ბამბაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბამბაკი — მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მოიცავდა მდინარე დებედის სათავის მთიან ხეობას. იგი სტრაბონისეული გოგარენეს და სომხური წყაროების გუგარქის ანუ ქვემო ქართლის უკიდურესი სამხრეთი თემი იყო. ძვ. წ. II საუკუნეში გოგარენეს პროვინციას სომხური სამეფო დაეუფლა. მომდევნო ხანაში ბამბაკი ხან სომხეთის, ხან კი ქართლის შემადგენლობაში შედიოდა, ვიდრე იგი V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა არ შემოიერთა. IX-X საუკუნეებში ბამბაკი შედიოდა ჯერ ანისის სამეფოს, შემდეგ კი ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს შემადგენლობაში. მომდევნო საუკუნეებში საქართველოს ფარგლებში იყო. XVII საუკუნის დასაწყისში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ყიზილბაშური ირანის ექსპანსიის შედეგად შეიქმნა თურქმანული პოლიტიკური ერთულები - ბორჩალოს სახანო და ლორის სასულთნო. ბამბაკი ბორჩალოს სახანოს შემადგენლობაში მოჰყვა. XVIII საუკუნის II ნახევარში იგი გამოეყო ბორჩალოს და ჩამოყალიბდა ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად - ბამბაკის სამოურავოდ, რომელსაც ქართლ-კახეთის მეფის მიერ დანიშნული ქართველი მოურავი მართავდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ბამბაკი თბილისის გუბერნიის ლორის მაზრის შემადგენლობაშია. XIX საუკუნის II ნახევარში ერევნის გუბერნიის ალექსანდროპოლის მაზრაში შევიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 182, თბ., 1977.