ნიგალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიგალი მესხეთის VIII-X საუკუნეების რუკაზე.

ნიგალი, ლიგანი, ლივანა — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე სამხრეთ საქართველოში, მდინარე ჭოროხის ქვემო დინებაში, მაჭახელის სამხრეთით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში ნიგალის სახელწოდებით. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, მოიცავდა მდინარე ჭოროხის ხეობის იმიერ და ამიერ მხარეს ართვინის სანახებითურთ: " და ართვანის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე, ჭოროხის ჴეობის იმერი და ამერი იწოდების ლიგანის ჴეობად. და არს ეს ლიგანის ჴეობა თჳნიერ სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმოთი, ზეთისხილით..."[1]. შემდგომში ლივანად მიაჩნდათ მდინარეების აჭარისწყლისა და ჭოროხის შესაყართან მდებარე ტერიტორია.

1549 წელს ლივანა ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა. ლივანას კაზა შედიოდა ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყში. 1860-იან წლებში ის შევიდა არზრუმის ვილაიეთში, მაგრამ მოსახლეობა სულთანს სთხოვდა კვლავ ტრაპისონის ვილაიეთში დაბრუნებას. 1865 წელს ლივანაში სულ იყო 1 ქალაქი — ართვინი და 114 სოფელი. ცხოვრობდა 18170 ადამიანი, აქედან 16559 მუსლიმი, 1229 კათოლიკე სომეხი, 280 გრიგორიანელი და 102 ბერძენი. მოსახლეობას მოჰყავდა ფეტვი, ქერი, ყურძენი, ზეთისხილი, აწარმოებდნენ შებოლილ ხორცს, ყველ-კარაქს, ტილოს, ქაღალდს, ბამბის წინდებს, აგურს, კრამიტს, დენთს.[2]

რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 ომის შემდეგ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამ დროისთვის ნიგალის ადგილობრივი მოსახლეობა გამაჰმადიანებული იყო, თუმცა შენარჩუნებული ჰქონდა ქრისტიანული დროის მეხსიერება, ასევე საუბრობდნენ ქართულ ენაზე.[3]

ამჟამად ლივანის მხოლოდ მცირე ნაწილია საქართველოს ფარგლებში (სოფლები: ქვედა მარადიდი, კირნათი, მაჭახლისპირი, გვარა, მირვეთი, შუშანეთი, კობალეთი, ძაბლავეთი, ზედა კირნათი), დანარჩენი კვლავ თურქეთის საზღვრებშია.

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხეობის ისტორიული ძეგლებია: გვარას ციხე (საქართველო), ართვინის, მამანათის, სინკოითის, მელოს, ქვამჩირეთის ციხეები, მამაწმინდის ეკლესია, სვეტის ნაეკლესიარი, თაღოვანი ხიდები (ყველა თურქეთშია).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე, ე., ნიგალი : ისტორ.-ეთნოგრ. და ლინგვ.-ტოპონ. ასპექტები. შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის ჰუმანიტ. მეცნ. ფაკ., ქართ. ფილოლ. დეპარტამენტი - თბ. : შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტი, 2009
  • სიხარულიძე ი., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა (აჭარის ასსრ), წგნ. 1, ბათ., 1958;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი, 1941, გვ.136
  2. Кавказский календарь на 1867 год : 22-й год. - 1866 გვ. 402
  3. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 49 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987