ლეჩხუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეჩხუმი

ხვამლი
კუთხის ცენტრი ცაგერი
ქვეყანა საქართველო
რეგიონი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 3
მოსახლეობის რაოდენობა 722
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

ლეჩხუმი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მოიცავს დღევანდელ ცაგერის მუნიციპალიტეტს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს - დერჩი, დღნორისა, მექვენა, ბეთქოულა, ლეხიდრისთავი, ჩორთისა, საჩხეური, ჭაშლეთი, ვანისჭალა, ონჭეიში და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჭყვიში, ჭრებალო, ღვარდია, ჟოშხა, გენდუში, ქვიშორი. ძირითადად სახლობენ ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი - ლეჩხუმელები.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგანლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგანმდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი. მოქცეულია მდინარეების ცხენისწყლის, რიონისა და ლაჯანურის ხეობებში. ლეჩხუმი, მსგავსად რაჭისა, მთის კალთებზე და გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვარით კარგად არის აგრეთვე წარმოდგენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანა. ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. უძველეს წყაროებში რეგიონს სარკინეთი ეწოდება. ლაზიკის სამეფოს ხანაში კი სკვიმნია. უცხოურ წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით (სწორედ ეგრისის სამეფოში შემავალი ცალკეული რეგიონის სახით). მისი ცენტრი ძველი დროიდან იყო ციხე-ქალაქი ცაგერი. ამ დროს მას ერისთავი მართავდა, რომელიც ეგრისის მეფეს ექვემდებარებოდა. სკვიმნების ძირრითადი საქმიანობა მემინდვრეობა იყო. მათ შორის ეს კუთხე ცნობილი იყო თავისი მეღვინეობით და მეტალურგიული ცენტრებით. X-XII საუკუნეებში არსებობდა თაკვერის საერისთავო. XIII-XIV საუკუნეში მოხდა თაკვერის ჩანაცვლება ლეჩხუმით. სიტყვა ლეჩხუმი პირველად XV საუკუნის ბოლოსაა ნახსენები. მისი სავაჭრო-ეკონომიური ცენტრი იყო ლაილაში. იმერეთის სამეფოს წარმოქმნის (XV ს.) შემდეგ ლეჩხუმი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც სამეფო დომენი. ლეჩხუმი ყველაზე მცირე პოლიტიკური ერთეული იყო დასავლეთ საქართველოში. თუმცა აქ უამრავი ციხე-სიმაგრე არსებობდა და ომიანობისას იმერეთის მესვეურნი სწორედ მას აფარებდნენ თავს და აქ მაგრდებოდნენ მომძლავრებული მტრის წინააღმდეგ. ლეჩხუმის მმართველთა მთავარ ციხეებს ეწოდება მურის ციხეები. რიონის ხეობაში იმერეთიდან გამოსასვლელ გზას ეს ციხეები იცავდნენ. სამ კომპლექსად სიგრძეზე გაშლილი სიმაგრეთა სისტემის სახელები იყო- „დაუხვდი“, „ჰკა მაგას“ და „არ გაუშვა“. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ინასარიძეთა საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1680-იანი წლებიდან ლეჩხუმი დაემორჩილა სამეგრელოს სამთავროს. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას დადიანების დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. ოდიშის ეკონომიკასა და სამხედრო საქმეში ეს პატარა მხარე საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა. მას შეეძლო საკმაოდ ბევრი სამეურნეო პროდუქციის წარმოება, ხოლო ოდიშის ხუთი ათასიან მხედრობაში ორი ათასი მუდამ ლეჩხუმის ლაშქარს წარმოადგენდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე სოლომონ II შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ლეჩხუმის მაზრა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაკვერის ძველი მოსახლეობა სავარაუდოდ სვანურენოვანი იყო, მის განაპირა მხარეებში კი მეგრული ენა ჭარბობდა. VIII საუკუნის ბოლოს თაკვერში სვანური ენა ქართულმა ჩაანაცვლა. ლეჩხუმის დღევანდელი მოსახლეობა იმიგრირებულია დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებიდან.

ვიკიციტატა
„მოსახლენი არიან აზნაურნი და გლეხნი, რამეთუ არა არს მოსახლე, რომელსა არა ედგას კოშკი ქვითკირისა და შენობანი ყოველნივე ქვითკირისანი. და არს მთითა და კლდითა ფრიად მაგარი. და კაცნი მუნებურნი მბრძოლნი და შემმართებელნი, ჰაეროვანნი, ტანოვანნი, მხნენი დამორჩილნი უფალთა თვისთა“

ლეჩხუმის თავადები იყვნენ გელოვანთა, მუშკუდიანთა, სილაგაძეების, ახვლედიანთა, კოპალიანთა, ასათიანთა და ჩიქოვანთა საგვარეულოებიდან.

1908 წელს ლეჩხუმში 34754 ადამიანი ცხოვრობდა.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებრივი და კლიმატური პირობები ლეჩხუმში ბარის ტიპის მეურნეობას ქმნიდა. განვითარებული იყო მევენახეობა-მეღვინეობა, მემინდვრეობა და მესაქონლეობა. ლეჩხუმში ღვინო ბევრი მზადებოდა. ვაზის ცნობილი ჯიში უსახელოური ლეჩხუმის მხოლოდ რამდენიმე სოფელში მოდიოდა. XVII საუკუნეში ლეჩხუმელი გლეხები ნატურით იხდიდნენ ღომს, პურს, ცერცვს, ძროხას, ცხვარს, ტახს, ბატს, ქათამს, თევზს, სანთელს. ლეჩხუმში მოჰყავდათ მარცვლეული იფქლი, ზანდური, მახა. ზანდური და მახა ლეჩხუმისა და რაჭისთვის ენდემური ჯიშებია. მათ კრეფდნენ სპეციალური იარაღით – შნაკვით. მოგვიანებით ლეჩხუმში ფართოდ გავრცელდა სიმინდის კულტურა. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მეხილეობას.

ლეჩხუმელები იყვნენ ცნობილი ხის ოსტატები, ქვის მთლელები და კალატოზები. ზოგჯერ მასალად ხმარობდნენ ვაზს, მათ შორის ხიდების ასაშენებლად. ლეჩხუმის სოფელ საირმეში ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს. აშენებდნენ ციხე-კოშკებს, რომელთაგან ზოგი დღესაც შემორჩენილია (მურის ციხე, ორბელის ციხე).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 208.
  • მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“ ოთხ ტომად. უძველესი დროიდან ახ. წ. XX საუკუნემდე. გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი. 2012 წ.
  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 128-129 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0