შინაარსზე გადასვლა

თარგამოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თარგამოსი და მისი ვაჟები:
ფიგურების განლაგება მარცხნიდან მარჯვნივ: მოვაკანოსი, ბარდოსი, ქართლოსი, ჰაოსი, თარგამოსი, ლეკოსი, ჰეროსი, კავკასოსი, ეგროსი. ქართული ქრონიკების გადაშლილი ფოლიო[1] (ვახტანგისეული რეპროდუქცია), 1700-ანი წლები.

თარგამოსი, თარგმოსი (ებრ. תוגרמה — თორგამა, სომხ. Թորգոմ — თორგომ) — ბიბლიური წარღვნის შემდეგ კავკასიაში მოღვაწე პატრიარქი, ნოეს ძის — იაფეტის ერთ-ერთი შთამომავალი.

თარგამოსის წარმომავლობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია:

ქართლის ცხოვრების მიხედვით თარგამოსი თარშის ძეა და იაფეთის შვილთაშვილი („ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის-წული იაფეთისი, ძისა ნოესი“). აღნიშნულ ტექსტში არ კონკრეტდება იაფეტის რომელი შვილის შთამომავლობაზეა საუბარი.

ვახუშტი ბატონიშვილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვახუშტი ბატონიშვილის ქართველ მეფეთა გენეალოგია. აქ თარგამოსი იოვანის ძის თარშის ძეა

ვახუშტი ბატონიშვილის მიერ წარმოდგენილ მეფეთა გენეალოგიურ ხეზე მითითებული აქვს შემდეგი თანმიმდევრობა:

ნოე>>იაფეთი>>იოვანი>>თარში>>თარგამოსი.

ვიკიციტატა
„ქართლოს იყო ნოეს ძის იაფეთისაგან, რამეთუ იაფეთ ჰშვა ავანან, ავანან ჰშვა თარში, თარშმა ჰშვა თარგამოს...“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს ისტორია“ (დ. ბაქრაძის რედაქტირებით), ტფ., 1885, გვ. 28)

აღნიშნული ვერსია წარმოადგენს ქართლის ცხოვრების ბუნდოვანი ნაწილის თავისებურ ინტერპრეტაციას. მაგალითად ბიბლიაში არ ჩანს იოვანის ძის — თარსისის შთამომავლობა.

ვიკიციტატა
  • 1. ხოლო ეს არის წარმომავლობა ნოეს ძეებისა: სემის, ქამის, იაფეთისა, და შვეს მათ ძეები წარღვნის შემდეგ.
  • 2. იაფეთის ძეები: ღამერი და მაგოგი და მადაი და იოვანი და ელისა და თობელი და მოსოქი და თირასი.
  • 3. და ღამერის ძეები: ასქანაზი და რიფათი და თორღამა.
  • 4. და იოვანის ძეები: ელისა და თარსისი, კიტიელნი და როდიელნი.“
(შესაქმე.10:1-4[2])

ნ. დადიანი თავის ნაშრომში „ქართველთ ცხოვრება“ ასევე იმეორებს ვახუშტის ჰიპოტეზას: „ქართლი აღეშენა პირველ ქართლოსის მიერ, რომლისაცა სირასა მოუთხრობენ სემისა და იაფეთისაგან ისტორიანი სომეხთა და ქართველთანი ესრეთ, ვითარმედ: ჰყვა მას მემკვიდრედ ავინან და შემდგომად ავინანისა თარშის და თარშისა შემდგომად თარგამოს. და ესე იყო მამა არმანთა, გრიზთა, მოვაკანთა, ჱერთა, ლეკთა, მეგრელთა და კავკასთა“.

მოვსეს ხორენაცი თარგამოსს ასევე მიიჩნევს თარშის ძედ, მაგრამ თარში გამოჰყავს არა იოვანის არამედ ღამერის შვილად. აღნიშული თანმიმდევრობით ირღვევა ბიბლიის ტექსტი, სადაც ღამერის ძედ თირასი მოხსენიებული საერთოდ არაა.

თარგამოსის გენეალოგია მოვსეს ხორენაცის მიხედვით ასეთია:

ნოე>>იაფეთი>>ღამერი>>თარში>>თარგამოსი[კ 1].

მხითარ აირევანეციც იმეორებს მოვსეს ხორენაცის თანმიმდევრობას (Japheth, Gamer, Thiras, Thorgom, Haic)[3].

ბიბლიის ტექსტის ინტერპრეტაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი წყარო გამოდის ბიბლიის ინტერპრეტაციიდან, რომლის მიხედვითაც თარგამოსს მიიჩნევენ იაფეთის შვილის — ღამერის ძედ.

ვიკიციტატა
  • 1. ხოლო ეს არის წარმომავლობა ნოეს ძეებისა: სემის, ქამის, იაფეთისა, და შვეს მათ ძეები წარღვნის შემდეგ.
  • 2. იაფეთის ძეები: ღამერი და მაგოგი და მადაი და იოვანი და ელისა და თობელი და მოსოქი და თირასი.
  • 3. და ღამერის ძეები: ასქანაზი და რიფათი და თორღამა.
  • 4. და იოვანის ძეები: ელისა და თარსისი, კიტიელნი და როდიელნი.“
(შესაქმე.10:1-4[4])
ვიკიციტატა
  • 1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
  • 2. ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი გოგსა ზედა და ქუეყანასა ზედა მაგოგოთასა მთავარსა როსს, მოსოხს და თობელსა, და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა.
  • 3. და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსს, მოსოხს და თობელს,
  • 4. და გარემოგაქციო შენ მრგვლივ და მივსცე აღჳრი ღაწუთა მიმართ შენთა და შეგკრიბო შენ და ყოველი ძალი შენი, და ცხენნი და ცხენოსანნი, შემმოსელნი საჭურველთანი, ყოველნი მთავარნი, შესაკრებელი მრავალი, მშჳლდებისა და ჩაფხუტებისა და ფარებისა მქონებელნი, ყოველნი იგი
  • 5. სპარსნი, და ეთიოპელნი, და ლჳდნი, ლიბიელნი, და ფუთნი მათ თანა, ყოველნი ესე ფარებისა და ჩაფხუტებისა და მშჳლდებისა მქონებელნი,
  • 6. გომერ და ყოველნი გარემოჲსნი მისნი, სახლი თერგამოჲსი, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, და ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესავნი მრავალნი მის თანა.“
(ეზეკ.38:1-6)

თეიმურაზ ბატონიშვილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატა
„თარგამოს იყო საღმრთოსა წერილისამებრ ძველისა აღთქმისა მოსეს მიერ მოთხრობითა, ძეჲ ღამერისა, ძისა იაფეთისა (დაბადება თავი 10, მუხლი 3; ნეშტთა თავი, მუხლი 6); ხოლო ვიეთგანთა ვიდრემე მწერალთა ცდომილებითა თარგამოს მოიხსენების ძედ თარსისისა, ძისა იონანისა, ძისა იაფეთისა. თარსის იყო ძეჲ იონანისა ანუ ჶარსის, რომლისაცა ნათესაობა საღმრთოსა წერილსა ძველსა აღთქმასა შინა შვილითი შვილად არა მოხსენებულ არს და იოსიპოს ჶლავია მოუთხრობს ისტორიასა შინა თჳსსა იუანოჲსაგან, იონიაჲ და ყოველნი ელინნი იქმნებიან. (კვალად იოსიპოსვე) თორღამას უკვე თორღამელნი დაამკჳდრნა, რომელნი თნებისაგან ელლინთასა ფრიგვიად იწოდეს: ხოლო თარსოის თარსთა, რამეთუ ესრეთ იწოდებოდა ძველთა ტარსო-კილიკიად (ზომორეცა ითქვა) დაამკვიდრებს უკვე თოვილოსცა თოვილთასა, რომელნი აწ ივერად იწოდებიან. თოვილ, თობელ არს ძეჲ Ⴈაფეთისა ნოეს ძისა, ხოლო თობელნი, რომელნიცა შემდგომად იწოდნეს ივერად. ხოლო წინასწარმეტყველთა შორის დიდი ეზეკიელ აღსწერს წინასწარ-მეტყველებისა თჳსისა წიგნსა შინა თავსა ლჱ (ოცდა მეათვრამეტესა) და მუხლსა ვ (სხვათაცა ნათესაობათა მომთხრობელი), ვითარმედ. „გომერ (ესე იგი ღამერ) და ყოველნი გარემოსნი მისნი სახლი თერგამოჲსა დასასრულისაგან ჩრდილოჲსა და ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესავნი მრავალნი მისთანა, მუხლი ზ. განმზადენით, განმზადე თავი შენი. შენ და ყოველმან შესაკრებელმან შენმან შემოკრებულთა შენდამი და მექმნენით მე წინა-დასაწველად.“ ცხად იქმნების წინასწარმეტყველისა სიტყვითა თარგამოს მოხსენებად ძედ გომერისა (ესე იგი ღამერისა) და სახლი მისი დასასრულსა ჩრდილოსასა, რომლისა ნიშანისა ძლითცა სარწმუნო იქმნების ქვეყანაჲ ძეთა თარგამოსისთა და სახლისა მათისა შთამომავლობისა, მრავალ-ნათესაობასა და სიმტკიცეთა ადგილისა და სამკვიდრებელისა მათისათა გვაუწყებს წინასწარმეტყველი. დასასრული ჩრდილოეთისა არს ქვეყანა ივერიისა და სიმტკიცენი კავკასიისანი, მაშა სადამე მამაჲცა ქართლოსიანთა არს ქართლოს ძეჲ თარგამოსისა ძისა ღამერისა, რომლისაცა ძლით მიზეზისა შეუდგების ისტორიაჲ ესე ჩემი, წინა-პართა ნათესაობისა ჩვენისათა მოხსენებად ამათ უკუჱ შთამოსირვათაგან და არა დატევებად, გინა შეცვალებად ნათესაობისა ამის შთამომავლობათასა, ვინაჲდგან უწინარეს ჩემსა აღმწერელნიცა იტყვიან თარგამოსს მამასა ქართლოსისასა და ძმათა მისთასა; მაგრამ წინასწარმეტყველისა მოთხრობასა ვირწმუნებ და ვიტყვი თარგამოსს ძედ-ღამერისა ძისა იაფეთისა, ძისა ნოესსა, რომელსაცა გვიმტკიცებენ ესრედ ყოვლად დიდი იგი წინასწარ-მეტყველი და ღუთის-მხილველი მოსე და ეგრეთვე დიდი იგი წინასწარმეტყველი ეზეკიელ და მივაწერ ცთომილებასა, რომელნიცა თარგამოს იტყვიან ძედ თარსისა, ძისა იონანისა.“

და თედო ჟორდანიაც ასევე იზიარებს აღნიშნულ ვერსიას:

ვიკიციტატა
„ნოეს პირ-მშოსა ძესა იაფეთს ჰყუნდეს რუანი შჳლნი: ღამერ, მაგოგ, მადიამ, იოავან, ელიასან, თოველ, მოსოხ და თირას. პირველსა მას შჳლსა, შჳლის-შჳლსა ნოესსა ღამეს ჰყუანდეს სამნი შჳლნი: ასქანაზ, რიფათ და თორღამ, რომელ არს თარგამოს. ამ თორღამს, რომელიცა არს თარგამოს ჰყუანდა რუანი შჳლნი: ჰაი, ქართლ, ბარად, მოვაკ, ლეკ, ჰერ, კავკას და ეგრ.[5]
„ქართლის ცხოვრების“ ლეგენდები
საქართველოს ისტორიის დასაწყისი.
I
1. საქართველოს დამაარსებელნი
(მამასახლისნი).[6]

ყველა ერის ისტორიის დასაწყისს ხანას ჰფარავს გავლილ საუკუნეთა წყვდიადი. ისტორია ერისა, ვიდრე გაჩნდებოდეს დაწერილი მატიანე, ზეპირად გადმოიცემის. თაობანი და მოდგმანი ამკობენ მას თავის წინაპრების საგმირო მოთხრობითა და ამბებით, წარმოიდგენენ მათ უძლეველ გმირებად, რომელნიც ადვილად ჰმუსრავენ დევებს, მრავალთავიან ვეშაპებს, უამრავ ალქაჯებს, ისე კისკასად ამარცხებენ დევებს, ვით ლომი კატას. როდესაც ეს გადმოცემანი და მოთხრობანი ეფინება მთელს ერს და ხდება მის საერო საკუთრებად და მასში იღვიძებს საეროვნო თვითცნობიერება, მაშინ იბადება მოთხოვნილება: ყველა ეს გადმოცემანი დაიწეროს, შესდგეს წერილობითი მატიანე საგულისხმიეროდ შთამომავლობისა.

ყველამ ვიცით, გადმოცემა-ლეგენდები დაედვა საფუძვლად ომიროსისა, ჰეროდოტესი, ფირდაუსისა, ნესტორისა და მაგვარ მწერლების თხზულებებს. ამ გვარს ნაწარმოებში ბევრია იგავი, თხრობა საპოლიტიკო, სარწმუნოებრივი. ქვეყნის რომელიმე მარჯვე ადგილი თანდათან სახლდება, კაც-მრავალ ქალაქად ხდება, იძენს ძალას, ძლიერებას. ერს ეძლევა მიზეზი შეჰქმნას „მითი“ მის დამაარსებლის შესახებ, რომელიც, იქნება, არც კი ცხოვრობდა ამ ქალაქში და არც კი არსებობდა. ამ გვარია, მაგალ., მითები შესახებ რომის დამაარსებელ რომულისა და რემისა, შესახებ ელლინთა წინაპრის ელლინისა, შესახებ ეოლის, დორის, იონის და აქეისა, რომელთაც, ვითომ, დაეარსებინოთ ქვეყნები ეოლია, დორია, იონია, აქაია.

ასრე ინასკვება ყოველი ერიის ისტორია, მისი დასაწყისი, დასაბამი.

ჩვენი მატიანეც ამ საკაცობრიო წესს ვერ ასცილდა. საჭირო შეიქმნა ეპოვნათ პირველი მარცვალი, რომელიც ქართლად აღივდა, და ჰპოვეს გმირი ქართლოსი, ძე თარგამოსისა. მარტოხელა კაცი, რაც უნდა დიდი ვაშკაცი იყოს, არა თუ ომში, ჭამაშიაც ბრალია, და მას, ქართლოსს, გვერდს ამოუყენეს ძმები – ეგროსი, წინაპარი ეგრთა, ჰეროსი, მოვაკანი, ბარდოსი, ლეკოსი, კავკაზოსი, ჰაოსი. ყველა ამათ, გარდა კავკაზოსისა, ჰაოსისა და ლეკანოსისა, შეჰქმნეს თითო ქალაქი – ქართლი, ეგროსი, ბარდოსი, ჰეროსი და მოვაკან – და მათში დასახლდნენ.

შემდეგ ოცნებამ შეჰქმნა მეორე თაობა გმირებისა. ესენი იყვნენ ქართლოსის ძენი – მცხეთოსი, გარდაბოსი, კახოსი და გაჩიოსი. ამათაც ააშენეს თითო ქალაქი და უწოდეს თავის სახელი.

ამასობაში ქართლოსი გარდაიცვალა. იგი დაიტირეს და დამარხეს მისივე ქალაქ ქართლში; მისი საფლავი აღიარეს წმინდა ადგილად და ქართველთა საფიცრად; თვით ქვეყანას უწოდეს მისი სახელი – ქართლი, საქართველო (სვან. ქართ═ქართლი).

ქმრის (ქართლოსის) გარდაცვალების შემდეგ მისმა ქვრივმა ააშენე ბოსტან-ქალაქი (მერმენდელი რუსთავი) და დედაციხე. კახოსმა ააშენა ქალაქი ბერ (ჩელეთი). გაჩიოსი დაესახლა ორბისციხეში, რომელიც ააშენა მისმა მამამ.

მათ მოჰყვა მესამე თაობა: უფლოსი, ოძრხოსი, ჯავახოსი. ამათ შეჰქმნეს უფლისციხე, ოძრხე, თუხარისი, ჯავახეთი, წუნდა, არტანისი. უფლოსმა ააშენა აგრეთვე ურბნისი, კასპი.

ყველა ამათ დაიპყრეს ქართლი, რომლის საზღვარი იყო: ზღვა სპერისა (ჭოროხის მხარე შავი ზღვისა), ალაზნის შესართავი, მდ. ბერდუჯი (დებედა) და ტავრისკენ მიმავალი მთები.

ამას გარდა, ყველა იგინი მამასახლისები იყვნენ და მათი უფროსი კი იყო მცხეთის მამასახლისი, რადგან თვით მცხეთა ითვლებოდა თავადად ყოველთა ქალაქთა ზედა.

დრო, როდესაც ეს გმირები და საქართველოს დამაარსებელნი ცხოვრობდნენ, შეგვიძლიან წარმოვიდგინოთ ამავე წინაპრების საშთამომავლო შტოთი: ასე:

იოსებ ფლავიოსის აზრით ადრე ივერიელებს თობელები ეწოდებოდათო, რადგანაც ისინი იაფითის ძის თობალის შთამომავლები არიანო, ხოლო სომხებს კი მიიჩნევს სემის შვილიშვილ იულის შთამომავლებად.

ვიკიციტატა
„ხოლო იოსაფ ფლავიოსს მწერალი იუდიანთა ისტორიისა, ძველთა ებრაელთა მოთხრობათა შინა წიგნსა პირველსა, ნაწილსა და თავსა 6-სა, მოუთხრობს ესრეთ: „სულ ძველად ქართველთა, ესე იგი ივერთა თობელნი ეწოდებისო, ვინაჲდგან იგინი შთამომავლობით არიან იაფეთის ძის თობელისნი“. და სომეხთა, ესე იგი ერმანთათვის იტყვის იგინი არიან შთამომავლობანი იულისანი სემის შვილის შვილისაგან (ეს-სახედ: სემ შვა არამ, არამ შვა იულ და ამისგან შთამომავლობისგან, შთამომავლობანი სომეხთა ესე იგი ერმანთა ნათესაობანი არიან). საღმრთოსა მის წერილსა (ესე იგი მოსეს წიგნისაგან გვეუწყების), ვითარმედ იაფეთის შვილნი იყვნეს: თობელ და მოსოხ, მხოლოდ ესე ვუწყით. ხოლო მოთხრობისამებრ იოსიფოს ფლავიასსა თობელისაგან იშვნესო ივერიელნი, ესე იგი ქართველნი და მოსოხისაგან კაბადუკიელნი“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, გვ. 10.)

პირველი მოხსენებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასურულ ლურსმნულ დამწერლობებში გვხვდება ქალაქი თეგარამა და ტომი ”თილგარიმუ”, მდებარე მცირე აზიის აღმოსავლურ ნაწილში, მდ. ევფრატის აუზის ჩრდილოეთ ნაწილში (ებრ. בית תוגרמה, ბეთ თორაგმას ახსენებს წინასწარმეტყველი იეზეკიილი 27,14 და 38,6). ებრაულ ლიტერატურაში შუა საუკუნეებში სიტყვა თრაგმოსი გამოიყენებოდა დღევანდელი თურქეთის აღსანიშნავად.

ლეონტი მროველი და დავით ბაგრატიონი თვლიან, რომ „თარგამოსიანებმა“ დატოვეს ბაბილონი და დასახლდნენ არარატისა და მასისის მიმდებარე ტერიტორიებზე.

თარგამოსის შთამომავლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხები და ქართველები თვლიდნენ თავს თარგმოსის შთამომავლებად, მაგრამ აღნიშვდნენ რომ მათ „ასკენაზის ხალხებს“საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! (ასკენაზი თარგმოსის უფროსი ძმა იყო) ეძახდნენ, ხოლო შემდეგ კი მათ ხალხებს „თარგმოსის სახლი“ დაარქვეს. ლეონტი მროველის აზრით თარგმოსს რვა შთამომავალი(ვაჟი) ჰყავდა:

წილხვედრი ტერიტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარგამოსს ქართლის ცხოვრების მიხედვით წილად ხვდა კასპიისა და შავ ზღვას შორის ტერიტორია:

ხოლო ქუეყანა იგი, რომელი წილით ხდომოდა, ესე არს საზღვარი ქუეყანისა მისისა: აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა, და სამხრით ზღუა ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია... ...ხოლო ჰაოს დაემკჳდრა საყოფელთა მამისა თჳსისა თარგამოსისთა, და დაიპყრა ქუეყანა ჩრდილოთ, ვითა დამიწერია: სამჴრით მთით ორეთისითგან, აღმოსავლით ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, და დასავლით ვიდრე ზღუადმდე პონტოსა.

— ლეონტი მროველი, „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“, ქართლის ცხოვრება.

მოსე ჯანაშვილი აღნიშნულ საზღვრებს შემდეგნაირად წარმოგვიდგენს: აღმოსავლით გურგანის ზღვა, რომელსა აწ გილანის ზღვად სახელსდებენ. დასავლით — ზღვა პონტოსი, რომელსა აწ შავ ზღვად სახელსდებენ, სამხრით — მთა ორეთისა, რომელ არს ქურთთა ქვეყანასა, პირისპირ მიდიისა, ჩრდილოთ — მთა კავკასია, რომელსა სპარსნი იალბუზს უწოდებენ[8].

  1. ვიკიციტატა
    „Иафетъ родитъ Гомера, Гомеръ родитъ Өираса, Өирасъ родитъ Өоргомка, Өоргомъ родитъ Хайка, Хайкъ родитъ Арменака, Арменакъ родитъ Армаиса, Армаисъ родитъ Амасию, Амасия родитъ Гехама, Гихамъ родитъ Хармая, Хармай родитъ Арама, Арамъ родитъ Арая прекраснаго“
  1. ფოლიო. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  2. ძველი აღთქმა. 10:1-4
  3. Historie Chronologie par Mikhthar D'Airivank (15 გვ.) - M. Brosset 1869. გვ.11
  4. ძველი აღთქმა. 10:1-4 (თანამედროვე ქართული)
  5. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“ - თ. ჟორდანია 1893 წ.
  6. მოსე ჯანაშვილი „ქართველთა მატიანე“: „ქართლის ცხოვრების“ ლეგენდები, საქართველოს ისტორიის დასაწყისი. I — 1. საქართველოს დამაარსებელნი (მამასახლისნი). გვერდები: 111, 112, 113. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი, 1903.
  7. მოსე ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უუძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“. ტომი I, გვერდი — 8 —. ტფილისი, ელექტრონითმბეჭდავი ამხ. „შრომა“. მიხეილის პრ. №65, 1906.
  8. ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“ (მ. გ. ჯანაშვილის რედაქტორობით), 1904 წ. გვ. იჱ
თარგამოსის შთამომავლობა - ქართლის ცხოვრების მიხედვით
ქართველთა ეთნარქები სომეხთა ეთნარქი ალბანთა ეთნარქები ჩრდილოკავკასიელთა ეთნარქები
თარგამოსის ძენი ქართლოსი · ეგროსი · ჰეროსი ჰაოსი ბარდოსი · მოვაკანოსი ლეკანოსი · კავკასოსი
ქართლოსის ძენი მცხეთოსი · გარდაბოსი · კახოსი · კუხოსი · გაჩიოსი
მცხეთოსის ძენი უფლოსი · ოძრხოსი · ჯავახოსი