შინაარსზე გადასვლა

მაჭახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მაჭახელა.
მაჭახელი 1900-იანი წლების ერთვერსიან რუკაზე

მაჭახელი, მიჭიხიანი — ისტორიული მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ამჟამად მაჭახელი ორადაა გაყოფილი, მდ. მაჭახელის დინების ზემო ნაწილი თურქეთის საზღვრებშია, ხოლო ქვედა საქართველოში.

მაჭახელი იწყება სოფელ მაჭახლისპირიდან და მდებარეობს მდინარე მაჭახლისწყლის აუზში, რომელიც აჭარისწყლის მომდევნო ხეობაა ჭოროხის აუზში. მაჭახლისწყლის შენაკადებია: მინდიეთის წყალი და ეფრატის ღელე.

მაჭახელი მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა სამრევლოების აღწერილობაში. ვახუშტი ბატონიშვილი მაჭახელს შავშეთის შემადგენლობაში გულისხმობს.

XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ოსმალებმა დაიპყრეს მთელი სამცხე-საათაბაგო. ამავე პერიოდიდან ლაზეთთან ერთად აჭარა-მაჭახელი ჩამოაცილეს საქართველოს; მიტაცებული ტერიტორიები სანჯაყებად (ოლქებად) დაყვეს. თავდაპირველად ცალკე სანჯაყს წარმოადგენდა მაჭახელი, რომელიც ახალციხის საფაშოში შედიოდა. მოგვიანებით მაჭახელი კაზას სახით შევიდა ლაზისტანის სანჯაყში. 1865 წელს მაჭახელში შედიოდა 26 სოფელი, ცხოვრობდა 4485 ადამიანი. გავრცელებული იყო ყველ-კარაქის წარმოება და იარაღის დამზადება.[1]

რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, მაჭახელი საქართველოს სხვა ისტორიულ ტერიტორიებთან ერთად გადაეცა რუსეთს. ამ ომის შემდეგ მაჭახლის მოსახლეობის დიდი ნაწილი თურქეთში გადაიხვეწა: მუჰაჯირობა განაპირობა რუსეთის ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილმა მძიმე პირობებმა: საზღვრისპირა რეგიონებში რუსეთი სომხებს უფრო ენდობოდა, ამავე დროს, სულთნის თურქეთს იაფი მუშახელი ესაჭიროებოდა.

დღეს მაჭახელის ერთი ნაწილი, ზემო მაჭახელი, კვლავ თურქეთის საზღვრებშია, ქვემო მაჭახელი კი საქართველოს შემადგენლობაშია; კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შედის: ზედა ჩხუტუნეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი, ცხემლარა, სკურდიდი, აჭარისაღმართი, ქედქედი, სინდიეთი, ჟანივრი, გორგაძეები, საფუტკრეთი და სხვ. თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებშია: ხერთვისი (აქ ერთმანეთს ერთვის მინდიეთისა და ეფრატის ღელეები), მინდიეთი, აკრია, ქვაბისკავი, ზედვაკე, ეფრატი.

მაჭახელი მდიდარია ქვისთაღოვანი ხიდებით. ცნობილია: აჭარისაღმართის, ცხემლარის, ჩხერის, ზვარიას და გორგაძეთის ხიდები. აჭარისაღმართის ხიდმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ზემო მაჭახელში გვხვდება: ხერთვისის და ევფრატის („ყრუ ხიდი“) ხიდები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]