დმანისხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დმანისხევი, დბანისხევი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, აღმოსავლეთ-ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, ახლანდელი ბოლნისისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე, მაშავერის ხეობის ადრინდელი სახელწოდება. აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ დმანისხევი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ქვის ხანაში. მდინარე მაშავერის აუზის ტერიტორია ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ქმნიდა ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთულს ქვეშისხევს (ადმინისტრაციული ცენტრი ქვეში), რომელიც ეპარქიალურად ტაშირთან ერთადერთ საეპისკოპოსოში იყო გაერთიანებული (წყაროებში დმანეეპისკოპოსი პირველად VI საუკუნეში იხსენიება). IX საუკუნიდან ქვეშისხევის ცენტრი ხდება დმანისი და ამიერიდან იგი დმანისად იწოდება. დმანისხევზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზები, რომლებიც ტაშირში, ტაოში, სომხეთსა და ბიზანტიაში მიემართებოდა. აქვე გადიოდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები ზურტაკეტ-თრიალეთისკენ, სამშვილდისკენ, ბოლნისისკენ, კახეთისა და ხუნანისკენ (ისტორიული გზების გაყოლებით მრავლად არის შემორჩენილი ნახიდურები და ნაციხარები). შუა ფეოდალურ ხანაში დმანისხევის უდიდესი ნაწილი სამეფო მამული იყო, გვიანდელ ფეოდალურ ხანაში — ორბელიშვილების ფეოდალური საგვარეულოს ეკუთვნოდა. იმავე პერიოდში დმანისხევი — სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულ — ე. წ. „მეწინავე სადროშოში“ შედიოდა. გვიანდელ ფეოდალური ხანის ბოლო პერიოდში მძიმე საგარეო ვითარებამ და შინაფეოდალურმა აშლილობამ დმანისხევის მკვიდრი მოსახლეობა აიძულა მიეტოვებინა იქაურობა. შემდგომში აქ ჩამოსახლდნენ ქართველები ჯავახეთიდან და შიდა ქართლიდან, სომხური და თურქმანული მოსახლეობა.

დმანისხევის კულტურის ძეგლთაგან აღსანიშნავია: ადრექრისტიანული ხანის საყდრები სოფ. აკაურთაში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) და სოფ. უკანგორში (დმანისის მუნიციპალიტეტი): აგრეთვე სტელები არქაული ჩუქურთმებით, რელიეფებით და უძველესი ქართული ასომთავრული წარწერებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მასავერის ხეობაში, თბ., 1941;
  • ბერძენიშვილი დ., ქსე, ტ. 3, გვ. 595, თბ., 1978