მარიანა ვიქტორია ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიანა ვიქტორია ესპანელი
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 31 ივლისი 1750
მმართ. დასასრული: 24 თებერვალი 1777
წინამორბედი: მარია ანა ავსტრიელი
მემკვიდრე: კარლოტა ხოაკინა ესპანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 მარტი 1718
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 15 იანვარი 1781, (62 წლის)
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: ჟუზე I, პორტუგალია
შვილები: მარია I, პორტუგალიის დედოფალი
მარიანა
დოროთეია
ბენედიტა
სრული სახელი: მარიანა ვიქტორია დე ბურბონ ი ფარნეზე
დინასტია: ბურბონები
მამა: ფილიპე V, ესპანეთის მეფე
დედა: ისაბელ ფარნეზე
რელიგია: კათოლიციზმი

მარიანა ვიქტორია ესპანელი (ესპ. Mariana Victoria de Borbón, პორტ. Mariana Vitória de Bourbon; დ. 31 მარტი 1718 - გ. 15 იანვარი 1781) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ისაბელ ფარნეზეს ქალიშვილი. შვიდი წლის ასაკში დანიშნეს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ზე, თუმცა მათი მცირეწლოვანების გამო ეს ქორწინება არ შემდგარა. 1729 წელს იგი მიათხოვეს პორტუგალიის ინფანტ ჟუზეს, რომელიც 1750 წელს პორტუგალიის მეფე ჟუზე I გახდა. მარიანასა და ჟუზეს მხოლოდ ოთხი გოგონა შეეძინათ, რომელთაგან უფროსი მომავალში პორტუგალიისა და ბრაზილიის დედოფალი მარია I გახდა. მარიანა იყო რეგენტი როგორც თავისი ქმრის, ისე თავისი ქალიშვილის მმართველობისას.

ოჯახი და ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფანტა მარიანა ვიქტორია 1724 წელს

მარიანა ვიქტორია დაიბადა 1718 წლის 31 მარტს მადრიდის ალკაზარის სამეფო სასახლეში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ისაბელ ფარნეზეს ასული. მას სახელი მამის დედის, საფრანგეთის დოფინ მარია ანა ვიქტორია ბავარიელის პატივსაცემად დაარქვეს. მარიანა ვიქტორიას მამა იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის ვაჟი და დედის მემკვიდრეობით, ბიძამისის, კარლ II-ის უძეოდ გარდაცვალების შემდეგ ესპანეთში თავად გამეფდა 1700 წელს. მარიანა ვიქტორია ტახტის მემკვიდრეთა სიაში მეხუთე ადგილზე იყო, მის წინ ტახტზის რიგში იყვნენ მისი უფროსი ნახევარ-ძმები და უმცროსი ძმები.

ნიშნობა ლუი XV-ზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანკო-ესპანური ომის დასრულების შემდეგ, მეფე ფილიპე V-მ გადაწყვიტა ფრანგებთან ალიანსის განსამტკიცებლად თავისი უფროსი ქალიშვილი მარიანა ვიქტორია საფრანგეთის მეფე ლუი XV-ზე დაიენიშნა. 10 წლის ლუი XV-ის ქორწინებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს მისი ბიძა და ამავდროულად რეგენტი, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II აწარმოებდა. ფილიპის ორგანიზებით, თავისი უფროსი ქალიშვილი, ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი ფილიპე V-ის უფროს ვაჟს, ასტურიის პრინც ლუისს მიათხოვეს, ხოლო შუათანა ქალიშვილი, ელიზაბეტ ორლეანელი კი ინფანტ კარლოსს. ამრიგად ფრანგულ და ესპანურ სამეფო კარებს შორის მესამე დინასტიური ქორწინებით ალიანსი კიდევ უფრო უნდა გამყარებულიყო.

1721 წლის 25 ნოემბერს საფრანგეთის ელჩმა ოფიციალურად ითხოვა მარიანა ვიქტორიას ხელი. იგეგმებოდა ორმაგი ქორწინება, როგორც ეს 1615 წელს მოხდა, როცა საფრანგეთის მეფე ლუი XIII-მ ცოლად ესპანეთის პრინცესა ანა ავსტრიელი შეირთო, ხოლო ესპანეთის მეფე ფილიპე IV-მ საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტ ბურბონი. ამრიგად მარიანა ლუი XV-ს გაჰყვებოდა ცოლად, ხოლო ასტურიის პრინცი ლუისი ცოლად ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელს ირთავდა. მართალია ლუისი და ლუიზ ელიზაბეტი დაქორწინდნენ, თუმცა ლუი და მარიანა ვიქტორია მანამდე ვერ იქორწინებდნენ, სანამ საპატარძლო სრულწლოვანი არ გახდებოდა.

რეგენტის დედისა და მეფის ბიცოლის, ჰერცოგინია ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელის განცხადებით, მარიანა ვიქტორია "უსაყვარლესი და პრიმიტიული ვინმე" იყო. საფრანგეთში ითვლებოდა, რომ მისი ასაკისათვის ესპანეთის ინფანტა საკმაოდ განათლებული იყო. 1723 წლის თებერვალში ლუი XV სრულწლოვაი გახდა და ფილიპ II-საც რეგენტის წოდება ჩამოერთვა, შესაბამისად ქვეყანას უკვე თავად მართავდა.

ამ დროს მარიანა უკვე საფრანგეთის სამეფო კარზე ცხოვრობდა, თუმცა იქ მან დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. 1725 წელს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ლუი ანრიმ და მისმა საყვარელმა მადამ დე პრიემ მარიანას ესპანეთში დაბრუნების გადაწყვეტილება. მათ ლუი XV-ს მარიანასთან ნიშნობის ჩაშლა და სანაცვლოდ ანრიეტა ლუიზ დე ბურბონზე ქორწინება შესთავაზეს, რომელიც მარიანა ვიქტორიასგან განსხვავებით, თავისი ასაკიდან გამომდინარე მალე შეძლებდა დაორსულებას. 1724 წელს გარდაიცვალა მარიანას ნახევარ-ძმა ლუისი, რის გამოც ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი უკან დაბრუნდა. ლუიზ ელიზაბეტს შვილები არ შეეძინა, რის გამოც ესპანელებმა ისიც და მისი დაც უკან საფრანგეთში დააბრუნეს. ამის საპასუხოდ, 1725 წლის 5 აპრილს მარიანა ვიქტორია საფრანგეთიდან ესპანეთში გაემგზავრა. ამავე წელს ლუი XV-მ ცოლად შეირთო პოლონეთის მეფე სტანისლავ ლეშჩინსკის უფროსი ქალიშვილი მარია ლეშჩინსკი. 1745 წელს ლუი XV-ისა და მარია ლეშჩინსკის ვაჟი, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი დაქორწინდა მარიანას დაზე, პრინცესა მარია ტერეზა რაფაელა ესპანელზე.

ქორწინება ჟუზე I-ზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიანა ვიქტორია ესპანელი პორტუგალიაში

მარიანა ვიქტორიას ესპანეთში დაბრუნებამ ისიც და სრულიად ესპანური არისტოკრატიაც ძალიან შეურაცჰყო, რამაც დიდი განხეთქილება გამოიწვია ესპანურ და ფრანგულ სამეფო კარებს შორის. შეურაცყოფილმა ესპანეთმა მალევე, 1725 წელს ავსტრიასთან გააფორმა ალიანსი, ხოლო ფრანგებმა ინგლისთან სცადეს ალიანსის შექმნა. გაუთხოვარი მარიანა ვიქტორია კვლავ ესპანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში ჩასვეს. 1720 წელს მისმა უმცროსმა ძმამ, ინფანტმა ფილიპემ პარმაში გასაბატონებლად უარი თქვა ესპანეთის ტახტზე, რის გამოც მარიანა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სამეფო გვირგვინს. 1727 წლიდან ესპანურ და პორტუგალიურ სამეფო კარებს შორის დაიწყო მოლაპარაკებები დინასტიურ ქორწინებასთან დაკავშირებით. ასევე განიხილებოდა მარიანა ვიქტორიასა და პეტრე I დიდის შვილიშვილის, რუსეთის იმპერატორ პეტრე II-ის ქორწინებაც. რუსებთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ კვლავ პორტუგალიელებს მიუბრუნდნენ. იგეგმებოდა ორმაგი დინასტიური ქორწინება, ანუ მარიანა ვიქტორია ცოლად მიჰყვებოდა პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე ჟუზე დე ბრაგანსას, ხოლო ჟუზეს და, პორტუგალიის ინფანტა ბარბარა დე ბრაგანსა ცოლად მიჰყვებოდა მარიანა ვიქტორიას უფროს ძმას, ესპანეთის ტახტის მემკიდრე ფერდინანდ დე ბურბონს. 1729 წლის 19 იანვარს ზემოთ ხსენებული ორმაგი ქორწინება შედგა, პორტუგალიის ქალაქ ელვასში. მეორე დღეს ბარბარა და ფერდინანდი ბადახოსში გაემგზავრნენ, სადაც ასტურიის პრინცად და პრინცესად ეკურთხნენ, ხოლო მარიანა და ჟუზე ლისაბონისკენ გაემართნენ, სადაც ისინი ბრაზილიის პრინცად და პრინცესად ეკურთხნენ.

მარიანა ვიქტორიასა და ჟუზეს მალევე ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ბედნიერი წყვილი ერთად ნადირობდა და უსმენდა მუსიკას. მარიანას და ჟუზეს ძალიან უყვარდათ იტალიელი ოპერის მომღერლები, ისინი მფარველობდნენ ხელოვნებას და იყვნენ ძალიან რელიგიურები. მიუხედავად ამგვარი ბედნიერი ცოლ-ქმრობისა, ჟუზემ მაინც გაიჩინა რამდენიმე საყვარელი, რამაც მარიანას გული ატკინა. მათ ქორწინებაში მარიანა ვიქტორიამ რვა გოგონა გააჩინა, რომელთაგან ოთხი მკვდარი დაიბადა, ოთხმა კი ზრდასრულობამდე მიაღწია. მათ პირველ ქალიშვილს, მარია ბრაგანსას გადაეცა ბრაზილიის პრინცესის, ანუ პორტუგალიის ტახტის მემკვიდრის წოდება. მათი ორი შუათანა ქალიშვილი შინაბერებად დარჩნენ, უმცროსი კი უფროსის მსგავსად ნათესავზე დაქორწინდა. ლუი XV-მ თავისი ვაჟის, დოფინ ლუისათვის მათი შუათანა ქალიშვილის მარიანა ფრანცისკას ხელი ითხოვა, რაზეც მარიანამ სასტიკი უარი განუცხადა საფრანგეთის მეფეს, რითაც თავის მხრივ შური იძია. როდესაც მისი მეორე შუათანა ქალიშვილის მარია დოროთეას ხელი ითხოვეს, მარიანამ ამაზეც უარი განაცხადა, ასე რომ მისი ქალიშვილების გაუთხოვრობაში ბრალი სწორედ მარიანას მიუძღვის. ნაბოლარა ქალიშვილი, პრინცესა მარია ბენედიტა მისსავე ბიძაშვილს, ბრაზილიის პრინც ჟუზე ბრაგანსას მიათხოვა.

დედოფალი, რეგენტი და ქვრივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიის მეფე ჟუზე I თავის ცოლთან დედოფალ მარიანა ვიქტორია ესპანელთან ერთად ზის სამეფო ტახტზე და ვასლებისგან ძღვენს იღებს

1750 წელს გარდაიცვალა მარიანა ვიქტორიას მამამთილი, მეფე ჟუან V. ამის შემდეგ ტახტზე მარიანა ვიქტორია ადის თავის ქმართან, ჟუზე I-თან ერთად. ამ დროისათვის პორტუგალია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი იმპერია იყო რომელიც ფლობდა უამრავ კუნძულს ატლანტის ოკეანეში, მთლიან ბრაზილიას სამხრეთ ამერიკაში, ანგოლასა და მოზამბიკს აფრიკაში, აგრეთვე ქალაქ მაკაუს ჩინეთში, გოას ინდოეთში და ტიმორს ინდონეზიაში. მისი მეუღლის მეფობა მიმდინარეობდა მარკიზ დე პომბალის ზეგავლენით, რომელიც დედა-დედოფლის ფავორიტი იყო. ჟუზემ მალევე მთელი მმართველობა პომბალს გადაულოცა, რამაც მარიანა ვიქტორია და მისი ქალიშვილები ძალიან გააღიზიანა. 1755 წლის 1 ნოემბრის ღამით ლისაბონში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ამ მიწისძვრამ ლისაბონის 100 000-ზე მეტი მაცხოვრებლის სიცოცხლე შეიწირა. გარდა ამისა ჩამოინგრა მეფის საძინებლის ჭერი, რის დროსაც ჟუზე მძიმედ დაშავდა. ამის შემდეგ მას კლაუსტროფობია დაემართა და მარტო ოთახში ვეღარ რჩებოდა, რის გამოც დედოფლისა და მეფი საძინებლები გაერთიანდა. ამის შემდეგ მეფეს ფსიქიკა შეერყა და ქვეყნის მართვა აღარ შეეძლო.

ვინაიდან ჟუზეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეეძლო, სამეფო საბჭოში მისი ადგილი დედოფალმა მარიანა ვიქტორიამ დაიკავა. აქედან მოყოლებული იგი თავისი ქმრის სახელით მართავდა პორტუგალიას. 1776 წლის 29 ნოემბერს იგი რეგენტად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე დარჩა ქმრის გარდაცვალებამდე. 1777 წლის 24 თებერვალს ჟუზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც პორტუგალიის დედოფალი მათი უფროსი ქალიშვილი მარია I გახდა. მარიას მმართველობისას მარიანამ კვლავ დიდი გავლენა შეინარჩუნა ქვეყნის მართვის საკითხებში. მას დიდი გავლენა ჰქონდა ქალიშვილზე, რომელიც სახელმწიფო მართვის რიგ საკითხებში რჩევას სწორედ დედას ეკითხებოდა. მარიას ტახტზე ასვლიდან მეორე დღესვე მან მარკიზ დე პომბალი პორტუგალიიდან გააძევა და მას პორტუგალიისა და მისი კოლონიების მიწაზე ფეხის დადგმაც კი აუკრძალა.

როდესაც მარია I ტახტზე ავიდა, მარიანა ვიქტორიამ მეზობელ ესპანეთთან ურთიერთობა თავის თავზე აიღო, რაც თავის უფროს ძმასთან, მეფე კარლ III-თან თბილი ურთიერთობის გამო არ გაუჭირდა. როგორც იქნა ამ ორ ქვეყანას შორის ამერიკის გადანაწილებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტი გადაწყდა. 1777 წლის 28 ოქტომბერს მარიანა ვიქტორიამ მშობლიურ ესპანეთში გამგზავრება მოინდომა, სადაც სამი წელი დაჰყო. მარიანა ვიქტორია დაეხმარა ორ სახელმწიფოს ურთიერთობების დალაგებაში და გეგმავდა ორმაგ დინასტიურ ქორწინებას. მან დააქორწინა კარლ III-ის ქალიშვილი კარლოტა ხოაკინა და თავისი შვილიშვილი, ინფანტი ჟუან დე ბრაგანსა, ხოლო მეორე ქორწინებისას შეაუღლა თავისი შვილიშვილი მარიანა ვიქტორია დე ბრაგანსა და კარლ III-ის ვაჟი, ინფანტი გაბრიელი. 1778 წელს, როდესაც თავისი საქმეები მოათავა პორტუგალიაში დაბრუნდა. იქ დაბრუნებულს გულის პრობლემების გართულება დაეწყო. იგი წლების მანძილზე იტანჯებოდა გულის პრობლემებით, რის შემდეგაც 1781 წელს ინფაქტის შედეგად გარდაიცვალა, დაკრძალეს ლისაბონში ჟუზეს გვერდით.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიანა ვიქტორია იყო საფრანგეთის ლეგენდარული დედოფლის, მარი ანტუანეტის ნათლია. მარიანა ვიქტორიას შთამომავლები დღემდე ატარებენ ესპანეთის მეფის, ბელგიის მეფის, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის, პარიზის გრაფისა და პარმის ჰერცოგის წოდებებს. 1822 წელს მისი შვილთაშვილი პედრუ გახდა ბრაზილიის პირველი იმპერატორი.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა გარდ. ასაკი ტიტული მეუღლე
მარია I 17 დეკემბერი

1734

20 მარტი

1816

81 წლის პორტუგალიის,

ალგავრისა და

ბრაზილიის

დედოფალი

პედრუ III
მარიანა ფრანცისკა 7 ოქტომბერი

1736

16 მაისი

1813

76 წლის პორტუგალიის

ინფანტა

მარია დოროთეა 21 სექტემბერი

1739

14 იანვარი

1771

31 წლის პორტუგალიის

ინფანტა

მარია ბენედიტა 25 ივლისი

1746

18 აგვისტო

1829

83 წლის ბრაზილიის

პრინცესა და

ბრაგანსას

ჰერცოგინია

ჟუზე

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Armstrong. Edward: Elisabeth Farnese: The Termagant of Spain, 1892.
  • Myrl. Jackson-Laufer. Guida: Women rulers throughout the ages: an illustrated guide, ABC-CLIO, 1999, ISBN 978-1-57607-091-8
  • Pevitt. Christine : The Man Who Would Be King: The Life of Philippe d'Orléans, Regent of France, Phoenix, London, 1997, ISBN 978-0-7538-0459-9
  • Roberts. Jennifer: The Madness of Queen Maria: The Remarkable Life of Maria I of Portugal; Templeton Press, London, 2009, ISBN 978-0-9545589-1-8
მარიანა ვიქტორია ესპანელი
დაიბადა: 31 მარტი 1718 გარდაიცვალა: 15 იანვარი 1781
წინამორბედი:
მარია ანა ავსტრიელი
პორტუგალიის დედოფალი
1750-1777
შემდეგი:
კარლოტა ხოაკინა ესპანელი