 5, 1989
  • (ფრანგული) N. et J.-M. Thierry, Notes d'un voyage en Géorgie turque, Bedi kartlisa: Revue de karthvélologie, vol. VIII-IX, No 34-35, 1960
  • (ფრანგული) N. et. J.-M. Thierry, Notes d'un nouveau voyage en Géorgie turque, Bedi Karthlisa: Revue de karthvélologie, vol. XXV, 1968
  • (ფრანგული) M. Thierry, Topographie et état actuel des monuments géorgiens en Turquie orientale, Revue des études géorgiennes et caucasiennes 5, 1989
  • (ფრანგული) M. Thierry, Notes sur les monuments de la vallée du Karckal, Revue des études géorgiennes et caucasiennes 8-9, 1992-1993
  • (ფრანგული) V. Beridʒe, Les monuments d'architecture du T'ao-K'larʒeti, Revue des études géorgiennes et caucasiennes, no 5, 1989
  • (თურქული) M. Kadiroğlu, Z. Karaca, T. Yazar, 1995 yılı Tao-Klardjeti yüzey araştırması, XIV Araştırma Sonuçları Toplantısı, t. 1, Ankara, 1996
  • (თურქული) M. Kadiroğlu, Z. Karaca, T. Yazar, Ortaçağ Gürcü mimarisi 1996 yılı yüzey araştırması, XIV Araştırma Sonuçları Toplantısı, t. 1. Ankara, 1998
  • (თურქული) M. Kadiroğlu, Z. Karaca, T. Yazar, Ortaçağ Gürcü mimarisi 1997 yılı yüzey araştırması, XIV Araştırma Sonuçları Toplantısı, t. 1. Ankara, 1999

სქოლიო

  1. დ. მუსხელიშვილი, ქსე, ტ. 5, გვ.544-545, თბ., 1980
  2. 2.0 2.1 2.2 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 13
  3. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 48
  4. (ფრანგული) J.-M. Thierry, Tipographie et état actuel des monuments géorgiens en Turquie orientale, Revue des études géorgiennes et caucasiennes 5, 1989, გვ. 144
  5. (ინგლისური) M. Kadiroğlu, The Architecture of the Georgian Church at Ishan, EUS - XXVIII, vol. 121, 1991, გვ. 2, 5, 6 და შემდგომნი
  6. (გერმანული) K. Koch, Wanderungen im Oriente waerend der Jahre 1843 und 1844, Reise im pontische Gebirge und tuerkische Armenien, Weimar, 1846, გვ. 190–194
  7. (რუსული) Д. Бакрадзе, Об археологической поездке совершенной в 1879 году по поручению академии Наук в Чорохский бассеин, Батум, Артвин и Артанудж, Записки Императорской Академии Наук, т. 37, кн.1, С.-Петербург, 1880
  8. (რუსული) Д. Бакрадзе, Записки о Батумской области, Известия Кавказского отделения Императорского русского географического общества, т. VI, 1879-1881, გვ. 153–167
  9. (რუსული) Г. Казбек, Три месяца в Турецкой Грузии, Записки Кавказского отделения Императорского русского географического общества, кн. X, ч. I, Тифлис, 1876, 1-140
  10. გ. ყაზბეგი, სამი თვე თურქეთის საქართველოში, ბათუმი, 1995
  11. (რუსული) П. Уварова, Путевые записки. Кавказ: Аджария, Шавшетия, Посховский участок, ч. II, Москва, 1891, გვ. 300 და შემდგომნი
  12. (რუსული) А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, Материалы по Археологии Кавказа, вып. III, Москва, 1893, გვ. 1–91, ტაბ. XXIII-XLVII
  13. Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911
  14. (რუსული) Ю. Марр, Поездка Н. Я. Марра в Южную Грузию, Тбилиси, 1949, გვ. 7–21. (ნ. მარის დღიურის სამეცნიერო მნიშვნელობის შესახებ)
  15. (რუსული) Е. Такаишвили, Христианские памятники, Экскурсия 1902 года, материалы по археологии Кавказа, вып. XII, Москва, 1909, გვ. 1–117
  16. ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა–ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938
  17. (რუსული) Е. Такаишвили, Археологическая экспедициа 1917-го года в южние провинции Грузии, Тбилиси, 1952
  18. გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი, ქართული არქიტექტურის გზები, ტფილისი, 1936, გვ. 88
  19. გ. ჩუბინაშვილი, ტაოსა და კლარჯეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები და მათ მიერ წამოჭრილი პრობლემები, საქ. სსრ. მეცნ. აკად საზ. მეცნ. განყ–ბის XXII სამეცნიერო სესია, მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები, თბილისი, 1946, გვ. 8–10
  20. (რუსული) В. Беридзе, Архитектура Тао-Кларджети, Тбилиси, 1981
  21. (ფრანგული) V. Beridʒe, Les monuments d'architecture du T'ao-K'larʒeti, Revue des études géorgiennes et caucasiennes, no 5, 1989, გვ. 169–202
  22. (რუსული) П. Закарая, Зодчество Тао-Кларджети, Тбилиси, 1990
  23. (ინგლისური) W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Savseti, Stuttgart, 1992
  24. (ფრანგული) N. et J.-M. Thierry, Notes d'un voyage en Géorgie turque, Bedi kartlisa: Revue de karthvélologie, vol. VIII-IX, No 34-35, 1960
  25. (ფრანგული) N. et. J.-M. Thierry, Notes d'un nouveau voyage en Géorgie turque, Bedi Karthlisa: Revue de karthvélologie, vol. XXV, 1968
  26. (ფრანგული) J.-M. Thierry, Topographie et état actuel des monuments géorgiens en Turquie orientale, Revue des études géorgiennes et caucasiennes 5, 1989
  27. (ფრანგული) J.-M. Thierry, Notes sur les monuments de la vallee du Karckal, Revue des études géorgiennes et caucasiennes 8-9, 1992-1993
  28. (ინგლისური) D. Winfield, Some Early Mediaval Figure Sculpture from North-East Turkey, Journal of the Warburg and Courteauld Institutes, vol. 31, 1968
  29. (ინგლისური) R. W. Edwards, The Fortifications of Artvin: A Second Preliminary Report on the Marchland of Northeast Turkey, Dumbarton Oaks Papers 40, 1986
  30. (გერმანული) B. Baumgartner, Drei Fergessene Georgische Kloester in der Nordostturkei: C'q'arostavi, Nuka Kilise, Miznazori, Revue des études géorgiennes et caucasiennes 8-9, 1992-1993
  31. (თურქული) M. Kadiroğlu, Z. Karaca, T. Yazar, 1995 yılı Tao-Klardjeti yüzey araştırması, XIV Araştırma Sonuçları Toplantısı, t. 1, Ankara, 1996
  32. (თურქული) M. Kadiroğlu, Z. Karaca, T. Yazar, Ortaçağ Gürcü mimarisi 1996 yılı yüzey araştırması, XIV Araştırma Sonuçları Toplantısı, t. 1. Ankara, 1998
  33. (თურქული) M. Kadiroğlu, Z. Karaca, T. Yazar, Ortaçağ Gürcü mimarisi 1997 yılı yüzey araştırması, XIV Araştırma Sonuçları Toplantısı, t. 1. Ankara, 1999
  34. (გერმანული) M. Kadiroğlu, Untersuchungen am mittelalterlichen georgischen Baudenkmälern in Nordost-Anatolien, Georgica, Zeitschriften für Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasiens, H. 22, 1999
  35. 35.0 35.1 ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 4
  36. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 9
  37. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 14
  38. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, ილ. აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1963, გვ. 82
  39. ნ. ხაზარაძე, საქართველოს ძველი ისტორიის ერთი ასპექტისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები, N 3 /414/, 1997, გვ. 391–392
  40. ნ. ხაზარაძე, ლეონტი მროველი და არიან–ქართლის ლოკალიზაციის საკითხი, Dedicatio: ისტორიულ–ფილოლოგიური ძიებანი, თბილისი, 2001, გვ. 324–326
  41. 41.0 41.1 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 15
  42. წიგნი 5, თავი 12, პარაგრაფი 9
  43. კლავდიოს პტოლემაიოსი, გეოგრაფიული სახელმძღვანელო, ცნობები საქართველოს შესახებ, თარგმანი და განმარტებები ნ. ლომოურისა, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32, თბილისი, 1955, გვ. 49
  44. (გერმანული) H. Kippert, Lehrbuch der alter Geographie, Berlin, 1878, გვ. 97
  45. Claudii Ptolemaei Geographia, e codicibus recognovit, prolegomenis, annotatione, indicibus, tabulis instruxit Carolus Müllerus, Vol. 1, 2, Parisiis, 1901, გვ. 937
  46. (გერმანული) I. Marquart, Eranšahr nach der Geographie des Ps. Moses Xorenac'i, Berlin, 1901, გვ. 116
  47. (გერმანული) H. Hübschmann, Die altarmenischen Ortsnamen, Straßburg, 1904, გვ. 212
  48. (რუსული) Г. Гафанцян, Историко-лингвистическое значение топономики древнех Армении, Москва, 1940, გვ. 19
  49. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბილისი, 1954, გვ. 427–432
  50. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბილისი, 1977, გვ. 60
  51. ნ. ხაზარაძე, საქართველოს ძველი ისტორიის ეთნო–პოლიტიკური პრობლემები, თბილისი, 1984, გვ. 54–55
  52. (რუსული) Г. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 114, 210, 212
  53. კლავდიოს პტოლემაიოსი, გეოგრაფიული სახელმძღვანელო, ცნობები საქართველოს შესახებ, თარგმანი და განმარტებები ნ. ლომოურისა, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32, თბილისი, 1955, გვ. 61
  54. თ. ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, თბილისი, 1976, გვ. 165–166
  55. თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, თბილისი, 1957, გვ. 188
  56. (გერმანული) I. Marquart, Eranšahr nach der Geographie des Ps. Moses Xorenac'i, Berlin, 1901, გვ. 168–169
  57. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბილისი, 1954, გვ. 432–434
  58. (რუსული) И. Манандян, Маршруты понтийского похода Помпея и путь отступления Митридата в Колхиду, Вестник древней истории, Н 3, 1940, გვ. 98–99
  59. ს. ჯანაშია, უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველსაცხოვრისის შესახებ, შრომები 2, თბილისი, 1952, გვ. 93
  60. თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, თბილისი, 1957, გვ. 299–300
  61. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბილისი, 1977, გვ. 55
  62. ნ. ხაზარაძე, საქართველოს ძველი ისტორიის ეთნო–პოლიტიკური პრობლემები, თბილისი, 1984, გვ. 55
  63. თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, თბილისი, 1957, გვ. 125
  64. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბილისი, 1954, გვ. 439
  65. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბილისი, 1977, გვ. 59
  66. ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნ. კეჭაღმაძისა, თბილისი, 1961, გვ. 90
  67. ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ, V ძველი ბერძნულიდან თარგმნა, გამოკვლევა და საძიებლ;ები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1983, გვ. 158
  68. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 42
  69. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 57
  70. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 136–137
  71. გეორგიკა, ტ. I, თბილისი, 1961, გვ. 130
  72. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბილისი, 1977, გვ. 202
  73. (რუსული) Г. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 136
  74. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 19–20
  75. (რუსული) Житие св. Григория Хандзтииского, Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С-Петербург, 1911, გვ. II
  76. 76.0 76.1 (რუსული) Житие св. Григория Хандзтииского, Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С-Петербург, 1911, გვ. XXII
  77. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 20
  78. Г. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 136–137
  79. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 138
  80. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 177
  81. ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბილისი, 1991, გვ. 141–145
  82. 82.0 82.1 82.2 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 29
  83. 83.0 83.1 ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 178
  84. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 198
  85. ი. ჯავახიშვილი, ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წიგნი I: ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.), თბილისი, 1945, გვ. 187, 191
  86. (ფრანგული) M. Brosset, Historie de la Géorgie, S.-Pétersbourg, 1849, გვ. 189
  87. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 217–218
  88. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 373
  89. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბილისი, 1973, გვ. 268–283 (თავის ავტორი – ა. ბოგვერაძე)
  90. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 226
  91. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 38–40
  92. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 43
  93. 93.0 93.1 ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 234
  94. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 376
  95. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 377
  96. საქართველოს სამოთხე: სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმიდათა, შეკრებილი და გამოცემული გობრონ (მიხაილ) საბინინის მიერ, პეტერბურღი, 1882, გვ. 324–325
  97. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 239
  98. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 245
  99. გიორგი მერჩულე, შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, ილ. აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1963, გვ. 257
  100. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 376
  101. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1980, გვ. 93, შენ. 1.
  102. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 45
  103. 103.0 103.1 (რუსული) Житие св. Григория Хандзтииского, Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С-Петербург, 1911, გვ. III-IV
  104. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 21
  105. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბილისი, 1954, გვ. 422–426
  106. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 21, სქოლიო N60
  107. გეორგიკა, ტ. II, თბილისი, 1965, გვ. 123–125
  108. 108.0 108.1 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 22
  109. ლ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 188, 236, 248, 257
  110. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 22–23
  111. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბილისი, 1954, გვ. 434–436
  112. (ინგლისური) R. W. Edwards, The Fortifications of Artvin: A Second Preliminary Report on the Marchlands of Northeast Turkey, Dumbarton Oaks Papers, 40, 1986, გვ. 167, შენ. 4
  113. 113.0 113.1 113.2 მ. ლორთქიფანიძე, ქართველთა სამეფო, ქსე, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 462-463
  114. თარიღის შესახებ იხილეთ: პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბილისი, 1954, გვ. 43
  115. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 253
  116. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 377
  117. 117.0 117.1 117.2 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 49
  118. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 377
  119. ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 91
  120. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1980, გვ. 137
  121. გიორგი მერჩულე, შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, ილ. აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1963, გვ. 275
  122. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 378
  123. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 51
  124. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 221
  125. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 319
  126. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 321
  127. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 319
  128. 128.0 128.1 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 222
  129. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 427
  130. 130.0 130.1 130.2 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 225
  131. ო. ჟორდანია, ქსე, ტ. 2, გვ. 151, თბ., 1977
  132. (ინგლისური) (რუსული) ყარსის ხელშეკრულების ორიგინალური ვერსია ინგლისურ და რუსულ ენებზე
  133. (ინგლისური) R. P. Blake and S. Der Nersessian, The Gospels of Bert'ay: an Old Georgian MS. of the Tenth Century, Byzantion, vol XVI, 1942-1943, გვ. 233–234
  134. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 27
  135. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1980, გვ. 88, 93, 147
  136. ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, ნაკვეთი II, თბილისი, 1962, გვ. 385–386
  137. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი I, ტფილისი, 1923, გვ. 72
  138. დ. ხოშტარია, უძველესი მონასტრები საქართველოში, არქიტექტურული მემკვიდრეობა, I, თბილისი, გვ. 49–55
  139. (ინგლისური) W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Savseti, Stuttgart, 1992, გვ. 15–16
  140. ცხოვრება სერაპიონ ზარზმელისა, გვ. 322
  141. (ფრანგული) P. Peeters, Histoires monastiques géorgiennes, Analecta Bollandiana, t. XXXVI-XXXVII, 1923, გვ. 165
  142. ს. კაკაბაძე, ქართული სახელმწიფოებრიობის გენეზისის საკითხები, გვ. 54
  143. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბილისი, 1954, გვ. 324–339, 345–346
  144. (რუსული) Г. Чубинашвили, Грузинское чеканное искусство, Тбилиси, 1959, გვ. 29–31
  145. ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები, თბილისი, 1955, გვ. 118–123
  146. ა. ბოგვერაძე, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების თარიღისათვის, მაცნე, ისტორიის სერია, N3, 1964, გვ. 50–69
  147. დ. თუმანიშვილი, ბასილ ზარზმელი ტაძართმშენებლობის შესახებ, ლიტერატურა და ხელოვნება, N1–6, 1996, გვ. 57–58
  148. ი. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს), ტფილისი, 1916, გვ. 61–72
  149. ე. თაყაიშვილი, შენიშვნები ზარზმის ეკლესიისა და მის სიძველეთა შესახებ, ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, N1, 1919, გვ. 105–124
  150. კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, პირველი გამოცემა, ტფილისი, 1923, გვ. 145–148 (1980 წლის მეხუთე გამოცემაში – გვ. 146–152)
  151. ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, გვ. 423–427, 490–494
  152. ნ. ვაჩნაძე, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება, როგორც საისტორიო წყარო, თბილისი, 1975, გვ. 5–30
  153. (ინგლისური) W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Savseti, Stuttgart, 1992, გვ. 52–53
  154. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 45
  155. (რუსული) Житие св. Григория Хандзтииского, Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С-Петербург, 1911, გვ. XV
  156. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, მეორე გამოცემა, თბილისი, 1941, გვ. 84. (შემდგომ გამოცემებში ტექსტი შეცვლილია)
  157. 157.0 157.1 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 41
  158. ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, გვ. 385
  159. А. Казарян, Искусство армян-халкидонитов, Армения, Праваславная энциклопедия, т. III, Москва, 2002, გვ. 314–316
  160. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 42
  161. თარიღისათვის: პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბილისი, 1954, გვ. 341
  162. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 47
  163. გიორგი მერჩულე, შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, ილ. აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1963, გვ. 261
  164. გიორგი მერჩულე, შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, ილ. აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1963, გვ. 275
  165. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 51
  166. 166.0 166.1 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 52
  167. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 221–222
  168. А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, Материалы по Археологии Кавказа, вып. III, Москва, 1893, გვ. 58–59, ტაბ. XXIII, XXIV-2