აზო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აზო (აზოჲ, აზონი)
იბერიის მეფე
მმართ. დასაწყისი: დაახ. ძვ. წ. 330
მმართ. დასასრული: დაახ. ძვ. წ. 284
წინამორბედი: სახელმწიფოს დაარსება
მემკვიდრე: ფარნავაზ I
დაბ. თარიღი:
გარდ. თარიღი: დაახ. ძვ. წ. 284
გარდ. ადგილი: ქაჯთა ქალაქი, ანუ ჰური (არტაანთან)
მამა: არიან–ქართლის მეფე
ან პიორვნება, სახელად იარედოსი
ან მაკედონელის მთავარი, სახელად არიანე

აზო, აზოჲ, აზონი (გ. დაახ. ძვ. წ. 284) — მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის პირველი მეფე, ძვ. წ. IV-III საუკუნეებში (დაახ. ძვ. წ. 330ძვ. წ. 284), რომელიც იყო ალექსანდრე მაკედონელის (336–323 წწ.) თანამედროვე.

აზოს ვინაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზოს წარმომავლობასთან დაკავშირებით საერთო აზრი არ არსებობს ქართულ საისტორიო წყაროებში.

ვიკიციტატა
„და მერმე გამოიღო სარკინე.თჳთ დაყარეს და მეოტ იქმნნეს. და თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოჲ, ძჱ არიან-ქართლისა მეფისაჲ, და მას მიუბოძა მცხეთაჲ საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი, და ეგრის, და სომხითი და მთაჲ ცროლისა[ჲ] და წარვიდა. ხოლო ესე აზოჲ წარვიდა არ[ი]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნიმამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა.“
ვიკიციტატა
„და დაუტევა მათ ზედა პატრიკად, სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი, ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქჳან ფროტათოს.“
ვიკიციტატა
„არამედ აღიღო მცხეთაი და მოკლა მამასახლისი მცხეთისა კაცი სახელოვანი სამარა და ძმაიც მისი მისთანავე მუნ...დაიმონა სრულიად ივერიელნი, დაუტევა მუნ აზონ მთავართა თვისთაგანი ძე არიანე მთავრისა მაკედონელისა ასიათასისა მხედრობითა, რომელნი იყვნეს იტალიელნი....არამედ კვალად წარვიდა აზონ მამისა თვისისა მიმართ არიანნესა და მოიყვანა მუნით ათი სახლი ჩინებულთა“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 110-111)
ვიკიციტატა
„ხოლო ოდესაც გამოჩნდა ალექსანდრე ბერძენი მაკედონელი და დაიპყრა დასავლეთი, შემდგომად დაიპყრა ეგვიპტე და შემოვიდა აღმოსავლეთს, ჰსძლო სპარსთა და მეფესა მათსა. მერმე მოვიდა ქართლს დასაბამით 3623, ქართულსა 490, და იხილა ნათესავი ესე უბოროტეს ყოველთა წარმართთა. ხოლო ამან ალექსანდრემ მოსწყვიდნა ყოველი ნათესავნი შერეულნი, თვინიერ ქართლოსიანთა და ურიათა, და დაიპყრა საქართველო და დაუტევა ლაშქარნი ასი ათასნი, და მათ ზედა მთავარი აზონ ძე იარედისა მაკედონელი.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს ისტორია“, ტფ. 1885, გვ. 35)

ქართლის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასიაში და მათ შორის ქართლში, ქართული წყაროების თანახმად, რომელსაც არცერთი უცხო წყარო არ ეწინააღმდეგება, არ იყვნენ მეფეები. ქართლს ისევე როგორც სხვა კუთხეებს მართავდნენ მამასახლისები. მამასახლისობა ეს იყო შთამომავლობითი უფლება რეგიონის მართვაზე. ქართლის შემთხვევაში მას მართავდა მცხეთის მამასახლისი. მცხეთელი მამასახლისებიდან დღესდღეობით ცნობილია მხოლოდ ორი: მცხეთოსი ვინც დააფუძნა მცხეთის მამასახლისობა და უკანასკნელი — სამარა (ფარნავაზ მეფის ბიძა), რომელიც მოიკლა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქართან უთანასწორო ბრძოლაში.

იქედან გამომდინარე რომ მამასახლისობის დროს ქვეყანაში არ არსებობდა სახელმწიფოებრივი ხედვა, ის ხშირად ხდებოდა მეზობელი იმპერიების რიგითი კოლონია. მამასახლისობის დროს არ არსებობდა ადმინისტრაციული დაყოფა, არ არსებობდა საერისთავოები და ყველა ემორჩილებოდა მხოლოდ ერთ ადამიანს. თავად სახელწოდება იბერიაც ჩნდება ქართლში მხოლოდ სამეფო დინასტიის ჩამოყალიბების შემდეგ. ქართლში არ არსებობდა ტერმინი სახელმწიფო ენა, არ არსებობდა არც სახლემწიფო რელიგია და ხალხი მისდევდა მრავალღმერთიანობას. შესაბამისად სპონტანურად განვითარებულ ქვეყანას ადვილად იმორჩილებდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც სახელმწიფოებრივი ხედვა გააჩნდათ.

ხაზარეთი, სპარსეთი და სხვა იმპერიები დაინტერესებულნი იყვნენ კავკასიით, რადგანაც არსებობდა დამცავი კედელი კავკასიონის მაღალი ქედის სახით. აღნიშნულ დამცავ ზღუდეს დიდ ყურადღებას აქცევდა სპარსეთი, რომელიც პერიოდულად აშენებდა მასზე ქვითკირის კედელს. ძველი სპარსეთისათვის არსებობდა სამი ესეთი ჩრდილოეთი კედელი: ერთი აფხაზეთში, მეორე ალბანეთში და მესამე გურგანში. ისეთ ვიწრო ხეობებში კი როგორიცაა დარიალის ხეობა ეწყობოდა ჩამკეტი ციხე, რათა ჩრდილოკავკასიიდან უცხოტომებისათვის შემოჭრა შეეზღუდათ.

ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში, როდესაც მან დაიპყრო სპარსეთი, ქართლი შედიოდა სპარსეთის გავლენის ქვეშ, სადაც ქართველებს ევალებოდათ დაეცვათ სპარსეთის იმპერიის ჩრდილოეთი საზღვარი.

ალექსანდრე მაკედონელის კავკასიაში შემოჭრასთან დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ ქართული წყაროები, რომელზეც არაფერს სწერენ უცხოური წყაროები. ცხადია რომ სპარსეთის დაპყრობით შესაძლებელი ხდება იმ რეგიონის ხელში ჩაგდება, რომლითაც სამომავლოდ უნდა გაკონტროლებულიყო ჩრდილოეთი მხარე, კედელი რომლიდანაც უკონტროლოდ ყოფნის შემთხვევაში იმპერიისათვის წარმოადგენდა მუდმივი შემოტევის წყაროს. ამის გარდა ქართლი და მასთან ერთად მცხეთის მამასახლისი არ წარმოადგენდა ანგარიშგასაწევ ძალას.

აზოს გამეფება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც მოიკლა უკანასკნელი მამასახლისი — სამარა და მისი ძმა (ფარნავაზის მამა), მის ადგილას ინიშნება აზო. ეს შეიძლება მომხდარიყო ცნობილი მოვლენის, მაკედონელის მიერ დარიოსის მოკვლის შემდეგ ანუ ძვ. წ. 330 წლის შემდეგ.

ვახუშტი ბატონიშვილის აზრით გამეფდა ძვ. წ. 326 წელს (ქართულსა 490)[1].

მეცნიერთა მოსაზრებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირილ თუმანოვს თავის ნაშრომში[2] აზო არა ყავს მეფეთა რიგში შეყვანილი და იბერიის მეფეთა ნუმერაციას ფარნავაზიდან იწყებს.

სერგი გორგაძეს ვარაუდით აზოს მეფობის პერიოდი იყო ძვ. წ. 330-ძვ. წ. 272, ხოლო იმეფა 58 წელი[3].

მოღვაწეობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქცევაჲ ქართლისაჲ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს "ქრონიკის" თანახმად, ქართლის პირველი მეფე. მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი, მას თან ჰყოლია აზო, "არიან-ქართლის" მეფის ძე და მისთვის მიუბოძებია მცხეთა საჯდომად, ხოლო საზღვრად დაუდგენია აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი და ჩრდილოეთით – ცროლის მთა ("მთაჲ ცროლისაჲ"). ამის შემდეგ აზო წასულა არიან–ქართლში მამამისთან, საიდანაც წამოუყვანია თავისი რვა და მამა-მძუძის ათი სახლი (გვარი) და დამჯდარა "ძუელ მცხეთას". მას თან ასევე წამოუღია გაცის და გას კერპები. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" აღნიშნავს, რომ "ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან–ქართველთა მეფისაჲ".[4] აზოს შემდგომ ქართლის მეორე მეფედ იხსენიება ფარნავაზი.

ცხოვრება ქართუელთა მეფეთა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ცხოვრება ქართუელთა მეფეთა" ("ქართლის ცხოვრება") იგივე პიროვნებას უწოდებს აზონს და მას მეფედ არ მიიჩნევს. ამ ტექსტის მიხედვით, აზონი ალექსანდრე მაკედონელმა დატოვა ქართლის პატრიკად, ერისთავად. წყაროს სიტყვებით, აზონი ყოფილა "ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქუეყანით მაკედონით".[5] ალექსანდრეს ასევე მისთვის დაუტოვებია ასი ათასი (რაც აშკარად გადამეტებული ციფრია) "ფროტათოსელი" ჯარისკაცი "ქუეყანით ჰრომით (ანაქრონიზმია!), რომელსა ჰქჳან ფროტათოს" და უბრძანებია, რათა პატივი ეცათ მზისთვის, მთვარისთვის და ხუთი ვარსკვლავისთვის და ემსახურათ ყოვლის დამბადებელი უხილავი ღმერთისთვის.[6]

ალექსანდრეს წასვლის შემდეგ აზონმა მცხეთას, ისევე, როგორც ქართლის ყველა ქალაქს, ზღუდე საფუძვლითურთ მოურღვია და დატოვა მხოლოდ ოთხი ციხე, სადაც თავისი მებრძოლები ჩაუყენებია. მასვე დაუპყრია ქართლის საზღვრები ჰერეთიდან და მდინარე ბერდუჯიდან სპერის ზღვამდე; დაიპყრო ასევე ეგრისიც და მოხარკედ აქცია ოსები, ლეკები და "ხაზარები" (ანაქრონიზმია!).[7]

"ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"–ს თანახმად, სიკვდილის წინ ალექსანდრე დიდმა თავისი სამეფო გაუყო ოთხ კაცს, რომელთაგან ერთს, "ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძო ჩრდილოსა. და მოუწერა წიგნი ანდერძი აზონ პატრიკსა, ერის–თავსა ქართლისასა, რათა მსახურებდეს იგი ბიზინტიოსს. და მან აღაშენა ქალაქი ბიზინტია, რომელსა აწ ჰქჳან კოსტანტინეპოლი".[8] ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ აზონმა დაივიწყა ალექსანდრესგან მიცემული რჯული და იწყო კერპთმსახურება, მას შეუქმნია ვერცხლის ორი კერპი – გაცი და გაიმი და "მონებდა იგი ბიზინტიოსს, მეფესა საბერძნეთისასა".[9]

წყაროს დახასიათებით, აზონი ყოფილა "კაცი ძნელი და მესისხლე" და თავისი სპისთვის უბრძანებია, რომ ყველა ქართველი, რომელსაც კი იარაღასხმულს ნახავდნენ, უნდა მოეკლათ. ასეთი შეჭირვებულნი იყვნენ ქართველები აზონისგან 24 წლის განმავლობაში, სანამ ფარნავაზი, მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმისწული და მისი მოკავშირე, ეგრისელი ქუჯი (შემდგომში ეგრისის ერისთავი ფარნავაზის სამეფოში) კავკასიელ მთიელებთან ("ოვსნი და ლეკნი") ერთობლივად არ აუჯანყდნენ მას. აჯანყებულებს შეუერთდნენ აზონისგან გამდგარი ათასი რჩეული მხედარი "ჰრომი". აზონი იძულებული გახდა გაქცეულიყო კლარჯეთში და იქ გამაგრებულიყო გარედან ("საბერძნეთიდან") სამხედრო დახმარების მოლოდინში.

ამასობაში ფარნავაზმა დაიპყრო მთელი ქართლი, გარდა კლარჯეთისა და "ასურასტანის" მეფე "ანტიოქოსის" (სელევკიდების დინასტიის მმართველთა საზოგადო სახელი) მიერ მეფედ იქნა აღიარებული: "უწოდა შვილად თჳსად და წარმოსცა გჳრგჳნი. და უბრძანა ერის–თავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს".[10] ფარნავაზის აჯანყების მეორე წელს, "საბერძნეთიდან" დახმარების მიღების შემდეგ, აზონმა შეკრიბა ჯარი და გამოემართა ფარნავაზთან საბრძოლველად. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა არტაანთან ("ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქუა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელ არს ჰური"). სისხლისმღვრელ ბრძოლაში ფარნავაზმა "ბერძნები" დაამარცხა, ხოლო თვით აზო ამავე ბრძოლაში იქნა მოკლული.

აზოს მოკვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცხეთის მამასახლისისა და ფარნავაზის მამის მოკვლის შემდეგ 3 წლის ჩვილი ფარნავაზი დედამ საფრთხეს აარიდა და 17 წლის განმავლობაში ზრდიდა ჩუმად სპარსეთში. უკვე 20 წლისა ბრუნდება მცხეთაში და უახლოვდება აზოს მისი ვინაობის გაუმხელად.

ფარნავაზის მიერ აზოს მოკვლა შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ ალექსანდრეს მაკედონელის სიკვდილისა (ძვ. წ. 323) და მისი იმპერიის დაცემის (ძვ. წ. 321) შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარნავაზი აღმოჩნდებოდა მსოფლიოში უძლიერესი იმპერიის პირისპირ. როგორც ქართული მატიანე იუწყება:

ვიკიციტატა
„ხოლო იხილა რა აზონ, რომელ არა შეეწევის მას სელევკოსს, არამედ შეეწევის ფარნავაზს, ამისთვის წარვიდა აზო საბერძნეთად და წარმოიყვანა მუნით მხედრობა ფრიადი და მომართა ფარნავაზს.“

რადგანაც აზოს დახმარებას წყვეტდა სელევკე I ნიკატორი, ეს ნიშნავს რომ დამდგარი იყო სელევკიდების დინასტიის პერიოდი, ხოლო სელევკე გარდაიცვალა ძვ. წ. 281 წელს.

ქართლის მოქცევაში ფარნავაზის მიერ აზოს მოკვლის შესახებ არაფერი წერია:

ვიკიციტატა
„ა. და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მოკუდა.“
(მოქცევაჲ ქართლისაჲ)

მეცნიერთა მოსაზრებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რ. რამიშვილის აზრით დავათის სტელაზე მითითებული ქარაგმები[11] წარმოადგენს იბერიის სამეფოს დაარსების წელს ანუ ქართული 11 მოქცევის დასაწყისს (ძვ. წ. 284). აღნიშნული წელი მისი მოსაზრებით იყო ფარნავაზის გამეფების წელი, შესაბამისად აზოს მეფობის დასასრული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მამულია გ., ბაგრატიონთა დინასტიის წარმოშობა და ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნა, «მნათობი», 1971, № 2;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვიკიციტატა
    „ხოლო ოდესაც გამოჩნდა ალექსანდრე ბერძენი მაკედონელი და დაიპყრა დასავლეთი, შემდგომად დაიპყრა ეგვიპტე და შემოვიდა აღმოსავლეთს, ჰსძლო სპარსთა და მეფესა მათსა. მერმე მოვიდა ქართლს დასაბამით 3623, ქართულსა 490, და იხილა ნათესავი ესე უბოროტეს ყოველთა წარმართთა. ხოლო ამან ალექსანდრემ მოსწყვიდნა ყოველი ნათესავნი შერეულნი, თვინიერ ქართლოსიანთა და ურიათა, და დაიპყრა საქართველო და დაუტევა ლაშქარნი ასი ათასნი, და მათ ზედა მთავარი აზონ ძე იარედისა მაკედონელი.“
  2. CYRIL TOUMANOFF, "CHRONOLOGY OF THE EARLY KINGS OF IBERIA", Traditio, Vol. 25 (1969), pp. 1-33
  3. მეოთხე საუკუნის დამლევს ქრ. წინ მცხეთის მხარეში დაარსდა საკმაოდ ძლიერი სამონარქო ცენტრი „ქართუ-ელი“ მამასახლისის ძის აზოს თაოსნობით. ამ ცენტრმა შეაერთა მანამდე გაფანტული ქართველი თემები შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და კავკასიონის ქედიდან მდინარე არეზამდე.

    ჩვენი წერილების პირველ ნაწილში სრულიად საქართველოს სამეფოს დაარსების წლად და პირველი მეფის აზოს გამეფების თარიღად 312 წელი დავსდეთ. მაშინ ამ ფაქტს სელევკიდების გაძლიერებას ვუკავშირებდით (იხ. „მოამბე“ 1905 წ. № IX, გვ. 46-49). მაგრამ როგორც ახლა ვაკვირდებით, სელევკიდებს ამ საქმეში არავითარი წილი არ უნდა სდებოდეთ. მაშინ ვსცნობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ 330 წელს, როცა ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის მონარქია დაამხო, ქართველი თემები, რომლნიც მანამდი სპარსეთს ემორჩილებოდენ, ფაქტიურათ თავისუფალნი შეიქნენ. აი ამ მომენტით უნდა ესარგებლნა „ქართუ“-ს თემის მამასახლისის ძეს აზოს (როგორც ჩვენი წერილების პირველ ნაწილშიაც გვაქვს აღნიშნული („მოამბე“ 1905 წ. № IX, გვ. 47-48), აზოს პირვანდელი სამამასახლისო „კარდუ-ხი“, რომელიც, ალექსანდრე მაკედონელის სალაშქრო გზის მახლობლად მდებარეობდა (ვანის ტბის და ტიგროსის შუა), უკვე 330 წელს მაკედონელთა მფლობელობაში უნდა გადასულიყო. ალბათ ამ გარემოებას უნდა იძულებულეყო აზო თავისი სამფლობელო თემის თვრამეტი „სახლით“ მცხეთის პროვინციაში ეძებნა თავშესაფარი, რასაც ქართლის-მოქცევა გადმოგვცემს) და, მომავალში გარეშე მტერთა ბატონობის ასაცილებლად, განცალკევებულ თემთა შეერთებით უნდა დაეარსებია ძლიერი სახელმწიფო. აქ სრულიად საჭირო არ იყო არც ალექსანდრე მაკედონელის პირდაპირი შემოსევა საქართველოში და არც მისი მხედართ-მთავრების ჩამორევა... ჩვენის აზრით, სამეფოს დაარსება მცხეთის მხარეში უნდა მომხდარიყო 330 წლის მახლობლად და არა 312 წელს, როგორც წინათ გვეგონა

    ს. გორგაძე, „მეფე ადერკი და, ეგრეთ წოდებული ორ-მეფობა ძველ ივერიაში“, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ძველი საქართველო I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909, ნაწ. II გვ. 44-45.

  4. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 320
  5. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 18
  6. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 18
  7. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 19
  8. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 20
  9. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 20
  10. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 23
  11. რ. რამიშვილი, აღმოჩენა სოფელ დავათში. ”მნათობი”, 1986, #8
წინამორბედი:
იბერიის მეფე
დაახ. ძვ. წ. 330 - ძვ. წ. 284
დაახ. ძვ. წ. 330-ძვ. წ. 272სერგი გორგაძე
დაახ. ძვ. წ. 326-ძვ. წ. 301ვახუშტი ბატონიშვილი
დაახ. ძვ. წ. 330-ძვ. წ. 302თეიმურაზ ბატონიშვილი
შემდეგი:
ფარნავაზ I
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აზო&oldid=3019672“-დან