გურნათელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურნათელი — დასახლებული პუნქტი ისტორიულ შავშეთში, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა (ახლანდ. სოფ. სუსუზი, ართვინის პროვინცია). სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყიან ბორცვზე, შემორჩენილია მომცრო დარბაზული ეკლესია, რომელიც 1904 წელს ნახა და აღწერა ნიკო მარმა. უხეშად დამუშავებული ქვით ნაგები და უდეკორო ეკლესიის კონქი და სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი იმ დროისათვის უკვე ჩამონგრეული იყო. ეკლესიის მიდამოებში მარმა იპოვა მოწითალო ქვის დაზიანებული სტელა, რომლის სამ წახნაგზე გამოკვეთილი იყო ჯვრები, ხოლო მეოთხეზე — წრე. მეორე ასეთივე სტელა XIX საუკუნეში გურნათლიდან გადაიტანეს სათლელ-რაბათის სომხური ეკლესიის ეზოში. ამჟამად ორივე სტელა დაკარგულია.

პავლე ინგოროყვას აზრით გურნათელი უნდა იყოს იგივე გუნათლე, სადაც გრიგოლ ხანძთელმა IX საუკუნის პირველ მეოთხედში აზნაურ გაბრიელ დაფანჩულის დახმარებით დააარსა დედათა მონასტერი („გუნათლის ვანი“). სხვა მოსაზრებით (დ. კლდიაშვილი) გუნათლე კლარჯეთში შემორჩენილი ნუკას საყდარია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]