ზენა სოფელი
ზენა სოფელი — ისტორიული მხარე ქართლში, გვიანდელი შიდა ქართლის ნაწილი. მოიცავდა მდ. მტკვრის შუა წელის აუზს, რომელსაც აღმოსავლეთიდან მდინარე არაგვი და არმაზისხევი ესაზღვრება, დასავლეთიდან — ლიხის ქედი, სამხრეთიდან — თრიალეთის ქედი, ჩრდილოეთიდან — კავკასიონი.
„ზენა სოფელი“ „შიდა ქართლთან“ ერთად მოიხსენიება ლეონტი მროველის თხზულებაში ქართლის უძველეს ამბავთა გადმოცემისას (უფლოსმა „არაგვითგან და არმაზითგან ვიდრე ტასისკართამდე უწოდა ამას ქუეყანასა ზენას-სოფლისა, რომელსა აწ ჰქვიან შიდა-ქართლი“). მროველისეული ზენა სოფლის შიდა ქართლთან მიმართების თაობაზე რამდენიმე თვალსაზრისი არსებობს: 1. ზენა სოფელი იგივე შიდა ქართლია და მთლიანად მოიცავს უფლოსის სამფლობელოს (ს. ჯანაშია); 2. ზენა სოფელი იგივე შიდა ქართლია, ოღონდ უფლოსის სამფლობელოს მხოლოდ ნაწილია (ჯ. გვასალია); 3. ზენა სოფელი და შიდა ქართლი განსხვავებული გეოგრაფიული ცნებებია: შიდა ქართლი უფლოსის სამფლობელოს ჰქვია და ზენა სოფელი მის ნაწილს შეადგენს (დ. მუსხელიშვილი).
„ზენა სოფელი“ გვხვდება სხვა ქართულ წერილობით წყაროებშიც. „ვახტანგ გორგასლის ცხოვრების გაგრძელების“ მიხედვით არჩილმა სიძეებს, ნერსე ნერსიანს და ადარნასე ადარნასიანს „განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი“. „ზენა სოფელი“ იხსენიება ასევე ასურელი მამების მოღვაწეობასთან დაკავშირებით შიო მღვიმელის, იოანე ზედაზნელის და აბიბოს ნეკრესელისადმი მიძღვნილ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში. „კოსტანტი ქართველის წამებაში“ ზენა სოფელი დასახელებულია როგორც კოსტანტი-კახას საცხოვრისი: „მას ჟამსა ოდენ იყო ვინმე ქუეყანასა ქართლისასა, სანახებსა ზენა სოფლისასა კაცი, რომელსა სახელი ერქუა კოსტანტი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მერკვილძა დ., „ზენა სოფელი“ (აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან), «ამირანი». III. 2000. — გვ. 65-80.
- მუსხელიშვილი დ., ზენა სოფელი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 356.
- ჯანაშია ს., იბერიის (ქართლის) სამეფოს პოლიტიკური გეოგრაფიისათვის უძველეს პერიოდში; აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოს უძველესი კულტურულ-პოლიტიკური ცენტრების საკითხისათვის, წგ.: შრომები, ტ. 2, თბ., 1952.