მარია ისაბელ ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ისაბელ ესპანელი
ნეაპოლისა და ორი სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 4 იანვარი, 1825
მმართ. დასასრული: 8 ნოემბერი, 1830
წინამორბედი: კაროლინ ბონაპარტი
მემკვიდრე: მარია კრისტინა სავოიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 ივლისი, 1789
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 13 სექტემბერი, 1848, (59 წლის)
გარდ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
მეუღლე: ფრანჩესკო I, სიცილიის მეფე
(ქ. 1802 - გარდ. 1830)
ფრანჩესკო დალ ბალცო, პრეზენცანოს ჰერცოგი
(ქ. 1839)
შვილები: ლუიზა კარლოტა, კადისის ჰერცოგინია
მარია კრისტინა, ესპანეთის დედოფალი
ფერდინანდ II, სიცილიის მეფე
კარლო ფერდინანდო, კაპუას პრინცი
ლეოპოლდო, სირაკუზას გრაფი
მარია ანტონია, ტოსკანის ჰერცოგინია
ანტონიო, ლეჩეს გრაფი
მარია ამალია, პორტუგალიის ინფანტა
მარია კაროლინა, მონტემოლინის გრაფინია
ტერეზა კრისტინა, ბრაზილიის იმპერატრიცა
ლუიჯი, აკულიის გრაფი
ფრანჩესკო, ტრაპანის გრაფი
სრული სახელი: მარია ისაბელ დე ბურბონ ი ბურბონ-პარმა
დინასტია: ბურბონები
მამა: კარლ IV, ესპანეთის მეფე
დედა: მარია ლუიზა პარმელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

მარია ისაბელ ესპანელი (ესპ. María Isabel de España, იტალ. Maria Isabella di Spagna; დ. 6 ივლისი, 1789 — გ. 13 სექტემბერი, 1848) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ლუიზა პარმელის უმცროსი ქალიშვილი. ესპანეთის ინფანტა დაბადებით. ნეაპოლისა და ორი სიცილიის დედოფალი 1825-30 წლებში როგორც ფრანჩესკო I-ის მეორე მეუღლე და მისი თორმეტი შვილის დედა. ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ისა და ესპანეთის დედოფალ მარია კრისტინა სიცილიელის დედა. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის ბებია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის ინფანტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსისკო გოიას მიერ შესრულებული კარლ IV-ის საოჯახო პორტრეტი, სადაც მარია ლუისა წარმოდგენილია ცენტრში, დედოფალ მარია ლუისას ხელ მარცხნივ

მარია ისაბელი დაიბადა 1789 წლის 6 ივლისს, მადრიდის სამეფო სასახლეში, ესპანეთში. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის უმცროსი ასული. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა ესპანეთის მეფე კარლ III და დედოფალი მარია ამალია საქსონიელი, ხოლო დედის მხრიდან პარმის ჰერცოგი ფილიპე I და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის უფროსი ასული ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი ერგებოდნენ. მარია ისაბელის დაბადება ძალზედ სადავო იყო, რადგანაც დედამისს ამ დროს საყვარელი ჰყავდა, მეფის ფავორიტ ემანუელ გოდოის სახით, ამიტომაც ბევრი ფიქრობდა, რომ ის სწორედ მისი ქალიშვილი იყო და არა კარლის. 1792 წლიდან გოდოი ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხდება.

მარია ისაბელის ბავშვობა დაემთხვა საფრანგეთის რევოლუციას, ნაპოლეონის შემოჭრებისა და საშინელი არეულობის ეპოქას. ყოველივე ამის გამო, მის მშობლებს არ ეცალათ მისთვის ისეთი განათლების მისაცემად, როგორიც მის და-ძმებს ჰქონდათ. 1800-1801 წლებში მისმა მშობლებმა გამოჩენილ ესპანელ მხატვარ ფრანსისკო გოიას მათი საოჯახო პორტრეტი დაუკვეთეს, რომელიც დღეისათვის პრადოს მუზეუმში ინახება.

1800 წელს ნაპოლეონმა ესპანეთის სამეფო კარზე ელჩად თავისი ძმა, ლუსიენ ბონაპარტი გააგზავნა. აღსანიშნავია, რომ ლუსიენმა 1801 წლის აპრილში დედოფალ მარია ლუიზას ნაპოლეონისა და მარია ისაბელის დაქორწინება შესთავაზა. მარია ლუიზა ცხადია დასთანხმდა, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად ნაპოლეონმა ცოლად თავისი საყვარელი ჟოზეფინ ბოარნე შეირთო. ყოველივე ამის შემდეგ, დედოფალმა მარია ლუიზამ მისთვის სხვა, ახალი საქმროს ძებნა დაიწყო.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფანტა მარია ისაბელის პორტრეტი, შესრულებულია ფრანსისკო გოიას მიერ

ნაპოლეონსა და ზოგადად ფრანგებზე განრისხებულმა მარია ლუიზამ განიზრახა, რომ მარია ისაბელი ან მეფისთვის, ან მომავალი მეფისთვის უნდა მიეთხოვებინა. მან მალევე იპოვა ამისათვის შესაფერისი კანდიდატი. ეს იყო მარია ისაბელის მამის ბიძაშვილი, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის (საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტას უმცროსი და) ვაჟი, კალაბრიის ჰერცოგი ფრანჩესკო დე ბურბონი. თუმცა საქმეს ის ართულებდა, რომ ფრანჩესკო ამ დროს დაქორწინებული იყო მარია კლემენტინა ავსტრიელზე, რომელიც ამავე, 1801 წლის ნოემბერში პირველივე მშობიარობას გადაჰყვა.

ამის შემდეგ მარია ლუიზა პარმელმა აქტიურად გააჩაღა მოლაპარაკებები ნეაპოლში. მარია ლუიზას სურდა, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ ჩამოყალიბებულ ინგლის-ესპანეთ-პორტუგალიის კოალიციისათვის ნეაპოლი და სიცილიაც შემოეერთებინა. აღსანიშნავია ისიც, რომ დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელს ისედაც სურდა ფრანგების წინააღმდეგ კოალიციის ჩამოყალიბება, რათა თავისი სიკვდილით დასჯილი დის, დედოფალ მარია ანტუანეტასათვის შური ეძია. თუმცა ესპანეთსა და ნეაპოლს შორის მათ უფრო მყარი კავშირის ჩამოყალიბება მოინდომეს, რისთვისაც მარია ისაბელთან და ფრანჩესკოსთან ერთად უნდა დაქორწინებულიყვნენ მარია ისაბელის ძმა, ასტურიის პრინცი ფერდინანდი და ფრანჩესკოს უფროსი და, მარია ანტონია ნეაპოლელი. ამრიგად მარია კაროლინაც და მარია ლუიზაც ერთობ კმაყოფილნი დარჩნენ. ამ დროისათვის მარია ისაბელი მხოლოდ თორმეტი წლის იყო, ქორწინებისათვის ნებადართული ასაკი კი 13-14 წელი იყო, რის გამოც ქორწინება დროებით გადაიდო. თუმცა დიდხანს გადადებაც არ შეიძლებოდა, რადგან ნაპოლეონის წინააღმდეგ ძლიერი კოალიციის ჩამოყალიბება სასწრაფო საქმე იყო.

ორი საქორწინო კონტრაქტი 1802 წლის აპრილში გაფორმდა არანხუესის სამეფო სასახლეში. 1802 წლის 6 ივლისს, თავის მესამეტე დაბადების დღეზე, მარიონეტული წესით მარია ისაბელი ცოლად გაჰყვა თავის 25 წლის ბიძაშვილ ფრანჩესკოს. ნეაპოლელი პრინცესისა და პრინცის დასახვედრად ესპანეთის სამეფო ოჯახი ბარსელონაში გაემგზავრა, სადაც ისინი ასევე დახვდნენ მარია ისაბელის გათხოვილ დას, ეტრურიის დედოფალ მარია ლუისას, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩავიდა ესპანეთში. 13 აგვისტოს სამეფო ოჯახი უკვე ბარსელონაში იყო, 4 აგვისტოს კი შედგა ორმაგი ქორწინება, სადაც მარია ისაბელი და ფრაჩესკო და მათი და-ძმა, პრინცი ფერდინანდი და მარია ანტონია დაქორწინდნენ. დიდი და პომპეზური ქორწილის შემდეგ მარია ისაბელი დაემშვიდობა ოჯახს და მეუღლესთან ერთად ნეაპოლში გაემგზავრა.

ნეაპოლის სამეფო პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეაპოლის სამეფო პრინცესა მარია ისაბელ ესპანელი 1819 წელს, შესრულებულია ჯუზეპე კამარანოს მიერ კასერტას სასახლეში

ნეაპოლის სამეფო კარზე მარია ისაბელმა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. კარლ IV-ის ყველა ქალიშვილი (კარლოტა ხოაკინა, მარია ამალია, მარია ლუისა და მარია ისაბელი), არც თუ ისე მაღლები იყვნენ და ძალიან სადა გემოვნება ჰქონდათ, რაც პომპეზურობასა და ფუფუნებას შეჩვეულ დიდებულებს დიდად არ მოსწონდათ. მისი დებისაგან განსხვავებით, მარია ისაბელს ძალიან მკაცრი და ხისტი ხასიათი ჰქონდა, ამასთან იგი გაცილებით უფრო ნაკლები ასაკისას ჰგავდა, ვიდრე ცამეტი წლისას. ნეაპოლელები მას აღწერდნენ შემდეგნაირად: "პატარა და მრგვალი, როგორც ბურთი". მისი დედამთილი, ძლევამოსილი დედოფალი მარია კაროლინა ავსტრიელიც უკმაყოფილო იყო მისით. ფრანჩესკოს პირველი ცოლი, მარია კლემენტინა ავსტრიელი მარია კაროლინას ძმის შვილი იყო და ამიტომაც იგი ძალიან უყვარდა, რასაც ვერ ვიტყვით მარია ისაბელზე. მას მარია ისაბელზე არასასურველი პირველი შთაბეჭდილება დარჩა, რის შესახებაც მან თავის წერილშიც დაწერა:

ვიკიციტატა
„აქვს ნორმალური, ახალგაზრდა, ჯანსაღი სახე, ისეთი, როგორიც ბურბონებს არ ახასიათებთ, აქვს თეთრი და წითელი კანი და შავი თვალები. იგი ძალიან მსუქანია და მისი ფეხებიც ძალიან მოკლეა. დანარჩენზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან მისი საერთოდ არ მესმის. იგი ნულია დახვეწილობაში, ცოდნაში, იდეებსა და ცნობისმოყვარეობაში. არაფერი, აბსოლუტურად არაფერია. იგი მხოლოდ ესპანურად საუბრობს, თანაც ძალიან სწრაფად, მან არ იცის არც იტალიური, არც ფრანგული და არც ლათინური, ჩვენს ენახე მას მხოლოდ "კი"-ს და "არა"-ს თქმა შეუძლია და ისიც გაურკვევლად. იგი ყოველთვის იღიმის და ვერ გაიგებთ კმაყოფილია თუ არა... ფრანჩესკო იგი მას თავის შვილთან ერთად ასწავლის ყველაფერს. ფრანჩესკომ მისთვის რეპეტიტორები დაიქირავა რათა ასწავლონ იტალიური, გეოგრაფია და არითმეტიკა. მან არაფერი იცის, გარდა პატარა ფორტეპიანოზე დაკვრისა. მე შევეცადე შემექო და გამემხნევებინა. მისგან არაფერი იგრძნობა, მხოლოდ იცინის. მე ძალიან ამბიციური და დამაინტრიგებელი ქალბატონი ვარ, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ აუცილებლად მეყვარებოდა ჩემი რძალი, თუმცა მას არაფერი აქვს რითაც თავს შეგაყვარებს, ამიტომაც მასთან მიმართებაში კეთილსინდისიერი ვარ. მე ყველანაირად ვცილობ, რომ მისმა ქმარმა იგი თანასწორ მეუღლედ აღიქვას, თუმცა იგი თავისივე თავის წინააღმდეგ გამოდის. მე მჯერა, რომ იგი ბავშვების გაჩენას მაინც შესძლებს და ჩვენს ოჯახს გააუმჯობესებს თავისი ესპანური სისხლით. ესპანეთის პრინცესები, განსაკუთრებით კი მისი დები, დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევიან და მჯერა, რომ ამაში მაინც გაამართლებს ჩვენს მოლოდინებს.“

მარია ისაბელი მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო, როდესაც მისი პირველი ქალიშვილი ლუიზა კარლოტა დაიბადა. მან იგი 1804 წლის 24 ოქტომბერს პონტიჩის სასახლეში, ნეაპოლში გააჩინა. ამ დროს მას ასევე ჰყავდა მცირეწლოვანი გერიც, მარია კაროლინას სახით (რომელსაც სახელი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს), რომელიც შემდგომში საფრანგეთის მეფე შარლ X-ის ვაჟზე, ბერის ჰერცოგ შარლ ფერდინანდზე გაათხოვეს.

მარია ისაბელის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაპოლეონის შემოჭრები. თავისი გვირგვინის დაკარგვით შეშინებული მარია ისაბელის მამამთილი, მეფე ფერდინანდ I ცოლის გავლენით ანტი-ფრანგულ კოალიციაში გაერთიანდა. 1805 წელს ნაპოლეონის ჯარებმა აუსტერლიცის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა მოკავშირეთა ძალები. ამან ფაქტობრივად გააცამტვერა ნაპოლეონის არმია, რასაც 1806 წელს ნაპოლეონის მიერ ნეაპოლის დაკავება მოჰყვა. ნეაპოლის გვირგვინი და ტახტი ნაპოლეონმა თავის ძმას, ჟოზეფ ბონაპარტს მისცა, რომელიც 1808 წელს ესპანეთის მეფედ დასვა, ამის შემდეგ კი ნეაპოლის სამეფო მან თავის დას, კაროლინ ბონაპარტს უბოძა.

1806 წლის თებერვალში ნეაპოლის დაცემასთან ერთად მარია ისაბელი და სამეფო ოჯახი სიცილიაში გაიქცა. მიუხედავად ფერდინანდისა და მარია კაროლინას მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომებისა, ბრიტანული არმიის დაცვით, მათ შეინარჩუნეს სიცილია და მისი გვირგვინი. ამრიგად ფრანგებმა მართალია დაიკავეს ნეაპოლი, თუმცა სიცილია კვლავ ბურბონებს დარჩათ. მეფე ფერდინანდმა ამიერიდან დედაქალაქი ნეაპოლიდან პალერმოში გადაიტანა და მშვიდ ცხოვრებასა და ნადირობას მიჰყო ხელი. სწორედ აქ, პალერმოში დაიბადა მარია ისაბელის მეორე ქალიშვილი — მარია კრისტინა, რომელიც შემდგომში ესპანეთის დედოფალი გახდა.

1812 წლიდან მარია ისაბელის ქმარი, ფრანჩესკო სიცილიის რეგენტად დაინიშნა. მარია ისაბელი საერთოდ არ ერთვებოდა ქმრის პოლიტიკურ საქმიანობაში და დიდად არც სამეფო კარის ღონისძიებებზე გამოჩენით იწუხებდა თავს. უნდა აღინიშნოს, რომ ფრანჩესკოს დიდი ბრძოლა ჰქონდა ადგილობრივ, სიცილიურ არისტოკრატიასთან, რომელთაგანაც ისევ საფრანგეთის წინააღმდეგ ომის დაფინანსებას მოითხოვდა, რაზეც მან უარი მიიღო. მეტიც, 1813 წელს დედოფალი მარია კაროლინა სიცილიელებმა მის მშობლიურ ავსტრიაში გააძევეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1814 წელს.

კალაბრიის ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკოსა და მარია ისაბელის ოჯახი 1820 წელს. მარია ისაბელი შავ კაბაში გამოწყობილი მარცხენა კუთხეში ზის, თავის ქალიშვილი მარია კაროლინათი კალთაში

1815 წელს, ავსტრიელთა დახმარებით ფერდინანდ I-მა ნეაპოლის დაბრუნება მოახერხა. მალევე მან შეცვალა კონსტიტუცია და სიცილიისა და ნეაპოლის სამეფო — ორი სიცილიის სამეფოდ გადააკეთა. ამის გამო, 1816 წლიდან ფრანჩესკო და მარია ისაბელი კალაბრიის ჰერცოგ-ჰერცოგინია ხდებიან. 1815-20 წლებში ფრანჩესკო სიცილიის არმიის ლეიტენანტი ხდება, რის გამოც ამ ხნის მანძილზე ისინი სიცილიაში, კერძოდ კი პალერმოში ცხოვრობდნენ და იშვიათად სტუმრობდნენ ნეაპოლს.

მიუხედავად იმისა, რომ მან ესპანეთი ადრეულ ასაკში დატოვა, ოჯახი და სამშობლო კარგად ახსოვდა. 1818 წლის შემოდგომაზე იგი თავის მშობლებს ეწვია, რომლებიც ამ დროს რომში იმყოფებოდნენ. დედამისი, დედოფალი მარია ლუიზა პარმელი 1819 წლის იანვარში გარდაიცვალა, 67 წლის ასაკში. შემდგომში, სწორედ მარია ისაბელმა შეასრულა გადამწყვეტი როლი თავისი შვილების დაოჯახების საკითხში. ცნობილია, რომ მან ესპანეთთან სიცილიის დასაახლოვებლად, თავისი ექვსი ქალიშვილიდან ოთხი ესპანეთის სამეფო კარზე გაათხოვა. პირველი ასეთი ქორწინება 1819 წლის აპრილში შედგა, როცა მისი უფროსი ასული — ლუიზა კარლოტა ცოლად გაჰყვა მარია ისაბელის უმცროს ძმას, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულას.

მთელი ამ პრობლემატური წლების განმავლობაში, მარია ისაბელი გამუდმებით ორსულად იყო. პალერმოში ყოფნისას, ყველაზე დიდი ორ წლიანი შუალედებით მან ცხრა შვილი გააჩინა. საბოლოო ჯამში მასა და ფრანჩესკოს თორმეტი შვილი შეეძინათ, აქედან ექვსი გოგონა და ექვსი ვაჟი, რომელთაგან ყველამ მიაღწია ზრდასრულ ასაკამდე, რაც დიდი იშვიათობა იყო. 1820 წელს ფრანჩესკო თავის ცოლ-შვილთან ერთად ნეაპოლში დაბრუნდა. ამ დროს მარია ისაბელის მამამთილი მთლიანად ავსტრიელებზე იყო დამოკიდებული. მეტიც, სიცილიური ჯარების მთავარსარდალი სწორედ ავსტრიელი გრაფი ნიუგენი იყო. მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, ფერდინანმა აბსოლუტური მონარქიის დამყარება განიზრახა და საამისოდ არაერთი რეფორმაც გაატარა. სწორედ ამ პერიოდში, მარია ისაბელმა ნეაპოლში კიდევ ორი შვილი გააჩინა.

ორი სიცილიის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორი სიცილიის დედოფალი მარია ისაბელ ესპანელი კაზერტის სამეფო სასახლეში

მეფე ფერდინანდ I 1825 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ორი სიცილიის ახალი მეფე ფრანჩესკო I, ხოლო დედოფალი მარია ისაბელ ესპანელი ხდება. ამ დროს ფრანჩესკო უკვე 47 წლის კაცი იყო, შერყეული ჯანმრთელობით. შესაძლოა ითქვას, რომ მას დიდად არ აინტერესებდა პოლიტიკა. ამის სამაგიეროდ, მის დროს განსაკუთრებულად აღორძინდა სოფლის მეურნეობა. ფრანჩესკო უფრო განათლებული და დახვეწილი კაცი იყო ვიდრე მამამისი, თუმცა ფერდინანდზე უფრო სუსტი ჯანმრთელობისა და ხასიათის მქონე. ფრანჩესკო მამისაგან განსხვავებით ლიბერალი ადამიანი იყო, რასაც უარყოფითი რეაქციები მოჰყვა ადგილობრივი, ტრადიციების მიმდევარი დიდგვაროვნების მხრიდან. მის ხელისუფლებაში ეჭვი ბევრს ეპარებოდა, რაც პრემიერ-მინისტრ ლუიჯი მედიჩის უსაზღვრო გავლენებით იყო გამოწვეული. თავად ფრანჩესკო კაზერტის სამეფო სასახლეში ცოლთან ერთად მდიდრულად და უდარდელად ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც ლუიჯი ქვეყანაში კორუფციასა და უსამართლობას ამეფებდა.

როგორც დედოფალს, მარია ისაბელს არ ჰყონდა არანაირი ამბიცია და პოლიტიკაში ჩარევის ინტერესი, განსხვავებით სხვა მისი კოლეგებისაგან. ამ დროს თორმეტი შვილის დედას, 34 წლის მარია ისაბელი ჯერ კიდევ მეძუძური ქალი იყო, რადგან მისი ვაჟი ფრანჩესკო ამ დროისათვის ახალშობილი იყო. ამდენმა მშობიარობამ, ცხადია წარუშლელი კვალი დაამჩნია მის სხეულს. მან საგრძნობლად მოიმატა წონაში, რაც მას დიდად არც აწუხებდა. მარია ისაბელი კვლავ უმნიშვნელო, გულღია და ბავშვური ხასიათისა იყო. მას უყვარდა თეატრი, ბალ-მასკარადები და სახალხო დღესასწაულები. თავისი უბრალოებითა და გულუხვობით, ხალხში ის უფრო პოპულარული იყო ვიდრე მისი ქმარი.

მიუხედავად ყველაფრისა, სრულიად ევროპაში, სამეფო ოჯახები რევოლუციების შიშით ცხოვრობდნენ. თავად მარია ისაბელისა და ფრანჩესკოს უსაფრთხოება კი ისევდაისევ ავსტრიულ არმიაზე იყო დამოკიდებული, რომელიც ნეაპოლში იყო განლაგებული. ავსტრიელების შენახვა ძვირი ჯდებოდა, რასაც მათი თავხედობაც ემატებოდა. ყოველივე ამის გამო, სიცილია საგარეო ვალებში ჩავარდა. მედიჩის რჩევით მეფე და დედოფალი შვილებთან ერთად მილანში წავიდნენ, რათა უფრო უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ, სანამ იგი ავსტრიელებს მოელაპარაკებოდა. მას შემდეგ, რაც 1825 წლის 18 ივნისს, ლუიჯი მედიჩსა და ავსტრიის ელჩ კარლ ლუდვიგ ვონ ფიცკილმონტს შორის ხელშეკრულება დაიდო, მეფე-დედოფალი კვლავ ნეაპოლში დაბრუნდა. ამ დროისათვის ავსტრიული ჯარები 12, 000 კაცამდე შემცირდა, 1827 წელს კი მათ სამუდამოდ დატოვეს ნეაპოლი.

მარია ისაბელის ერთგული და მუდმივი თანამგზავრი იყო მისი მეორე ქალიშვილი მარია კრისტინა. მარია კრისტინა უკვე ოცი წლის ხდებოდა და მის მშობლებს მისთვის შესაბამისი საქმროს პოვნა სურდათ. საბოლოოდ არჩევანი შეაჩერეს მარია ისაბელის უფროს ძმაზე, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ზე, რომელიც უკვე სამჯერ დაქვრივდა, თანაც ისე, რომ არცერთ ცოლთან არ ჰყოლია შვილი. მარია ისაბელმა და ფრანჩესკომ ეს გადაწყვეტილება 1829 წელს მიიღეს, მას შემდეგ რაც ფერდინანდის მესამე ცოლი, მარია ამალია ჟოზეფა საქსონიელი, წინა ორი ცოლის მსგავსად მშობიარობას გადაჰყვა. მეფე-დედოფალმა ფერდინანდის დათანხმება თავიანთ ესპანეთში გათხოვილ ასულ ლუიზა კარლოტასა და მის ქმარს მიანდეს.

საქორწინო ხელშეკრულება მალევე დაიდო და ფერდინანდ VII-მაც თავისი და და სიძე მადრიდში, თავის რიგით მეოთხე ქორწილში მიიწვია. ფრანჩესკო I შიშობდა, რომ ასეთ შორ გზაზე მგზავრობა მის ჯანმრთელობას კიდევ უფრო შეარყევდა, თუმცა მარია ისაბელმა, რომელიც 27 წლის შემდეგ ბრუნდებოდა სამშობლოში შეძლო და დაითანხმა იგი ესპანეთში გამგზავრებაზე. მათი არ ყოფნის დროს ქვეყნის მართვა მათ უფროს ვაჟს, კალაბრიის ჰერცოგ ფერდინანდს დაეკისრა.

სიცილიის მეფე-დედოფალი ესპანეთში 1829 წლის 28 სექტემბერს ჩავიდა თავიანთ ასულ მარია კრისტინასთან ერთად. ესპანეთამდე მათ რომში გაიარეს, სადაც შეხვდნენ პაპ პიუს VIII-ს. ამის შემდეგ ისინი საფრანგეთში ჩავიდნენ, სადაც ცოტა ხნით გრენობლში შეჩერდნენ. აქ მათ ფრანჩესკოს ასული (მარია ისაბელის გერი), საფრანგეთის მეფე შარლ X-ის რძალი, ბერის ჰერცოგინია მარია კაროლინა მოინახულეს. მარია კაროლინას ძალიან გაუხარდა მშობლების ნახვა, რომლებიც მას ცამეტი წლის მანძილზე არ ენახა. საბოლოოდ, ფერდინანდ VII-ისა და მარია კრისტინა სიცილიელის ქორწინება 1830 წლის 25 იანვარს შედგა მადრიდში. ზეიმის შემდეგ, სიცილიაში დაბრუნებისას მათ კვლავ მოინახულეს მარია კაროლინა და მისი ვაჟი, შამბორის გრაფი ანრი დე ბურბონი. ივნისში მეფე-დედოფალი გენუაში იყო, 30 ივლისს კი საბოლოოდ ჩააღწიეს სიცილიამდე. აქ გადაღლილი ფრანჩესკო სერიოზულად დაავადდა და 1830 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა კიდეც, 53 წლის ასაკში.

დედა-დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედა-დედოფალი მარია ისაბელ ესპანელი

ფრანჩესკო I-ის გარდაცვალების შემდეგ სიცილიის მეფე მათი უფროსი ვაჟი — ფერდინანდ II გახდა. მალევე, ფერდინანდის წინააღმდეგ გამოვიდნენ ადგილობრივი დიდგვაროვნები, რომელთაგან აღსანიშნავია: პრინცი ვინჩენცო რუფო დელა სკალეტა და დელე ფავერეს მარკიზი პიერო უგო. ისინი გეგმავდნენ ფერდინანდის დამხობას, ტახტზე მისი რომელიმე უმცროსი ძმის აყვანას და მის რეგენტად მარია ისაბელის დანიშვნას. შეთქმულება მალევე აღმოაჩინეს და სასტიკად ჩაახშეს. მიუხედავად იმისა, რომ ფერდინანდი სულ ოცი წლის იყო, მას ძალიან სასტიკი და სერიოზული ხასიათი ჰქონდა, რომელიც ბებიისა და ბაბუის მსგავსად ქვეყნის მართვას ძალიან რთულად უყურებდა. განსხვავებული შეხედულებებისა და ხასიათის გამო, ფერდინანდსა და მარია ისაბელს ძალზედ ცივი ურთიერთობა ჰქონდათ. მარია ისაბელის ფავორიტი ვაჟი კაპუას პრინცი კარლო იყო. დედა-დედოფალი თვლიდა, რომ ტახტზე სწორედ ის უნდა მჯდარიყო და არა "უღირსი" ფერდინანდი.

დაქვრივებისას, მარია ისაბელი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და მიუხედავად სიმსუქნისა, იგი მაინც ძალიან ლამაზი იყო. ამის გამო, მას ცხადია ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ცნობილია, რომ არც თავად იყო ახალგაზრდა და სიმპათიური მამაკაცების მიმართ გულგრილი. სამეფო კარის ჭორების თანახმად, მას არაერთი საყვარელი ჰყავდა. მისი ამგვარი ქცევა, ცხადია ლიბერალებისა და ფერდინანდის ადვილ სამიზნედ აქცევდა. 1832 წლის 21 ნოემბერს ფერდინანდ II-მ ცოლად მარია კრისტინა სავოიელი შეირთო, რომელიც მალევე ძალიან დაუახლოვდა მარია ისაბელს. სიცილიის ახალმა დედოფალმა, საბოლოოდ მოახერხა მეფისა და დედა-დედოფლის შერიგება.

1835 წლიდან მარია ისაბელმა რომანი გააბა დაქორწინებულ ავსტრიელ ოფიცერ პეტერ ვონ შკმუხერთან. მათი რომანი ძალიან ვნებიანი და მღელვარე იყო. 1837 წელს, ცოლის გარდაცვალების შემდეგ, შკმუხერი მარია ისაბელზე დაქორწინებასაც კი აპირებდა. როდესაც ძალზედ ამბიციურმა შკმუხერმა სრულიად სამეფო კარის წინაშე განაცხადა, რომ თავად მის სამეფო უდიდებულესობა დედა-დედოფალზე სურდა დაქორწინება, მარია ისაბელი განრისხდა და სანამ ფერდინანდი რამეს იტყოდა, თავადვე გააგდებინა იგი. 1838 წლის იანვარში კი შკმუხერი ორი სიცილიის სამეფოდან სამუდამოდ გააძევეს.

უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ისაბელა ესპანელი 1841 წელს

1836 წლის იანვარში მარია ისაბელი თავისი შვილიშვილის, კალაბრიის ჰერცოგ ფრანჩესკოს ნათლია გახდა. იმავე წელს, მისი ფავორიტი ვაჟი, კაპუას პრინცი მორგანიკული წესით დაქორწინდა ბრიტანელ ქალზე. მარია ისაბელი თავის საყვარელ ვაჟს უცხოელ პრინცესაზე დაქორწინებას სთხოვდა, თუმცა მან მაინც საშუალო ფენის ინგლისელ ქალზე დაქორწინება არჩია, რომელიც მას უყვარდა. ამის შემდეგ კაპუას პრინცი სამუდამოდ გადასახლდა ინგლისში, რის შემდეგაც მარია ისაბელს იგი აღარასდროს უნახავს.

ასევე 1836 წელს, მშობიარობისას, ტრაგიკულად გარდაიცვალა მარია ისაბელის საყვარელი რძალი, დედოფალი მარია კრისტინა სავოიელი. სულ მალე, მარია ისაბელმა ფერდინანდისთვის მეორე ცოლის ძიება დაიწყო. ამავდროულად, მარია ისაბელმა მეორედ გათხოვების სურვილი გამოთქვა, რაზეც ვაჟისგან თანხმობა მიიღო. ფერდინანდმა თავად ჩამოწერა ახალგაზრდა სიცილიელი დიდგვაროვანი მამაკაცების სია და დედამისს მისცა, რათა მათგან ერთი ამოერჩია. დიდხნიანი ყოყმანის შემდეგ, მარია ისაბელმა თავისზე ორჯერ პატარა, პრეზენცანოს ჰერცოგი და დალ ბალცოს გრაფი ფრანჩესკო შეარჩია, რომელიც ზუსტად მისი უფროსი ქალიშვილის, ლუიზა კარლოტას თანატოლი იყო. ფრანჩესკო უძველესი იტალიური არისტოკრატიული, თუმცა გაღატაკებული ოჯახის შთამომავალი იყო. მარია ისაბელისა და ფრანჩესკოს ქორწინება 1839 წლის 15 იანვარს შედგა. ამ დროს პატარძალი 50 წლის იყო, ხოლო სიძე 34-ის.წყვილს შვილები არ ჰყოლიათ. მათ მალევე დატოვეს სამეფო კარი და კაპოტიმონტეს სასახლეში გადავიდნენ.

მარია ისაბელის ბედნიერი ცხოვრება 1843 წლის იანვარში დაირღვა, როდესაც მისი შუათანა ვაჟი, ლეჩეს ჰერცოგი ანტონიო აჯანყებულებმა მოკლეს, 26 წლის ასაკში. 1843 წლის ივლისში იგი თავის ქმართან ერთად ბრაზილიაში გაემგზავრა, სადაც დაესწრო თავისი უმცროსი ასულის, ტერეზა კრისტინას ქორწინებას ბრაზილიის იმპერატორ პედრუ II-ზე. 1844 წელს გარდაიცვალა მისი ასული ლუიზა კარლოტაც, 39 წლის ასაკში. 1845 წლიდან მარია ისაბელსა და მის მულს, საფრანგეთის დედოფალ მარია ამალია ნეაპოლელს შორის, საფრანგეთ-სიცილიის ალიანსის შესაქმნელად დაიწყო ახალი საქორწინო მოლაპარაკებები. ისინი გეგმავდნენ მარია ისაბელის უმცროსი ვაჟის, ტრაპანის გრაფის დაქორწინებას საფრანგეთის ერთ-ერთ პრინცესაზე, თუმცა მოლაპარაკებები მალევე ჩაშალა თავად მარია ისაბელმა, რომელსაც მისი დაქორწინება ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ზე სურდა (რომელიც მარია ისაბელის ასულ მარია კრისტინას ქალიშვილი იყო), თუმცა საბოლოოდ ისაბელმა არ ისურვა იტალიელი მეუღლე.

1847 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს მარია ისაბელი, მისი ვაჟი, სირაკუზას გრაფი ლეოპოლდო და მისი ცოლის ძმა, სალერნოს პრინცი ლეოპოლდო, ახალ, ლიბერალურ რეფორმებს უჭერდნენ მხარს. ღარიბთა მიმართ სიყვარულისა და გულუხვობის გამო, მარია ისაბელი ხალხში სიცოცხლის ბოლომდე მეტად პატივსაცემ და საყვარელ ფიგურად დარჩა. მარია ისაბელ ესპანელი გარდაიცვალა 1848 წლის 13 სექტემბერს, 59 წლის ასაკში, ნეაპოლში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ლუიზა კარლოტა 24 ოქტომბერი, 1804,

ნეაპოლი, იტალია

29 იანვარი, 1844,

მადრიდი, ესპანეთი,

(39 წლის)

ცოლად გაჰყვა თავის ბიძას, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულას, რომელთანაც

შეეძინა თერთმეტი შვილი, მათ შორის ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის

ქმარი და მეფე ალფონსო XII-ის მამა ფრანსისკო დე ასისი.

მარია კრისტინა 27 აპრილი, 1806,

პალერმო, იტალია

22 აგვისტო, 1878,

ჰავრი, საფრანგეთი,

(72 წლის)

ცოლად გაჰყვა თავის ბიძას, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ს, რომელთანაც

შეეძინა ორი ქალიშვილი, მათ შორის ესპანეთის დედოფალი ისაბელ II, რომლის

რეგენტიც იყო თავად.

ფერდინანდ II 12 იანვარი, 1810,

პალერმო, იტალია

22 მაისი, 1859,

ნეაპოლი, იტალია,

(49 წლის)

ნეაპოლისა და ორი სიცილიის მეფე 1830-59 წლებში. პირველად ცოლად შეირთო

მარია კრისტინა სავოიელი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც იქორწინა მარია

ტერეზა ავსტრიელზე. მას ორივე ცოლთან სულ ცამეტი შვილი შეეძინა.

კარლო

ფერდინანდო

10 ნოემბერი, 1811,

პალერმო, იტალია

22 აპრილი, 1862,

ტურინი, იტალია,

(50 წლის)

კაპუას პრინცი. ცოლად შეირთო პენელოპა სმიტი, რომელთანაც ერთი ვაჟი და

ერთი ქალიშვილი შეეძინა.

ლეოპოლდო

ჯუზეპე

22 მაისი, 1813,

პალერმო, იტალია

4 დეკემბერი, 1860,

პიზა, იტალია,

(47 წლის)

სირაკუზას გრაფი. ცოლად შეირთო მარია ვიტორია სავოიელი, რომელთანაც

მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინა.

მარია ანტონია 19 დეკემბერი, 1814,

პალერმო, იტალია

7 ნოემბერი, 1898,

გმუნდენი, ავსტრია,

(83 წლის)

ცოლად გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰერცოგ ლეოპოლდო II-ს, რომელთანაც შეეძინა

ათი შვილი, მათ შორის ტოსკანის დიდი ჰერცოგი ფერდინანდო IV.

ანტონიო პასკალი 23 სექტემბერი, 1816,

პალერმო, იტალია

12 იანვარი, 1843,

ნეაპოლი, იტალია,

(26 წლის)

ლეჩეს გრაფი. გარდაიცვალა ქოლერათი, დაუქორწინებელი და უშვილო.
მარია ამალია 25 თებერვალი, 1818,

ნეაპოლი, იტალია

6 ნოემბერი, 1857,

მადრიდი, ესპანეთი,

(39 წლის)

ცოლად გაჰყვა ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტ სებასტიან დე ბურბონ-

ბრაგანსას, თუმცა შვილები არ ჰყოლია.

მარია კაროლინა 29 ნოემბერი, 1820,

ნეაპოლი, იტალია

14 იანვარი, 1861,

ტრიესტი, ავსტრია,

(40 წლის)

ცოლად გაჰყვა მონტემოლინის გრაფ კარლოს ლუის დე ბურბონს, თუმცა

შვილები არ ჰყოლია. გარდაიცვალა ტიფის ეპიდემიით, ქმართან ერთად.

ტერეზა კრისტინა 14 მარტი, 1822,

ნეაპოლი, იტალია

28 დეკემბერი, 1889,

პორტო,

პორტუგალია,

(67 წლის)

ცოლად გაჰყვა ბრაზილიის იმპერატორ პედრო II-ს, რომელთანაც შეეძინა ორი

ვაჟი და ორი გოგონა.

ლუიჯი კარლო 19 ივლისი, 1824,

ნეაპოლი, იტალია

5 მარტი, 1897,

პარიზი,

საფრანგეთი,

(72 წლის)

აკულიის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ბრაზილიის პრინცესა ჟანუარია მარია დე

ბრაგანსა, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი და ერთი გოგონა.

ფრანჩესკო პაოლა 13 აგვისტო, 1827,

ნეაპოლი, იტალია

24 სექტემბერი, 1892

პარიზი,

საფრანგეთი,

(65 წლის)

ტრაპანის გრაფი. ცოლად შეირთო ავსტრიის ერცჰერცოგინია მარია იზაბელა ფონ

ჰაბსბურგ-ლოთარინგიელი, რომელთანაც შეეძინა ორი ქალიშვილი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 6 ივლისი 1789 - 6 ივლისი 1802: მისი სამეფო უდიდებულესობა ინფანტა მარია ისაბელ ესპანელი;
  • 6 ივლისი 1802 - 4 იანვარი 1825: მისი სამეფო უდიდებულესობა კალაბრიის ჰერცოგინია;
  • 4 იანვარი 1825 - 8 ნოემბერი 1830: მისი სამეფო უდიდებულესობა ორი სიცილიის დედოფალი;
  • 8 ნოემბერი 1830 - 13 სექტემბერი 1848: მისი სამეფო უდიდებულესობა ორი სიცილიის ქვრივი დედოფალი;

გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ისაბელის გერბი, რომელიც მას ეკუთვნოდა ფრანჩესკო I-ზე ქორწინებიდან გარდაცვალებამდე


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Acton, Harold. The Bourbons of Naples (1734-1825). Prion books limited, London, 1989 (first published in 1957). ISBN 1-85375-291-6
  • Acton, Harold. The Last Bourbons of Naples (1825-1861). St Martin's Press. London, 1961. ASIN: B0007DKBAO
  • Bearne Charlton, Catherine. A Royal Quartette. London: T. F. Unwin, 1908.
  • Majo, Silvio de.Maria Isabella di Borbone, regina del Regno delle Due Sicilie. Dizionario Biografico degli Italiani, Volume 62, 2004.
  • Rubio, Maria José. Reinas de España. La Esfera de los Libros, Madrid, 2009. ISBN 978-84-9734-804-1