ელისენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ელისენი, ენისელი — მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი. მოიცავდა მდინარეებს ბელაქნისწყალსა, გიშისწყალსა, ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის მდებარე მიწებს (XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან საზღვრის ერთმა მხარემ გიშისწყლიდან ქურმუხისწყალზე გადაინაცვლა, რადგან აქ ამ დროისთვის ძირითადად უკვე ლეკი მოსახლეობა იყო).

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდებას უკავშირებენ მისიონერ ელისეს, რომელიც, სომეხი ისტორიკოსის მოვსეს კალანკატვაცის (X ს.) ცნობით, I საუკუნეში აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ქრისტიანობას ქადაგებდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

V საუკუნიდან ელისენი ჰერეთის საერისთავოს ნაწილს წარმოადგენდა და პოლიტიკურად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. VIII საუკუნეში ერისმთავარი არჩილი ამ ტერიტორიაზე კულტურულ აღმშენებლობას ეწეოდა. XI საუკუნეში, კახეთის საერისთავოებად დაყოფის დროს, ელისენი მაჭის საერისთავოს შემადგენლობაში მოექცა. XV საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე გიორგი VIII-მ აქ სამოურავო შექმნა. XVI საუკუნიდან ელისენში დაღესტნიდან გადმოსული ლეკი მოახალშენენი სახლდებიან. მხარის ნაწილობრივმა ეთნიკურმა ცვლილებამ ელისენს არ დაუკარგა ადრინდელი პოლიტიკური შინაარსი, იგი კვლავინდებურად ქართველი მეფეების ხელისუფლებას ემორჩილებოდა. XVII საუკუნის დასაწყისში ელისენის აღმოსავლეთი ნაწილი ახლად წარმოქმნილი მაჰმადიანური პოლიტიკური ერთულის ელისუს სასულთნოს შემადგენლობაში მოექცა. კახეთში ყიზილბაში ხანების მმართველობის ხანაში (1677-1703) მდგომარეობა არსებითად შეიცვალა, როგორც კაკში, ისე ელისენში ლეკი მოახალშენენი უკვე კომპაქტურად სახლდებოდნენ, მკვიდრ ქართულ მოსახლეობაში კი დაიწყო იძულებითი გამაჰმადიანების პროცესი. 1803 წლიდან ელისენი ჭარ-ბელაქნის „თავისუფალ თემებთან“ ერთად დამოკიდებული გახდა რუსეთის იმპერიაზე. 1830 წლიდან კი საბოლოოდ შევიდა მის შემადგენლობაში როგორც ჭარ-ბელაქნის ოლქის (შემდგომში ოკრუგის) ნაწილი. 1921 წლიდან ისტორიული ელისენი დანარჩენ საინგილოსთან ერთად აზერბაიჯანის ფარგლებშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., თოდრია თ., გვიანფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური საზღვრები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1971, ტ. 4;
  • მუსხელიშვილი დ., კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII-XIII სს., იქვე, 1967, ტ. 3;
  • პაპუაშვილი თ., ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972;
  • გვასალია ჯ., ქსე, ტ. 4, გვ. 131, თბ., 1979