საინგილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქართველთა განსახლების არეალი საინგილოში.

საინგილო — მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, მისი უდიდესი ნაწილი დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა ბელაქანის, ზაქათალისა და კახის რაიონების სახით. ტერმინი „საინგილო“ XIX საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად „ახლად მორჯულებულს“ ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები „ინგილო“ და „საინგილო“.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინგილო ჩრდილოეთიდა შემოსაზღვრულია კავკასიონით. უდიდესი მდინარეებია ქურმუხი, მუხახისწყალი, ჭარისწყალი, მაწეხ-კატეხის წყალი, ბელაქნისწყალი. საინგილოს ტერიტორიაზეა მინერალური წყლები (ქურმუხის ხეობაში და ალიბეგლოსთან) სპილენძის და რკინის მადნები (ბელაქანში), ტყვიის და ვერცხლის მადნები (მუხახში).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინგილო შედგებოდა (კაკ-ენისელი) და ელისუს სასულთნოსაგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეებში ძველი ქართული პროვინცია ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუს დასაწყისში ადმინისტრაციულად მაჭის საერისთავოს ფარგლებში მოექცა. XVI-XVII საუკუნეებში პოლიტიკური ცვლილებებმა კახეთის სამეფოში, ოსმალეთისა და სპარსეთის გამუდმებულმა აგრესიამ და დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმებმა ამ მხარის ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია, ნადგურდებოდა მკვიდრი ქართველი მოსახლეობა, მის ადგილზე სახლდებოდნენ წახურელი და ავარიელი ლეკები. ერთდროულად ხდებოდა ქართველი მოსახლეობის დაყმევება და გამაჰმადიანება. დროთა ვითარებაში საინგილო საერთოდ მოსწყდა კახეთის სამეფოს. XVIII საუკუნის I მეოთხედში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარიელი (ჭარი, ბელაქანი, კატეხი, თალა, მუხახი, ჯინიხი) და წახურელები (წახური, ილისუ, სუვაგილო და ყარადულაკი) ლეკების ე. წ. თავისუფალი თემები. კახეთის მეფეების მრავალი ცდა გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. 1803 წელს ჭარ-ბელაქანი და ელისუს სასულთნო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა. 1830 წელს ცარიზმა გააუქმა მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და შექმნა ჭარ-ბელაქნის ოლქი, მის ბაზაზე კი 1840 - ბელაქნის მაზრა, რომელიც ადმინისტრაციულად საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შევიდა. 1842 წელს იგი კვლავ ცალკე ოლქად გამოიყო, ხოლო 1844 წლიდან ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი გახდა. 1860 წლიდან იგი ზაქათალის ოკრუგად იწოდებოდა და ექვემდებარებოდა დაღესტნის ოლქს. ამავე დროს ყოფილი ელისუს სასულთნოს მთიანი ნაწილი ე. წ. მთიანი მაღალი, შეუერთდა სამურის ოკრუგს. საინგილოს ნაწილი მოქცეული იყო სიღნაღის მაზრაში, ნაწილი კი ნუხის მაზრაში. 1918-1921 წლებში ისტორიული ჰერეთის (საინგილო) რეგიონი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს ეს რეგიონი უკანონოდ ჩამოაჭრეს და აზერბაიჯანის შემადგენლობაში შეიყვანეს. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.

ტრადიციული საცხოვრისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინგილოში აშენებდნენ ქვითკირის და ხის სახლებს, დაქანებული სახურავით, რომელიც დახურული იყო ჩალითა და კრამიტით. იშვიათი იყო ბანიანი სახლი. სახლი იყო ერთსართულიანი, ერთოთახიანი, უფანჯრო, უბუხრო, უიატაკო. თბებოდა შუაცეცხლით. აღმოსავლეთ კედელზე მოდგმული იყო მთლიანი ხისგან გამოჭრილი თახჩა. დედაბოძის მარცხენა კედელზე მოწყობილი იყო დიდი ბეღელი.

ინგილოებს ეზოში ჰქონდათ გადაუხურავი მარნები. იქვე იდგა თონე. ეზოები შემოფარგლული იყო ტყრუშული ღობით ან ქვითკირის კედლით. ეზოებში ძირითადად გაშენებული ჰქონდათ თუთა, ვაშლი, მსხალი, ბალი, ალუბალი, ჭერამი და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 663.
  • პაპუაშვილი თ., ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972;
  • ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, მის წგ-ში:საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
  • დუმბაძე მ., აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბ., 1953;
  • ჯანაშვილი მ., „საინგილო“, ტფილისი, 1910

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]