შინაარსზე გადასვლა

საჯავახო (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საჯავახო.

საჯავახო — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის სამეფოსა და გურიის სამთავროს მუდმივი ქიშპობის საგანი.

საჯავახოდ იწოდება საჯავახოს ქედის წინა ზოლის ტერიტორია, ახლანდელი სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სასაზღვრო რეგიონი. დიმიტრი ბაქრაძის აღწერით ესაა ტერიტორია საწაბლიოს ქედსა და საჯავახოსწყალს, ანუ ახლანდელ ხევისწყალს შორის. უფრო ადრე საჯავახო ხევისწყალს გაღმაც ვრცელდებოდა და რიონის ნაპირებამდე უწევდა. საჯავახო იმერეთსა და გურიაში ცნობილი იყო საუკეთესო ჯიშის ღვინოებით.[1]

ნიკო ბერძენიშვილის მიხედვით XIII საუკუნემდე ჭილაძეებამდე საჯავახოს საჩინოსთან ერთად ფლობდნენ ქობულიძეები. XIII საუკუნიდან ქობულიძეების საერისთავოს ცენტრალურ ნაწილს ეპატრონებიან უფრო მცირე ფეოდალები, ჭილაძეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ქობულიძეების შთამომავლები იყვნენ. ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე. ჭილაძეთა სათავადოს ცენტრი იყო სოფელი საჭილაო. საჯავახო ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სახელწოდება „საჯავახო“ ფეოდალის ჯავახ I ან ჯავახ II ჭილაისძის სახელიდან უნდა მოდიოდეს. მონაცვლეობით ეკუთვნოდა გურიისა და ოდიშის სამთავროებს, იმერეთის სამეფოს და მათ შორის ცილობის საგანი იყო. XVI საუკუნის მეორე ნახევრამდე საჯავახო ოდიშის სამთავროს შემადგენელი ნაწილი იყო. [2]

1568 წელს იმერეთის მეფე გიორგი II-მ დაამარცხა მის წინააღმდეგ აჯანყებული ლევან I დადიანი და მისი ვასალი ვარაზ ჭილაძე. მალევე, 1570-იანი წლების დასაწყისში გიორგი II-მ მასზე თავდასხმის ბრალდებით მოაკვლევინა ჯავახ II ჭილაძე და საჯავახოს თავად დაესაკუთრა. მეფის გაძლიერების შიშმა დადიანი და გურიელი შეაკავშირა. მათ შეერთებული ძალით წაართვეს გიორგი II-ს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. საჯავახოს რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარე ნაწილი დაიკავა გურიელმა, მარჯვენა ნაპირზე მდებარე კი დადიანმა. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული (XVI საუკუნის 70-იანი წლები) საჯავახოს გურიელისეულ ნაწილს შემორჩა ძველი სახელი საჯავახო, ხოლო დადიანისეული კი საჭილაოდ იწოდა. ამ პერიოდიდანვე დადიანები და ჭილაძეები ფლობდნენ მხოლოდ საჭილაოს, ხოლო საჯავახოს მფლობელობაზე დავა უკვე იმერეთის მეფესა და გურიელს შორის მიმდინარეობდა. 1578 წელს გიორგი III დადიანს აუჯანყდა დათულია დადიანი, რომელმაც აჯანყება საჯავახოდან დაიწყო. გიორგი II გურიელმა იმერეთის მეფე გიორგის II-ის დავალებით დაამარცხა ბათულია და საჯავახო თავად დაიკავა.

ვიკიციტატა
„მაშინ გიორგი გურიელმან ყო ეგრეთ: დაიჭირა დათულია და დაატყვევა ოზურგეთს და საჯავახო თვითონ დაიპყრო“
(ახალი ქართლის ცხოვრება)

XVI საუკუნის 70-იან წლებში გურიელმა მალევე დაკარგა საჯავახო და მას კვლავ იმერეთის მეფე დაეპატრონა. 1661 წელს ვახტანგ V შაჰნავაზის იმერეთში ლაშქრობის დროს ვახტანგმა საჯავახო გურიელს უბოძა, მაგრამ გურიელმა წყალობას იმავე წელს დაკარგა და საჯავახო ისევ იმერეთის მეფის ხელში გადავიდა. XVII საუკუნის ბოლოს მამია III გურიელისა და არჩილ II-ს შორის იმერეთის ტახტისთვის ბრძოლაში მამია III-ს უერთგულა მისმა სიძემ, გიორგი შერვაშიძემ, რისთვისაც ჯილდოდ მიიღო ერისთავობა და მამულები, მათ შორის საჯავახო.[3]

1732 წელს მამია IV გურიელი დაუმოყვრდა იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ს, ცოლად მოიყვანა მისი ქალიშვილი როდამი. როდამს მზითვად ალექსანდრე V-მ გაატანა საჯავახოს მხარე. გურიელმა ალექსანდრეს მხარი დაუჭირა ჩიხორთან თავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც მეფემ გაიმარჯვა. 1770-იან წლებში როდამის გარდაცვალების შემდეგ XVIII საუკუნეში იმერთა მეფე სოლომონ I-მა საჯავახო ჩამოართვა გურიელებს და იმერეთის სამეფოს შეუერთა. 1787 წელს დავით II-მ საჯავახო შესაბამისი სიგელით უკან დაუბრუნა გურიის სამთავროს[4], თუმცა მისმა მომდევნო იმერთა მეფემ სოლომონ II-მ ეს მხარე მალევე ჩამოართვა გურიელს და იმერეთის სამეფოს მიუერთა.

რუსეთის იმპერიის მიერ დასავლეთ საქართველოს მიერთების შემდეგ საჯავახო სახაზინო მამულად აღირიცხა. საჯავახოს კანონიერ კუთვნილებაზე გურიელის მოთხოვნის გამო იმპერიამ მხარე ორად გაყო. 1815 წელს მდინარე ქვაფათას მარცხენა სანაპირო გადაეცა გურიელს.[5] ხოლო მეორე ნაწილი გადაეცა იმერელ თავადებს ოტია და სეხნია წულუკიძეებს. გურიისა და იმერეთის საჯავახოებს ერთმანეთისგან ჰყოფდა მდინარე ხევისწყალი. 1840-იანი წლებიდან ქუთაისის მაზრის შემადგენლობაში შევიდა გამოჩინებულის საბლაღოჩინო, ხოლო ოზურგეთის მაზრაში - გურიის საჯავახოს საბლაღოჩინო. გურიის საჯავახო ორ სასოფლო საზოგადოებას მოიცავდა: ნანეიშვილები და ზემო ხეთი. ამგვარი ადმინისტრაციული დაყოფა შენარჩუნებულია დღემდე და საჯავახოს ერთი ნაწილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია, ხოლო მეორე ნაწილი — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის.

სულ საჯავახოს მხარე 30-მდე სოფელს მოიცავდა. მხარის დასახელება საჯავახო შემორჩა მხოლოდ მის ერთ-ერთ სოფელს, რომელიც მანამდე ბარსაჯავახოს ან ბარის სახელითაა იხსენიებოდა.

  • ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 258.
  • რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 56-60.
  • გვენეტაძე ე., გაგუა გ. „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 216-223 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  1. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.192 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  2. სოსელია ო. ,,ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან’’, ტ. 1 გვ 271-285. — თბილისი, 1973
  3. ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 148.
  4. იმერეთის მეფე გურიელს უმტკიცებს საჯავახოს
  5. ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 273.