მარია ანტონია პორტუგალიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ანტონია პორტუგალიელი
სრული სახელი
მარია ანტონია ადელაიდა კამილა კაროლინა ეულალია ლეოპოლდინა სოფია ინეს ფრანჩესკა დე ასის ი დე პაულა მიკაელა რაფაელა გაბრიელა გონძაგა გრეგორია ბერნარდინა ბენედიტა ანდრეა
წოდებები
პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ნომინალური ჰერცოგინია
დაიბადა 28 ნოემბერი, 1862
შტუტგარტი, გერმანია
გარდაიცვალა 14 მაისი, 1959, (96 წლის)
ბერგი, ლუქსემბურგი
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) რობერტო I, პარმის ჰერცოგი
(ქ. 1884 - გარდ. 1907)
შვილ(ებ)ი სიქსტუსი
სავიერო, პარმის ჰერცოგი
ზიტა, ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა
ფელიჩე, ლუქსემბურგის პრინცი
რენე
გაეტანო
მამა მიგელ I, პორტუგალიის მეფე
დედა ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი
რელიგია კათოლიციზმი

მარია ანტონია პორტუგალიელი (პორტ. Maria Antónia de Portugal, იტალ. Maria Antonia di Portogallo; დ. 28 ნოემბერი, 1862, შტუტგარტი, გერმანია — გ. 14 მაისი, 1959, ბერგი, ლუქსემბურგი) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მიგელ I-ის ასული. პარმის ნომინალური ჰერცოგინია როგორც რობერტო I-ის მეორე ცოლი. ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ზიტა დე ბურბონ-პარმელის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანტონია დაიბადა 1862 წლის 28 ნოემბერს შტუტგარტში. იგი იყო პორტუგალიის დამხობილი მეფის, მიგელ I-ისა და მისი ცოლის, პრინცესა ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგის ნაბოლარა ქალიშვილი. მამამისმა პორტუგალიის ტახტი ჯერ კიდევ 1834 წელს დაკარგა თავის ძმისწულ, დედოფალ მარია II-თან ბრძოლაში, რის შემდეგაც ემიგრაციაში წავიდა გერმანიაში და იქ გაატარა ცოლ-შვილთან ერთად დარჩენილი ცხოვრება. მარია ანტონია სულ ოთხი წლისა იყო, როდესაც მამამისი დაიღუპა, რის შემდეგაც მათ ოჯახს ძალიან გაუჭირდა, თუმცა კრიზისიდან გამოსვლა მოახერხეს.

1884 წლის 15 ოქტომბერს შკლოს-ფიშორნში მარია ანტონია დაქორწინდა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის დამხობილ ჰერცოგ რობერტო I-ზე, რომლის პირველი ცოლი, მარია პია დე ბურბონ-სიცილიელი 1882 წელს გადაჰყვა მშობიარობას. აღსანიშნავია ისიც, რომ მარია ანტონიას თორმეტი გერი ჰყავდა და კიდევ თორმეტი შვილი გააჩინა ქმრისგან.

1907 წელს მარია ანტონია დაქვრივდა, რის გამოც იგი თავის ქალიშვილ ზიტასთან გადასახლდა ავსტრიის საიმპერატორო კარზე. აქ მან თერთმეტი წელი დაჰყო და მას შემდეგ, რაც 1918 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა და მონარქია დაემხო, იძულებული გახდა დაეტოვებინა ავსტრია. მონარქებისათვის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა მეორე მსოფლიო ომის დროს, რის გამოც უკვე ხანში შესულმა მარია ანტონიამ თავის ქალიშვილ იზაბელასთან ერთად დატოვა ევროპა და კანადაში, კერძოდ კი კვებეკში გაიქცა და იქ დასახლდა.

მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მარია ანტონია ევროპაში ბრუნდება და თავის ვაჟთან, ფელიჩესთან იწყებს ცხოვრებას, რომელიც ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგინია შარლოტაზე იყო დაქორწინებული. აქ იგი დიდი პატივით მიიღეს, რძალმა მას საცხოვრებლად ბერგის სასახლეც უბოძა და მისი 90-ე დაბადების დღე დიდი ზეიმითაც აღნიშნეს. იგი სწორედ აქ, ბერგის სასახლეში გარდაიცვალა 1959 წლის 14 მაისს, 96 წლის ასაკში. აღსანიშნავია, რომ იგი პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ის (1767-1826) შვილიშვილებიდან ბოლო გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია ადელაიდა (1885-1959), მონაზონი;
  2. სიქსტუსი (1886-1934), ცოლად შეირთო ჰედვიგ დე ლა როშფოკოლდი, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგონა;
  3. სავერიო (1889-1977), პარმის ნომინალური ჰერცოგი. ცოლად შეირთო მადლენ დე ბურბონ-ბასეტი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. ფრანჩესკა (1890-1978), მონაზონი;
  5. ზიტა (1892-1989), ცოლად გაჰყვა ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ კარლ I-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  6. ფელიჩე (1893-1970), ცოლად შეირთო ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია შარლოტა, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მომავალი დიდი ჰერცოგი ჟანი;
  7. რენე (1894-1962), ცოლად შეირთო პრინცესა მარგრეტე დანიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის რუმინეთის დედოფალი ანა დე ბურბონ-პარმელი;
  8. მარია ანტონია (1895-1977), მონაზონი;
  9. იზაბელა (1898-1984), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  10. ლუიჯი (1899-1967), ცოლად შეირთო პრინცესა მარია ფრანჩესკა სავოიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  11. ენრიკეტა (1903-1987), დაბადებიდან იყო სმენადაქვეითებული, გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  12. გაეტანო (1905-1958), ცოლად შეირთო პრინცესა მარგარეტ ფონ თურნ უნდ ტაქსისი, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგონა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Campo, Carlos Robles do (2009). «Los Infantes de España tras la derogación de la Ley Sálica (1830)». Anales de la Real Academia Matritense de Heráldica y Genealogía (12): 329-384. ISSN 1133-1240. Consultado el 19 de agosto de 2019.
  • Hof- und Staats-Handbuch der Österreichisch-Ungarischen Monarchie - 1912. Consultado el 6 de marzo de 2017.