კუხეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუხეთი

კუხეთი — ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, დაარსდა ქართველთა ეთნარქის — კუხოსის მიერ. თავდაპირველად წარმოადგენდა ქართლის ნაწილს. მისი აღმოსავლეთი საზღვარი ჰერეთთან წარმოადგენდა იმავდროულად ქართლისა და ჰერეთის საზღვარს. შემდგომში კუხეთის, კახეთისა და ჰერეთის ბაზაზე ჩამოყალიბდა ერთი რეგიონი — „კახეთის“ სახელწოდებით, რომელიც აღარ განიხილებოდა როგორც „ქართლი“.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიულად მოიცავდა მდინარეების არაგვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჟინვალიდან გარეჯის უდაბნომდე. ცენტრი ქ. რუსთავი (ბოსტანქალაქი). ცნობილია აგრეთვე სხვა ცენტრებიც — კაწარეთი და ბოდბე.

თავდაპირველი საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველ საზღვრებზე საინტერესო ცნობებს იძლევა „ქართლის ცხოვრება“. კერძოდ, საუბარია იმაზე რომ ქართლოსის გარდაცვალების შემდეგ, მის მეუღლეს „მოუწია“ ციხე-ქალაქების შენება — ერთი დედაციხე (ბოჭორმა), ხოლო მეორე ბოსტან-ქალაქი (რუსთავი). საყურადრებოა ის რომ მემატიანემ მათი აშენება არა ქართლოს, არამედ მის მეუღლეს და ისიც ქართლოსის გარდაცვალების შემდეგ მიაწერა.

ვიკიციტატა
„მოკუდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი. და შემდგომად ამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე. და მან-ვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი...“

„ქართლის ცხოვრებაში“ ქართლოსის ცოლის მიერ აღნიშნული ციხეების აგება, უპირველესად მიანიშნებს ქართლის საზღვრების გავრცელებას აღნიშნულ ორი პუნქტს შორის. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად თუ სად გადიოდა გამყოფი საზღვარი ქართლ-ჰერეთს შორის, დედაციხიდან — ბოსტან-ქალაქამდე, მის სამხრეთ მონაკვეთში, კერძოდ ბოსტანქალასა და გარეჯის მთას შორის დავით მუსხელიშვილისთვის „ძნელად დასადგენია“. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნულ საზღვართან მიმართებაში გვაწვდის მწირ ინფორმაციას:

ვიკიციტატა
„არამედ ესე ადგილნი, ნაგებს ზეით, არს ძველად კუხეთისა, რომელსა მისცა დედამან კუხოსს. ხოლო ნაგებს ქვეითი ჱერეთისა არს, და აწ უწოდებენ ყარაიას და გარეჯის მთას მასვე ძველს სახელს.“

კახეთ-კუხეთ-ჰერეთის საერისთავო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარნავაზ I-ის დროს კუხეთი შედიოდა კახეთ-კუხეთ-ჰერეთის საერისთავოში.

კახეთ-კუხეთის საერისთავო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირიან III-ის დროს კუხეთი შედიოდა კახეთ-კუხეთი საერისთავოში, ხოლო ერისთავი იყო რევი.

ვახტანგ გორგასალის დროს კუხეთის ერისთავი იყო დემეტრე.

უჯარმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უჯარმა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, სამხრეთიდან ესაზღვრება ერწოს. უჯარმა კუხეთის ქალაქია და მდებარეობს ივრის მარჯვენა სანაპიროზე. მოგვიანებით ივრის ქვემო წელზე, მის მარცხენა სანაპიროზე, „სამების ხევზე“ საზღვარს გაავლებს ვახუშტი ბატონიშვილი და მას მოიხსენიებს, როგორც საზღვარს „კახეთსა და ჰერეთს“ შორის. სამების ხევის სამხრეთით მდებარეობს გიორგიწმინდისა და ნინოწმინდის ხევები, ხოლო უკანასკნელზე კი ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი, დაარსებული ვახტანგ გორგასალის დროს. აღნიშნული ტაძარი, რომელიც ვახუშტისეული განსაზღვრებით ჰერეთის ნაწილია, ვახტანგ გორგასალის ცხოვრებაში მოხსენიებულია, როგორც „უჯარმის კარის“ ეკლესია.

ვიკიციტატა
„და დასუა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტანს ერუშეთს; ერთი ჯავახეთს, წუნდას; ერთი მანგლისს; ერთი ბოლნისს; ერთი რუსთავს; ერთი ნინოწმიდას, უჯარმის კარსა, რომელი გორგასალსა აღეშენა; ერთი ჭერემს, მისსა-ვე აღშენებულსა, და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთა-ვე ეკლესიათა, რომელი-იგი მან-ვე აღაშენა; ერთი ჩელეთს, რომელი სოფელსა და აღაშენა; ერთი ხორნაბუჯს და ერთი აგარაკს, რომელ არს ხუნანს გამართებით.“

შესაბამისად ნინოწმინდა ვახტანგ გორგასალის დროს, უჯარმის კარის ეკლესიას წარმოადგენდა და იყო კუხეთის ნაწილი.

ერწო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ერწო (მხარე).
ბოჭორმის ციხე იორი-ალაზნის წყალგამყოფ საზღვართან

რაც შეეხება დედაციხეს ის შედარებით გოროვან ადგილზეა აშენებული. საგულისხმოა ის, რომ ერწოდ, ვახუშტისა და სხვა ისტორიული პირებისათვის, მოაზრება არა ივრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ტაფობი, არამედ მდინარე ივრის აღნიშნულ წელზე არსებული, როგორც მარჯვენა ისე მარცხენა სანაპირო. მარცხენა სანაპიროზე კი მდებარეობს ბოჭორმის ციხე — ერთადერთი ციტადელი ერწოში. ერწო ბოჭორმიანად აღწერილი და თავის რუკაზე დატანილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილსაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ის ვინც ფლობდა ბოჭორმას, ფლობდა თავად ერწოსაც. შესაბამისად, როდესაც კახოსმა დაუთმო კუხოსს თიანეთში ჩელეთის აშენების სანაცვლოდ დედაციხე, აქ იგულისხმება რომ დათმობილი იყო არა მხოლოდ ციხე ან ივრის მარცხენა სანაპირო არამედ ისტორიული ერწო მთლიანად. შესაბამისად იქ სადაც ვახუშტი ბატონიშვილი საუბრობს რომ სამების ხევი არისო კახეთი-ჰერეთის საზღვარიო, თუ არ ჩავთვლით იმ მცირე მონაკვეთს (ჩელეთის აშენებამდე) აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნოდა უკვე კუხოსს, შესაბამისად ვერ იქნება მართებული ვახუშტი ბატონიშვილის სიყვები სამების ხევის შესახებ, თუ რა თქმა უნდა კახეთში ის მის მომდევნო ეპოქის წარმონაქმნს არ გულისხმობდა. და მაინც რატომ უნდა შევიწროვებულიყო კახოსი თიანეთსა და ფხოვში. ამისი მიზეზი ისევ და ისევ არაერთმნიშვნელოვანი ლანდშაფტი წარმოადგენდა. მაგალითად, ცნობილია რომ კუხოსს ერგო არაგვის წილი ჟინვალიდან მტკვრამდე. სწორედ მაგ რეგიონში რომელიც თავისი დაბალმთიანი რელიეფით ხასიათდება, ბევრ ადგილას შეუძლებელია იმის გამიჯვნა თუ სად იწყება ერწოსწყლის ხეობა და სად არაგვის. სულ სხვა ვითარებაა ფხოვსა და თიანეთში, სადაც რელიეფი მაღალმთიანი კედლითაა მოცული.

ტოპონიმ ბოჭორმას ჯ. ლომაშვილი სიტყვა „ბოჭორი“-დან წარმოქმნილად მიაჩნია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ძველქართულ სიტყვას და ნიშნავს „გადასახადების ამკრეფ-შემგროვებელს“[1]. გადასახადების აკრეფა კი როგორც წესი საზღვრისპირა ადგილებში ანუ საბაჟო ადგილებში ხდებოდა. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ბოჭორმის სასაზღვროდ მდეაბრეობაზე. ქართლოსის ცოლის მიერ აშენებული ორივე ციხე-ქალაქი წარმოადგენდა არა უბრალოდ დასახლებულ პუნქტებს, არამედ სასაზღვრო საფორტეპიკაციო ნაგებობებს ანუ ბოსტან-ქალაქსა და დედაციხეს ქართლოსის დროს ესაზღვრებოდა ჰერეთი. ანუ ბოჭორმის აღმოსავლეთით მდებარეობდა ჰერეთი და არა კახეთი, როგორც ეს ვახუშტი ბატონიშვილს აქვს წარმოდგენილი. ვახუშტის სიტყვები შესაძლოა ყოფილიყო მხოლოდ შემდგომი ისტორიული საზღვრების ამსახველი და არა თავდაპირველი საზღვრებისა. ამის გარდა დავით მუსხელიშვილი მიიჩნევს რომ ვახუშტის მიერ მოხსენიებულ კახოსის კუთვნილ ალაზნის ხეობაში მდებარეობს სოფელი ალვანი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოფილიყო კახოსის წილი თადაპირველად.

„სხვაგვარადაა საქმე ჩვენთვის საინტერესო სასაზღვრო ხაზის ჩრდილო მონაკვეთის მიმართ. ვახუშტის აქ კახეთ-ჰერეთის საზღვრად შტორის ხევი მიაჩნია. ვახუშტი სხვაგანაც ამბობს: „ამ შტორის-ჴევისა... ჩრდილოეთი ქვეყანა არს კახეთი, ამათ სამჴრეთი — ჰერეთი“. აქ კი ვახუშტი ცდება (ან უკეთ, ალბათ კახეთ ჰერეთის მოგვიანო პერიოდს განსაზღვრავს). ვახუშტი რომ ცდება ეს ცხადია იქედან , რომ მდ. შტორის დასავლეთით (ვახუშტით ჩრდილოეთით) მდებარე „ბახტრიონსა და ლალის ყურს შუა არს ველი ალონად წოდებული“, რომელზეც მდებარეობს სოფელი ალვანი. ეს ტოპონიმი (ალონი=ალვანი) მიუთითებს ალვანთა ტომის არსებობაზე ამ ტერიტორიაზე გარკვეულ დროს. აქედან კი გამომდინარეობს, რომ იგი უნდა გამოირიცხოს თავდაპირველი კახეთის, ალვანთაგან ეთნიკურად განსხვავებული მოსახლეობის ტერიტორიის, ფარგლებიდან[2].“

დავით მუსხელიშვილი კუხეთის მეზობელი მხარის — ჰერეთის საზღვრებს მასში ალვანის შეტანის მიზნით ჩრდილოეთით მდინარე ალაზანზე ავლებს. პრაქტიკულად მუსხელიშვილისეული ჰერეთში შედის ალაზნის აუზი მცირე სეგმენტის გამოკლებით.

„ამიტომ, ბუნებრივია, თუ ვიფიქრებთ, რომ გულგულას შემდეგ (თურდოს შესართავის შემდეგ) საზღვარი 90°-ით იცვლის დასავლეთისაკენ მიმართულებას და ახლა უკვე ალაზნის გასწვრივ. ამგვარი მდგომარეობა უნდა უნდა ვიგულისხმოთ ბახტრიონამდე. საიდანაც იწყება ალონის ველი და სადაც ალაზანი მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისაკენ.“

არაა გამორიცხული რომ ჰერეთი ალაზნის აუზს სრულად ფლობდა (ამისი საწინააღმდეგო არაფერი არ არსებობს) და შესაბამისად დედაციხე (ბოჭორმა), რომელიც ქართლოსის ცოლმა ააშენა ივრის ხეობაში, იორი ალაზნის წყალგამყოფ ზოლზე, წარმოადგენდა სასაზღვრო ციხეს, ისევე როგორც ბოსტან-ქალაქი.

რაც შეეხება გულგულას (ტყე-ტბა) ის შესაძლოა თავდაპირველად მდებარეობდა მდინარე თურდოს დინების ზემო წელზე და არა ქვემო წელზე, როგორც დღეს არის. მხოლოდ მისი ზემო წელზე მდებარეობით იგი შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო, როგორც სასაზღვრო ორიენტირი.

ქართლის ცხოვრებაში კუხოსის წილი შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

ვიკიციტატა
„ხოლო კუხოსს (გადამწერთაგან შეცდომით წერია „კახოსს“) მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქუიან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე თავამდე მთასა კახეთისასა და მტკუარს შუა[3].“

კუხოსის წილის შესახებ ივანე ჯავახიშვილი ქართლის ცხოვრებას ზოგან სამართლიანად ასწორებს და სწერს: „კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, თავადმდე მთისა კახეთისასა და მტკუარს შუა“[4], მაგრამ იგი ასეთ აღდგენას მთლიანად არ ეთანხმება და დასძენს: „თვით ლეონტი მროველს უეჭველია ასე ექნებოდა დაწერილი: „კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე თავამდე მთისა კახეთისასა <ალაზანსა> და მტკუარს შუა“[4]. ჯავახიშვილმა თვით ასეთი აღდგენის შემდეგაც არ მიიჩნია ტექსტი უნაკლულოდ მაგრამ ყველა სხვა ვარიანტს შორის, როგორც ჩანს, ეს ამჯობინა.

დავით მუსხელიშვილი აღნიშნავს რომ: ივანე ჯავახიშვილს ტექსტის აღდგენისას მცირეოდნად სიზუსტე აკლია. კერძოდ, მარიამისეულ ნუსხაში[3] და ჭიჭნაძის მიერ გამოცემულშიაც[5] კუხოსის ხვედრის შესახებ წერია: „მისცა... არაგვითგან ვიდრე თავამდე მთასა კახეთისასა და მტკვარს შუა“ და არა „მთისა კახეთისასა“, როგორც ეს ივ. ჯავახიშვილსა აქვს.

ვახუშტი ბატონიშვილი უფრო აკონკრეტებს კუხეთის საზღვრებს და წერს:

ვიკიციტატა
„ხოლო კუხეთს მისცა საზღვარი: აღმოსავლით მთა კახეთისა, სამხრით საზღვარი ჰერეთისა, რომელ არს ხუნანის გასწვრივ გულგულამდე, დასავლით მტკვარი და არაგვი; ჩრდილოით იგივე მთა კახეთისა; და ამათ შორის ქვეყანას ეწოდა კუხეთი კუხეთის სახელისა გამო, არამედ აწ უწოდებენ თიანეთს, საგურამოს ანუ თეძმისხევს, კვალად გრდანი, მარტყოფი, ლილო, დიდეუბე, სამგორი, ჩადივარი, ომანისხევი, ყარაღაჯი, ნაგები და ყარაია.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904 წ, გვ. 128)
დასავლეთი საზღვარი
კახეთ-კუხეთის საზღვრის დასავლეთის მხარე

ორი საისტორიო წყარო კუხეთის დასავლეთ საზღვრად ერთხმად აღიარებს მდინარეებს არაგვსა და მტკვარს. თუმცა უფრო მეტი კონკრეტიზაციისათვის ვახუშტი აზუსტებს და იძახის, რომ კუხეთის დასავლეთი საზღვრის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი იყო ჟინვალთან მდებარე ბოდავის ხეობა. აღნიშნული ხეობა წარმოადგენს ერთ-ერთ უკანასკნელ მსვილ ხეობას არაგვის მარცხენა ნაპირზე, შესაბამისად მისი საზღვრად წარმოჩენა გულისხმობს იმას, რომ მდინარე არაგვის მარცხენა შენაკადები კუხოსის ხვედრია, ხოლო ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადები კი კახოსის.

ვიკიციტატა
„და ამ ჟინვანს ქვეით ერთვის შავს-არაგვს ჴევი ბოდავისა, გამოსდის წინჴსენებულს ხერკის მთას და აწ თიანეთისას, მიდის აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ბოდავს არს მონასტერი გუნბათიანი, დიდ-შენი, შვენიერს ადგილს, და აწ ცარიელი. ამას ქვეით ერთვის არაგუსვე წირდალის ჴევი, გამომდინარე მისვე მთისა, და მომდინარე ეგრეთვე. ამას ქვეით ერთვის არაგვს ნოკორნის ჴევი, გამომდინარ-მომდინარი მისვე მთისა ეგრეთვე. ამის თავს არს ნოკორნა, მონასტერი გუნბათიანი, კეთილ-შენი, დიდი. ესე აღაშენა მეფემან არჩილ და ყო მონასტრად. შემდგომად წამებისა მისისა ცოლმან მისმან დაფლა წმინდა გვამი მისი მუნ. არამედ ბოკოწნის ჴევს და ამ ჴევს შორის ჩამოვალს მცირე მთა წინთქმულის მთიდამ დასავლეთად. ეს მთა არს თიანეთისა და ხერკის საზღვარი. და აქამდე აწ უწოდებდენ თიანეთს, გარნა პირველ იყო ჟინვანამდე წილი კუხოსისა.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“)

ვახუშტი თავის დაკონკრეტებაში იმდენად არ აზუსტებს, რამდენადაც შეჰყავს ბოდავის ხეობა კუხეთში. შესაბამისად, რადგანაც ცნობილია აღნიშნულ პერიმეტრზე საზღვრის გადანაწილების სქემა, შეგვიძლია დაზუსტებით გამოვსახოთ თუ უშუალოდ რომელ ქედზე გადიოდა აღნიშნული საზღვარი. თუ დავაკვირდებით რუკას, დავინახავთ რომ ბოდავის ხევი (საკანაპის ხევი) არ წარმოადგენს არაგვის უკანასკნელ ხეობას, არამედ მას შემდეგ მოყვება არაგვის უკანასკნელი მცირე ხევი, რომლის მარჯვენა ნაპირზე აგებულია ყელის ციხე, რომელზედაც არქეოლოგიური ცნობების თანახმად აგებული იყო „კარი“, რომელიც კეტავდა ფშავის გზას. სწორედ აღნიშნული ციხე ასრულებდა სასაზღვრო ციხის ფუნქციას.

რაც შეეხება დასავლეთი საზღვრის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს, ვახუშტის ამ წერტილად მტკვრის მარცხენა ნაპირს იღებს რომელიც ხუნანის გასწვრივ მდებარეობს. ხოლო სამხრეთ საზღვარს „ხუნანიდან გულგულამდე“ ავლებს.

დავით მუსხელიშვილი აღნიშნულ ხაზთან დაკავშირებით წერდა: „ამგვარად, უნდა მივიღოთ, რომ ვახუშტის მიერ ჰერეთის დასავლეთი საზღვრის (იგივე კუხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი) კოორდინაცია, გულგულა-ხუნანის შემაერთებელ ხაზზე სწორია. რაც შეეხება თვით ამ ხაზის დადგენას, აქ სხვა არა დაგვრჩენია რა, ჯერჯერობით, გარდა იმისა რომ ვახუშტის ვენდოთ, მით უმეტეს, რომ საწინააღმდეგო რაიმე საბუთი არ მოგვეპოვება, ხოლო ვახუშტის ცნობები, ჩვენი აზრით სრულებით სანდოა“[6].

მდინარე მტკვრის პირას მდებარე უბნებზე ვახუშტი ამბობს:

ვიკიციტატა
„აწ უწოდებენ თიანეთს, საგურამოს ანუ თეძმის ჴევს... კვალად გარდანი, მარტყოფი, ლილო, დიდუბე, სამგორი, ჩადივარი, ომანისჴევი, ყარაღაჯი, ნაგები და ყარაია.“

სხვა ადგილას:

ვიკიციტატა
„არამედ ესე ადგილნი ნაგებს ზეით არს ძველად კუხეთისა... ხოლო ნაგებს ქვეითი ჰერეთისა არს, და აწ უწოდებენ ყარაიას, და გარეჯის მთას მასვე ძველ სახელს.“

„მონაკვეთი, რუსთავიდან — სამების ხევამდე ჩვენთვის ძნელად დასადგენია. მას უნდა გაევლო სამგორსა და ჩადივრის გორებსა და გარეჯის მთას შუა“ — წერს დავით მუსხელიშვილი.

კუხეთს ოდნავ განსხვავებულად აღწერს თეიმურაზ ბატონიშვილი:

ვიკიციტატა
„კუხოსს მისცა დედამან მისმან ბოსტან ქალაქი, აღშენებული მის მიერ და განუჩინა ქართლოს მამამან მისმან არაგვით ჰერეთამდე, ჰერეთისა და მტკვარს შუა.“

საზღვრის ცვლილება კახოს-კუხოსის შეთანხმებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვრები სხვადასხვა პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ნინოს დროს კუხეთად იწოდებოდა ბოდის დაბა, რომელიც მეცნიერთა წრეში ბოლომდე ლოკალიზებული არაა.

ვიკიციტატა
„მაშინ შეიძრნეს ორნი-ვე ესე ქალაქნი, მცხეთა და უჯარმა, და ყოველი ქართლი, მიცვალებასა ნინოსსა. მუნ მივიდეს და დამარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი ადგილსა-ვე ზედა კუხეთს, დაბასა ბოდისასა.“
ვიკიციტატა
„ამ ავჭალის ბოლოს არს ჴევძმარი: ჩამოვარდების მშრალი ჴევი ქვითკირის-ლილოდამ მტკვრამდე. და ესე არს საზღვარი აწინდელისა ქართლ-კახეთისა. აქამდე უწოდებენ საგურამოს ხერკითურთ, გურამიანთ გამო.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 145)

ვახუშტი ბატონიშვილი, როგორც თავის „გეოგრაფიულ აღწერაში“ შესაბამისად თავის ატლასებში ქვემო ქართლის საზღვრებში აქცევდა რაიონებს ხევძმარიდან ყარაიის ჩათვლით (მათ შორის ქალაქ რუსთავსაც). რადგანაც ცნობილია რომ რუსთავი წარმოადგენდა ისტორიული კუხეთის დედაქალაქს ცხადი ხდება, რომ აღნიშნული რუკები ასახავენ არა პირვანდელ არამედ შემდგომი პერიოდების ტერიტორიულ გადანაწილებას. შესაძლოა აღნიშნული საზღვრებში არსებობდა საქართველოს რეგიონები თავად ვახუშტი ბატონიშვილის დროს, ანუ XVIII საუკუნეში.

ვახუშტის თავის ატლასში წარმოდგენილი აქვს რუკები რომლებიც ასახავს მოგვიანო პერიოდის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ მდგომარეობას. მაგალითად, არის რუკები სადაც ნაგები და რუსთავი არ შედის არც კუხეთის და არც ჰერეთის იურისდიქციაში ხოლო ჰერეთის საზღვრად მწარე წყალი მოჰყავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კახეთის ისტორია.

ქართლის ცხოვრების მიხედვით, რეგიონი რომელიც წილად ხვდა ქართლოსს, გაუნაწილა თავის ძეებს, მათ შორის კუხოსს ერგო შემდეგი ტერიტორია:

ვიკიციტატა
„ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, შესართავადმდე, მთასა კახეთისასა და მტკუარსა შუა[7].“

გადმოცემით, მეფე ფარნავაზ I-ის (ძვ. წ. III ს.) დროს კუხეთი კახეთთან ერთად ერთ საერისთავოს წარმოადგენდა. შემდგომშიც იგი ადმინისტრაციულად კახეთთან იყო დაკავშირებული, თუმცა, გარკვეულ პერიოდებში ცალკე საგაგებლოდაც ჩანს. VIII საუკუნის 80-იან წლებში კუხეთი, როგორს საერისთავო, ახალწარმოქმნილ კახეთის სამთავროში შევიდა. არის მონაცემები, რომ X-XI საუკუნეებში კუხეთის ნაწილი ქ. რუსთავიანად თბილისის საამიროში შედიოდა. კუხეთი წყაროებში უკანასკნელად მოიხსენიება XII საუკუნეში, ამჯერად — როგორც გეოგრაფიული ცნება. XV საუკუნის ბოლოს კი ყოფილი კუხეთის ტერიტორია უკვე კახეთად იწოდება. გადმოცემის თანახმად, ქართველთა განმანათლებელმა წმ. ნინომ კაწარეთში მოაქცია ქრისტიანობაზე კუხელები. გადმოცემითვე წმ. ნინო ბოდბის მონასტერშია დაკრძალული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მესხელიშვილი დ., ციხე-ქალაქი უჯარმა : ივერია-ალვანეთის ურთიერთობის ისტორიიდან / ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი. - თბ. : მეცნიერება, 1966.
  • მესხელიშვილი დ., კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII-XIII სს., „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, 1967, ტ. 3;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
  • მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 92-93, თბ., 1983 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯ. ლომაშვილი, რას ნიშნავს სიტყვა „ბოჭორმა“, „საქართველოს ბუნება“, 1976
  2. მესხელიშვილი დ., ციხე-ქალაქი უჯარმა, 1966, გვ. 13
  3. 3.0 3.1 „ანასეული ნუსხა“, 1942, გვ. 5
  4. 4.0 4.1 ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, წ. I-II, 1913, გვ. 298
  5. ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, „ქართლის ცხოვრება“, წ. I, 1897, გვ. 22
  6. მესხელიშვილი დ., ციხე-ქალაქი უჯარმა, 1966, გვ. 10-11
  7. "ქართლის ცხოვრება" სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955