ლაზეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაზეთი (იგივე ჭანეთი) — ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი კუთხე. ამჟამად, თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. უძველესი დროიდანვე დასავლურ-ქართული ტომებით იყო დასახლებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ.წ. XI-VIII საუკუნეებში იგი ქართველი ტომების პირველ სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში - კოლხას - შემადგენლობაში შედიოდა, ძვ.წ. VI საუკუნიდან ძლევამოსილი კოლხეთის სამეფოს ნაწილია. I საუკუნეში ეს ტერიტორია რომმა დაიპყრო. იბერიის (ქართლის) სამეფოს ძლიერების ხანაში ლაზეთის ნაწილი ქართლის სამეფოში შევიდა. VII საუკუნეში აღმოსავლეთ ლაზეთს ბიზანტიის იმპერია დაეუფლა.

XIII საუკუნის დამდეგს საქართველომ ბიზანტიის იმპერიას შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ჩამოაჭრა და მისგან ტრაპიზონის ვასალური სამეფო შექმნა. აღმოსავლეთ ლაზეთი მის შემადგენლობაში მოექცა. 1282 წელს ლაზეთი დავით ნარინმა დაიპყრო, ხოლო XIII საუკუნის მიწურულს ის სამცხის მფლობელ ჯაყელთა ხელში გადავიდა. XV საუკუნეში სამცხის მთავარმა ლაზეთი გურიის მთავრს გადასცა, თუმცა მომდევნო პერიოდებში ლაზეთი ამ ორ სამთავროს შორის მუდამ ცილობის საგანს წარმოადგენდა.

XVI საუკუნეში ლაზეთი ოსმალეთმა დაიპყრო. მიტაცებული ქვეყანა ოსმალებმა ტრაპიზონის ვილაიეთს მიათვალეს და ხუთ კაზად დაყვეს.

ისლამიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაზეთის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ადგილობრივი მოსახლეობის გამაჰმადიანება იწყეს, მაგრამ ხალხი წინ აღუდგა მათ მცდელობას. თურქებმა მძიმე გადასახადები დაუწესეს ყველას, ვინც ქრისტიანობას შეინარჩუნებდა და მაჰმადიანობის მიღებაზე უარს იტყოდა. აუტანელი გადასახადებისაგან შევიწროებული მოსახლეობის ნაწილი იძულებული ხდებოდა, მიეღო უცხო რჯული, თუმცა ფარულად აგრძელებდნენ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას. გარეგნულად გამაჰმადიანებული ქართველები თანამემამულეებს ურჩევდნენ არ მიეღოთ ისლამი და თვითონ ეხმარებოდნენ მატერიალურად.

ლაზეთის მოსახლეობა არ ურიგდებოდა გათურქება-გამუსულმანებას და სარწმუნოებრივი დევნის გამო ქართველთა ნაწილი საქართველოს შიდა რეგიონებში იხიზნებოდა. XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე ლაზიის სამიტროპოლიტო კათედრა დროებით გურიაში გადმოუტანიათ და ახლად დაარსებული ცენტრისათვის ლაზეთიდან მოტანილი სახელი - სატრაპელა - უწოდებიათ.

დღესდღეობით, ლაზეთი თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]