შინაარსზე გადასვლა

სელჩუკთა სახელმწიფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თურქ-სელჩუკები)
სელჩუკთა სახელმწიფო თავისი ძლიერების მწვერვალზე 1092

სელჩუკთა სახელმწიფო — სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებლად სელჩუკს თვლიან, მაგრამ დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ოფიციალურად 1040 წელს დანდანდაქანის ველზე ღაზნევიდებთან სელჩუკების გამარჯვების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი. სელჩუკების და ოღუზთა ტომების გაერთიანება ჩამოყალიბდა შუა აზიაში VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე. IX-X საუკუნეებში მათში გავრცელდა ისლამი. XI საუკუნის დასაწყისში სელჩუკები ისე გაძლიერდნენ, რომ კონფლიქტში შევიდნენ ღაზნევიდების სახელმწიფოსთან. მისგან სელჩუკებმა ვასალური პირობებით მიიღეს მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი დენდანაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით სელჩუკებმა 1040-50 წლებში დაიპყრეს ხორეზმი და ირანი. 1045 წელს სელჩუკებმა დალაშქრეს ვანის ტბა და ქალაქი ყარსი, 1047 წელს ერზერუმი, 1049 წელს ანისი. 1050-იან წლებში სელჩუკებმა დალაშქრეს აზერბაიჯანი, ქურთისტანი და ერაყი. 1051 წელს მათ აიღეს ისპაჰანი, 1053 წელს ხელახლა დალაშქრეს ყარსი, 1054 წელს დაიპყრეს სამხრეთ აზერბაიჯანი და ნახიჩევანი, დაარბიეს განჯის საამირო. 1055 წელს აიღეს ბაღდადი და გაანადგურეს ერაყის ბუიდების სახელმწიფო. ბაღდადის დაპყრობის შემდეგ სულთანმა თორღულმა თავი მუსლიმთა მეთაურად გამოაცხადა და სელჩუკთა დაპყრობითი ომები რელიგიურ საფუძველზე გადაიტანა. ამ პერიოდში სელჩუკთა ლაშქრობები ატარებდა მარბიელ ხასიათს. მისი მთავარი მოწინააღმდეგე დასავლეთით იყო ბიზანტიის იმპერია.

ალფ-არსლანის მმართველობის წლებში სელჩუკებმა დაიპყრეს სომხეთი (1064). სელჩუკებმა დაიწყეს მარბიელი ლაშქრობები ბიზანტიის წინააღმდეგ. ბიზანტიის იმპერიის საგანრიზონო თავდაცვის სისტემა უძლური აღმოჩნდა სელჩუკების შესაჩერებლად. ბიზანტიის იმპერატორმა რომანოზ IV დიოგენემ გადაწყვიტა ერთ გენერალურ ბრძოლაში დაემარცხებინა სელჩუკები. 1068 წლიდან მან დაიწყო ერზერუმის და ვანის ტბების მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდა სელჩუკებისგან, მაგრამ 1071 წელს სასტიკად დამარცხდა მანასკერტის ბრძოლაში. მანასკერტთან ბრძოლის შემდეგ სელჩუკებმა დაიმორჩილეს მცირე აზია და სხვა ტერიტორიები. სულთან მალიქ-შაჰის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია: დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო შუა აზიაში, სირია–პალესტინა და საქართველოს სამეფო. სირიის მიმართულებით სელჩუკთა დაპყრობები დაიწყო 1072 წელს. 1076 წელს მათ დაიპყრეს დამასკო, 1085 წელს აიღეს ანტიოქია, ხოლო 1086 წელს წელს აიღეს იერუსალიმი. სელჩუკებმა არ დაიპყრეს საპორტო ქალაქები, რამაც მოგვიანებით მათ ცუდი სამსახური გაუწია.

იმპერიის ზრდასთან ერთად დაიწყო ფეოდალიზირებული სამხედრო-მომთაბარე დიდგვაროვანთა ცენტრიდანული მისწრაფებები. უკვე მელიქ-შაჰის მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც სელჩუკიდთა დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალური ხელისუფლებისაგან („დიდი სელჩუკისაგან“). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის სასულთნო (1041-1187), რუმის, იგივე კონიის სასულთნო (1077-1307), სირიის სასულთნო (1094-1117) და სხვა.

XI საუკუნის ბოლოს დაიწყო სელჩუკთა იმპერიის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობები. პირველი ჯვაროსნული ომი დაიწყო 1097 წელს რუმის სასულთნოს დედაქალაქის, ნიკეას ალყით, რომელიც აღების შემდეგ ბიზანტიას დაუბრუნდა. პირველი ჯვაროსნული ომი სელჩუკთათვის იყო სრულიად მოულოდნელი. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს პალესტინა, სირია, მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. სელჩუკებმა დაკარგეს პირდაპირი კავშირი ხმელთაშუაზღვის სავაჭრო ცენტრებთან, ასევე მექსა და მედინასთან. შემდეგი სამი ჯვაროსნული ლაშქრობა 1100-1102 წლებში ნაკლებად წარმატებული გამოდგა.

1092 წელს ისმაილიტებმა მოკლეს სელჩუკთა დიდი ვეზირი ნიზამ ალ–მულკი. მალიქ–შამ სცადა ისმაილიტების განადგუირება, მაგრამ ალამუთის ციხე ვერ აიღო და თითონაც მალე გარდაიცვალა. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა და დაიწყო სელჩუკთა იმპერიის რღვევის პროცესი. 1092-1094 წლების შინაომს მოჰყვა ორხელისუფლებიანობის დამყარება. 1118 წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო (1118-1194). იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ერთეულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ მონაპირე ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და 1157 დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.

თურქ-სელჩუკების სახელმწიფოს მმართველები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელი მმართველობის წლები განმარტება
სელჩუკ-ბეგი 989 — 1038 თურქ-სელჩუკთა გმირი, დინასტიის ფუძემდებელი
თოღრულ-ბეგი 1038 — 1063 სელჩუკ-ბეგის შვილიშვილი, სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებელი
ალფ-არსლანი 1063 — 1072 თოღრულ-ბეგის ძმის, ჩაღრი-ბეგის ვაჟი. 1071 წელს მანაზკერტის ბრძოლაში დაამარცხა ბიზანტიელთა არმია, რითიც საფუძველი დაუდო მცირე აზიაში თურქული ტომების დასახლებას
მალიქ-შაჰი 1072 — 1092 ალფ-არსლანის ვაჟი, მის დროს სელჩუკთა სახელმწიფო საგრძნობლად გაძლიერდა და გაფართოვდა
მაჰმუდ I 1092 — 1094 მალიქ-შაჰის უმცროსი ვაჟი, ტახტზე 4 წლის ასაკში აიყვანეს, 2 წლის შემდეგ მოკლეს
ბერქიაროქი 1094 — 1105 მალიქ-შაჰის უფროსი ვაჟი, ტახტიდან ჩამოაგდო მაჰმუდ I, მის დროს სელჩუკთა იმპერია დინასტიურმა ომმა მოიცვა
მელიქ-შაჰ II 1105 — 1106 ბერქიაროქის ვაჟი, ტახტზე მცირეწლოვანი ავიდა. არ ჰქონდა არანაირი ძალაუფლება. ტახტიდან ჩამოაგდო და მოკლა მაჰმედ I-მა
მაჰმედ I 1106 — 1118 მალიქ-შაჰის ვაჟი, გამოირჩეოდა სისასტიკით. მის დროს სელჩუკებმა დაკარგეს ტერიტორიები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში
აჰმედ სენჯერი 1118 — 1153 მალიქ-შაჰის ვაჟი, სელჩუკთა სახელმწიფოს უკანასკნელი სულთანი. გამეფებამდე განაგებდა ხორასანს
  • შენგელია ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 279.
  • მარგიშვილი ს., „მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ“, თბილისი: „სიესტა“, 2006, ISBN 99940-881-9-X.
  • См. многочисленные статьи Дефремери (в «Journ. Asiat.»);
  • Houtsma, «Zur Gesch. d. S. von Kirman» («Z. D. M. G.», т. 39).
  • Герцберг, «Gesch. d. Bysantiner und d. Osman. Reiches» (в серии Онкена);
  • Куглер, «История крестовых походов» (русск. изд. Пантелеева);
  • Мюллер, «История ислама» (т. III);
  • Стэнли-Лэн-Пуль, «Мусульм. династии» (перев. Бартольда).
  • Тамара Т. Райс. Сельджуки. М. 2004.