სამურზაყანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამურზაყანოს მილიციის შტანდარტი, 1840 წ.

სამურზაყანო (აფხ. Самырзаҟан [სამჷრზაყან]) — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორც პოლიტიკური ერთეული ჩამოყალიბდა XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მიტაცებული ოდიშის ტერიტორიაზე. მოიცავდა ძირითადად ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. 1705 წელს მემკვიდრეობით მიიღო მურზაყან შარვაშიძემ, რომლის სახელისგანაც მთელი მხარის სახელია მიღებული. 1805 წელს შევიდა რუსეთის მფარველობაში. 1813-1840 წლებში ლევან დადიანს ექვემდებარებოდა. 1840 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ოდიშის სამთავროს სუვერენიტეტისაგან გამოისყიდა და სამურზაყანოს საბოქაულო დააარსა. 1857 წელს, სამგრელოს (ოდიშის) სამთავროს გაუქმების შემდეგ, სამეგრელოს მმართველს დაუქვემდებარეს. 1864 წლიდან სოხუმის სამხედრო განყოფილების შემადგენლობაში იყო, 1883-დან სოხუმის ოკრუგის შემადგენლობაში სამურზაყანოს უბნის სახელწოდებით. სამურზაყანოს ფართობი იყო 1293,5 კმ2, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 38431 ადამიანი.[1]

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპონიმი „სამურზაყანო“ ისტორიულ წყაროებში პირველად ნიკოლოზ დადიანის „ქართველთ ცხოვრებაში“ ჩნდება.[2] რუსულ წყაროებში ამ ტოპონიმის სამი, უმნიშვნელოდ განსხვავებული ვარიანტი მოიპოვება: Самурзакано, Самурзакань, Самурзакан.[3][4] ვარიანტი Самурзакан დაფიქსირებულია, აგრეთვე, კ. კვაშილავას მიერ დადიანების მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში მოძიებულ 1839 წლის 26 აპრილით დათარიღებულ ერთ-ერთ დოკუმენტში.[5] აფხაზურ ენაში დადასტურებულია ვარიანტი Самырзакан.[6] საყურადღებოა, რომ სამურზაყანოელ შარვაშიძეთა მიერ 1805 წლის 9 ივლისს რუსეთის იმპერატორისადმი დადებულ ფიცის ქართულ დედანში მოცემულია სგავსი ვარიანტი „სამირზაყანო“ (აღსანიშნავია, რომ ბ. ხორავამ ეს ვარიანტი თავის ნაშრომში გაუმართლებლად შეცვალა „სამურზაყანო“-თი[7]), ხოლო რუსულ თარგმანში – Самурзакан.[8] ეს არის ოფიციალურ დოკუმენტებში ამ ტოპონიმის პირველი ფიქსაცია.

აფხაზურ ენაში მრავალი საკუთარი სახელის გამოთქმას თავისი სპეციფიკა გააჩნია. ასე მაგალითად დავითი გამოითქმის, როგორც დაუთ (აფხ. Дауҭ), გიორგი — გჲარგჲ (აფხ. Гьаргь), მურზაყანი — მჷრზაყან (აფხ. Мырзаҟан) და არა მრზაყან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნეში განსაკუთრებით გართულდა ოდიშის სამთავროს მდგომარეობა. 1661-1681 წლებში ოდიშის სამთავროს მართავდა „სრულიად ოდიშისა და აფხაზეთის მპყრობელ-მქონებელი“ — ლევან III.

1672 წლის სექტემბერში იგი ახალციხის ფაშამ იხმო ქუთაისში, სადაც ოსმალთა ჯარი 1669 წლიდან იდგა.

ვიკიციტატა
„ჩხეიძე სეხნიამ არა ინება მეფობა ბაგრატისა და აღიღო მოპარვით და ზაკვით ქუთაისის ციხე და მისცა ოსმალთა და მიერით უპყრიათ დღემდე[9].“

ვარაუდობენ, რომ ოსმალებს ლევან III-ის ნაცვლად ახალციხის ფაშის კარზე აღზრდილი ლევან II დადიანის შვილიშვილის გამთავრება სურდათ[10]. ლევან III-მ მიხვდა „მიპატიჟების“ რეალურ მიზეზს და წინააღმდეგობის გასაწევად მოემზადა. დახმარებისათვის აფხაზებს უხმო, საიდანაც 19 სექტემბერს საუსტან (ბაგრატ) შარვაშიძე დახმარების მაგივრად როგორც ამწიოკებელი მოევლინა. აფხაზები სამეგრელოს 13 ოქტომბრამდე არბევდნენ, რომლის შედეგადაც მათ „წაუყვანიათ ათას ორასი კაცი, ბევრი პირუტყვი და დიდი ნადავლი წაუღიათ; დაურბევიათ ერთი თეათინელის სახლი, საიდანაც სამი ტყვე წაუყვანიათ[11]“. საუსტანის დროს განსაკუთრებით გახშირდა აფხაზთა მარბიელი თავდასხმები სამეგრელოზე და ისინი უკვე მუდმივ საცხოვრებლადაც რჩებოდნენ კოდორი-ღალიძგას შუამდინარეთში[12].

ვიკიციტატა
„იყო ჭირი დიდი ოდიშსა, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ხმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარედმდე, და დაეშენებოდნენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი[13].“

ლევან III-ის გარდაცვალების შემდეგ შარვაშიძეებმა შესძლეს ჩამოეცილებინათ სრულიად ოდიშისა და აფხაზეთის მპყრობელ-მქონებელის ვასალობის ნომინალური ვალდებულება. გათავისუფლებული ოდიშის ტახტისათვის ბრძოლა გაჩაღდა. ტახტის ერთადერთი მემკვიდრე — მანუჩარი, გიორგი III გურიელმა მოკლა, რომელსაც სურდა „ვაკანსიის“ დაპატრონება. გურიელმა მაინც შესძლო ოდიშს დაპატრონებოდა. ამ არეულობით ისარგებლა საუსტან შარვაშიძის შვილშვილმა — სორეხმაც, რომელმაც გაილაშქრა ოდიშში და თავი მთავრად გამოაცხადა, რადგან კათოლიკე მისიონერის, გაეტანო რასპონის ცნობით, „იმას დაეპყრა იქაურობა“.[14]

აქედან გამომდინარე ოდიშს ენგურის მარჯვენა მხარეს (მომავალი სამურზაყანოს ტერიტორია) შარვაშიძეები, ხოლო მარცხენა მხარეს კი გურიელები აკონტროლებდნენ.

სორეხ შარვაშიძემ დიდხანს ვერ შესძლო ამ მხარის ფლობა და მას მალე ზეგნაყ შარვაშიძე დაეუფლა, რომელმაც აფხაზეთი თავის შვილებს შორის დაანაწილა: უფროსმა როსტომმა მიიღო ჩრდილოეთი ნაწილი — ტერიტორია მდინარე ბზიფსა და მდინარე კოდორს შორის; შუათანა ჯიქეშიას ერგო კოდორ-ღალიძგას შუამდინარეთი, რომელსაც „აბჟუა“ ეწოდა; ხოლო უმცროსის ვაჟის ყვაპუს სამფლობელო ღალიძგა-ენგურის შუამდინარეთი გამხდარა.

აფხაზეთის კარზე შედგენილი დოკუმენტით დასტურდება შემდეგი ცნობა:

Первым абхазским владетелем из фамилии «Шервашидзе» был Квап Шервашидзе, ничем особенно не про-явивший себя кроме тихого и кроткого нрава. От него произошли три сына: Росто, Леван и Мурзакан. По смерти Квапа владение Абхазией принял старший сын его Росто и, по принятии им на себя правления абхазским народом, он наделил уделами братьев своих, т. е. Левана и Мурзакана – первому предоставил Абжуйский округ, а последнему – Самурзакань, почему и самая местность названа «Самурзаканью», а так как в это время и в Самурзакани было самое ничтожное население, то для увеличения одного было взято из Бзыбского округа, нынешнего Гудаутского участка, по 1 и по 2 семейства княжеских и дворянских фамилий с их подвластными, которые и по настоящее время суще-ствуют там. Владетель Абхазии Росто постоянное место жительство имел в Соук-Су, нынешнее селение Лыхны, близ м. Гудауты. Летняя резиденция у него была в Очемчирах. Леван Шервашидзе, правитель Абживского округа, скоро умер бездетным, а владетель Росто после смерти своей оставил 7 сыновей: Хутуниа, Элкан, Торкан, Джигешия, Шерван-бей, Сулейман-бей и Зураб.

ამ დოკუმენტის საფუძველზე დგინდება, რომ უწინდელი ოდიშის ტერიტორია (ღალიძგა-ენგურის შუამდინარეთი), რომელიც შარვაშიძეებმა დაიპყრეს, დაერქვა მისი ერთ-ერთი მმართველის მურზაყან შარვაშიძის სახელი — სამურზაყანო.

რუსეთის იმპერიის ნაწილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის რუკა (1843 წელი). ნაჩვენებია მხოლოდ ის ადგილები, სადაც რუსული სამხედრო ძალების შტაბები უნდა განთავსებულიყო

XIX საუკუნის დასაწყისში რთული ვითარება იყო სამურზაყანოში. მას შემდეგ რაც მურზაყან შარვაშიძის ვაჟი, სამურზაყანოს მმართველი ხუტუნია შარვაშიძე გარდაიცვალა, მისი ადგილი დაიკავა მისმა უმცროსმა ვაჟმა (უფროსი ვაჟი სოლომონ შარვაშიძე იმ დროისათვის გარდაცვლილი იყო) ლევან შარვაშიძემ. ლევანი უკვე ხანში შესული იყო, როცა სოლომონ შარვაშიძის უმცროსმა ვაჟმა მანუჩარ შარვაშიძემ სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის დახმარებით შესძლო გამხდარიყო სამურზაყანოს მფლობელი. 1813 წელს ვინმე მეგრელმა მაჯემ კორცხელიამ მანუჩარ შარვაშიძე მოკლა ბედიაში, რომელსაც დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი ალექსანდრე და დიმიტრი. ლევან დადიანი, რომელიც იყო მანუჩარის ცოლის ძმა და მეურვე მისი მცირეწლოვანი შვილებისა, მანუჩარის უფროსი ძის ალექსანდრეს სახელით განაგრძო სამურზაყანოს მართვა-გამგეობა მის სრულწლოვანებამდე. 1829 წელს ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ალექსანდრე ლევან დადიანის დასმენით გადაასახლეს ციმბირში, რომელიც გზაში გარდაიცვალა. 1832 წელს ალექსანდრეს ძმა დიმიტრი მოიკლა ლევან დადიანის ხალხთან შეტაკების დროს. სამურზაყანოს მეპატრონეთა პრეტენტენტთა არარსებობის გამო ლევან დადიანი გახდა ამ უკანასკნელის ერთპიროვნული მმართველი, რის გამოც დაიწყო დაუსრულებელი დავა სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრებს შორის სამურზაყანოსათვის[15].

1840 წელს აღნიშნული დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ამიერკავკასიის მთავარმართებლის ევგენი გოლოვინის განკარგულებით სამურზაყანო ჩამოართვეს სამეგრელოს მთავარს და მის ბაზაზე შექმნეს დამოუკიდებელი ერთეული — სამურზაყანოს საბოქაულო, რომელიც შავიზღვის სანაპირო ზოლის უფროსის დაქვემდებარებაში გადავიდა. 1845 წელს აღნიშნული „მშვიდობიანი დათმობის“ სანაცვლოდ სამეგრელოს მთავარს 25 ათსი რუსულ რუბლს გადასცეს კომპენსაციის სახით[16].

სამურზაყანოს საბოქაულოს პირველ მმართველად შტაბს-კაპიტანი კირილოვი დაინიშნა. კირილოვმა აღადგინა მხარისთვის აპრობირებული მართვის ძველი მოდელი, დაქვემდებარებული რუსულ იმპერიას. მალევე კირილოვის მოწოდებით 700 სამურზაყანოელისაგან შეკრიბა სამხედრო შენაერთი, რომლითაც ის რეგიონში კონტროლს ამყარებდა. კირილოვის დროს აღსდგა მდივან-ბეგობის ინსტიტუტი, რომელიც სასამართლოს ფუნქციებს ითავსებდა. 1840 წლის ნოემბერში სამურზაყანოელი თავადების მიერ შეიქმნა ე. წ. „სიტყვიერი სასამართლო“, შემდგარი 4 მდივან-ბეგისაგან. მდივან-ბეგები ცხოვრობდნენ პრისტავის შტაბ-ბინაში, ოკუმახში. იმჟამინდელ სამურზაყანოს სასამართლოში ყველაფერი წყდებოდა სიტყვიერად, ხოლო საბოლოო სასამართლო განჩინება იწერებოდა სპეციალურ წიგნში.

1840 წელს, მას შემდეგ, რაც სამურზაყანო სამეგრელოს სამთავროს გამოეყო, დადიანებმა საკონტროლოდ დაიტოვეს ენგურის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სოფელი ფახულანი. 4 ივნისს კაცია შარვაშიძემ და მასთან თანმხლებმა მისმა ნათესავებმა პაატა, მანუჩარ, ანტონ, ზურაბ და ნიკო შარვაშიძეებმა მურზაყანელ აფხაზებთან ერთად დაიკავეს აღნიშნული სოფელი და ყოფილი სამურზაყანოს ბოქაულის შტაბს-კაპიტანის გაბაევის მოთხოვნის მიუხედავად მაინც არ ხდებოდა დაკავებული სოფლის დატოვება. საბოლოოდ კაცია შერვაშიძე და მასთან თანმხლები პირები დანებდნენ. კაცია და მანუჩარი გადაასახლეს ვორონეჟში, ნიკო შარვაშიძე, როგორც ყველაზე ახალგაზრდა — დააბრუნეს აფხაზეთში, დანარჩენებს კი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს მეტეხის ციხეში[17][18].

1844 წელს, როდესაც შავიზღვის სანაპირო ზოლის უფროსმა გენერალ ბუდბერგმა რევიზიით მოიარა სამურზაყანო, მიმართა ნეიდგარტს, რათა სამურზაყანოს სასამართლო სისტემაში დაემატებინათ ახალი კადრი — სასამართლოწარმოების აღმწერის, ხოლო მდივან-ბეგებისათვის დაენიშნათ ჯამაგირი. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა 1846 წლის 23 დეკემბერს.

1848 წელს მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით სამურზაყანოს ოკრუგი გამოვიდა შავიზღვის სანაპირო ზოლის უფროსის დაქვემდებარებიდან და შეუერთდა ქუთაისის გუბერნიას. 1849 წელს სამურზაყანოს ოკრუგი დაიყო ოთხ (ოქუმის, საბერიოს, ნაბაკევისა და ბერიის) საპოლიციო უბნად.

1855 წელს ვითარება კარდინალურად შეიცვალა, როდესაც აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შერვაშიძემ მიიმხრო სამურზაყანოელები და მოაწყო ამბოხება რუსეთის იმპერიის წინაააღმდეგ. რეგიონში წესრიგის დამყარების შემდეგ სამურზაყანოს საბოქაულო დაიყო 4 საპოლიციო უბნად, ხოლო თითოეულს თავისი მდივან-ბეგი დაენიშნა სასამართლო-საპოლიციო უფლებებით. ამის გარდა დაინიშნა მეხუთე მდივან-ბეგი, რომელიც უშუალოდ ასრულებდა „სიტყვიერი სასამართლოს“ ფუნქციებს[19].

1857 წელს, როდესაც სამეგრელო რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა, სამურზაყანოს ბოქაული, მაზრის ხელმძღვანელის უფლებებით, გადავიდა სამეგრელოს მმართველის დაქვემდებარებაში. 1859 წელს მ. პ. კოლიუბაკინის მოთხოვნით შეიქმნა რეგიონის მართვის ახალი სისტემა, შექმნილი ბარიატინსკის მიერ. ცვლილებები შეეხო მხოლოდ სასამართლო და საპოლიციო უფლებების გამიჯვნას[20].

1866 წელს ცარიზმმა სოხუმის სამხედრო განყოფილებაში საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება დაიწყო, მაგრამ აფხაზეთის სოციალურ-საზოგადოებრივი წყობის თავისებურებების გაუთვალისწინებლობამ, ჩინოვნიკური აპარატის უხეშმა ჩარევამ აფხაზთა ცხოვრების წესში, აფხაზეთის მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყება დაიწყო 1866 წლის 26 ივლისს სოფ. ლიხნში და მალე თითქმის მთელი აფხაზეთი მოიცვა, რითაც საგრძნობლად შეაშფოთა კავკასიის რუსული ადმინისტრაცია. აჯანყებულმა აფხაზებმა 20 წლის გიორგი შერვაშიძე მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ, იმავე წლის აგვისტოში რუსებმა აფხაზეთში სასწრაფოდ გადაისროლა ჯარის ნაწილები ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით, რომელმაც აჯანყება სასტიკად ჩაახშო.[21] ამ მოვლენებს აფხაზთა მასობრივი გადასახლება მოჰყვა თურქეთში, რასაც ისტორიოგრაფია „მუჰაჯირობის“ სახელით იცნობს.[22]

აჯანყების ჩახშობის შემდეგ ცარიზმი მხარის ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმის მომზადებას შეუდგა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 1866 წლის 11 აგვისტოს ალექსანდრე II-ს მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად, სოხუმის სამხედრო განყოფილების ადმინისტრაციულ დაყოფაში რიგი ცვლილებები შევიდა[23]. გაუქმდა სამურზაყანოს და წებელდის საბოქაულოები და ჩამოყალიბდა ოთხი ახალი (ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის) ოლქი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 132 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
  2. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება. ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ. თბ., 1962, გვ. 180
  3. Пантюхов И. И., Самурзаканцы, – gaz. «Кавказ», 1892, №77
  4. Пантюхов И. И., Самурзаканцы. Тфл., 1892, გვ. 1
  5. კახა კვაშილავა, ისტორიული სამურზაყანო (XVII-XVIII სს. მიჯნა – 1840 წ.). საკვალიფიკაციო ნაშრომი ისტორიის დოქტორის /Ph.D/ აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 2009, გვ. 56
  6. ხორავა ბ., ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა (XV-XVIII სს.). თბ., 1996, გვ. 116, შენ. 98
  7. ხორავა ბ., ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა (XV-XVIII სს.). თბ., 1996, გვ. 171–172
  8. Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммисиею. Архив главного управления Наместника Кавказскаго. Напечатан под редакциею председателя коммиссии ст. сов. Ад. Берже.Т. II. Тфл., 1868, გვ. 526–527, დოკ. №1031
  9. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა.., გვ. 839
  10. ბ. ხორავა, „ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა“, გვ. 108
  11. ზ. პაპასქირი, „ზოგი რამ აფხაზეთის წარსულზე“.., გვ. 47
  12. З. В. Анчабадзе «Мегрелия и Абхазия в XVII веке», გვ. 142
  13. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა.., გვ. 845
  14. მ თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 208
  15. Очерк устроиства Абхазии и Самурзакани, «Сборник сведений о кавказских горцах». Вып., III, Тифлис, 1870, ст. 23-24
  16. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. X, №256, Тифлис, 1885, ст. 248-249
  17. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. X, №257, Тифлис, 1885, ст. 249-250
  18. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. X, №258, Тифлис, 1885, ст. 250
  19. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. XII, №289, Тифлис, 1904, ст. 330-335
  20. Утверждение русскаго владычества на Кавказе. К столетию присоединения Грузии к России. 1801-1901, Т. XII, Тифлис, 1901, ст. 417-429
  21. Г. А. Дзидзария, Восстание 1866 года в Абхазии, Сухуми, 1955
  22. ბეჟან ხორავა, აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა, გამომცემლობა – არტანუჯი, თბ., 2004
  23. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое, т. XLI, ბრძ. 43551, გვ. 1022-1025