ზემო ქართლი
ზემო ქართლი — ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ-გეოგრაფიული სახელწოდება. VIII–IX საუკუნეებში ზემო ქართლის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქართველ ბაგრატიონთა საკურაპალატო (IX საუკუნის დასასრულიდან — სამეფო). XII–XIII საუკუნეებში ამ მხარის ფეოდალური მფლობელები იყვნენ თორელები, ჯაყელები, ფანასკერტელები. XV საუკუნის II ნახევარში ჯაყელების საგვარეულოს მეთაურობით ზემო ქართლი დამოუკიდებელ სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო) ჩამოყალიბდა, რომლის ცენტრიც ახალციხე იყო. XVI საუკუნეში ეს ტერიტორია თანდათან ოსმალეთმა დაიპყრო და აქ თავისი ადმინისტრაციული ერთეული — ახალციხის საფაშო შექმნა.
მხარის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვახუშტი ბატონიშვილის აზრით, ქართველთა მამამთავრის — ქართლოსის სიკვდილის შემდეგ, მისმა უფროსმა შვილმა — მცხეთოსმა „ტაშისკარსა და ფანავრის დასავლეთს ზღვამდე უწოდა ზემო-ქართლი“. მანვე თავის შვილებს ეს ზემო ქართლი ასე გაუყო: „ოძრახოს მისცა ტაშისკარს ზეითი და მტკვრის დასავლეთი, ვიდრე ზღვამდე, რომელ არიან სამცხე აწ სამცხე, გურია, ლიგანი, შავშეთი, არტანუჯი, ფანასკერტი, ოლთისი და ტაო; და ამათ ადგილებთა უმეტეს ეწოდა ზემო-ქართლი“.
თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებით ზემო ქართლი გადაჭიმული იყო ტრაპიზონამდე: „ზემო ქართლი არა თუ შიდა ქართლი არს. ზემო ქართლი სამცხისა, ესე იგი სამესხეთოსა ადგილნი არიან, შიდა ქართლით ვიდრე ტრაპიზონამდე და ვიდრე არზრუმისა და ერევნისა საზღვრებადმდე“[1].
ვახუშტის შეხედულებით, მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს უძველესი ხანიდან ზემო ქართლი ჰრქმევია, თუმცა ასეთი რამ ძველ წყაროებში დადასტურებული არაა. პირიქით, ლეონტი მროველის ცნობათა ანალიზისას, ნ. ბერძენიშვილი ყურადღებას აქცევდა იმ გარემოებას, რომ „ყველა ამ „ქართლებს“, გარდა საერთო სახელისა „ქართლი“, საკუთარი სახელები გააჩნიათ — კახეთი, კუხეთი, სამცხე (კლარჯეთით), ჯავახეთი. მხოლოდ სამ ქართლს (გარდაბოს, გაჩიოს და უფლოსის წილს) არ გააჩნიათ სხვა საკუთარი სახელი... ქართლი... ეწოდება განსაკუთრებით უფლოს, გაჩიოს, გარდაბოსის წილ ქვეყანას. და ეს იმიტომ, უნდა ვიფიქროთ, რომ რეალურ-ისტორიულად „ქართლი“ სწორედ ეს ქვეყანა იყო, და სხვა დანარჩენი ქართლი ეს იყო პოლიტიკური ქართლი, საკუთრივ ქართლის ტომის ინიციატივით კლარჯეთ-სამცხე-ჯავახეთის და კახეთ-კუხეთის ტომთა ქართიზაცია-ასიმილაციის შედეგი“[2]. ამიტომ ვახუშტისმიერი სქემა ზემო ქართლის წარმოშობა-განვითარებაზე წინაუკმო პროცესად უნდა წარმოვიდგინოთ, თანდათან გაფართოების გზით.
ლეონტი მროველთან და ჯუანშერთან ზემო ქართლი არ იხსენიება, თუმცა კი იქ სადაც ლეონტი შიდა ქართლზე საუბრობს, არშიაზე გვიანი მინაწერია: „...ზემო ქართლი არ ტასისკარს ზემო, სამცხე და კლარჯეთი“. ჯუანშერი ერთგან ხმარობს აღწერილობით გამოთქმას — „დასავლეთი ქართლისა“ და ამდენად, იგი არ შეიძლება მაშინ გავრცელებულ ტერმინად მივიღოთ. მისი სიტყვით, „ცოლი და ორნი ძენი ვახტანგისნი წარიყვანნეს სამთა მათ ერისთავთა (წუნდის, კლარჯეთის და ოძრაჴეს ერისთავებმა) და დაიპყრეს დასავლეთი ქართლისა, რომელი მისცა ვახტანგ და დასხდეს წუნდას ქალაქსა ზაფხულის, და ზამთარის იყვნენ ოძრჴეს“.
„მატიანე ქართლისა“ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს უწოდებს „ზემო ქვეყანას“. XI საუკუნის ამბების გადმოცემისას იგი წერს: „შემდგომად მცირედისა ჟამისა გამოიყვანა ლიპარიტ დემეტრე, ძმა ბაგრატისი, საბერძნეთით ბერძენთა მეფისა ლაშქრითა და მიერთნეს სხუანიცა ვინმე დიდებულნი და აზნაურნი, მოვლეს ზემო ქუეყანა და ჩამოვიდეს ქართლს, მოადგეს ატენს, არე-არე მოწუეს ქართლი“. მეორეგან იგივე წყარო მოგვითხრობს მესხი აზნაურების მიერ ბაგრატ IV-ის მიერ სამცხეში მიწვევის ამბავს. მათ ლიპარიტ ბაღუაშთან ომი ელოდათ. ლიპარიტმა მეფე დაამარცხა არყის ციხესთან. მესხი აზნაურები დაატყვევა და სიკვდილის მუქარით ზოგიერთს ციხეები წაართვა. „მოირჭუნა ლიპარიტ ზემოსა ქუეყანასა და აღიხუნა ციხენი, და მიიერთნა თავადნი კაცნი“.
მოტანილ მაგალითებში მატიანის ავტორი სამხრეთ-დასავლეთ საქართველო გულისხმობს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იგი ზემო ქვეყნის მაგიერ, იმავე მხარის ლაშქარს მოკლედ „ზემოთას“ უწოდებს, ბაგრატ III ჯავახეთს იყო, დლივში, აქედან განაგებდა ქართლისა და ტაოს საქმეებს. მან დავით კახთა ქორეპისკოპოსს ქართლის ციხეთა დატოვება მოსთხოვა, უარი მიიღო. მეფე გაწყრა, „წარგზავნა კაცი მოსწრაფედ, აწჳა სპათა აფხაზეთისა და ქართლისათა, და თჳთ წარემართა ზემოთა ლაშქრითა, გაიარა თრიალეთი, გავლო ჴიდი მცხეთისა და მოერთნეს თანა აფხაზნი და ქართველნი“.
არყის ციხესთან მეფის დამარცხების მეორე წელს „წარვიდა ლიპარიტ შუელად ბერძენთა ყოვლითა ლაშქრითა ამის ზედაჲს კერძისათა“. ორივე შემთხვევაში მემატიანე აქ ზემო ქვეყნის ლაშქარს გულისხმობს. ამ ავტორთან ზოგჯერ „ქვემონი“ დასავლეთ საქართველოს, „ზემონი“ კი — აღმოსავლეთ საქართველოს და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მკვიდრებს აღნიშნავს, ამათვე ნიშნავს „ზემოსა კერძისანი“, მათ ქვეყანას კი — „ზემო კერძი“.
„ისტორიათა და აზმათა“ ავტორი ჯერჯერობით პირველია ჩვენთვის ცნობილ ისტორიკოსთა შორის, რომელიც იყენებს ტერმინს „ზემო ქართლი“ მისი თანადროული ვითარების აღწერისას. თამარის წინააღმდეგ აჯანჯებულ გიორგი რუსს მიემხრნენ სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს დიდებულები. მათი ლაშქარი ორად გაიყო: ერთმა ნაწილმა ლიხი გადმოლახა და ნაჭარმაგევამდე მოვიდა, მეორემ კი — რკინის ჯვარი გადაიარა და სამცხეში ჩავიდა. მათ განზრახული ჰქონდათ აღება ჯავახეთისა, თრიალეთისა და შიდა ქართლში ჩამოსულ მეამბოხეებთან გაერთიანება. „ამათ ყოველთავე აგარათა შეყრა გააგეს და მინდაღმა მათ და ზემო-ქართლის მყოფთა კართა ქალაქისათა მოსლვა“.
იგივე ავტორი, „მატიანე ქართლისას“ მსგავსად, ზემო ქართლის ლაშქრის აღსანიშნავად ხმარობს ტერმინი „ზემონი“. თამარის ეპოქის გამარჯვებულებს იგი ასე ახასიათებს: „შემდგომად ამისა გამოსლვასა ხანისასა ლაშქრობდეს ქუემონი ქუემოთ, და ზემონი ზემოთ, და შუანი შუათ, და ყოველგან ძლევაშემოსით და გამარჯუებით“. ეს ავტორი „ზემოთა“ და „ქვემოთა“ ტერმინებით აღნიშავს არა მარტო ლაშქარს, არამედ საქართველოს თემებსაც: „ამას ესევითარსა შინა დაწყებასა წყალობისასა იმიერთა და ამიერთა, ზემოთა და ქუემოთა შჳდთავე თემთასა იწყეს რომელთამე ძუელებრი კაცთა დაუდგრომელობისა შემსგავსებული საქმე“. ცხადია, რომ ამ ზემოთა თემებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, იგივე ზემო ქართლი იგულისხმება.
განვითარებული ფეოდალიზმის ხანის სხვა ისტორიკოსებთან ზემო ქართლის ხსენებას ვეღარ ვხვდებით: გვიანი შუა საუკუნეების საბუთებში კი, XVI საუკუნიდან უცებ მრავლდება ცნობები მის შესახებ. მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ „ზემო ქართლი“ უკვე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კი არ ეწოდება, არამედ შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილს (ამილახვართა სასარდლოს).
როგორც ჩანს, ძველი „ზემო ქართლის“ ადგილი შემდგომში დაიკავა „საათაბაგომ“, „სამცხე-საათაბაგომ“. პოლიტიკურ-გეოგრაფიულ ტერმინთა ეს შენაცვლება, თუ ადგილმონაცვლეობა პირდაპირი შედეგი იყო იმ საბედისწერო გარდატეხისა, რომელიც XIII საუკუნიდან დაიწყო ამ მხარეში. მონღოლთა მიერ დაპყრობილ, ორ სამეფოდ გაყოფილ საქართველოში, 1266 წელს სამცხე დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა. მონღოლთა მხარდაჭერით მისმა მთავარმა მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველო დაიმორჩილა. XIV საუკუნიდან ათაბეგობა თანდათან სამცხის მთავართა — ჯაყელთა საგვარეულო პატივი გახდა. სწორედ ამ დროიდან უნდა დაწყებულიყო „ზემო ქართლის“ შეცვლა „სამცხე-საათაბაგოთი“, ვახუშტის აზრით, გიორგი ბრწყინვალის დროიდან.
ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ჟამთააღმწერელი არ ხმარობს არცერთ ამ ტერმინს, თუმცა კითვითონ სამცხიდან უნდა იყოს, იმავე ეპოქის მოღვაწე. ეს სახელები არ ჩანს არც ხელმწიფის კარის გარიგებაში. მიუხედავად აქაურ ეპისკოპოსთა მოხსენიებისა. ამის გამო უნდა ვიფიქროთ, რომ ტერმინი „სამცხე-საათაბაგო“ საბოლოოდ უნდა დამკვიდრებულიყო XV საუკუნის ერთიანი საქართვეოს სამეფო-სამთავროებად დაშლის აღიარებით. ნათქვამს უნდა ადასტურებდეს XVI საუკუნის დასაწყისის ერთი საბუთი, სადაც ჩამოთვლილია „სამცხე-საათაბაგოს მღვდელთმთავარნი და მწყემსნი“.
იმავე დროს მოხდებოდა შიდა ქართლის ნაწილისთვის „ზემო ქართლის“ შერქმევა. „მესხური მატიანის“ ცნობით 1578 წელს ლალაფაშას მანუჩარ ათაბაგისათვის დაუვალებია ქართლის დარბევა, რისთვისაც „სანჯახები გამოეგზავნა. შეიყარა პატრონი მანუჩარ, ჩაუჴდა და ზემო ქართლი დაერბია“. ცხადია, რომ ამ სახელწოდების შენაცვლება ახალია ამბავი არ უნდა იყოს.
XVIII საუკუნის ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი, XVI საუკუნის ამბების გადმოცემისას, ზემო ქართლს უწოდებს ხან შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილს, ხან კი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, რაც მწიგნობრული ტრადიციით უნდა აიხსნას. მაგალითად იმავე საუკუნის 10-იან წლებში ქართლში შემოსულ ოსმალთა ლაშქრის დამარცხებას იგი ასე აღწერს: „მას ჟამსა მოვიდა ოსმალუ და მოეოჴრებინა სამცხე... და მოვიდნენ შიდა ქართლსა... ხოლო მეფესა დავითს მოართუეს ამბავი ესე კახეთს... და მოვიდა ზემო ქართლად და შეება ოსმალუს ჯარსა“.
1547 წელს ქაიხოსრო ათაბაგის მიწვევით სამცხის სამთავროში შაჰთამაზმა ილაშქრა. ამის შესახებ ბერი ეგნატაშვილი კი უკვე ასე წერს: „და რაჟამს განაგდო ყოველი საქმე ზემო ქართლისა (შაჰთამაზმა) ჩამოვლო თრიალეთი და მოაოჴრა“. იგივე ავტორი ერთ-ერთ ტექსტსში ხმარობს „საათაბაგოს“, მეორე ტექსტი კი, მის ფარდად „ზემო ქართლს“ იძლევა. სხვაგან ნათქვამია, რომ „წარვიდა მანუჩარ ათაბაგიცა თჳსსა ადგილსა და დაიჭირა ზემო ქართლი და საათაბაგო“. ან კიდევ: „ვერღარა მუნ გამაგრდა ნოდარ და წარვიდა ზემო ქართლად, რომელ არს საათაბაგო“. ტერმინთა აღრევის ეს მაგალითები იმის მოწმობაა, რომ გვიანდელ ისტორიკოსს აღარ ჰქონდა ნათელი წარმოდგენა მათი შეცვლის დროისა და გარემოებათა შესახებ. ამიტომაც მოვლენათა თანადროულ წყაროებს უნდა მიეცეთ უპირატესობა.
სამცხე-საათაბაგოს ქვეყანათა სახელების განხილვის ბოლოს ვახუშტი წერს: „ბაგრატიონთა მეფობასა შინა ყოველთა ამათ ადგილებთა და ქვეყანათა კრებით ქვეყანასა სწერენ ძველს ღეოღრაფიასა შინა, უწინარეს მაკედონელისაცა, სახელსა მოსხი, ესე იგი არს მესხი“. მართლაც სტრაბონი იხსენიებს „მოსხიკე“-ს, ესე იგი მესხეთს, რომლის ერთი ნაწილი იბერებს ჰქონდათ. ფიქრობენ, რომ ეს ნაწილი უნდა ყოფილიყო არტან-ჯავახეთი და სამცხე.
ძველი ქართული წყაროები „მესხეთს“ არ იხსნიებენ, ამიტომ ჩვენ არ ვიცით როდის მოხდა მათი შენაცვლება „ზემო ქართლით“. სტრაბონის ცნობის გათვალისწინებით, ეს პროცესი ძველთაგანვე უნდა დაწყებულიყო. ვიდრე ზენა სოფელი ერქვა შემდომი ხანის შიდა ქართლს, საეჭვოა „ზემო ქვეყანა“ ან „ზემო ქართლი“ იმავ დროს ეწოდებინათ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსთვისაც. „ზენა სოფლის უკანასკნელი ხსენება IX საუკუნეშ გვაქვს: კონსტანტინე კახა ყოფილა „ზენა სოფლიდან“, რაც ქართლის ქვეყნის ერთი სანახებია. X საუკუნის I ნახევარში სამხრეთ-დასავლეთ საქართელოს ზოგად პოლიტიკურ-გეოგრაფიულ სახელად „ზემო ქვეყანა“, ანუ „ზემო ქართლი“ უკვე დამკვიდრებული უნდა ყოფილიყო. ამის მოწმობაა გიორგი მერჩულეს ფუძემდებლური დებულება, რომ „ქართლი ფრიადი ქვეყანა აღირიცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის, და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კჳრილეისონი ბერძნულად ითქმის, რომელ არს ქართულად „უფალო წყალობა ყავ“, გინა თუ „უფალო შეგვიწყალე““.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1968;
- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.
- ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან : ზემო ქართლი - თორი, ჯავახეთი, გვ. 3-6, თბ., 1985[მკვდარი ბმული]